რატომ არ ადგა ფეხზე სერბეთში ნინო გურიელი რუსეთის ჰიმნზე
ოქტომბერში სერბეთში, ქალაქ ნოვისატში ჭადრაკში გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც 22 წლის მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იღებდა მონაწილეობას. ის ხუთი წლის ასაკიდან არის ჩართული სპორტის ამ ყველაზე რთულ და საზრიან თამაშში და დღეს უკვე საქართველოში ნომერ პირველი მოთამაშეა. ახლა ნანა ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.
– ნანა, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით სერბეთიდან?
– სამწუხაროდ, მაია ჩიბურდანიძე არ გვახლდა. მან უარი თქვა ნაკრებში თამაშზე, იმიტომ რომ, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ცოტა ხნის წინ ჩვენთან შეიქმნა ქართული კლუბი „სამაია“. ამ კლუბმა ითამაშა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ხორვატიაში და მაია ამიტომ გადაიღალა. მე მანამდეც ვთამაშობდი საქართველოს ნაკრებში მეორე დაფაზე და რადგან მაია მოიხსნა, პირველ დაფაზე გადავედი. შემადგენლობაში ვიყავით მე – გუნდის ლიდერი, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოდენაშვილი, კაპიტანი ნინო გურიელი და მწვრთნელი დავით ალთინიანი. პირველ ადგილზე ქალთა შორის რუსეთი გავიდა, ჩვენ – მეორეზე. სულ იყო ცხრა შეხვედრა. შვიდი მოვიგეთ და ორი ფრედ დავამთავრეთ. რუსები მატჩებს მაღალი ანგარიშებით იგებდნენ: სამით ერთს და ჩვენ – ორ-ნახევრით ერთ-ნახევარს. მათ ამ ბალანსით გაგვისწრეს, თორემ მთავარი ქულები ერთნაირი დავაგროვეთ.
– როგორც ვიცი, ნინო გურიელი რუსეთის ჰიმნზე არ წამოდგა. როგორი იყო რუსების რეაქცია?
– საერთოდ, ვინც ჩემპიონი გუნდი ხდება, ამ ქვეყნის პატივსაცემად უკრავენ ნაციონალურ ჰიმნს. ამ შემთხვევაში იყო რუსეთის ჰიმნი. მოჭადრაკეები ავდექით, მაგრამ გუნდის კაპიტანი არ ადგა, რაც დარბაზში ყველამ შეამჩნია. პირადად მე, ჩავთვალე, რომ ჩემი ფეხზე არადგომა უპატივცემულობა იქნებოდა იმ მოჭადრაკეების მიმართ, ვინც პირველ ადგილზე გავიდა. ჩვენმა კაპიტანმა ეს სხვანაირად ახსნა: გავიდნენ გორიდან და მაშინ ავდგები მათ ჰიმნზეო. გაკვირვებული სახეებით დარჩნენ. ჩვენი გუნდი ცენტრში იჯდა და ნაძალადევად რომ წამოდგები, ხომ იცით, ასე წამოვდექით. ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ ყურში.
– მამაკაცთა ნაკრებს შორის რა ხდებოდა?
– რუსი მოჭადრაკე მამაკაცები დომინანტები არიან მთელ მსოფლიოში, ხშირად იგებენ. ეს ჩემპიონატი ერთად ჩატარდა, ყოველთვის ასეა. აზერბაიჯანი გახდა ჩემპიონი და ამ გუნდის კაპიტანია ზურაბ აზმაიფარაშვილი. ძალიან დიდი სიხარული იყო მათთვის, სულ ხტოდნენ. ბაქოში რომ ჩაფრინდნენ, ვიცე-პრეზიდენტი დახვდათ აეროპორტში და საკმაოდ სოლიდური პრემიები, მანქანები გადასცეს. აზერბაიჯანისთვის ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. აქამდე მსგავსი გამარჯვება მათ არ ჰქონიათ.
– საიდან წამოვიდა თქვენი ჭადრაკისადმი სიყვარული?
– დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. ჭადრაკს ხუთი წლიდან ვთამაშობ. ჩვეულებრივი ცელქი ბავშვი ვიყავი და საერთოდ არ მეხალისებოდა ჭადრაკის დაფასთან ექვსი საათი ჯდომა, მაგრამ მშობლები იყვნენ მონდომებულები და ანგარიშს ვუწევდი. თან, შოკოლადები მიყვარდა და სტიმული მქონდა, მემეცადინა. ასეთი დაპირებები დღესაც ჭრის. მამაჩემი ქალთა ჭადრაკის დიდი გულშემატკივარია. მოგეხსენებათ, 20-25 წლის წინ საქართველოში ჭადრაკი როგორი პოპულარული იყო. სხვათა შორის, სახელი, ნანა ალექსანდრიას პატივსაცემად დამარქვა. პატარა საჭადრაკო დაფა მაქვს, რომელზეც, როცა წლინახევრის ვიყავი, მამამ მიაწერა: ჩემს საყვარელ ქალიშვილს მამისგან! გისურვებ, გამოსულიყავი, ისეთივე ძლიერი მოჭადრაკე, როგორებიც არიან ნანა ალექსანდრია, ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე. დღეს ყველა მათგანთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.
– ყველა სფეროში არსებობს შიდა დაპირისპირებები, შური, მტრობა, ალბათ, ჭადრაკშიც ხდება ამგვარი რამეები.
– სხვათა შორის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ამას და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, საუკეთესოები კი – ჩემთვის არიან მოჭადრაკეები. ჭადრაკის დაფასთან ვართ ერთმანეთის მტრები, მაგრამ როგორც კი ვამთავრებთ თამაშს, მეგობრები ვართ. თამაშის დროს ორივე ვიღრინებით, სერიოზული სახეები გვაქვს. ჩემს მოწინააღმდეგეს მეგობრად ვერ აღვიქვამ, ის იმ მომენტში მტერია, რომელიც უნდა დავამარცხო. არაფერი არ მომსვლია ცხოვრებაში ისე, ანუ, რომ ვინმეს ავეყვანე და ჩავესვი ნაკრებში. დაუმსახურებლად ჩემთან არაფერი მოსულა. ნამდვილად არ ვემდური იღბალს.
– როგორ გამოხატავთ ნერვიულობას, დაძაბულობას, აგრესიას?
– თავზე მაქვს ხელი შემოდებული და ყოველთვის ვფიქრობ, ვაკეთებ სვლებს. მიმიკები აუცილებელია, სახეს ვმანჭავთ, იმიტომ, რომ დალაპარაკება ამ დროს არ შეიძლება, გამორიცხულია. როცა თამაშს ვამთავრებთ, მაგალითად, თუ პარტია წავაგე, ერთი საათის განმავლობაში ხმა არავინ არ უნდა გამცეს. თორემ შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს ეს იმ ადამიანისთვის. ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ამ მდგომარეობიდან გამოვიდე. ოთახში ვიკეტები, ისევ ჭადრაკის დაფასთან ვჯდები და ჩემთვის ვაანალიზებ, რატომ მომივიდა ეს. თუ მოვიგე ტაიმი, მაშინ მშვენიერ ხასიათზე ვდგები და ყველასთან კარგად ვარ.