ექიმის რჩევები
კითხვა: მეუღლემ ბავშვობაში ყბაყურა გადაიტანა. შეიძლება თუ არა, ამან განაყოფიერებაზე იმოქმედოს? როგორია ასეთ შემთხვევაში უნაყოფობის პროცენტი?
პასუხი: თუ თქვენს მეუღლეს ინფექციური პაროტიტის (ყბაყურის) დროს სათესლე ჯირკვლების ანთება არ ჰქონია, სანერვიულოც არაფერია. სათესლე ჯირკვლების ანთება ყბაყურის ერთ-ერთი გართულებაა. სიტუაციის გასარკვევად გირჩევთ თქვენი მეუღლის სპერმოგრამის გამოკვლევას.
კითხვა: გადადის თუ არა ურეოპლაზმა და მიკოპლაზმა სქესობრივი გზით? სქესობრივი კონტაქტიდან ერთ კვირაში თუ შეიძლება ანალიზებში ამის დადგენა?
პასუხი: სქესობრივი გზით ორივე ინფექცია გადადის. შვიდ დღეში შესაძლებელია მათი ნაცხში აღმოჩენა. ურეოპლაზმისა და მიკოპლაზმის მაღალი მაჩვენებლების დროს, შარდ-სასქესო სისტემაში ანთებითი მოვლენები აღინიშნება.
კითხვა: დამიდგინეს სისტემური წითელი მგლურა. სად შეიძლება მკურნალობის დაწყება და განკურნებადია თუ არა ეს დაავადება?
პასუხი: სისტემური წითელი მგლურა – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა. სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ხანგრძლივი რემისიის მიღწევა. მკურნალობას რევმატოლოგები დაგინიშნავენ.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ექოსკოპიით წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის წყაროს აღმოჩენა?
პასუხი: წვრილი ან მსხვილი ნაწლავიდან სისხლის დენის მიზეზი შეიძლება გახდეს: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მეკელის დივერტიკული და დივერტიკულიტი, ბუასილი და სხვა. ამ დაავადებების ნაწილს გააჩნია დამახასიათებელი ულტრაბგერითი სურათი და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შეიძლება ეჭვის მიტანა. მაგრამ, ნაწლავური სისხლდენის წყაროს აღმოსაჩენად და დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის ძირითადი მეთოდებია ირიგოსკოპია და ენდოსკოპია ბიოფსიით.
კითხვა: რისგან შეიძლება იყოს განავალი მუქი წითელი ფერის? ვის მივმართო?
პასუხი: თქვენ არ დააზუსტეთ, რამდენჯერ გქონიათ მუქი წითელი განავალი: იქნებ ჭარხლიანი საკვების მიღების ან ხანგრძლივი შეკრულობის შემდეგ (შეიძლება ჰემოროიდული კვანძები გაქვთ, რომლებიც შეკრულობის ფონზე დეფეკაციის დროს ზიანდება). არ არის გამორიცხული რაიმე სხვა მიზეზიც. დიაგნოზის დასაზუსტებლად პროქტოლოგს ან გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: რისთვის ნიშნავენ რიბოქსინს და როგორ მოქმედებს ის?
პასუხი: რიბოქსინი – ფერმენტის წინამორბედია, რომელიც უჯრედებში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს (გლუკოზის ცვლა, ენერგეტიკული პროცესები, ნუკლეოტიდების სინთეზი). ნიშნავენ გულის კუნთის სხვადასხვა დაზიანებების დროს, მათ შორის, გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიოდისტროფიების (ენდოკრინული, წამლისმიერი, ტოქსიკური, მაგალითად, ალკოჰოლური) დროს, ასევე, ღვიძლის ანთებითი და ტოქსიკური დაზიანებების დროს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი