კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ყველაზე მდიდარი პლანეტაზე, რომელიც გაკოტრებულად გამოცხადდა და ვისი საჩივრის საფუძველზე მიიჩნიეს უმდიდრესი ფრანგი ქალი ლილიან ბეტანკური უუნაროდ

 

ფრაზა – „მდიდრებიც ტირიან” ტყუილუბრალოდ არ თქმულა თავის დროზე. ყველანი ადამიანები ვართ და მილიარდერებსაც კი, რომელთაც ერთი შეხედვით, უზრუნველი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, აწუხებთ სხვადასხვა სახის პრობლემა. ხალხური თქმულებაც კი არსებობს – რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით მეტია პრობლემაც. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ბოლო ხანებში მილიარდერების სახელთან დაკავშირებულ ყველაზე გახმაურებულ სკანდალებს.

ფრანსუა-ანრი პინიო

სამაგალითო მეოჯახეს, ჰოლივუდელი სელებრითის, სელმა ჰაიეკის მამაკაცს, ფრანგ მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინიოს, რომელსაც ანგარიშზე 11 მილიარდი ამერიკული დოლარი აქვს, რა პრობლემები უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ იფიქროს, რაში დახარჯოს ამდენი ფული ან სად დაისვენოს. თუმცა, 2011 წელს მას საკმაოდ არასასიამოვნო ისტორია გადახდა თავს. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, სანამ ფრანსუა-ანრი ნაჩხუბარი გახლდათ მექსიკელ ლამაზმანთან და დროებით მასთან არ ცხოვრობდა, რომანის გაბმა მოასწრო სუპერმოდელ ლინდა ევანგელისტასთან. ლინდამ მისგან დაფეხმძიმება მოახერხა და როდესაც ბავშვი, სახელად ავგუსტინი, წამოიზარდა, ლინდამ შეაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი, დნმ-ის ანალიზით დაადასტურა, რომ ფრანსუა-ანრი მისი შვილის მამაა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი. „გუჩის”, „ივ-სენ-ლორანისა” და „პუმას” ბრენდების მფლობელისგან, ლინდა ევანგელისტა, რომელიც ერთ დროს, ფრანგი ფეხბურთელის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გოლკიპერის ფაბიენ ბარტეზის მეუღლე გახლდათ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, დაახლოებით 50 ათას ევროს ითხოვს. სასამართლოზე ფრანსუა-ანრიმ დაადასტურა, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდა ლინდასთან, აღიარა მამობა და განაცხადა, რომ ამ ამბის შესახებ სელმა ჰაიეკი ინფორმირებული იყო: თუმცა, პიკანტური დეტალების დამალვა  ვერ მოახერხა და ეს ყველაფერი ბულვარული პრესის ფურცლებზე მოხვდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. სხვათა შორის ლინდა ევანგელისტას ეკუთვნის მოდელებში გავრცელებული ფრთიანი ფრაზა – ათი ათას დოლარზე ნაკლებად, საწოლიდანაც კი არ ავდგებიო.

ელენა ბატურინა

ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონის, ელენა ბატურინას გაქცევას ლონდონში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოსკოვის ექს-მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე არაერთხელ  დაიბარეს სასამართლოში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო, მათ შორის 13 მილიარდი რუბლის მითვისების საქმეზეც. გავრცელებული ვერსიით, ამჟამად ელენა ლონდონში იმყოფება და „ფორბსის” მონაცემებით, მისი კაპიტალი 1,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სამშენებლო კომპანია „ინტეკოს”, „გაზპრომისა” და „სბერბანკის” აქციების მფლობელი ბატურინას თქმით, ლონდონში ის  შვილების გამოა, რომლებიც პრესტიჟულ ბრიტანულ სასწავლებლებში სწავლობენ. ელენასთან შედარებით, ნაკლებკომფორტულ ადგილზეა მისი ძმა, ვიქტორ ბატურინი. რუსეთის ერთ დროს ყველაზე გავლენიანი ქალბატონის ძმა კორუფციული გარიგებებისა და სხვა კრიმინალური საქმეების გამო, დაპატიმრებულია.

სილვიო ბერლუსკონი

„მილანის” პრეზიდენტი და სამგზის იტალიის პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი გასული წლის სკანდალების მთავარი მოქმედი პირი გახლდათ. ექსპრემიერის წინააღმდეგ სასამართლოზე ერთბაშად 136 მოწმე იძლეოდა ჩვენებას და დონ სილვიოს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროსტიტუციასთან კავშირი, კორუფცია, ქრთამის მიცემა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება – ეს იმ დანაშაულთა მცირე ნუსხაა, რასაც ბერლუსკონის მიაწერენ. 75 წლის პოლიტიკოს-მილიარდერის გახმაურებული წვეულებები, სადაც მთავარი პერსონები ძვირად ღირებული მეძავები გახდნენ, ევროპული ბომონდისა და პოლიტიკური ისთებლიშმენტის მთავარი სალაპარაკო თემა იყო წლების განმავლობაში. სულ ახლახან ბერლუსკონის მექრთამეობასთან დაკავშირებული ბრალდება მოეხსნა და საერთოდ, იტალიაში ნაკლებად სჯერათ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს, 6-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელს ციხეში ჩასვამენ.

ლილიან ბეტანკური

2011 წლის ოქტომბერში ფრანგულმა თემიდამ სენსაციური განაჩენი გამოიტანა. კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი გიგანტი კომპანიის, „ლორეალის” მფლობელი, ქვეყნის უმდიდრესი ქალბატონი 20-მილიარდიანი კაპიტალით – ლილიან ბეტანკური უუნაროდ ცნეს და ლილიანის მთლიანი ქონება მისი შვილის, ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსის ხელში გადავიდა. 2008 წლიდან დედა-შვილი პერიოდულად სასამართლოში უჩიოდა ერთმანეთს. ფრანსუაზა დედის უუნაროდ გამოცხადებას ითხოვდა, ხოლო ლილიანი შვილს „ფსიქოლოგიურ ძალადობაში” სდებდა ბრალს. 2010 წლის დეკემბერში დედა-შვილს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და მსოფლიოს გასაგონად ითქვა, რომ ამიერიდან ბეტანკურების ოჯახში სრული ჰარმონიაა. თუმცა, როგორც ჩანს, ჰარმონია დიდხანს ვერ გაგრძელდა და ზაფხულში ფრანსუაზამ კვლავ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და დედის უუნაროდ გამოცხადება. საბოლოოდ, სამი კვალიფიციური ექიმისგან შემდგარმა კომისიამ ლილიან ბეტანკური უუნაროდ ცნო და მომვლელი დაუნიშნა. 20 მილიარდი დოლარი და კომპანიის მართვა კი ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსის ხელში გადავიდა.

შონ ქუინი

წარმოიდგინეთ, რომ ხვალ, მაგალითად, მარკ ცუკერბერგს გაუთავდეს ფული – ეს ხომ არარეალურია. თუმცა, ამ ადამიანს  „ფეისბუქის” მფლობელზე არანაკლები თანხა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე. საუბარია ერთ დროს ირლანდიის ყველაზე მდიდარ მოქალაქეზე, რომლის ამჟამინდელ საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ ნულებია. შონ ქუინი თავისი ფინანსური კარიერის მწვერვალზე, „ფორბსის” ვერსიით, 6-მილიარდდოლარიან კაპიტალს ფლობდა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტორი – ქუინი საბანკო ინვესტიციებს ახორციელებდა და უღრუბლო მომავლის სჯეროდა, სანამ არ დადგა კრიზისული 2008 წელი. სწორედ იქიდან დაიწყო მისი ფინანსური იმპერიის ნგრევა. აღმოჩნდა, რომ ქუინი არცთუ პრაგმატული აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციებში და გასული წლის ნოემბერში, ბელფასტის სასამართლომ ის ოფიციალურად გამოაცხადა გაკოტრებულად. გარდა ამისა, ქუინს 4-მილიარდიანი ვალი დაეკისრა. ამბობენ, ერთი პერიოდი შონ ქუინი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდაო. საინტერესოა, რომ მშობლიურ ირლანდიაში ქუინი დღემდე ნაციონალურ გმირად მიიჩნევა, რადგან მან ათასობით ადამიანს სამუშაო პირობები შეუქმნა.

 

 

скачать dle 11.3