რის გამო უწოდებენ მაიკლ ფასბენდერს „ქამელეონს“ და რა აკავშირებს მას ზიგმუნდ ფროიდთან
ჰოლივუდში მას მოფერებით „ტარანტინოს სახელოვან ნაბიჭვარს” უწოდებენ. ის სიმპათიური და ელეგანტურია, მის გვართან კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გერმანელი კინორეჟისორი ასოცირდება – საუბარია მაიკლ ფასბენდერზე, გერმანულ-ირლანდიური წარმომავლობის ჰოლივუდის ვარსკვლავზე, რომელიც ბოლო დროის ყველაზე „ტირაჟირებულ” მამაკაც მსახიობად მიიჩნევა.
მაიკლ ფასბენდერი გერმანულ ჰაიდელბერგში დაიბადა 1977 წლის 2 აპრილს. როდესაც მას 2 წელი შეუსრულდა, გერმანელი მამა იოზეფი და ჩრდილოირლანდიელი დედა ადელი, ოჯახთან ერთად, ირლანდიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ადელის ნათესავებთან, კერის საგრაფოში. ცნობისთვის, მაიკლის დედის წინაპარი, მაიკლ კოლინზი, ირლანდიაში ლეგენდარულ ფიგურად ითვლება, იგი დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანისა და ეროვნული გმირის სტატუსს ატარებს. ირლანდიაში მაიკლის მამას საკუთარი რესტორანი ჰქონდა გახსნილი და ოჯახი შეძლებულთა ფენას განეკუთვნებოდა. მაიკლი სენტ-ბრენდანის სკოლაში სწავლის პარალელურად, კათოლიკურ ეკლესიაში საკურთხევლის მსახური იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ლონდონში, დრამატულ ცენტრში ჩაეწერა კურსებზე, რომელიც წარმატებით დაასრულა. კურსების დამთავრებას მოჰყვა პირველი როლი სტივენ სპილბერგისა და ტომ ჰენკსის მინი-სერიალში „ჯარისკაცთა საძმო”, სადაც მან ბერტონ კრისტენსენის პერსონაჟი განასახიერა. სერიალს მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად, ხოლო ფასბენდერით ჰოლივუდელი და ევროპელი რეჟისორები დაინტერესდნენ. „ჯარისკაცთა საძმოს” მოჰყვა კიდევ რამდენიმე გახმაურებული მინი-სერიალი. გარდა ამისა, მის ადრინდელ შემოქმედებაში აღნიშვნის ღირსია ათსერიანი რადიოდადგმა „დრაკულა”, სადაც მან ლეგენდარული ვამპირის მსხვერპლის, ჯონათან ჰარკერის გმირი გაახმოვანა და, ასევე, ედინბურგის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული პიესა „ერთგულება”, რომელშიც მან თავისი წინაპრის – მაიკლ კოლინზის როლი განასახიერა და სცენაზე იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს „ხვდებოდა”. საინტერესოა, რომ ფასბენდერი სწორედ თეატრში შეეხო პირველად კვენტინ ტარანტინოს შემოქმედებას, როდესაც მან სცენაზე გადმოიტანა და საკუთარი რეჟისურით დადგა „ცოფიანი ძაღლების” სასცენო ვერსია.
რაც შეეხება დიდ კინემატოგრაფს, მაიკლ ფასბენდერის მეტ-ნაკლებად ყველაზე წარმატებულ პირველ კინოროლად „300 სპარტელში” სტელიოსის როლი ითვლება. ზაკ სნაიდერის ისტორიულ ფანტაზიაში მაიკლის პარტნიორი ჯერარდ ბატლერი იყო, რომელიც ძლიერ აქებდა თავის მეწყვილეს, თუმცა, მაიკლ ფასბენდერში კინომსახიობის ნიჭის აღმომჩენად ბრიტანელი კინორეჟისორი სტივ მაკკუინი ითვლება, რომელმაც დამწყებ მსახიობს პირველი სერიოზული როლი შესთავაზა – ფილმში „შიმშილი” მაიკლმა ლეგენდარული ჩრდილოირლანდიელი მეამბოხის, ბობი სენდსის როლი შეასრულა და ეს იყო მისი და მაკკუინის პირველი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ფასბენდერი სულ სხვა კუთხით წარდგა მაყურებლის წინაშე. ბობი სენდსის ცხოვრების ბოლო დღეების ეკრანზე გადასატანად მაიკლს არანორმალური დიეტის დაცვა მოუხდა, ერთ თვეზე ნაკლებ დროში მან დაახლოებით 20 კილოგრამი დაიკლო და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ უწოდა მას კინოსამყარომ „ქამელეონი”, რადგან, გარეგნობის ასე სწრაფი შეცვლა ბევრისთვის წარმოუდგენელია. სხვათა შორის, სტივ მაკკუინი მაიკლ ფასბენდერს მარლონ ბრანდოს და ჯეიმს დინს ადარებს. მისი თქმით, მის ფილმებში მაიკლს გარანტირებული აქვს მთავარი როლები და ეს დაპირება რომ ძალაშია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მაკკუინის მორიგ ფილმში – „სირცხვილი”, ფასბენდერმა კვლავ ფილმის მთავარი გმირის ამპლუა მოირგო. სექსის თემაზე გადაღებული „სირცხვილი” ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ დამოუკიდებელ ფილმად ითვლება, ფასბენდერის გმირი თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში შიშველია და ვენეციის კინოფესტივალზე, პრემიერის შემდეგ, მავანმა კრიტიკოსმა ის ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ, შესაძლოა, მაიკლ ფასბენდერი პირველი მსახიობი გახდეს კინოს ისტორიაში, რომელიც „ოსკარს” თავისი სასქესო ორგანოს დიდ ეკრანზე ჩვენებისთვის მიიღებდა. სხვათა შორის, სიშიშვლის თემა ფასბენდერისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მისი აზრით, თუკი ქალები ყოველ მეორე ფილმში შიშვლდებიან, მამაკაცის გაშიშვლება რატომ უნდა იყოს სასირცხვილო. მისმა პარტნიორმა „სირცხვილის” გადასაღებ მოედანზე, კერი მალიგანმა კი მსახიობი შემდეგნაირად დაახასიათა: „ფასბენდერი ყველაზე შეუბოჭავი მსახიობია. იგი კარგად ახერხებს საკუთარი კომპლექსების დამალვას და სწორედ მისგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა გავხდე უშიშარი”.
2008 წელს ეკრანებზე კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრები” გამოვიდა. ფილმმა მაშინვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და კინოკრიტიკოსებს შორის მოწონება დაიმსახურა. ფილმში მაიკლ ფასბენდერმა ბრიტანელი ჯაშუშის, ლეიტენანტ არჩი ჰიკოქსის როლი განასახიერა. მის გმირს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში „გესტაპოს” მეთაურთა წინააღმდეგ ტერაქტი უნდა განეხორციელებინა. ფილმში ფასბენდერის გმირი რამდენიმე სცენაში გერმანულად ლაპარაკობდა და სწორედ მისი ირლანდიურ-გერმანული აქცენტით იყო მოხიბლული ტარანტინო, რომელმაც, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ფასბენდერი სპეციალურ კურსებზე ატარა, რათა მას დაეხვეწა გერმანულად საუბარი ბრიტანული აქცენტით. ცნობისთვის, მამის წარმომავლობიდან გამომდინარე, მაიკლი თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად და გერმანელი მაყურებლისთვის ხშირად თავად ახმოვანებს თავის როლებს. მსახიობის ბოლო ნამუშევრებიდან აღნიშვნის ღირსია მაგნეტოს როლი გახმაურებულ ბლოკბასტერში „ადამიანები-იქსი: პირველი კლასი” და დევიდ კრონენბერგის ფსიქოლოგიური დრამა – „სახიფათო მეთოდი”, სადაც მან შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, კარლ იუნგის პერსონაჟი განასახიერა, მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ: ზიგმუნდ ფროიდის როლის შემსრულებელი ვიგო მორტენსენი, ვინსენტ კასელი და კირა ნაითლი, ახლო მომავალში კი მაიკლ ფასბენდერის მონაწილეობით მსოფლიო კინო გრანდიოზული პრემიერისთვის ემზადება – ზაფხულში კინოეკრანებზე რიდლი სკოტის „პრომეთე” გამოვა, რომელიც გახმაურებული „უცხოს” წინაისტორიად ითვლება და სწორედ ამ ფილმის გამო გადაწყვიტა ფანტასტიკურ ჟანრში დაბრუნება დიდმა ხელოვანმა. გარდა ამისა, სტივ მაკკუინი ახლო მომავალში მორიგი ფილმის – „მონობის 12 წლის” გადაღებას იწყებს, სადაც ფასბენდერი, ტრადიციულად, მთავარ როლს შეასრულებს, ხოლო მისი პარტნიორი, არც მეტი, არც ნაკლები, ბრედ პიტი იქნება.
გადაღებების დროს მაიკლ ფასბენდერი თავად ასრულებს ყველა რთულ ტრიუკს და უარს აცხადებს კასკადიორების მომსახურებაზე. მაგალითად, „ნოკაუტის” გადაღებების დროს, ჯინა კარანოს გმირმა ჩხუბის დროს მას ლარნაკი გადაამსხვრია თავზე, რასაც მოჰყვა თავის გახეთქვა და სისხლის მდინარე, მაგრამ ფასბენდერმა არ ისურვა გადაღებების გაჩერება, თავი იქვე არსებული ბინტით გადაიკრა და იმ დღეს მის თავზე კიდევ რამდენიმე ვაზა დაიმსხვრა. სხვათა შორის, პოპულარობის მიუხედავად, მაიკლი ერიდება ხმაურიან წვეულებებს და არც ალკოჰოლზე გიჟდება; სამაგიეროდ, მისთვის ნომერ პირველი გასართობია სპორტული ავტომობილები, მოტოციკლები და საჯინიბოს ცხენები. ხოლო, იდეალური უიქენდი მისთვის შემდეგნაირია: ჩაისვას თავის მოტოციკლში მამა და გაემგზავროს რამდენიმე ასეული კილომეტრით, ცივილიზაციისგან შორს.