შეიძლება თუ არა კაცი ბედნიერი იყოს ქალთან, რომელიც არ უყვარს
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ძალიან ბევრი წყვილი ქორწინებაში უსიყვარულოდ, მძაფრი ვნებების გარეშე ცხოვრობს. ისინი თითქოს ინერციით მიჰყვებიან დინებას: ზრდიან შვილებს; აქვთ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან; ერთად ლახავენ დაბრკოლებებს და ებრძვიან პრობლემებს; იხდიან დაბადების დღეებს და დადიან წვეულებებზე... ერთი სიტყვით, არაფერი განსაკუთრებული მათ ცხოვრებაში არ ხდება. ზოგი ვერ ეგუება რუტინას და ჩნდება მათ რეალობაში „პატარა გადახვევა” – რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც ისე რომანტიკულად მთავრდება... თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს თავისი პატარა ბედნიერება აქვს, ზოგჯერ საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენით ამ ბედნიერებაზე.
ვახტანგი (57 წლის): ცოტათი მეუხერხულება კიდეც, ამხელა კაცი ჩემს პირად ცხოვრებაზე სალაპარაკოდ თქვენთან რომ მოვედი. ყოველთვის მეცინებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯაროდ ლაპარაკობდნენ პირად პრობლემებზე, მაგრამ, ეტყობა, რაღაც მომენტში, სხვანაირად არ გამოდის. არავინ იცის, ვინ როდის რა ჭკუაზე დადგება. ნორმალური კაცი ვარ და ნორმალურად ვაზროვნებ. არც ცხოვრება მაქვს ან მქონია განსაკუთრებული. იმ დროსაც მოვესწარი, როცა საკუთარი შვილები მასწავლიან, როგორ უნდა ვიცხოვრო ან რა გავაკეთე არასწორად. ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში ვიყავი ნორმალური ქმარი, ოჯახის მოყვარული და ერთგული. მომბეზრდა... ოცდათექვსმეტი წელი ცოტა ხომ არ არის? ხუთ-ათ წელიწადში შეიძლება, ამოწურო ურთიერთობის ერთი ეტაპი. მე კი ოცდათექვსმეტი წელი ვიცხოვრე ერთ ქალთან. ბოლომდე ამოვწურეთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებული სიყვარული არც თავიდან მქონია მის მიმართ.
– ეს როგორ? ანუ, ისე შეირთეთ, რომ არ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, გიყვარდათ თუ არა?
– როგორ არა. არ მიყვარდა – ეს ზუსტად ვიცი. მთელი ეს წლები სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, საერთოდ რატომ შევხვდით ერთმანეთს-მეთქი. ვიცი, რომ უცნაურად გეჩვენებათ ის, რასაც ახლა გეუბნებით, მაგრამ, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ ვარ. ძალიან ბევრი ცოლ-ქმარი ცხოვრობს ისე, რომ არ იციან, ერთად რატომ არიან. გეუბნებით, ეს სრული სიმართლეა.
– თქვენ საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა არის ამისი მიზეზი?
– მე ღრმა ფსიქოლოგიურ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ცხოვრებამ რაღაც გამოცდილება მაინც შემძინა, რაღაც მასწავლა, ბევრი რამე სხვანაირად დამანახვა. ბედი ცოტა უცნაური რამეა – ყველაფერი ისე ნამდვილად არ ხდება, როგორც ფიქრობ და გეგმავ.
– არჩევანი ხომ ჩვენზეა? მით უფრო, როცა საქმე პირადი ცხოვრების მოწყობას ეხება...
– თქვენ, შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ, ზოგჯერ არც არჩევანია ჩვენზე. გეუბნებით, ხდება, როცა ცხოვრება სიურპრიზს გვიწყობს და დაგვცინის. მე ვერ ვიტყვი, რა ერქვა იმ გრძნობას, რამაც მე და ჩემი ცოლი შეგვაუღლა.
– ეს არ იყო სიყვარული?
– სიყვარულსაც აქვს ფორმები. მე ახლა მივხვდი ამას. სხვადასხვანაირია სიყვარული. არის ისე, როცა სიყვარული არ ჰგავს შენს წარმოსახვაში, მოლოდინში დახატულს და ცოტათი იმედიც გიცრუვდება. თუმცა, ჩემს ცოლს მართლა ძალიან ვუყვარდი, მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი.
– ამაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ჩემგან იმავეს არ იღებდა –ემოციურ ფაქტორს ვგულისხმობ. არ მყვარებია ისე, როგორც მას უნდოდა ან მე ვეძახი სიყვარულს. ემოციები მაკლდა, ვნების სიმძაფრეც. თუმცა, მომწონდა და მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მიუხედავად ხასიათების იმ განსხვავებისა, რომელიც ჩვენ შორს არსებობდა. აბსოლუტურად განსხვავებულები ვიყავით და ვართ კიდეც. ძნელია, კიდევ იპოვო ასეთი განსხვავებული ორი ადამიანი.
– ეს ხომ უფრო საინტერესოა? ერთნაირად მოაზროვნე, ერთნაირი ხასიათის ადამიანებს უფრო სწყინდებათ ერთად.
– შეიძლება, ასეც არის და, როცა ცოლად შევირთე, ამას ვფიქრობდი. ზუსტად იმას ვხედავდი მასში, რაც მე თავად არ მქონდა – ეს იყო სიახლე, რომელმაც მიმიზიდა. მაგრამ, ეს ხომ არ არის სიყვარული?!
– თქვენ ხომ თქვით, სიყვარულსაც თავისი ფორმები აქვსო...
– არა, არა, მე ვიცი, რა არის სიყვარული. ახლა უკვე ვიცი. მაგრამ, რა მომცა ამ სიყვარულმა, ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. მოკლედ, მივდევდი სპორტულ ცხოვრებას – ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს ვაღიარებდი. მიყვარდა მოგზაურობა, ხეტიალი და კოცონთან ღამის გათენება. ჩემი ცოლი კი კომფორტისთვის შექმნილი ადამიანია, რომელიც, შეიძლება, დეპრესიაში ჩააგდოს იმან, რომ ფეხსაცმელი ტალახით დაესვარა. კარავში ღამის გათენება მისთვის სრული კატასტროფა იყო, კოღოებთან ბრძოლა – უმძიმესი დისკომფორტი. მაგრამ, სულ ჰქონდა პრინციპი: ოჯახი ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს ერთად. ამიტომ ჩემი ხათრით, საკმაოდ ბევრ რამეს უძლებდა, გმირულად. მე ამას ვხედავდი და ვაფასებდი მით უფრო, როცა შვილები შეგვეძინა, ცოლს ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი და, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერად ვცხოვრობდით.
– მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის არ იყო სიყვარული?
– ხომ გითხარით, იმას ვუყვარდი-მეთქი და, წარმოიდგინეთ, დღესაც ვუყვარვარ. თანაც, ჩვენ გვაერთიანებდნენ და ბედნიერებას გვანიჭებდნენ ჩვენი შვილები. მშობლისთვის ჯანმრთელ, ლამაზ, ჭკვიან და მოსიყვარულე შვილზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ამიტომაც, განსაკუთრებული მოთხოვნილება სიყვარულის დეფიციტის შევსებისა, სხვა ქალთან მე ნამდვილად არ მქონდა, თუმცა, მხოლოდ რაღაც ეტაპამდე. მერე მაინც იჩინა ამან თავი.
– უცნაური არსებები ხართ მამაკაცები. თუ კარგად გრძნობთ თავს, მერე რაღა მოხდა, თუკი არ ფიქრობდით სიყვარულზე, ანუ საყვარელზე?
– დავიწყებ იმით, რომ საყვარლის გაჩენა არ მიფიქრია. მე ღირსება მაქვს და ყოველთვის მქონდა. არაფრით არ შემიძლია ტყუილი და, მით უმეტეს, კლოუნივით ვერ ვითამაშებდი. სულ ვფიქრობდი, განა რა სიამოვნებას იღებენ კაცები საყვარლებთან, რომ მუდმივ სტრესად და დაძაბულობად უღირთ-მეთქი. სულ იმაზე ფიქრი – ან ახლა გამომიჭერენ ტყუილში, ან ახლა და სკანდალი არ ამცდებაო, – ჭკუიდან შეგშლის. მე ეს არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლო. მაშინაც კი, როცა სრულიად შემთხვევით შევხვდი ქალს, რომელიც შემიყვარდა, პირდაპირ ვუთხარი ცოლს.
– შესაშური გულახდილობაა.
– უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – მტკივნეული გულახდილობაა. მე კარგი ქმარი ვიყავი, არასდროს მომიტყუებია ჩემი ცოლი და არასდროს მითქვამს მისთვის, რომ მიყვარდა.
– თქვენ ფიქრობთ, ეს შვებაა მისთვის? ალბათ, როგორ სტკიოდა ეს ამბავი! იქნებ, ერჩივნა კიდეც, რომ მოგეტყუებინათ?
– გამოდის, რომ ქალებს მოსწონთ, როცა ატყუებენ, ანუ, იმის მოსმენა ურჩევნიათ, რისი გაგონებაც უნდათ.
– არა, მაგრამ, ძნელია, ოცდათექვსმეტი წელი იცხოვრო კაცთან, რომელსაც ერთხელაც არ უთქვამს – „მიყვარხარ!“
– მან თავიდანვე იცოდა, რომ არ მიყვარდა, შეგუებული იყო ამას და, რადგან მაინც გამომყვა, ეტყობა, საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
– ახლა თქვენც ისე მსჯელობთ, როგორც თქვენთვის არის სასარგებლო.
– არა. რატომ? მე ვამბობ სიმართლეს. გეთანხმებით, რომ ადამიანებს ზოგჯერ ტყუილი გვირჩევნია სიმართლის მოსმენას, მაგრამ თავის მოტყუება რა საჭიროა?! რას ცვლის, ვის აძლევს შვებას?! მე ეს არ მესმის და, ამიტომ, არასოდეს შემიქმნია ილუზია ჩემი ცოლისთვის. ჩვენ ვცხოვრობდით ერთად. გვქონდა ნორმალური ურთიერთობა, საკმაოდ თბილი. გავზარდეთ კარგი შვილები... არაფერი დამიგეგმავს და არც სიყვარული მიძებნია საგანგებოდ. მოხდა რაღაც, როგორც ხდება ხოლმე...
– და, უღალატეთ ცოლს?
– მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. არავისთვის არ მიღალატია. ეს ახლა მოხდა, წელიწადიც კი არ არის. მუხლი ვიტკინე და ექიმთან მივედი კლინიკაში. ჩემს ასაკში თითქოს უცნაურია და უჩვეულო ასეთი რაღაც, მაგრამ, იმ პირველივე ნახვისას შემიყვარდა, გადავირიე.
– უცნაურია. მიხვედით და ცოლს უთხარით?
– არა, ჯერ გავიცანი. გეუბნებით, უღირსად არ მოვქცეულვარ. თუმცა, იმას ნამდვილად არ ველოდი, რაც მოხდა. არ მეგონა, ჩემი ცოლი ასეთ მძაფრ პროტესტს თუ გამოთქვამდა.
– რატომ არ გეგონათ?
– რა ვიცი. ოცდათექვსმეტი წელი ვიყავით ერთად... ოცდათექვსმეტი წელი! წარმოიდგინეთ... ეს არ არის ცოტა. ჩვენ შორის ურთიერთობები გაცივდა, ამოვწურეთ ერთმანეთი. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? არ ვაპირებდი ცოლის მოტყუებას. აუცილებლად ვეტყოდი ყველაფერს, მაგრამ, ჩემგან არ გაუგია. ჩვენმა შვილმა დაგვინახა კაფეში და, სახლში რომ მივედი, ისეთი სკანდალი მოხდა... მე ცოლს ვუთხარი, შვილიშვილი გვყავს, საუკეთესო წლები შენ გვერდით გავატარე, ახლა კი, თუნდაც ცოტა ხნით, საკუთარი თავისთვის უნდა ვიცხოვრო-მეთქი.
– ეს არ არის ეგოიზმი?
– რატომ არის ეგოიზმი? მე ღირსეული კაცი ვარ, ჩემი ვალი ბოლომდე მოვიხადე ჩემი ოჯახის, შვილების წინაშე. 32 წლისაა ჩემი შვილი და იმას თავისი ცხოვრება აქვს. მეც ხომ მაქვს უფლება, ჩემი ცხოვრება მქონდეს?! მე ცოლი ღირსების შეგრძნებით მივატოვე, ოღონდ, სწორად გამიგეთ. მის წინაშე პირნათელი ვიყავი. არ დავპირებივარ სიყვარულს და ვიყავი მისი ერთგული ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში.
– ხომ არ აყვედრით?
– არანაირად. არ შეიძლება ასეთი სწორხაზოვანი აზროვნება. ჩემი ცოლი ძალიან ახლობელია ჩემთვის, როგორც რაღაც მთლიანობის ნაწილი, როგორც უკვე სისხლისმიერი... მინდა, კარგად გამიგოთ. ეს შეჩვევის მომენტია.
– მხოლოდ შეჩვევის?
– თქვენ შეჩვევა ცოტა გგონიათ? ესეც სიყვარულის ერთ-ერთი ფორმაა. უნდა მოინდომოთ და გაიგოთ. ჩემს ცოლსაც ეს ვთხოვე, გამიგე-მეთქი.
– რომ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა?
– ბოლომდე არ უნდა ამოვერეცხე გულიდან. მომიძულა და ამას ვერ ვუძლებ, სერიოზულად განვიცდი. მენატრება მასთან ურთიერთობა. მისვლა მინდა მასთან, ლაპარაკი, საღამოს გატარება ნაცნობ და ჩვეულ გარემოში...
– მინდა გაგიგოთ, მაგრამ, მიჭირს...
– თქვენ ჩემი ცოლის უფრო გესმით, ხომ?
– პრინციპში, ასეა... რთულია, მეგობრად მიიღო კაცი, რომელმაც გითხრა, აღარ მინდიხარო და შენგან წავიდა.
– მესმის. ნაწილობრივ გეთანხმებით კიდეც. მაგრამ, ოცდათექვსმეტი წელი ხომ იყო ბედნიერი? ხომ ვიყავი მის გვერდით და ვაძლევდი საშუალებას, ვყვარებოდი? ცუდად არ გამიგოთ, არ არის ადვილი, ისე იცხოვრო, როგორც მე გავატარე ეს წლები.
– ხომ თქვით, ბედნიერი ვიყავიო...
– ვიყავი. ისიც გითხარით, რატომაც ვიყავი: ჩემი ყოველი დღე სავსე იყო შვილებთან ურთიერთობით; მყავდა ყურადღებიანი, მზრუნველი ცოლი...
– მაშინ, ნუღარ აყვედრით მას ამ წლებს.
– არ ვაყვედრი, პირიქით... აი, ვერც თქვენ გამიგეთ. ძალიან ვწუხვარ. საქმე ის არის, რომ მე ჩემი ყოფილი ცოლის დაკარგვა არ მინდა.
– თქვენ ხომ გყავთ ახალი ცოლი და სიყვარულიც გაქვთ?
– არ გინდათ ასე ლაპარაკი, მე ჩემი გულის ტკივილის გასაზიარებლად მოვედი თქვენთან. რა მოხდება, მიმიღოს? ნუთუ კარგი არაფერი ახსენდება ჩემგან? ზოგჯერ მიმიღოს ოჯახში, ის ხომ ჩემი ოჯახიც არის?!
– შვილები თუ მიგიღებენ, საკმარისი არ იქნება? თქვენ თქვით, რომ ცოლთან ურთიერთობა ამოწურეთ. აბა, რაღა გინდათ?
– ვაიმე, რა არის ამაში გაუგებარი? შეჩვეული ვარ და მენატრება ის სიტუაცია, რაც მქონდა. არ მეგონა, ეს თუ დამემართებოდა.
– იცით, რომ პრობლემები საყვარელთანაც შეგექმნებათ, ანუ, ახალ მეულესთან? – ის იეჭვიანებს.
– იეჭვიანებს? ამაზე მეც ვიფიქრე. აბა, არ ყოფილა საშველი. რატომ ართულებენ ქალები ყველაფერს? იმას თავისი ადგილი აქვს, ამას – თავისი. რატომ არ შეიძლება, მშვიდად და თანხმობით ვიცხოვროთ ყველამ ერთად, ბავშვები ხომ აღარ ვართ? ჩვენს ასაკში სიმშვიდე ყველაზე მთავარია.
– სიყვარულმა პატარა ბიჭივით აგამჩატათ და თან სიმშვიდე გინდათ?
– ძალიან ცუდია, რომ ცხოვრება ნორმალურად არ ამეწყო. მე მინდოდა, ყველა კარგად ყოფილიყო. ვცადე კიდეც. ბევრი კაცი ვერ დაიტრაბახებს ასეთი საქციელით. არც მე მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ, მაწუხებს ოჯახის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძალიან ამის გაკეთება არ მინდოდა.