ვინ არ უკრძალავს არაფერს გვანცა კორშიას და რატომ დაიწყო მისი თაფლობის თვე უჩვეულოდ
ჩვენი რესპონდენტი, სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები” ერთ-ერთი პერსონაჟი, გვანცა კორშიაა. როგორც აღმოჩნდა ის ბავშვობაში არც მეხანძრეობაზე ოცნებობდა და არც სხვა მსგავს რამეზე. მისთვის ერთადერთი საოცნებო პროფესია მსახიობობა იყო და წლების შემდეგ, აიხდინა კიდეც. თეატრი მისთვის უცხო არ ყოფილა და არც პირველი მსახიობია ოჯახში. გვანცას მამა ვალერი კორშიაა, რომელსაც სხვათა შორის, შვილის მსახიობობა არცთუ დიდად უნდოდა. მიუხედავად ამისა, გვანცა მაინც ეზიარა ამ პროფესიას და ამის გამო თავს ძალიან ბედნიერადაც გრძნობს. ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.
– მაყურებელმა გაგიცნო სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” მანამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– ვარ მარჯანიშვილის თეატრში. ვთამაშობ მოქმედი რეპერტუარის ორ სპექტაკლში. ადრეც ვიყავი იქ სხვა სპექტაკლებში დაკავებული. რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე, ორ ძალიან მაგარ პროექტში ვმონაწილეობდი.
– მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდა?
– სხვა ბავშვებს თუ კოსმოსში გაფრენა უნდოდათ, მე მსახიობობაზე ვოცნებობდი.
– მამა მსახიობი გყავს. ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ ეს პროფესია აირჩიე? ალბათ თეატრის ხშირი სტუმარი იყავი?
– ძალიან ხშირად ვიყავი მამასთან თეატრში. ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით. არ მიყვარდა ბაღში სიარული. ყოველ დილით მამას ჯერ დედა მიჰყავდა სამსახურში, მერე მე – ბაღში. გზაში მამა ამჩნევდა, რომ არ მინდოდა ბაღში წასვლა და თეატრში მივყავდი. ბოლოს კი ხშირი გაცდენის პრობლემები რომ მქონდა ბაღში, დედაჩემმა დამსვა და მელაპარაკა: ხომ ხედავ მე ვმუშაობ, მამა მუშაობს, ბებო მუშაობს, შენც მუშაობ ბაღში და აუცილებლად უნდა იაროო. გული დამწყდა და ცოტა ხანში ტირილი დავიწყე. რა მოხდება, ერთ სამსახურში რომ ვიარო მარტო-მეთქი. ანუ, მეორე სამსახურს თეატრს ვგულისხმობდი.
– ხშირად მსახიობი მშობლები წინააღმდეგი არიან, რომ შვილმა მათი პროფესია გააგრძელოს. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო. მამას არ უნდოდა, მსახიობობა რომ ამერჩია პროფესიად, მაგრამ ხელს მიშლიდა და კატეგორიული წინააღმდეგი იყო-მეთქი, რომ ვთქვა ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. მე და მამა ბავშვობიდან ვმეგობრობთ და დღემდე რაიმეს აკრძალვის მომენტი არ ჰქონია ჩემ მიმართ. სხვათა შორის, თვითონ უნდოდა, რომ ჟურნალისტი გამოვსულიყავი, მაგრამ ვერ დამიყოლია.
– გინანია როდისმე შენი არჩევნის გამო?
– არა, ნამდვილად არასდროს მინანია.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– რაც კარგია, მასზე უარს არასდროს ვიტყვი.
– რაც შეეხება სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები,” იქ როგორ აღმოჩნდი?
– ჩემდა გასახარად, სერიალში ქასთინგის გარეშე მოვხვდი. ეკა მჟავანაძემ დამირეკა და ძალიან გამახარა. მოკლედ, ეკა მჟავანაძე მსახიობების პატრონია. მას ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან მიყვარს.
– შენი გმირი თუ მოგწონს?
– კი, ჩემი პერსონაჟი ძალიან მომწონს და დანარჩენი გოგონებიც, რომლებიც ოფისში კატოსთან ერთად მუშაობენ. რაღაცნაირი, უჩვეულო ხალხია. მგონი, ამდენი ერთნაირი ერთ სამსახურში არ არსებობს. შეიძლება, ერთი მსგავსი ნებისმიერ სამსახურში გამოერიოს, მაგრამ ამდენი? – არა.
– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ? ადვილია შენთან ურთიერთობა, თუ პირიქით?
– ჩემთან ურთიერთობა მართლა ადვილია. დამყოლი ვარ და სხვებთან კონფლიქტში თითქმის არასდროს შევდივარ. კონფლიქტური სიტუაციები ძალიან არ მიყვარს. მართალია, თუ საჭიროა, საკუთარი აზრის გატანაც შემიძლია, მაგრამ არ მიყვარს რაღაცის მტკიცება. თუ მივხვდი, რომ სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, მას აუცილებლად დავეთანხმები და პრინციპულად არ შევეწინააღმდეგები.
– უარყოფითი რა გაქვს?
– საკმაოდ ზარმაცი ვარ. დილით ადრე ადგომა არ მიყვარს ძალიან. ყველგან ვიგვიანებ. ჩემი აზრით, სიზარმაცე ძალიან ცუდია და არც ერთ პროფესიაში არ არის კარგი. რა ვქნა, ასეთი ვარ.
– იმედია, გადაღებასა და რეპეტიციაზე არ აგვიანებ.
– სპექტაკლზე არა, მაგრამ გადაღებაზე ცოტას ვაგვიანებ.
– ტელევიზიასთან პირველად გაქვს შეხება, თუ გაქვს გამოცდილება?
– ადრეც მქონდა შეხება ტელევიზიასთან, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი არა.
– „რუსთავი 2-ის” ეთერში მამას გახმოვანებული ბევრი ფილმი გადის. შენ თუ გიცდია ეს საქმე?
– ერთხელ ვიყავი ქასთინგზე, მაგრამ მივხვდი, ძალიან რთული ყოფილა გახმოვანება. გარედან რომ ჩანს თითქოს იოლია, ასე არ არის. აი, მამაჩემს კი კარგად გამოსდის ეს საქმე.
– როგორია ერთ ოჯახში ორი მსახიობი?
– ეს, ალბათ, დედაჩემს უნდა ჰკითხოთ. რთული არ არის, პირიქით, ძალიან კარგია. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს აზრებს.
– იღებ მამას რჩევასა და კრიტიკას?
– კი, რა თქმა უნდა.
– გათხოვილი ხარ?
– კი, უკვე ერთი წელია.
– რა პროფესიის მეუღლე გყავს?
– ჩემი მეუღლე, ასე ვთქვათ, „ტრიდეშნიკია.” ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ და საერთო, საუკეთესო მეგობარი გვყავდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ გავიცანი. ნიკა ჩემზე 3 წლით უფროსია. თავიდან ვმეგობრობდით, მერე ჩვენი საერთო მეგობარი ლონდონში წავიდა და ჩვენც ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე კი სოციალური ქსელის საშუალებით, შემთხვევით დავეკონტაქტეთ ერთმანეთს და უფრო აქტიური მეგობრობა დავიწყეთ. შემდეგ კი თავისთავად მოხდა ყველაფერი და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ორ წელიწადში ვიქორწინეთ კიდეც.
– დედმამიშვილები გყავს?
– არა. ჩემი მშობლების ნალოლიავები შვილი ვარ. როგორც ყველა დედისერთა, მეც ეგოისტი ვარ, მაგრამ მრცხვენია ჩემი ეგოიზმის. მოკლედ, მორიდებული ეგოისტი ვარ.
– ბავშვობიდან თუ გაქვს რაიმე ჩვევა გადმოყოლილი?
– ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ბავშვობა არც დამთავრებულა. ჩემი სამყარო ძალიან ლამაზია.
– როგორ ეგუება მეუღლე შენს პროფესიას? შეიძლება, დილიდან გვიან ღამემდე დაკავებული იყო, რაც ბევრ მეუღლეს არ მოეწონებოდა.
– შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში, მე უფრო პრობლემური ვარ, რადგან ისიც ძალიან დაკავებულია თავისი საქმით. მაგალითად, ქორწილის მეორე დღეს, რომ გავიღვიძეთ, ვვახშმობდით და მითხრა, ახლა უნდა გავიქცე, სამუშაო მაქვსო. ასე რომ, ქორწილის მეორე დილით მე რეპეტიციაზე წავედი, ნიკა სამსახურში. ასე უჩვეულოდ დავიწყეთ ჩვენი თაფლობის თვე.
– ადვილად შეეჩვიე ამ ყველაფერს?
– განსაკუთრებული გართულება ერთმანეთის პროფესიების მიმართ არ გვაქვს. შევეჩვიეთ.
– რისი კომპლექსი გაქვს?
– საკმაოდ კომპლექსიანი და მშიშარა ვარ.
– მაგალითად?
– თუ კარგად არ ვაკეთებ რამეს, ან თუნდაც კარგად არ გამოვიყურები, მარტო ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ, ამის ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს. სულ მეშინია, რაღაც შეიძლება, არასწორად გავაკეთო, თუნდაც ჩემს პროფესიაში.
– რა არის ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს? პროფესიას არ ვგულისხმობ.
– ყველაზე დიდ სიამოვნებას, ზაფხული, ზღვა და დასვენება მანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ვარ დაბადებული, ზამთარს ვერ ვწყალობ.
– სერიალის გულშემატკივარს რას ეტყვი?
– ბევრისგან გამიგია, რომ მოსწონთ. მე პირადად, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და პირველი ორი სერია რომ გავიდა ეთერში, ძალიან დაფიქრებით ვუყურებდი და ყველაფერს ვამჩნევდი. მერე, საზოგადოების აზრი რომ გავიგე, გულზე მომეშვა, უფრო თავისუფლად ვუყურებ და მეც ძალიან მომწონს. ჩვენს მაყურებელს ვურჩევ, რომ უყუროს „ჩემი ცოლის დაქალებს,” რადგან ძალიან საინტერესო სერიები ელის წინ.