კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აფეთქებდნენ ზუმბას ტერორისტები და ვინ შეცვალა მისი ცხოვრება


მანამ, სანამ პოპულარული გახდებოდა, ძალიან რთული გზა გაიარა. ქუჩის მუსიკოსიც იყო და გადარჩენისთვის მებრძოლი ემიგრანტიც, თუმცა, ცხოვრების ყველა ეტაპზე კარგ და გემოვნებიან მუსიკას ქმნიდა. დღეს, როცა ზუმბას სიმღერების უმეტესობა უკვე ჰიტად არის ქცეული და თავადაც ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული, – „ვახტანგ გორგასლის ორდენის“ კავალერია, ზაზა კორინთელს მიაჩნია, რომ თავად იყო საკუთარი ბედისწერის ავტორი, თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ იღბალს ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ მიუტოვებია.


ზუმბა: მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თავად ირჩევენ ცხოვრების გზას და თავადვე წერენ საკუთარ ბედისწერას. ეს უპირველესად ადამიანის სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული, „ზუმბაც“ ხომ ამას ნიშნავს?!“ ზოგჯერ, უბრალოდ, მოინდომე, ბოლოს აგისრულდება“. რაც ჩემს ცხოვრებაში ეს ფორმულა არსებობს, მას შემდეგ ამართლებს. ჩემს შემთხვევაში იღბალი, შრომა და მონდომება თანაბრად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ასე უბრალოდ, ჰაერზე, თითქმის არაფერი მოსულა. თუ რამეს მივაღწიე, თუკი ვინმეს ჩვენი შემოქმედება უყვარს, ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. ამას ისიც ემატება, რომ მე არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და მუდმივად ძიებაში ვარ. ცხოვრებაში ხშირად უნდა გარისკო და, თუ მოტივაციაც ახლავს, რისკი აუცილებლად ამართლებს. ის, რომ ღმერთი რაიმე ნიჭს გაძლევს, დიდი ჯილდოა, მაგრამ, როგორ გამოიყენო ის ნიჭი, ამასაც ცოდნა უნდა. ნიჭის გამოყენების ნიჭიც მაგარი რამ არის (იცინის). მე არასდროს ვუყურებდი მუსიკას ზედაპირულად, ეს ვერ გამომივიდოდა, რადგან მუსიკას პროფესიულად აღვიქვამდი. ძალიან მიზიდავდა კინოხელოვნებაში, თეატრთან მუშაობა და, თუ დღემდე რაიმე გამიკეთებია, თუ არ ჩავთვლით გაჰიტებულ სიმღერებს, ეს შეიძლება იყოს კინოსა და თეატრის მუსიკა. ვიღაცისთვის იღბალი, შეიძლება, ისაა, რომ არაფერი გააკეთოს და ისე მიიღოს ყველაფერი. მე ასე არ ვარ. ჩემი იღბალი ისაა, რომ ჩემი შრომის ფასი ვისწავლე და ამ შრომის შედეგს ვხედავ. მყავს კარგი ოჯახი, მეგობრები, მაქვს დიდი გეგმები... ცხოვრებამ შემახვედრა ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკოსს, რასაც წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი. იღბლიანი ვარ ალბათ იმიტომაც, რომ ძალიან ბევრ ხიფათს ვარ გადარჩენილი, მაშინ პირველ ყოვლისა, რწმენა და ლოცვა დამეხმარა. იმ ცუდ პერიოდში, როცა ქუჩაში ვმღეროდით, ჩემთან ახლოს ძალიან ბევრჯერ გაუსვრიათ იარაღიდან მთვრალ ადამიანებს. როცა ყარაბაღის კონფლიქტი იყო, თბილისი-ერევნის მატარებელს ხშირად აფეთქებდნენ ხოლმე. ერთხელაც, ლამის გაურკვეველი ეროვნების ტერორისტების მსხვერპლი გავხდი, მათ ააფეთქეს მატარებლის ვაგონი, წინა ვაგონში კი – მე ვიჯექი (იცინის).

– ამბობენ, შემოქმედისთვის პროფესიული იღბალი აუცილებელიაო, იყო დრო, როდესაც ზუმბას არ იცნობდა ხალხი, უკრავდი ქუჩაში, შემდეგ კი საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვე. ეს გზა ასე ადვილად გაიარე?

– რა თქმა უნდა, არა, ეს გზა იყო საკმაოდ რთული და მძიმე. მე არ ველოდი, როდის სად დამპატიჟებდნენ, თავად ვცდიდი ყველაფერში ბედს. აქტიური მუსიკალური ცხოვრება დავიწყე 90-იანი წლებიდან, როდესაც სკოლა დავამთავრე. მაშინ ვუკრავდით ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პარალელურად თითქმის ყველა კონცერტსა და ფესტივალში ვიღებდით მონაწილეობას, რაც იმ რთულ დროს იმართებოდა. ჩემში ცალკე ვითარდებოდა ფოლკლორი, ცალკე – თანამედროვე მუსიკა, მერე თავისთავად მოხდა ამ ორი სხვადასხვა მიმართულების შერწყმა. ის იყო საკმაოდ რთული პერიოდი: ჩვენ ვიდექით გიტარებით და ხელოვნების გადასარჩენად ვიბრძოდით. ეს ცხოვრებისა და არსებობისთვის ბრძოლაც იყო, იმიტომ რომ, იმ სიმბოლური ყულაბიდან, რომელიც წინ გვედო, ყველა იღებდა ფულს, ვისაც კი უჭირდა. ვისაც ჰქონდა ყრიდა ფულს ყულაბაში, ვისაც არ ჰქონდა ის იღებდა. 1997 წელს მეგობრებთან ერთად წავედი უცხოეთში. ეს იყო ძალიან მძიმე ემიგრაცია, თუმცა, მომეცა შანსი, რომელსაც ცხოვრება ხშირად არ გაძლევს. პოლონეთმა მომცა ხელოვნებაში თვითდამკვიდრების ბიძგი. იმ ქვეყანაში არავის ვიცნობდი, არავინ არ მყავდა, არც ენა ვიცოდი. ჩვენ ვუკრავდით ქუჩებში, ბარებში, რომ თავი გადაგვერჩინა. გავუძელით ძალიან ბევრ სირთულეს – მახსოვს, როდესაც კრაკოვში ჩავედით, პირველ ღამეს ლამის გაჩერებაზე გავიყინეთ. არსად წასასვლელი არ გვქონდა, დაღლილები, ხუთი დღის ნამგზავრები აღმოვჩნდით ქუჩაში. პოლიციაც კი არ გვაჩერებდა, რომ თბილ განყოფილებაში წავეყვანეთ. ხელს რომ ვუქნევდით, ეგონათ, როგორც ტურისტები, ისე ვესალმებოდით. იმ ღამეს ჩვენ გადაგვარჩინა მთვრალმა პოლონელმა ბიჭმა, რომელიც დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარია. ის მოვიდა და სიგარეტი გვთხოვა. ჩვენ არ გვქონდა სიგარეტი და ვუთხარით: წავიდეთ, ერთად ვიყიდოთ-მეთქი, ოღონდ სადმე წავსულიყავით და სად მივდიოდით, არ ვფიქრობდით, მაგრამ მქონდა რწმენა, რომ უნდა გადავრჩენილიყავით. იმ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. პოლონეთში ძალიან გამიმართლა, რადგან სრულიად შემთხვევით, მართლა მხოლოდ იღბლის წყალობით კრაკოვის თანამედროვე მუსიკისა და ჯაზის აკადემიაში მოვხვდი. იმ პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი იყო ჯაზ-სკოლა. ჩვენ ვცხოვრობდით კრაკოვში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და ჩვენც გავიცანით იქაური მუსიკოსები. ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, როდესაც მსოფლიოს ცნობილმა ვარსკვლავებმა იმღერეს და ყველაფერი დასრულდა, თქვეს, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, ერთად ვცადოთ დაკვრაო. ჩვენ გავბედეთ, ავედით სცენაზე და ერთ პერკუსის ვთხოვე, რომ ჩვენთან ერთად რიტმი დაეკრა. რამდენიმე წუთში ყველამ დაშლილი ინსტრუმენტების აწყობა დაიწყო, შემოგვიერთდნენ, მსმენელიც მოგროვდა და მას შემდეგ კიდევ ერთი საათი ვუკრავდით. ამის შემდეგ ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ უგამოცდოდ გვიღებდნენ ჯაზის აკადემიაში.

– როგორც ჩანს, სხვა ადამიანებიც ასრულებდნენ გარკვეულ როლს შენს ცხოვრებაში?

– ძალიან დიდს. 12 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე პაპაჩემმა გიტარა მაჩუქა. ჩეხური გიტარა იყო, „კრემონა“, რომელიც მაშინ „ჰაი კლასში“ გადიოდა. პირველი, რაც უნდა გამეკეთებინა, დაკვრა უნდა მესწავლა. მამაჩემმა მომიძებნა ძალიან კარგი მასწავლებელი, მიმაბარა მას და ბავშვობის წლები გიტარაზე დაკვრაში გავატარე. პაპაჩემს რომ არ ეჩუქებინა, შეიძლება, საერთოდ არ გამჩენოდა გიტარაზე დაკვრის სურვილი, თუმცა გენეტიკა ალბათ მაინც არ მიმატოვებდა: მამაჩემის პაპა სიონში გალობდა, ბებიაჩემიც მომღერალი იყო. მამამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, მან გაიღო ყველაფერი, რომ მე მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარდა. როცა მამას ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა წასვლა ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე და ეს აუცილებელი იყო ჩემი განვითარებისთვის, მამამ გაყიდა მანქანა. იმ ფულით წავედით და ერთი წლის განმავლობაში ვატარებდით კონცერტებს იქაურ კურორტებზე – ეს იყო ჩემი პირველი ემიგრაცია (იცინის).

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა მუსიკა, პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე, თუმცა, როცა მივხვდი, რომ ჩემგან მეცნიერი არ გამოვიდოდა, მაშინვე მივატოვე სწავლა. მაგრამ, ჩემი „არტ-თერაპია“ იქიდან დაიწყო და ფსიქოლოგიის ცოდნა ძალიან გამომადგა.

– როგორ ფიქრობ, გაგიმართლა, რომ პრეზიდენტის ფავორიტი შემსრულებელი გახდი? შენ შეგიკვეთეს „აფხაზეთი“, შენ იწყებ ძალიან ბევრ კონცერტს, რომელიც ამ ქვეყანაში იმართება.

– ეს არის სტერეოტიპი, რომელიც შეიქმნა, თუმცა მთლად ასეც არაა საქმე. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ფავორიტი. მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და, პრეზიდენტიც ჩემია, გლეხიც და პოლიციელიც, ასეთ დიფერენციაციას ვერ დავუშვებ. სიმღერას ვიღაცის მოსაწონად ნამდვილად არ ვაკეთებ. მე არ შემიკვეთეს სიმღერა, მე მონაწილეობა მივიღე კონკურსში და გავიმარჯვე. მინდოდა, დამეწერა სიმღერა და გამეტანა კონკურსზე, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ ვიცლიდი. ერთ საღამოს მოვუყარე აზრებს თავი, დავჯექი კომპიუტერთან, ავიღე გიტარა და იქვე, ღამით, სახლში დავიწყე ამ სიმღერის დაწერა. თავისით წამოვიდა აკორდები, თან გალაკტიონის პოეზიას ვათვალიერებდი და ძალიან მომინდა და მოუხდა ეს ტექსტი სიმღერას.

– ამ სიმღერის გამო ჩვენი ქვეყნის ყველაზე საპატიო ორდენი დაიმსახურეთ?

– მოტივაცია, შეიძლება, ეს იყო, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ორდენი იმ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისთვის მომანიჭეს, რაც იმ პერიოდში მქონდა. მე ღირსების ორდენი არ მიმიღია, მე „ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით“ დამაჯილდოვეს მხედრული სულის ამაღლებისთვის. ეს ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო ჯილდოა, მე ეს ძალიან კარგად ვიცი.

– პირად ცხოვრებაშიც იღბლიანი ხართ?

– ჩემთვის შემოქმედება და ყოველდღიური ცხოვრება, ცოლთან, შვილთან ურთიერთობა, ორგანულად და ბუნებრივად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. იმის გამო, რომ პირველი ოჯახი დამენგრა, ვერ ჩავთვლი თავს უიღბლოდ, ასეთი რაღაცეები ხდება. ალბათ, ეს საჭირო იყო ჩემი ცხოვრებისთვის და ვერ ვიტყვი, რომ ამით რაიმე ან დამაკლდა ან მომემატა. ეს იყო გამოცდილება, ცხოვრებასთან ბრძოლა, სწავლა. მე ვერ ვიტყვი, რომ პირველი თანამგზავრის არჩევისას შეცდომა დავუშვი, ჩვენ ვიცხოვრეთ ერთად და მერე მივხვდით, რომ არ ვიყავით ერთმანეთისთვის. მერე იყო მარტოობის ორი წელიწადი. საკმაოდ ბევრი კითხვა მქონდა და პასუხებს ვერ ვცემდი, სიმართლე გითხრათ, ბევრი შეცდომა ვერც ვიპოვე. (იცინის). მერე მივხვდი, რომ ამ ყველაფერს თავად ცხოვრება გასცემდა პასუხებს. მერე მოვიდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლე, მოვიდა ისე, თითქოს შემთხვევით. ის მსახიობია. მე ნანახი მქონდა მისი სპექტაკლები, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო „ის“ (იცინის). ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. გავიდა დრო და ერთმანეთი გავიცანით ინტერნეტით, სრულიად შემთხვევით. მე ვეძებდი ჩემს მეგობარს „სკაიპში“. მეგობრის ძებნაში ვიყავი, როცა ჩემმა მომავალმა მეუღლემ სვეტიცხოვლობა მომილოცა. ეს არც ერთს არ გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, დღეს მე მყავს ცხოვრების თანამგზავრი, ვინც მიყვარს და ვისთან ერთადაც ცხოვრება მიხარია. გვყავს შვილი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, რომელიც არის ყველაზე დიდი საჩუქარი ღმერთისგან.

– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებთ, თუ მოგიგიათ ოდესმე რამე?

– არ ვარ აზარტული, არასდროს მითამაშია კაზინოში, ლატარიაშიც კი არ მომიგია არაფერი, ერთი-ორჯერ ხურდაში მომცეს ლატარიის ბილეთი და მაშინაც ისევ ლატარიის ბილეთი მოვიგე, წარწერით: „კიდევ სცადეთ“ (იცინის). თუმცა, ყველაზე ბედნიერი ბილეთი, ის, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება, „მოგებული“ მაქვს. ამ ცხოვრებაში კი, თუ რამე მატერიალური მომიპოვებია, ყველაფერი შრომის შედეგი იყო და არა შემთხვევითობის ან აზარტის...


скачать dle 11.3