ინტიმური საუბრები
ჩემი ქმარი მის მეგობრებს ანგელოზი ჰგონიათ
ძალიან მკაცრად გამზარდეს. მთელმა ახალგაზრდობამ ისე ჩაიარა, ჩემი მშობლების შიშით, ბიჭს არ შევხვედრივარ პაემანზე. ცოლადაც იმას გავყევი, ვინც ოჯახმა შემირჩია. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ მინდოდა მასზე გათხოვება, მაგრამ, რადგან ბინა და სამსახური ჰქონდა და არ იყო კრიმინალი (მაშინ ეს იყო მთავარი კრიტერიუმები), ჩემებმა ჩათვალეს, რომ საუკეთესო ვარიანტი გამომიჩნდა და უარი არ უნდა მეთქვა. თუმცა, უარის ალბათობა არც დაუშვიათ, ჩათვალეს რომ, რადგან თვითონ მოეწონათ კანდიდატურა, მე უფლება არ მქონდა, არ მომწონებოდა. როგორც იტყვიან, „ზრდილობის გულისთვის“, რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მთელი ამ ხნის განმავლობაში დედაჩემი მარტო იმას მეკითხებოდა, ხომ არაფერი უთქვამს ქორწილის შესახებო. რომ ვეტყოდი, არა-მეთქი, მეუბნებოდა, მაშინვე უთხარი თანხმობა, დროს ნუღარ გაწელავო. ერთხელაც არ უკითხავს, მე თუ მომწონდა, ან, საერთოდ, რაიმე გრძნობა გამაჩნდა თუ არა იმ კაცის მიმართ, რომელსაც ცოლად უნდა გავყოლოდი. ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მალხაზი არ იყო ის კაცი, რომლის გვერდითაც მე ბედნიერ ქალად ვიგრძნობდი თავს. ვერაფერს განსაკუთრებულს (ცუდს ვგულისხმობ) მასზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ, შინაგანად ვგრძნობდი (თან, რამდენჯერმე, წვრილმან ეპიზოდებში „გაიყიდა“), რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპები ვიყავით. მთავარი უარყოფითი თვისება, რაც მე მასში დავინახე, იყო სიძუნწე. ყველაზე ძუნწი კაციც კი (მით უმეტეს, ახალგაზრდა კაცი) ცოლად შერთვამდე მაინც ცდილობს, ამ ქალთან ასე თუ ისე ხელგაშლილი იყოს, მალხაზი კი სულ იმას „ჩალიჩობდა“, თუ სადმე ერთად წავიდოდით, ნაკლებ ხარჯში გამოსულიყო. მაგალითად, ერთხელ კინოში დამპატიჟა და სალაროსთან დიდი რიგი დაგვხვდა. მეორე სალაროსთან კი, საიდანაც შეკვეთილ ბილეთებს ყიდდნენ, არავინ იდგა. თუ ამ სალაროში ლარით მეტს გადაიხდიდი, ურიგოდ აიღებდი ბილეთს, სამაგიეროდ, მთელი საათი რიგში აღარ დადგებოდი. რომ ვუთხარი, იმ სალაროში მივიდეთ-მეთქი, მიპასუხა, 4 ლარი რატომ გადავყარო, როცა იქნება, ხომ მოგვიწევს რიგიო. მთელი ორი საათი ჩამოვწყდით ფეხზე დგომით და, როგორც იქნა, აიღო ბილეთები, მაგრამ სულ ბოლო რიგის განაპირა ადგილები შეგვხვდა და, პრაქტიკულად, ვერც კი ვხედავდი ეკრანს. მე მეგონა, რომ კარგი ადგილები გაყიდული იყო, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად შემთხვევით, მისგანვე გავიგე, რომ მაშინაც ეკონომია გააკეთა, რადგან უკეთესი ადგილები ოდნავ მეტი ღირდა.
ერთხელ კიდევ, სასწაული მოხდა და 8 მარტს რესტორანში დამპატიჟა. მართალია, მხოლოდ ხილი და ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა, მაგრამ, ეს ისეთი გმირობა იყო მისი მხრიდან, ვიფიქრე, რაღაცაშია საქმე-მეთქი. მოკლედ, დავსხედით, დავიწყეთ საუბარი, მადღეგრძელა, მერე რაღაც ამბავი გაიხსენა... რესტორანი კი სავსეა ხალხით, უკრავს მუსიკა, ყველა ცეკვავს, არის ერთი ხმაური, სიცილ-კისკისი. ვთხოვე, ვიცეკვოთ-მეთქი და, კინაღამ გადაირია – გამორიცხულიაო, ისე მკაცრად მითხრა, შიშით მთელი საღამო აღარ ამომიღია ხმა. ამ დროს დარბაზში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა ყვავილებით სავსე კალათით. ყველა მაგიდასთან სათითაოდ იხმობდნენ კაცები და თავიანთი თანმხლები ქალებისთვის ყვავილებს ყიდულობდნენ (შეგახსენებთ, რომ 8 მარტი იყო). ის ქალი ჩვენს მაგიდასაც რამდენჯერმე მოუახლოვდა, ყოველ მოსვლაზე კარგა ხანს ჩერდებოდა და თვალებში შეჰყურებდა ჩემს კავალერს, ანუ, თვალებით ეკითხებოდა, რამდენი ვარდი, ია ან მიხაკი მივართვა შენს ქალბატონსო, მალხაზი კი ვითომ ვერ ამჩნევდა და მის ყოველ მოახლოებაზე ხან ჩანგალი უვარდებოდა იატაკზე და იმას ეძებდა, ხან სიგარეტს უკიდებდა, ხან ვითომ დარბაზში ეძებდა ვიღაცას – აქეთ-იქით იყურებოდა, სანამ მეყვავილე არ გაგვეცლებოდა. ჩვენს მაგიდასთან მესამედ თუ მეოთხედ მოსვლის შემდეგაც იგივე რომ გაიმეორა, მეყვავილემ უთხრა: კარგი, გეყო, დამწვარო, ნუ იკლაკნები და იტანჯები, აღარ მოვალ შენს მაგიდასთან, არც ასეთი ნაყიდი ყვავილები არ სჭირდება ამ გოგოსო – და წავიდა. იმის ნაცვლად, რომ შერცხვენოდა, შვებით ამოისუნთქა, ფულის დახარჯვას რომ გადაურჩა.
კიდევ უამრავი ეპიზოდი შემიძლია, გავიხსენო, მაგრამ, რა აზრი აქვს გახსენებას, მთავარი ის არის, რომ, მალხაზს მაინც გავყევი ცოლად და, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვერ შევიყვარე, დღესაც მასთან ერთად ვცხოვრობ, ვუზრდი შვილს და ვემსახურები, რაც შემიძლია, თუმცა, პასუხად ერთი თბილი სიტყვის ღირსიც კი ვერ გავხდი. ის კი არა, რომ ვთხოვო, ხვალამდე ორი ლარი მასესხე-მეთქი და, შემთხვევით, დროზე ვერ დავუბრუნო (რა თქმა უნდა, თუ მომცა) ათასჯერ შემახსენებს, ჩემი ორი ლარი როდის უნდა მომცეო. თვითონ კი ას ლარს ისე შეიტყაპუნებს, არც იფიქრებს დაბრუნებას. სამაგიეროდ, თავის მეგობრებთან და მათ ცოლ-შვილთან ისე გამოიდებს თავს, იმდენს დაახარჯავს, ისე გადაჰყვება თან, ყველას ჰგონია, რომ ასეთი დარდიმანდი, ხელგაშლილი და კეთილი კაცი თბილისში არ დადის და, ვგრძნობ, რომ ყველას შურს ჩემი. მაგრამ, ვინ რა იცის, რა „ფრთიანი ანგელოზი“ მყავს სახლში.
დოდო, 38 წლის.
როგორ დავიბრუნე ქმარი
სიყვარულით გავთხოვდი და ხუთი წელი მართლაც ბედნიერი ქალი ვიყავი: ჩემი ქმარი თვალებში მიყურებდა, თან გვყვებოდა მეც და ბავშვსაც, მაგრამ ამ იდილიამ დიდხანს არ გასტანა. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ამ „იდეალურ” ქმარსა და მამას, თურმე, საყვარელი ჰყავს. დღემდე ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ წელიწადზე მეტხანს ისე მაცუცურაკებდა, ისე ინიღბებოდა, ეჭვიც არაფერზე ამიღია. არადა, ყველა ნორმალური ქალი, ასეთ შემთხვევაში, რაღაცას აუცილებლად გრძნობს, ვთქვათ, ცვლილებას ხასიათში, ურთიერთობაში, ან, ზოგადად, საქციელში. მაგრამ მე მისთვის არაფერი ამდაგვარი არ შემიმჩნევია. არ ვიცი, ის იყო კარგი მსახიობი თუ მე ვიყავი დებილი. ალბათ, ორივე ერთად. ყველაზე მთავარი კი ის არის, როცა ყველაფერი გავიგე, ხმა არ ამოვიღე, რადგან მისი დაკარგვის შემეშინდა. გული იმით დავიმშვიდე, რომ, ალბათ, ყველა კაცს აქვს გარკვეული „გარდატეხის ასაკი“, თუნდაც 40 წელს უკაკუნებდეს და, თავის ხუშტურებს რომ გადახარშავს, ყველაფერი ნორმაში ჩადგება-მეთქი. მაგრამ, ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, მე ყველაფერი ვიცოდი და ხმას არ ვიღებდი, იმის ნაცვლად, გონს მოგებულიყო, უფრო გაჯეჯილდა და საყვარელს საყვარელზე იცვლიდა. ისე გაუტია, რომ მისი დონჟუანობის შესახებ უკვე მეზობლებიც კი ჭორაობდნენ და რამდენჯერმე მეც „ჩამინამიოკეს“, ქმარს მიხედეო. ძალიან დიდხანს ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. ყველაზე მარტივი და, ალბათ, ყველაზე სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, რომ დავშორებოდი. უკვე ვატყობდი, რომ თვითონაც ეს უნდოდა, მაგრამ, ვერ ბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმას და ელოდა, როდის მიაღწევდა პიკს ჩემი მოთმინება, რომ ეს მე გამეკეთებინა და, შესაბამისად, ოჯახის დანგრევაც მე დამბრალებოდა. დიდხანს ვიყავი განცდებში. ისე ვინერვიულე, ლამის დავავადდი, რადგან, ჯერ კიდევ მიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. გარედან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო: ისევ ზრუნავდა ოჯახზე, მეც ჩვეულებრივად მელაპარაკებოდა და მექცეოდა, მაგრამ, მის მზერაში ვიჭერდი ხოლმე რაღაცნაირ დადარაჯებას – თითქოს უნდოდა, გამოეცნო, რას ვფიქრობდი და რას ვაპირებდი. თავიდან, სანამ ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის მიმართ სიყვარულს, ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, მაგრამ, ერთ დღეს უცებ მივხვდი, რომ აღარ მიყვარდა. სიყვარულის ნაცვლად, მთელი ჩემი არსება შურისძიებით იყო ავსებული. მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რომ მასაც ჩემსავით ეტანჯა, განეცადა, დამცირებულად და გათელილად ეგრძნო თავი, მაგრამ, რა იყო ეს „რამე“, ჯერ არ მქონდა მოფიქრებული. გაყრა და ქონების გაყოფა მისთვის ტრაგედია არ იქნებოდა; ბავშვის ნახვის უფლება რომ არ მიმეცა, ამით ჩემს შვილს მივაყენებდი ტკივილს და, ამიტომ, ესეც გამოვრიცხე. მოკლედ, ოცდაოთხი საათი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რით გადამეხადა სამაგიერო და, ერთ დღეს, თავისდაუნებურად, თვითონვე მომაწოდა იდეა.
იმ საღამოს, სახლში ძალიან გვიან მოვიდა და დაგვიანების გამო თავი რომ ემართლებინა (თუმცა მე არაფერი მიკითხავს), ძალიან შეწუხებულმა მითხრა, კოტე (მისი ძმაკაცია) მარიკას გაეყარა და დღეს დილიდან დაღამებამდე იმასთან ვიყავითო. კოტესა და მის ცოლს ისე უყვარდათ ერთმანეთი, მართლა გამიკვირდა და ვკითხე, მიზეზი რა იყო, კოტემ უღალატა და მარიკამ გაიგო-მეთქი? არა, პირიქით, მარიკამ უღალატა და კოტემ არ აპატია. კაცისთვის ძალიან ძნელია ასეთი რამის პატიება, ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასიაო, – მიპასუხა და, აი, იმ მომენტში მივხვდი, რაც უნდა მექნა. იმასაც მივხვდი, რომ მე, რომელიც ყოველთვის მზად ვიყავი, ქმრისთვის სიცოცხლეც კი გამეწირა, უპრობლემოდ შემეძლო, საშინლად მეძია შური და, ჩემდა სამარცხვინოდ, ვიტყვი, რომ საოცარი ნეტარება ვიგრძენი, როცა ჩემი ქმრის განადგურებული, დამცირებული და მიწასთან გასწორებული სახე წარმოვიდგინე. ჩემდა გასაოცრად, უცბად გამომისწორდა გუნება და კარგ ხასიათზე დავდექი. მზრუნველი ტონით შევთავაზე ქმარს ვახშამი, მოვუყევი დღის განმავლობაში როგორ იქცეოდა ჩვენი შვილი და მერე სამსახურის ამბები ვკითხე. ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ, აშკარად ესიამოვნა და საუბარში თვითონაც ამყვა. მეორე დღიდან კი ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი. უკვე ვგრძნობდი, რომ ჩემს სხეულში შურისძიების ეშმაკი იყო ჩასახლებული და, ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც, მაგრამ, არც კი მიცდია მისი განდევნა და მიზანმიმართულად წინასწარი დაგეგმვით ვდგამდი ყოველ ნაბიჯს.
პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ქმარს საკმაოდ „მრგვალი“ თანხა მოვთხოვე – ყველაფერი დამიძველდა და ჩემი გარდერობი უნდა განვაახლო-მეთქი. სხვათა შორის, უყოყმანოდ მომცა ფული. ალბათ, ეგონა, ამით მომისყიდიდა და გარკვეულ დრომდე მაინც გამაჩუმებდა. ჩემს დაქალთან ერთად მოვიწყვე შოპინგი და ძვირფასი და საკმაოდ გამომწვევი ტანსაცმელი ვიყიდე, საღამოს კი „ჩვენება“ მოვაწყვე სახლში და ქმარს ვუთხარი, გადავწყვიტე, ახალგაზრდულად ჩავიცვა, თორემ, ისე დავდივარ, ასი წლის დედაბერს დავემსგავსე-მეთქი. ერთი კი მითხრა, შენი ახალი ტანსაცმელი ახალგაზრდული კი არა, პუტანკურიაო, მაგრამ, მაინც არ უთქვამს, არ ჩაიცვაო. მე ვუპასუხე, სწორედ ასეთზე ვოცნებობდი, მაინტერესებს, პუტანკის როლში თუ მოგეწონები. კაცებს ხომ ძირითადად ასეთი ქალები მოსწონთ-მეთქი. ხმა არ ამოუღია, ისე გავიდა ოთახიდან, დილით კი მითხრა, ნამეტანსაც ნუ იზამ, ხალხი არ აალაპარაკოო. იმ დღიდან იმიჯი შევიცვალე. მართალია, მთლად შიშველი არ დავდიოდი, მაგრამ, რაღაც გამომწვევ შტრიხებს შევურევდი ხოლმე ჩემს ჩაცმულობაში და, შესაბამისად, თაყვანისმცემლებიც მომიმრავლდნენ, განსაკუთრებით – სამსახურში. მე ერთ-ერთი მათგანი ამოვირჩიე „მსხვერპლად“ და რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. მართალია, ჩვენ შორის კოცნაც კი არ ყოფილა, მაგრამ, ჩემი მიზანი ხომ ეს არ იყო. პაემანზე ისეთ დროს გავდიოდი, როცა ჩემი ქმარი სახლში იყო. თან, ისე ვაკეთებდი, ვითომ რაღაცას ვუმალავდი, სინამდვილეში კი ვაეჭვიანებდი და ისიც წამოეგო ანკესზე. ერთხელაც, ძალიან მკაცრად მკითხა, მაინტერესებს, ასე ჩაცმულ-დახურული ყოველ საღამოს სად დადიხარ. არაფერს რომ არ გეუბნები, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, თავზე მიქნაო. მე პასუხი არ გავეცი და კარი გავიხურე. სადარბაზოდან რომ გავედი, კუთხეს ამოვეფარე და დაველოდე. დაახლოებით ორ-სამ წუთში ჩამობრძანდა ვაჟბატონი და აქეთ-იქით ყურება დაიწყო – აინტერესებდა, საით წავედი, რომ კვალში ჩამდგომოდა. მეც არ გავაწბილე: ჯერ ფეხით გავიარე პატარა მანძილი, მერე კი ტაქსი გავაჩერე და წავედი. თვითონ ვერ მოასწრო მეორე ტაქსის გაჩერება და ვეღარ გამომყვა.
იმ საღამოს შემდეგ იმ ჩემს კავალერს ვუთხარი, აღარ შეგხვდები-მეთქი, მაგრამ, საღამოობით მაინც გამოვდივარ სახლიდან და ტაქსიში ვჯდები ჩემი ქმრის დასანახად, მაგრამ ხან ერთ დაქალთან მივდივარ, ხან – მეორესთან, ესეც მომყვება ხოლმე უკან მეორე ტაქსით და საათობით მიცდის იმ სადარბაზოსთან, რომელშიც შევდივარ, ოღონდ, ცდილობს, არ დავინახო. როდემდე გაგრძელდება ჩვენი „კუკუმალობა“, არ ვიცი, არც არაფერს მეკითხება (ალბათ, ეშინია, ცოდვებში არ ვამხილო), მაგრამ, ვგრძნობ, რომ გული გახეთქვაზე აქვს. ერთი კი ზუსტად გავიგე – საყვარელი აღარ ჰყავს, ალბათ იმიტომ, რომ მისთვის აღარ სცალია (მთელი დღეები მე მითვალთვალებს და როდისღა უნდა მოიცალოს).
მე მგონი, ამ მეთოდით ქმარი დავიბრუნე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მიხარია ეს ამბავი თუ მწყინს, რადგან, აშკარად აღარ მიყვარს. მე მხოლოდ ჩემი „სპორტული ინტერესი“ დავიკმაყოფილე.
თამთა, 30 წლის.
ჩემს ცოლს ხასიათი შევუცვალე
მყავს ძალიან ლამაზი ცოლი. ვერც კი წარმოიდგენთ, თავის დროზე რამდენი ვიწვალე და „ვიჩალიჩე“, რომ მისი ყურადღება მიმეპყრო. ამის შემდეგ კიდევ სამი წელი ვყვებოდი თან, რომ თავი შემეყვარებინა და ცოლად გამომყოლოდა. ეს ბედნიერი დღე რომ დამიდგა, სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი, თავი სუპერმენი მეგონა, რომ ასეთი მიუწვდომელი ანგელოზი ჩემი ცოლი გახდა.
თავიდან ეიფორიაში ვიყავი და მის ყოველ ხუშტურს, ყოველ პრეტენზიასა და აწეულ წარბს რომანტიკული საბურველით ვმოსავდი და მიხაროდა, როცა სურვილებს ვუსრულებდი, მაგრამ, მერე ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, მომბეზრდა, რადგან მაკა მხოლოდ ითხოვდა და სამაგიეროდ არაფერს გასცემდა – არც გრძნობას, არც ზრუნვას, არც მადლიერებას. დავიღალე „კუდის ქიცინით“ და თვალებში ცქერით და თანდათან გამინელდა მისით აღფრთოვანება, მით უმეტეს, რომ საკმაოდ უჟმური ხასიათი აღმოაჩნდა: თუ განწყობაზე არ იყო, მთელი დღე ისე გავიდოდა, არც დამელაპარაკებოდა; სტუმრად მოსულ ჩემს მეგობრებს ცივად ხვდებოდა (აღარაფერს ვამბობ დედაჩემზე, რომელსაც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აშკარად ვერ იტანდა); ყველაფრით ყოველთვის უკმაყოფილო იყო და, თუ შევეცდებოდი მის გამხიარულებას ან სადმე წასვლას შევთავაზებდი, ირონიულად შემომხედავდა და პასუხსაც არ მაღირსებდა, ისე გადიოდა თავის ოთახში. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დამღალა ასეთმა ურთიერთობამ. ამას მერჩივნა, ეჩხუბა, ეყვირა, ისტერიკები მოეწყო. ამ უხმო სცენებმა ნერვული სისტემა დამიზიანა.
ერთხელაც, გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია მისი საქციელისთვის და ზუსტად მისნაირად მოვქცეულიყავი. სხვათა შორის, პირველ-ორ დღეს ყურადღება არ მოუქცევია – ალბათ, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მერე და მერე, როცა მისი ყოველი პრეტენზია უპასუხოდ დავტოვე, მისი მოთხოვნები არ შევასრულე და არანაირ ინტერესს აღარ ვამჟღავნებდი მის მიმართ (ანუ, მთლიანად „დავიკიდე“), ეტყობა, გულმა ცუდი უგრძნო და გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა და თვითონ დაიწყო ჩემთან, ასე ვთქვათ, კონტაქტში შემოსვლა: სახლში მისვლისთანავე მეკითხება, როგორ ვარ, რა არის ახალი სამსახურში; რატომ აღარ მოდიან ჩვენთან ბიჭები; დედაჩემთანაც კი დაიწყო მოკითხვების დაბარება. ერთი სიტყვით, სხვა ქალი გახდა. ისე კანიდან ძვრება, ხანდახან მეცოდება კიდეც, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საკმარისია, გულჩვილობა გამოვამჟღავნო, რომ მაშინვე ძველ „სტილს“ დაიბრუნებს, რაც არანაირად არ მაწყობს. ამიტომ, ჯერჯერობით მაინც, უნდა შევიფერო ეს ყველაფერი. ვნახოთ, როდემდე გავუძლებთ ერთმანეთს.
ვოვა, 34 წლის.