კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენჯერ შეუძლია ადამიანს ეკლესიაში ჯვრის დაწერა და რისთვის დაუშვა უფალმა მეორედ და მესამედ დაქორწინება

ოჯახი ის ადგილია, სადაც ორი ადამიანი ქორწინების შემდეგ ერთ ხორცად იქცევა და რომელთა დაშორების უფლება ამქვეყნად არავის აქვს. თუმცა, დღეს ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა და პატარა გაუგებრობაც ცოლ-ქმრის გაუცხოების, მუდმივი ჩხუბისა და აყალ-მაყალის მიზეზი ხდება. საქართველოში ასევე გავრცელებულია ქორწინებასთან დაკავშირებული ისეთი არასწორი ტერმინი, როგორიც არის „ჯვრის აყრა“, რაც სინამდვილეში არ ხდება. რადგან დღევანდელ საზოგადოებას ძალიან აწუხებს ეს საკითხი: როდის ხდება ეკლესიური ქორწინების შეწყვეტა, როგორ უნდა შექმნან ადამიანებმა მეორედ ოჯახი,  ამიტომ ამ ყველაფერზე საუბარი ვთხოვეთ, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი (თევდორაშვილს).

 

– საღმრთო წერილის მოკლე დარიგება, რომელიც იკითხება ღვთისმსახურების დროს და აღესრულება ქორწინების საიდუმლოს ჟამს, ასეთია: ისე უნდა უყვარდეს მამაკაცს მეუღლე, როგორც საკუთარი თავი უყვარს, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, თავი გასწირა მისთვის. ცოლს კი, წესია, უნდა ეშინოდეს ქმრისა. როგორც ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტეს, ასე უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს. ქმარი კი უნდა იყოს ცოლის თავი, როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი. მინდა, ასევე, ძალიან საინტერესო მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის: როგორც ეკლესია არ იყო თავიდან წმიდა და ის განწმიდა ქრისტემ საბანელითა წყლისაითა, ანუ ნათლისღებით, ისევე, თუ მამაკაცს დედაკაცი არ მოსწონს, ის ვალდებულია, არა ჩხუბითა და აყალმაყალით, არამედ შეგონებით, პირადი მაგალითით, თავმდაბლობით, თავგანწირული ურთიერთობით აღმოფხვრას მასში ცუდი თვისებები. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ უნდა მოითმინო შენი მეუღლის სიზარმაცე, მრისხანება, გარკვეული ნაკლოვანებები და საკუთარი თავივით უნდა გიყვარდეს, უნდა მოითმინო მისგან ყველაფერი, გარდა სიძვისა და მრუშობისა. დღეს ძალიან ბევრი ოჯახი გარიგებით, გარკვეული მატერიალური დაინტერესებით იქმნება. ეს დამოკიდებულება დამამცირებელი და არაეკლესიურია და ასეთ ურთიერთობას ყოველთვის ძალიან ხანმოკლე მომავალი აქვს. მინდა, ყველას შევახსენო სოლომონ ბრძენის სწავლება: სახლი და კარი მამის დანატოვარია, ხოლო კარგი ცოლი (ქმარიც იგულისხმება) უფლისგან არის. თუ განვიზრახავთ ოჯახის შექმნას, პირად ლოცვაში შეგვიძლია, უფალს ვთხოვოთ: „უფალო, იყოს ნება შენი და არა ნება ჩემი, ისეთი მეუღლე მომგვარე, ვისთანაც მე ვიქნები ბედნიერი, სულიერად და ხორციელად გახარებული“. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ასაკი, განათლება, ურთიერთობა, ინტერესები. დღეს ერთად ხდება დაწინდვა, დანიშვნა და ჯვრისწერა. ადრე ეს ცალ-ცალკე ხდებოდა: ჯერ დაიწინდებოდნენ წყვილები და რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ხდებოდა მათი შეუღლება. ანუ, ეს იყო გამოსაცდელი, გასაცნობი პერიოდი, რათა წყვილებს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი. თუ დარწმუნდებოდნენ, რომ ერთად ჰარმონიულად გაატარებდნენ დარჩენილ ცხოვრებას, მაშინ ხდებოდა მათი ჯვრისწერა. მაგრამ, თუ წყვილები ვერ დარწმუნდებოდნენ, რომ შეეძლოთ, ჰარმონიულად ეცხოვრათ, მაშინ შეიძლებოდა ბეჭდების დაბრუნება და ჯვრისწერაზე უარის თქმა.

– დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ანგრევს ოჯახს. ეკლესიური სწავლებით, რა შემთხვევაშია ნებადართული ქორწინების გაუქმება?

– ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხდება კანონიერ ქორწინებაში მყოფი პიროვნებების კავშირის შეწყვეტა, არის ერთი მხარის მიერ სარეცელის შეურაცხყოფა, ანუ მრუშობა. ხშირად ადამიანები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ მრუშობასა და სიძვას. ამიტომ, გეტყვით, რომ მრუშობა არის კავშირი დაქორწინებული მამაკაცისა სხვა დედაკაცთან. ხოლო სიძვა – გაუთხოვარი ქალისა და დაუქორწინებელი მამაკაცის ინტიმური კავშირი და ორივე მძიმე ცოდვად ითვლება. აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მათეს სახარებაში: „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს, ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“. იესო ქრისტე კრძალავს ქორწინების შეწყვეტას მრუშობის მიზეზის გარეშე. თუმცა, უფრო ადრე, ფარისეველთა სწავლებით, მამაკაცს უბრალო მიზეზის გამო შეეძლო გაეშვა ცოლი სახლიდან, თუნდაც უგემური კერძის გამო. მაცხოვარი ამ მოვლენას გულქვაობას უწოდებს და ახალ აღთქმაში მეუღლეობას თვით უფლისა და ეკლესიის ურთიერთობას ადარებს. წმიდა მამათა სწავლებით, შეურაცხადიც რომ ყოფილიყო მამაკაცი ან დედაკაცი, არც ერთ მხარეს არ ჰქონდა ოჯახის დანგრევის, ანუ ეკლესიური ქორწინების შეწყვეტის უფლება. დღეს კი ოჯახების უმეტესობა დაუფიქრებლად ან სხვადასხვა ქვემიზნით იქმნება. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. და დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და მას სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. მაგრამ, თუ ურწმუნოს სურს გაყრა, – გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა. ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი, ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნება იხსნა ცოლი?“. მინდა, ყველას შევახსენო, რომ „ჯვრის აყრა“ – ასეთი ცნება ეკლესიას არ აქვს. უბრალოდ, როდესაც ცოლ-ქმარს სურს განქორწინება, ისინი მიდიან მღვდელმთავართან, რომელიც ორივე მათგანს ეკითხება დაშორების მიზეზს და თავის ქადაგებითა და რჩევით, ცდილობს მათ შერიგებას. მაგრამ, თუ ორივე მხარეს სურს დაშორება და ამის მიზეზიც აქვთ, მაშინ ქორეპისკოპოსი მათ ჯვარს კი არ აყრის, არამედ აძლევს კურთხევას, ნებართვას, რომ შექმნან მეორე ოჯახი. არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მხარე არ ემორჩილება მღვდელმთავრის კურთხევას, ამ დროს სამგზის გაფრთხილების შემდეგაც თუ არ მოისმენს ურჩი მხარე ეპისკოპოსის შეგონებას, მის დაუსწრებლად ხდება ქორწინების შეწყვეტა. იმასაც გეტყვით, რომ გაყრის საბაბი უნდა იყოს აუცილებლად მნიშვნელოვანი და არა, ჩვეულებრივი უთანხმოება მეუღლეებს შორის.

– რამდენჯერ შეუძლია ადამიანს დაქორწინება, ეკლესიაში ჯვრის დაწერა?

– როგორც ეკლესიურმა გამოცდილებამ აჩვენა, არსებობს სამი სახის ქორწინება. პირველი ხდება მართლმორწმუნე ქრისტიანებს შორის და მოძღვრის კურთხევით, ერთი ადამიანი ქორწინების საიდუმლოთი უკავშირდება მეორეს. მეორედ ქორწინება ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე მხარე დაქვრივდება. მღვდელი აკურთხებს წყვილს, რომ შექმნან ქრისტიანული ოჯახი, თუმცა ქორწინების რიტუალი სრულდება გვირგვინების გარეშე, რომელიც სიმბოლოა გამარჯვებისა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი ჯვრისწერა უფლის თვალში სათნოდ არის მიჩნეული. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ის სიძვაზე ოდნავ უკეთესია, ანუ ღმერთმა ეს ქორწინება გარყვნილებისგან თავის შეკავების მიზნით დაუშვა. ანუ, ადამიანმა უფრო მეტი ცოდვა რომ არ ჩაიდინოს, ეკლესია ამისთვის გარკვეულ შეღავათს აკეთებს – ამის უფლება აქვს ეკლესიას, მაგრამ, მაინც ნუ მივალთ აქამდე. დღეს ადამიანები გახარებული სახით გამოდიან ქორეპისკოპოსის ოთახიდან და არ იციან, რომ შეიძლება, მომავალი ოჯახი, რომელსაც ასევე ურწმუნოებით, დაუფიქრებლად შექმნიან, შეიძლება, უარესი ჯვარი იყოს, ვიდრე პირველი ქორწინება. ამიტომ,  ოჯახის შექმნისას, კარგად უნდა გავიგოთ, რა უფლება-ვალდებულებები ვიკისრეთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჯვრისწერა არ არის მხოლოდ მოვალეობის მოხდა და ძვირფასი სამოსლით ტაძარში შესვლა. უნდა მოვისმინოთ ეკლესიური სწავლება, დავიცვათ, შევინახოთ ის და, ქორწინების დღე, რომელიც ეკლესიაში დაიწყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ქორწინების პირველ პერიოდს ერში „თაფლობის თვეს“ უწოდებენ. რატომ უნდა გრძელდებოდეს თაფლობის თვე ერთ თვეს, ხოლო ჩხუბი და მრისხანება – წლების განმავლობაში?! თუ მამაკაცს ეცოდინება, რომ უნდა იყოს თავგანწირული მეუღლე, ხოლო დედაკაცი – თავმდაბალი, ერთგული, ღვთისმოშიში ცოლი, მაშინ ისინი იქნებიან ბედნიერები და ჰარმონიულად გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას. ამიტომაც, საეკლესიო სწავლებითა და წმიდა მამების დარიგებით: ვისაც განუზრახავს ოჯახის შექმნა, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიაშუროს ეკლესიას, მოძღვარს ჰკითხოს, თუ რა მოვალეობები აკისრიათ მათ და შემდეგ იფიქროს ოჯახის შექმნაზე.

 

 

скачать dle 11.3