კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის კუბოს მალავდა ორმოცი დღის განმავლობაში რეზო თაბუკაშვილი და ვინ არის გრაფინია, რომელმაც მას აჩუქა უნიკალური ფერწერული ტილო – „ღვთისმშობელი ნატყვიარით“

 

„მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი თუ არასოდეს არ იცოტავეთ, მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ, თუ ასპარეზად საქართველო გეპატარავათ”... – ლექსის ეს სტრიქონები რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სიკვდილის წინ შვილიშვილებს – პატარა რეზოს და ბომბოს ანდერძად დაუტოვა. ამ არაჩვეულებრივმა კაცმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, უცხოეთში გატანილი ქართული უნიკალური საგანძურის მოკვლევას შეალია. მათი საქართველოსთვის დაბრუნება ლამის სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. ამავე დროს, ის იღებდა დოკუმენტურ ფილმებს, აგროვებდა უცხოეთში მიმოფანტულ უნიკალურ ხელნაწერებს და ამით ძალიან ბედნიერი იყო. ბედნიერებას მისთვის ზურგი არც არასდროს უქცევია. ბოლოს და ბოლოს, ის საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის, მედეა ჯაფარიძის მეუღლე იყო, რომლის ცოლად შერთვაზე ლამის მთელი საქართველოს მამაკაცები ოცნებობდნენ. დღეს რეზო თაბუკაშვილის ცხოვრების დღიურებს შემოგთავაზებთ, რომელსაც თავად ბატონი რეზოს, მისი დის – ციალა თაბუკაშვილის, შვილის – ლაშასა და მეგობრის – ჯაბა იოსელიანის მოგონებები ავსებს.

ციალა თაბუკაშვილი: „1941 წელი იყო. გიზი ამირეჯიბი, არჩილ გომიაშვილი და რეზო დასასვენებლად არტეკში წავიდნენ. ეს რეზოს პირველი დამოუკიდებელი წასვლა იყო. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ომი დაიწყო. თავზარი დაგვეცა. მშობლებს წასვლა უნდოდათ რეზოს მოსაძებნად, მაგრამ მიმოსვლა შეწყდა. მთელი ბავშვები, ვინც კი არტეკში იყო, სატვირთო ვაგონებში შეყარეს და რუსეთში გადაისროლეს. რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივიღეთ ცნობა, რომ რეზო რომელიღაც მატარებლით უნდა ჩამოსულიყო თბილისში. ყველანი სადგურში გავცვივდით. რამდენიმე მატარებელი ჩამოდგა, მაგრამ რეზო არც ერთში არ იყო. ბოლოს ერთ-ერთ შემადგენლობას ჩამოჰყვა. რომ დავინახეთ, გულზე შემოგვეყარა: შავი, ჭუჭყიანი, გამხდარი იდგა მატარებლის კიბეებზე. დედა რომ დაინახა, შორიდანვე დაუძახა: „დედაჩემო, ახლა აღარ დაგჭირდება საჭმლის დაძალება ჩემთვის!“ ასე დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის ომი. 1942 წელს, ჩვენ რაღაც პერიოდი სოფელში გადავედით და რეზომ რამდენიმე თვე ფართხანალის სკოლაში ისწავლა. მერე ისევ თბილისში დავბრუნდით“.

ჯაბა იოსელიანი: „რეზო გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ყველაზე საჭირო იყო. ეგ რომ არ მომკვდარიყო, შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. მოსკოვში გავიცანი. მაშინ ეგ დიპლომატიურზე სწავლოდა, მე მალვაში ვიყავი. მიწისქვეშა გადასასვლელები არ იყო. სასტუმრო „მოსკოვის“ მხრიდან მოვდივარ. ქუჩის მეორე მხარეს „გორკის“ მხრიდან მომავალი, ძალიან ლამაზი ბიჭი შევამჩნიე. იმანაც დამინახა. ზედ გადასასვლელზე, ქუჩის შუაგულში შევხვდით ერთმანეთს და გადავკოცნეთ, თუმცა პირველად ვხედავდი, ერთმანეთი შორიდანვე მოგვეწონა. მერე თავისთან წამიყვანა. ერთი მოცუცქნული ოთახი ჰქონდა. მთელი ღამე ვილაპარაკეთ. იქიდან დაიწყო ჩვენი ძმაკაცობა. რეზომ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ბრწყინვალე ნიჭის პატრონი იყო. იმ ნიჭის პატრონს არ უნდა გასჭირვებოდა სწავლა „მგიმოში”. ისეთი ლამაზი იყო, მეტროში გოგოები გუნდ-გუნდად დასდევდნენ. ბრწყინვალე კარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ სხვა გზა აირჩია. ჰქონდა რაღაც-რაღაცეები, ცოტა სიბარიტიც იყო, მაგრამ კაცობაზე არასოდეს არ აუღია ხელი, არც კარიერისტი არ ყოფილა. რამდენჯერმე შესთავაზეს ხან კულტურის მინისტრობა, ხან რა და ხან – რა. ყოველთვის უარით ისტუმრებდა ყველას. მაშინაც, მოსკოვში, ინსტიტუტს რომ ამთავრებდა, ინგლისში სამუშაოდ წასვლას სთავაზობდნენ. არ წავიდა. არ შეეძლო კომუნისტური ბიუროკრატიის აბსურდში მონაწილეობის მიღება. რეზო წავიდა ჩვენგან მაშინ, როცა ყველაზე უფრო საჭირო იყო საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, ის რომ ყოფილიყო, იქნებ არ მომხდარიყო ის, რაც რუსთაველზე მოხდა. რეზო ის კაცი იყო, რომლის ირგვლივაც დადგებოდა ყველა წესიერი და სუფთა მოქალაქე. ეს მოხდებოდა თავიდანვე და ეგ გიჟები და ფაშისტები ვერ გაპარპაშდებოდნენ. მაგრამ, ეტყობა, ჩვენ რაღაც დიდი ცოდვა გვაქვს, რადგან ღმერთმა გამოგვაცალა ხელიდან ეს საშუალება და სულ ომისა და ნგრევის გზით გვატარა“.

ლაშა თაბუკაშვილი:  „მიუხედავად გარეგნული კეთილდღეობისა, ჩვენს ოჯახს არასოდეს უცხოვრია დიდად დალხენილად. მიუხედავად სონეტების თარგმნისა და კინოსტუდიაში შექმნილი რამდენიმე სცენარისა, რეზო თაბუკაშვილს საზოგადოება თვლიდა ნიჭიერ, მაგრამ ხელმოცარულ კაცად, რომელმაც ვერ შეძლო ღვთით ბოძებული უნარის რეალიზება. თუმცა, იმ დროში საამისოდ თითქმის ყველა გზა გადაკეტილი იყო, თუკი, რა თქმა უნდა, კაცი არ უღალატებდა საკუთარ მოწოდებასა და მოქალაქეობრივ პრინციპებს. მე მჯერა, რომ არა  მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილის გვარიც, შესაძლოა, ჩაწერილიყო იმ ადამიანთა სევდიან სიაში. მე მახსოვს ის დღეები, როდესაც რეზოს წამოსცდენია: როდემდე შეიძლება, ცოლშვილიანმა კაცმა „პრიმის“ ფული მამისგან იმათხოვროსო. ერთხელ რეზოსთვის ფილარმონიაში რაღაც ბრიყვული სატირული კუპლეტების შეთხზვა შეუთავაზებიათ და ეს კაცი, რომელიც შექსპირის ღვთაებრივი სამყაროთი სულდგმულობდა, უყოყმანოდ დათანხმდა ამ წინადადებას. მხოლოდ დედაჩემის კატეგორიულმა მოთხოვნამ აიძულა რეზო, უარი ეთქვა იაფფასიან კუპლეტისტობაზე. მან არც ერთხელ არ მისცა საშუალება მამაჩემს, ოდნავადაც კი ეღალატა თავისი მოწოდებისთვის ოჯახური ინტერესების სასარგებლოდ... და, თუმცა არ ულხინდათ, მაინც მხიარულები იყვნენ და მუდმივად დაძაბული სულიერი ცხოვრება ჰქონდათ.

***

... მაშინ სულ პატარა ბავშვი ვიყავი. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადსა თუ მაგათი დღესასწაულის დროს, ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე, მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჯარისკაცები იდგნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა, რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა – „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები!“. მერე დამსვა ძირს და აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად... ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი გავიდა, ფეხშიშველი... რატომ დაინდეს ან ერთი, ან მეორე... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“

***

რეზო თაბუკაშვილის ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, იტალიაში როცა, ბოლოს და ბოლოს, მივაგენით თამარაშვილის საფლავს, ჩივიტავეკაიას სასაფლაოს დირექტორმა გვკითხა: თქვენ მთავრობის დავალებით ხართ ჩამოსულიო. არა, – უპასუხა რეზომ. აბა, თქვენი ნათესავია? – არა, არც ნათესავი არ არის. აბა, რას ეძებთ ასე გამწარებულებიო? ჩვენი ეროვნული ტრადიცია გვავალებს, პატივი მივაგოთ ჩვენს ყველა ღირსეულ წინაპარსო, – უთხრა რეზომ. გაგიჟდა ის კაცი. ცოლის სამსახურში დარეკა, უფროსს სთხოვა, გაათავისუფლეთ ერთი დღითო. მერე ცოლს უთხრა: წადი სახლში, სადილი მოამზადე, იმისთანა ჯურის ხალხი მომყავს, ჯერ რომ არ გინახავს და არც გაგიგიაო. თავად ბატონი რეზო ასე აღწერს ამ ამბავს: „ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვე-ნახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება დასაფლავების. კუბო ორმოცი დღის განმავლობაში დამალული მქონდა. იყო საშიშროება, უბრალოდ, მოეპარათ, მერე კი იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგაო... რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება? ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, თორემ მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ცეკას ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო: თაბუკაშვილმა ცეკას კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ. დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, ბატონო, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება, რობაქიძე მოგაყენოთ კარზეო. სხვათა შორის, შევარდნაძე მაშინ ძალიან ბრძნული სიდინჯით მოეკიდა ამ საქმეს. მაშინ საქართველოში შევარდნაძემ კი არა არავინ იცოდა თამარაშვილის არსებობა, მეცნიერებათა მცირე წრის გარდა...

ლაშა თაბუკაშვილი: „როდესაც მამა თამარაშვილის ნეშთის ჩამოსატანად გაემგზავრა, იტალიელებს რეზო მისი ნათესავი ეგონათ. ისინი იმ ფაქტმა გააოგნა, რომ რეზო უცხო ადამიანის ნეშთზე ასე ზრუნავდა. მამას კი ეამაყებოდა, რომ საქართველოს თავის სასიქადულო შვილს უბრუნებდა. ამგვარი საქმეების კეთება ხშირად მას ტკივილის ფასად უჯდებოდა. საფრანგეთში მამას ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, შიმშილისგან გული წაუვიდა, რადგან კაპიკი ფული არ ჰქონდა. ათი დღე მშიერი იყო, მხოლოდ წყალს სვამდა, ისიც ისეთ წყალს, რომელსაც  არ სვამენ. მაგრამ ის მიიჩნევდა, რომ მოვალეობა, რომელიც საკუთარ თავს დააკისრა, ბოლომდე უნდა მოეხადა. იფიქრეს, დიაბეტი აქვსო. ისე იყო ჩაცმულ-დახურული, სხვას ვერაფერს იფიქრებდა კაცი. ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ ჰოლანდიაში ჩასვლა მომიწია და ერთმა მკითხა, – ბატონი რეზო როგორ არის, დიაბეტი ისევ აქვსო? გამიკვირდა, რა დიაბეტი, კარგად არის-მეთქი. როგორ არა, აქ წაგვექცაო. მერე მამას მონაყოლი გამახსენდა, მაგრამ, ხომ ვერ ვიტყოდი, მშიერი იყო და ამიტომ წაუვიდა გული-მეთქი“.

***

მეცხრამეტე საუკუნეში ქართული საზოგადოება ქურდობის ერთ ფაქტზე ალაპარაკდა. სიონიდან ისტორიული რელიკვია გაიტაცეს – ეს იყო მოოქრული და მოვერცხლილი საკურთხევლის გადასაფარებელი. ფარდაგი 1773 წელს დავით მეფის დედას, ქეთევანს მოუქარგავს და სიონისთვის შეუწირავს. 1937 წელს ქართველი მკვლევრები და-ძმა – თამარ და აკაკი პაპავები ფარდაგს გერმანიაში, ერთ-ერთ კოლექციონერთან წააწყდნენ და ფოტო გადაუღეს. შემდეგ ფოტო პარიზში, ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეს. იქაურმა ქართველმა ემიგრანტებმა 10 000 დოლარი შეაგროვეს და ფარდაგი გამოისყიდეს, რომელიც, თავდაპირველად, ბერლინის ბანკში ინახებოდა. ომის პერიოდში მოხდა ისე, რომ ბანკი დაბომბეს, მაგრამ საცავი, სადაც ფარდაგი ინახებოდა, გადარჩა. ფარდაგი პაპავებმა თავიანთ ოჯახში წამოიღეს შესანახად. ომის დასრულების შემდეგ პაპავები საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდნენ და ნივთიც თან წაიღეს. რეზოს მამა, შალვა თაბუკაშვილი, პაპავების სიძის, ლეო ჭეიშვილის მასწავლებელი იყო. ამან განაპირობა ის, რომ პაპავებს ეს დიდი რელიკვია ბატონი რეზოსთვის გამოეტანებინათ. ნივთი წესების თანახმად უნდა გაფორმებულიყო. არგენტინაში საბჭოთა კავშირის საელჩო იყო. ელჩის მოადგილემ რეზო თაბუკაშვილს ფარდაგი დაატოვებინა და უთხრა, მეორე დღეს მოეკითხა მისთვის. მეორე დღეს მისული თაბუკაშვილის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ლამის გაგიჟდა, როცა ელჩის მოადგილემ უთხრა, რომ ფარდაგი რაისა გორბაჩოვასთვის უნდა გადაეცა. მაშინ, ის მივარდა ელჩის მოადგილეს და უთხრა: „იცოდეთ, დასაკარგი არაფერი მაქვს, მის დასაბრუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“

***

თაბუკაშვილების ოჯახში უცხოეთიდან ჩამოტანილი ერთი უნიკალური ნივთი ინახება. ის ერთი უცხოელი გრაფინიას კოლექციიდანაა წამოღებული, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გრაფინიამ უსახსოვრა რეზო თაბუკაშვილს. „მამა ნიუ-იორკში გვყავდა სამკურნალოდ კიბოს დიაგნოზით. იქ 80 წლის გრაფინია გავიცანით. ისე მოიხიბლა მამათი, რომ ეს არაჩვეულებრივი ფერწერული ტილო აჩუქა – „ღვთისმშობელი ნატყვიარით“.

***

რეზო თაბუკაშვილის ცხოვრება არა მხოლოდ მისი პიროვნული თვისებებითა და მოღვაწეობით იყო სავსე და საინტერესო, არამედ პირადი ცხოვრებითაც. გთავაზობთ მოსკოვიდან მედეა ჯაფარიძისადმი მიწერილ ერთ-ერთი წერილის ფრაგმენტს, რომელიც მომავალ მეუღლეს მაშინ მისწერა, როცა მედეას დედის ავადმყოფობის გამო მოსკოვში თეატრალური სტუდიის მიტოვება და თბილისში გამომგზავრება  მოუწია.

„ჩემო მედიკო! კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, უნდა მეპოვე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე ყველაფერი ეს შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება. ისეთი გრძნობაა, თითქოს გაქანებული ვაგონიდან გადმოგაგდეს, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ. აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე...“

***

რეზოს და მედეას ქორწილის დღე. სტუმრები ოთხი საათისთვის იყვნენ დაპატიჟებულები, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიან მოვაწეროთ ხელი, თორემ ქალის ამბავი რომ ვიცი, უცბად არ გადაიფიქროსო. წავიდნენ „ზაქსში“, ჩატარდა რიტუალი, გარეთ გამოვიდნენ. დრო საკმარისზე მეტია. მედეა მეგობართან ერთად სილამაზის სალონში შევიდა. ბიჭებმა კი გაისეირნეს. სილამაზის სალონიდან გამოსვლის შემდეგაც ნახეს, რომ წინ კიდევ ოთხი საათია. ამ დროს წვიმა წამოვიდა. ყველანი სადარბაზოში შევიდნენ, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალი შედგა და დაუმოკლდა. რეზო დადგა წვიმაში და გაჰყვირის – „რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში, ჯერ ვიზრდები კიდევ!“ დროის გასაყვანად კინოში შევიდნენ. მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო. კინოდან ნამტირალევი თვალებით გამოვიდნენ, მიდიან შუა რუსთაველზე და ცრემლებს ძლივს იკავებენ მექორწილეები. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში – საწყალი რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე მშობლებს სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები, მწარედ მოთქვამდნენო. 1950 წელი, 23 ნოემბერი, გიორგობას მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს ვაჟი შეეძინათ – ლაშა.

 

 

скачать dle 11.3