უნისექსი კოლექცია მხოლოდ ქალებისთვის – იაპონური სულიერი მოდის ზეიმი „კომ დე გაღსონისგან“
„ბიჭივით” – ასე ითარგმნება რეი კავაკუბოს მიერ მეუღლესთან ერთად 1969 წელს დაარსებული მოდის სახლის სახელწოდება. „კომ დე გაღსონი”. ის იაპონური ბრენდია, რომელმაც „იოჯი იამამოტოსთან” გააფართოვა მოდის სამყარო და ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთში დაგვანახვა, თუ რამხელა შესაძლებლობები აქვს ტანსაცმლის სამყაროს, როგორ შეიძლება ის იქცეს მაღალ ხელოვნებად. პარიზის მოდის კვირეულზე ჩამოსულმა რეი კავაკუბომ ისეთი შეფასებები დაიმსახურა, როგორსაც, ალბათ, ნებისმიერი დამწყები დიზაინერი ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენს. უნისექსი სამოსი, უნისექსი პარფიუმი, ფეხსაცმელები – „კომ დე გაღსონისთვის” თითქოს არ არსებობს მიჯნა ქალურსა და მამაკაცურ საწყისსა და ფორმებს შორის. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს ისეთი სამოსი შექმნას, რომელსაც მხოლოდ ქალები ჩაიცვამენ. მისი შავი, უხეში ქსოვილებისგან შექმნილი სამოსი, თითქოს უკვე დაზიანებულ, განადგურებულ ლუქებს ქმნიდა, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე დალაგებული, კლასიკური შარვალი და ლამაზი აბრეშუმის ბლუზა.
თუმცა, ამჯერად, 2012 წლის გაზაფხულისთვის, რეი კავაკუბომ უარი თქვა ბნელ ქსოვილებზე და აბსოლუტურად ცხადი გახადა კოლექციის იდეა. ადამიანის ცხოვრების ძირითადი ეტაპები სრული სითეთრით გამოხატა „კომ დე გაღსონმა”. დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება, საზღვრების გადალახვა – ეს ეტაპები მხოლოდ თეთრ ფერში ასახა რეი კავაკუბომ. ცერემონიული ბაფთები, თავსაბურავები, სითეთრე, უცნაური აქსესუარები სამოსზე, მშვიდი სახეები და წინ გაშვერილი ხელები, რაღაც მისტიკურ, საეკლესიო სიმშვიდეს ანიჭებდა პოდიუმს. თუმცა, მოდის კრიტიკოსებმა პარალელები მაინც გაავლეს. „კომ დე გაღსონის” ახალი კოლექცია პრესის წარმომადგენლებმა 50-60-იანი წლების ექოდ მიიჩნიეს და პარალელი გაავლეს კრისტობალ ბალენსიაგასთან, ამ ძალიან რელიგიურ პერსონასთან, რომელმაც კუტურიეს ხელობა სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონემდე აიყვანა. მას სჯეროდა, რომ ამოცანის ამოხსნა სახელოების სრულყოფილებაში იყო. ალბათ, ნიშანდობლივია, რომ სწორედ სახელო იყო „კომ დე გაღსონის” კოლექციის მთავარი, სასიგნალო დეტალი. ძალიან განიერი და გრძელი, ზოგჯერ იატაკამდე დაშვებული სახელოები თითქოს მთავარი იარაღი იყო ლუქების სპირიტულ განზომილებაში გადასაყვანად.
უცნაური იყო, რომ დიზაინერის მიერ გამოყენებულ ქსოვილებსა და სამოსზე (ძირითადად საქორწილო კაბის შესაქმნელად საჭირო ქსოვილები იყო გამოყენებული) მოდელებს მორგებული ჰქონდათ ასევე, თეთრი რეზინის ჩექმები, ეგრეთ წოდებული „ბოტები”. სწორედ მათი იდეური დანიშნულების პოვნა ძალიან გაუჭირდათ მოდის კრიტიკოსებს. „დიახ, თეთრი ბოტები ტექნიკოსებისთვის ბირთვულ რეაქტორებში ჩასაცმელად თუ გამოდგება”, – ასეთი იყო ტიმ ბლანკსის შედარება. შესაძლოა, ბირთვული რეაქტორიდან დიზაინერმა ერთგვარად გამოხატა დედამიწის დღევანდელი მდგომარეობა. ისევე როგორც კავაკუბოსთვის, მთელი იაპონური კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანია სიკვდილ-სიცოცხლის თემა. განსაკუთრებით აქტუალურათა სუიციდი, რომელსაც არანორმალური სიხშირით მიმართავენ იაპონელი ახალგაზრდები იმ ქვეყანაში, სადაც ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად ვითარდება. მაგრამ, სიმარტოვის შეგრძნება მაინც ყველაზე მძაფრია და ამას თეთრიც ვერ გაალამაზებს.