დიურანტის უძრავი ქონება
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი, „ოკლაჰომა სიტის” მოთამაშე კევინ დიურანტი სიეტლში თავის სახლს ყიდის. დიურანტმა მხოლოდ ერთი წელი გაატარა „სიეტლ სუპერსონიქსში”, თუმცა ბინის შეძენა მოასწრო და მას შემდეგ, რაც 2008 წელს „ოკლაჰომაში” გადავიდა, სახლში აღარავინ ცხოვრობდა. მისი გაყიდვა კი მან მხოლოდ წელს გადაწყვიტა. ამერიკული ტაბლოიდების ცნობით, საცხოვრებელი ფართი 550 კვადრატული მეტრია და 2,8 მილიონ დოლარად აფასებს პატრონი. სახლი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. აქვს სამი აბაზანა, ხუთი საძინებელი, კინოდარბაზი და დაცვის გარანტირებული სისტემა. აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტიც, რომ მყიდველი თუ სახლის შეძენას გადაწყვეტს, ვერსად ნახავს კალათბურთის ფარს, რადგან უბრალოდ იქ ის არ არის. არადა, კალათბურთელები სახლს რომ იძენენ ან იშენებენ, უპირველესად საკალათბურთო მოედანს აკეთებენ და ფარს დგამენ.