როგორ ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში ენერგიული, აქტიური და პროდუქტიული
1) გაითვალისწინეთ თქვენი ბიორიტმები, ანუ, დღე დაგეგმეთ ისე, რომ ყველაზე მთავარი საქმეების გაკეთება მოგიწიოთ თქვენთვის განსაკუთრებული აქტივობის საათებში.
2) ეცადეთ, გამოიძინოთ, რომ ორგანიზმს ენერგიის აღდგენის საშუალება მისცეთ. აუცილებელია, დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათი იძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღე მოთენთილი და უგუნებოდ იქნებით.
3) ისწავლეთ დასვენება, ანუ, უნდა იცოდეთ, როდის და როგორ უნდა დაისვენოთ: როდის? – შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ შემთხვევით გამოთავისუფლებელი ყოველი წუთი: როგორ? – წამოწვეთ, ჩაჯდეთ სავარძელში და დალიოთ ყავა, წაიკითხოთ საყვარელი წიგნის რამდენიმე ფურცელი, მოუსმინოთ თქვენს საყვარელ მუსიკას, დაურეკოთ მეგობარს და წაეჭორავოთ, ჩართოთ ტელევიზორი და ნახოთ თქვენი საყვარელი გადაცემა, ან, სულაც, თუნდაც ნახევარი საათი წათვლიმოთ.
4) სპორტი – ყოველდღე! დღის განმავლობაში თუნდაც 5-5 წუთი დაუთმეთ: გასეირნებას, ცეკვას, ველოსიპედს, ცურვას, ადგილზე სირბილს – ერთი სიტყვით, რისი საშუალებაც გაქვთ, ოღონდ, ერთი პირობით: ჯამში, მინიმუმ, ნახევარი საათი მაინც უნდა იყოთ სპორტით დაკავებული.
5) გადაახალისეთ მენიუ, რადგან, თვით ყველაზე საყვარელი საჭმელიც კი მოსაბეზრებელია, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ; მაგრამ, აუცილებლად დაიცავით კვების რეჟიმი და განსაზღვრეთ საკვების რაოდენობა.
6) მოუხმეთ დადებით ემოციებს, ანუ, დღეში ერთხელ, თუნდაც 5 წუთით, განმარტოვდით, დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები, ყველაზე სასიამოვნო წუთები თქვენი ცხოვრებიდან, მხიარული ისტორიები, რომლებიც თქვენ ან თქვენს ახლობლებს გადაგხდენიათ თავს და დადებითი მუხტი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
7) თუ ხშირად და ადვილად იღლებით, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და ჩაიტარეთ სრულყოფილი გამოკვლევა. ამით, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები აიცილოთ თავიდან.
8) კვირაში ერთხელ მაინც მოახერხეთ და შეეცადეთ, თუნდაც ერთი საათი გაატაროთ პოზიტიური ადამიანების საზოგადოებაში. აიძულეთ თავი, იყოთ აქტიური და მხიარული, ძალიან მალე ეს იძულებითი მხიარულება ბუნებრივ მდგომარეობაში გადაიზრდება.
9) სახლშიც და სამსახურშიც, თქვენს ოთახში, ლარნაკით დადგით ის ყვავილები, რომელთა ფერი, ვიზუალი და სურნელი თქვენზე დადებითად მოქმედებს – ეს იგივე არომათერაპიაა, ოღონდ, ბუნებრივი.
10) სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებისას, ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის ჩართავთ ტელევიზორს და წამოწვებით, მაგრამ, გაუძელით დაღლილობას, დაძლიეთ ტახტის ცდუნება და მიიღეთ თბილი შხაპი მხიარული მუსიკის აკომპანემენტის ქვეშ, ძილის წინ კი დალიეთ ბალახეულის ჩაი (მაგალითად, გვირილის) და ცოტა ხანს, შეგიძლიათ, ტელევიზორსაც უყუროთ. გვერწმუნეთ, მეორე დილით მხნე და ენერგიით სავსე გაიღვიძებთ.