რა აკავშირებს კალათბურთის ლეგენდას, ქარიმ აბდულ-ჯაბარს ბრუს ლისთან და არნოლდ შვარცენეგერის რომელ ფილმში ითამაშა NBA-ს რეკორდსმენმა, უილტ ჩემბერლენმა
კალათბურთის ექსპერტებისა და მრავალი გულშემატკივრის აზრით, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლანეტის საუკეთესო კალათბურთელები თამაშობენ. მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ქართველი ცენტრი – ზაზა ფაჩულიაა, რომელიც „ატლანტა ჰოუქსის” ღირსებას იცავს. ზაზა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა NBA-ში და კარგი თამაშით ქართველ გულშემატკივარსაც ახარებს. თუმცა, ამ ჯერზე საუბარი არა მოქმედ კალათბურთელებზე, არამედ NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ცენტრალურ მოთამაშეებზე გვექნება. მათ საუკეთესო ტოპ-ათეულს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
მოუზეს მელოუნი
მოუზეს მელოუნი 1974-1995 წლებში ასპარეზობდა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და კლუბების ხშირი ცვლის გამო, „მაწანწალა” შეარქვეს. ოცწლიანი კარიერის განმავლობაში მელოუნმა 8 სხვადასხვა კლუბი გამოიცვალა. მელოუნი აგრესიული მოთამაშე იყო, რომელიც ბურთისთვის თავგანწირვით იბრძოდა და ნებისმიერი კალათბურთელისთვის უხერხული მეტოქე გახლდათ კალათთან. სამჯერ დასახელდა ყველაზე ფასეულ მოთამაშედ. 1983 წელს კი ჩემპიონი გახდა „ფილადელფია-76-ის” რიგებში. მელოუნი NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის ფიგურირებს.
დევიდ რობინსონი
დევიდ რობინსონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1989-2003 წლებში თამაშობდა და მთელი კარიერა ერთ კლუბში, „სან ანტონიო სპურზში” გაატარა. საიმედო თამაშის გამო მისი მეტსახელი იყო „ადმირალი”. რობინსონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრადაა მიჩნეული მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში. დევიდი NBA-ს ორგზის ჩემპიონია და კვადრუპლ-დაბლის, ჯერჯერობით ბოლო ავტორია. ანუ, ერთ თამაშში დევიდ რობინსონმა ოთხ სტატისტიკურ მაჩვენებელში მოახერხა ათქულიანი ზღვრის გადასვლა. NBA-ს ისტორიაში მსგავსი მიღწევა მხოლოდ ოთხ კალათბურთელს აქვს: ნეიტ ტარმონდს, ელვინ რობერტსონს, ჰაკიმ ოლაჯიუვონს და „ადმირალს”. რობინსონი ცნობილია ქველმოქმედებით, რაზეც მას არაერთი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული.
ბილ უოლტონი
ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თეთრკანიანი ცენტრია NBA-ს ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში 1974-1988 წლებში ასპარეზობდა. რომ არა ხშირი ტრავმიანობა, რის გამოც უოლტონს ოთხი სრული სეზონი გაუცდა, მას შესაძლოა, უფრო მეტისთვის მიეღწია. თუმცა, ჩემპიონის ორი ბეჭედი მის აქტივში ნამდვილად არის. გარდა ამისა, ბილ უოლტონი ორჯერ დასახელდა სეზონისა და ფინალის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ.
ნეიტ ტარმონდი
„დაცვის მონსტრი”, როგორც მას უწოდებდნენ მეტოქე გუნდების კალათბურთელები, ამერიკის საკალათბურთო ლიგაში 1963-1977 წლებში თამაშობდა და დაცვაში ფენომენალური თამაშით აწონებდა თავს გულშემატკივრებს. ტარმონდი ერთ თამაშში სტაბილურად აგროვებდა 15 ქულამდე და ამდენივე დაფარება ჰქონდა ის NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში კვადრუპლ-დაბლის შესრულება მოახერხა. ანუ, ერთ თამაშში – 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი და 10 დაფარება მოაგროვა.
ჰაკიმ ოლაჯიუვონი
ნიგერიაში დაბადებული 213 სანტიმეტრის სიმაღლის ჰაკიმ აბდულ ოლაჯიუვონი NBA-ში 18-წლიანი კარიერის განმავლობაში ორი გუნდის ღირსებას იცავდა: „ტორონტო რეპტორზის” და „ჰიუსტონ როკიტსის”. კარიერის განმავლობაში მან 26 946 ქულა, 13 747 მოხსნა და 3 830 დაფარება დააგროვა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ოლაჯიუვონი ორგზის ჩემპიონი და 1996 წლის ატლანტის ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია „დრიმ თიმის” შემადგენლობაში. ის ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის ფიგურირებს, ხოლო 2008 წლიდან, კალათბურთის დიდების დარბაზის წევრია.
პატრიკ იუინგი
იამაიკელი პატრიკ იუინგი 13 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში და 1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე. 1985-2002 წლებში მან 17 სრული სეზონი ჩაატარა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის ტიტული მოიხვეჭა. 1999 წელს იუინგი NBA-ს ისტორიაში მეათე კალათბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში მოგროვილი 22 ათასი ქულისა და 10 ათასი დაფარების ზღვარს გადაცდა. პატრიკი 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ტრიუმფატორია. მაშინდელ „დრიმ თიმში” მის მხარდამხარ ასპარეზობდნენ კალათბურთის ლეგენდები: მაიკლ ჯორდანი, ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი, კლაიდ დრექსლერი, ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქტონი და კრის მალინი. კალათბურთის არსებობის ისტორიაში სწორედ ეს გუნდი ითვლება ყველაზე იდეალურად.
უილტ ჩემბერლენი
უილტ ჩემბერლენი, მაიკლ ჯორდანის გამოჩენამდე, NBA-ს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიან კალათბურთის ვარსკვლავად ითვლებოდა, რომლისთვისაც პირადი სტატისტიკა, უმეტეს შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გუნდური შედეგი. უილტი 1959-1973 წლებში ასპარეზობდა ლიგაში, ორჯერ გახდა ჩემპიონი და ოთხჯერ დასახელდა ყველაზე ძვირფას მოთამაშედ სეზონში. საშუალოდ, თამაშში ჩემბერლენი 30 ქულას, 23 მოხსნას და 4,4 შემდგარ პასს აკეთებდა, მასვე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე რეკორდი: ერთ თამაშში დაგროვებული 100 ქულის რეკორდი და რეკორდი მოხსნების მხრივ – 55 მოხსნა. კალათბურთის გარდა, ჩემბერლენმა კინოშიც გაითქვა სახელი, მან ცნობილ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში – „კონან-დამანგრეველი” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მან არნოლდ შვარცენეგერის კინოგმირის ოპონენტის როლი მოირგო. ერთ დროს ჩემბერლენს მუჰამედ ალის წინააღმდეგ რინგზე გასვლასაც კი სთავაზობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
შაკილ ო’ნილი
შაკილ ო’ნილი ყველა დროის საუკეთესო ცენტრების პირველი სამეულის წევრია. ის 1992 წლიდან თამაშობდა ნაციონალურ ლიგაში და კარიერა სულ ახლახან დაასრულა. მისი მეტსახელი „დიზელია” და ის ბოლო ათწლეულის NBA-ს საუკეთესო ცენტრად ითვლება. ოთხგზის ჩემპიონი, 1996 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული შაკილი უნიკალური კალათბურთელია. ყველაზე ახალგაზრდა მოხვდა 50 საუკეთესო კალათბურთელის ჩამონათვალში 1996 წელს. შაკილი ასევე, ცნობილია ფეხის გიგანტური ზომით. სხვადასხვა მონაცემით ის 55 ზომის ფეხსაცმელს ატარებს.
ქარიმ აბდულ-ჯაბარი
ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1969-1989 წლებში თამაშობდა და 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ექვსჯერ გახდა ჩემპიონი და ამდენჯერვე დასახელდა ყველაზე ფასეულ მოთამაშედ. მას 19-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხოლო 10-ჯერ NBA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დაგროვილი ქულებით აბდულ-ჯაბარი ლიგის უპირობო რეკორდსმენია – 38 387 ქულით. საშუალოდ თამაშში ის 27 ქულაზე ნაკლებს არ აგროვებდა. აბდულ-ჯაბარი კინომოყვარულებისთვის ბრუს ლის ბოლო ფილმით არის ცნობილი. „სიკვდილის თამაშში” სწორედ აბდულ-ჯაბარისა და ბრუს ლის გმირთა ჩხუბის სცენაა მიჩნეული საუკეთესოდ.
ბილ რასელი
NBA-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ცენტრად ლეგენდარული ბილ რასელია მიჩნეული. ის 1956-1969 წლებში ასპარეზობდა და დაუმარცხებელი „ბოსტონ სელტიქსის” ლიდერი გახლდათ. რასელი NBA-ს 11-გზის ჩემპიონი და ხუთგზის ყველაზე ფასეული მოთამაშეა. ბილი ითვლება ყველაზე უნივერსალურ, სწრაფ, ჭკვიან ცენტრად ამერიკის ნაციონალურ ლიგასა და მსოფლიო კალათბურთში. 1980 წელს ბილ რასელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
P.S. რეიტინგში ვერ მოხვდნენ, თუმცა არანაკლები ცენტრალური ფორვარდები იყვნენ და არიან: არვიდას საბონისი, დიკემბე მუტომბო, რობერტ პერიში, ჯორჯ მაიკენი, იაო მინი, ტიმ დანკანი, დუაიტ ჰოვარდი, ბენ უოლასი, მარკუს კემბი და სხვები.