როდის გახდება ზაზა ფაჩულია მესამე შვილის მამა და რაზე შეუთანხმდა ის მომავალ მეუღლეს დაოჯახებამდე
ყველა ქართველისთვის საამაყო სპორტსმენი, ზაზა ფაჩულია, NBA-ს ახალ საკალათბურთო სეზონს წარმატებულად ატარებს. ლაკაუტის შემდეგ, ის მოზღვავებული ენერგიითა და მონდომებით განაგრძობს თამაშს და ამით როგორც გულშემატკივარი, ასევე თავად ჩვენი რესპონდენტი, დიდ სიამოვნებას განიცდის. ზაზას ცხოვრებაში სიახლეა, რის გამოც მას საკმაოდ ცხელი ზაფხული ელის. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ლაკაუტის შემდეგ ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყე.
– ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ბევრს ვთამაშობ და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი. რამდენიმე წელი მოედანზე შეცვლაზე შევდიოდი და საშუალოდ 15 წუთს ვთამაშობდი, ახლა ენერგიით სავსე ვარ, შემიძლია დაძაბულ გრაფიკს გავუმკლავდე და ყველა შეხვედრა მაქსიმალური დატვირთვით ვითამაშო. ვინც ადრე თამაშობდა ჩემს პოზიციაზე, ტრავმა მიიღო და სეზონი დახურა, ის წელს საერთოდ არ ითამაშებს და მის მაგივრად დამაყენეს მოედანზე. სამწუხარო ის არის, რომ ის ბიჭი ჩემი მეგობარია. მეწყინა მისი ტრავმა, მაგრამ, რას იზამ, ეს სპორტსმენის განუყოფელი ნაწილია, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის. ხომ ამბობენ, ცხოვრება რა ხანმოკლეაო და, წარმოიდგინე, სპორტსმენის კარიერა რა მოკლეა.
– არჩევანი შენზე გააკეთეს და არც შემცდარან.
– თამაში მსიამოვნებს. ეს სეზონი ნამდვილი საგიჟეთია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი შეხვედრაა ზედიზედ, დასვენების დრო საერთოდ არ გვაქვს. ამიტომ, ვცდილობ, რომ თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. მით უმეტეს, როცა ბიჭები გყავს და გგულშემატკივრობენ, უფრო მეტი მოტივაციაა ჩემთვის – დაამახსოვრდებათ, რომ მათი მამა NBA-ში თამაშობდა. მაგარი შეგრძნებაა. ასეთი სეზონი ჯერ არ გვქონია. ლაკაუტის გამო ბევრი თამაში გაცდა. დროს ნამდვილად ვერ გადაწევდნენ, ამიტომ, განახლებულ სეზონზე რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა ჩატარდეს. ამიტომაც არის ეს სეზონი სხვა წლებთან შედარებით განსხვავებული.
– შესაბამისად, ალბათ, აზარტიც მეტია.
– აზარტიც არის, მაგრამ, ტრავმაც ძალიან ბევრია. ლაკაუტის შედეგად, ვინც არ იყო მზად ასეთი დატვირთული სეზონისთვის, ვერ გაუძლო – NBA-ში ხომ ყველაზე ძალისმიერი და ყველაზე სწრაფი კალათბურთია მსოფლიოში. მე გამიმართლა, რადგან, ლაკაუტის დროს თურქეთში ვთამაშობდი და ფორმაში ვიყავი. NBA-ში 400 მოთამაშეა და აქედან მხოლოდ 60-70 თამაშობდა სხვადასხვა გუნდში.
– როგორც ვიცი, შენს თამაშებს დათუნა და საბა ხშირად ესწრებიან.
– დიახ, მით უმეტეს, რაც წამოიზარდნენ. მართალია, ახლაც პატარები არიან, მაგრამ წელს უფრო აღიქვამენ ამ პროცესს, ვიდრე შარშან. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა.
– ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ერთ-ერთ თამაშის დროს გადაღებული კადრები, სადაც შენი პატარა ინციდენტი იყო აღბეჭდილი.
– მაიამისთან თამაშის დროს იყო ეგ გადაღებული, მაგრამ, ადრე რომ მოხდა, იმას ვერ შეედრება. ერთი-ორჯერ თუ შეგემთხვა მოედანზე ინციდენტი, მერე უკვე უმნიშვნელოც დიდი ჩანს. ამჯერად ყველაფერი კარგად არის, ყოველ შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია აღარ მიმიღია. ჭკუა ვისწავლე, რადგან, ძვირი დამიჯდა დისკვალიფიკაციები.
– ვიცი, რომ მალე მესამე შვილის მამა გახდები.
– სამგზის მამა გავხდები და ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. პატარას ივლისში ველოდებით. ძალიან სასიხარულო და საინტერესო ზაფხული გველოდება. სქესიც ვიცით – გოგოა. მესამე ბიჭზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი და მინდა კიდეც მომავალში, მაგრამ, ოჯახში გოგოც საჭიროა. ვაღიარებ, რომ თიკას გაუხარდა ძალიან. მართალია, არ ამჟღავნებდა, მაგრამ, სქესი რომ გავიგეთ, მერე თქვა, რომ გოგო ძალიან უნდოდა. სხვათა შორის, მთელი ოჯახი ერთად წავედით ექიმთან ბავშვის სქესის გასაგებად.
– შენ ვინ გინდოდა უფრო მეტად?
– რომ გითხრა, რომ გამორჩეულად გოგო ან ბიჭი მინდოდა, ასე არ ყოფილა. მე პირადად, 50/50-ზე ვიყავი, მაგრამ თიკას გოგო სდომებია.
– ბიჭებმა თუ აღიქვეს, საერთოდ რა ხდება?
– მართალია, პატარები არიან, მაგრამ, ნელ-ნელა ვამზადებთ. რომ ხედავენ, თიკას დიდი მუცელი აქვს, სულ ვეუბნებით, რომ იქ პატარა გოგო ზის. თან, უკვე სახელიც შევარჩიეთ – მარიამს დავარქმევთ. ბიჭებს ვასწავლით, როგორ უნდა მოექცნენ მას, რომ დაიბადება, რომ უნდა დაიცვან პატარა და. დათუნას უფროსი ძმის პოზიცია აქვს, ამბობს, რომ კალათბურთზე წაიყვანს. საბა ჯერჯერობით ცოტა აგრესიულია. ვნახოთ, მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, მარიამი რომ დაიბადება, ამ ორმა პატარა დევმა არ გააბრაზოს.
– როგორც ვხვდები, შენ და თიკა სამ შვილზე გაჩერებას არ აპირებთ.
– რა თქმა უნდა, ყველაფერი ღმერთის ნებაა. რამდენიმე მომენტია: პირველი ის რომ, მე დედისერთა ვარ და სულ თეთრი შურით ვუყურებდი ვისაც დედმამიშვილები ჰყავდა. ჩემსა და თიკას შორის როგორც კი ორმხრივი სიყვარული შედგა და ოჯახის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი, მაშინ ვუთხარი, რომ, ბევრი შვილი მინდოდა. მინდა, ჩემმა შვილებმა ერთმანეთს კარგი და-ძმობა გაუწიონ, უყვარდეთ ერთმანეთი და გვერდში დგომა იცოდნენ. მშობლებს რაც შეეხება, საჭიროა, შვილები კარგად აღზარდონ, კარგი განათლება მისცენ და სწორ გზაზე დააყენონ. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მით უმეტეს, როცა სამია და არა ერთი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისთვის მე და თიკა მზად ვართ. ასევე, მაქსიმალურად გვერდში გვიდგანან ჩემი და თიკას ოჯახებიც და ისინიც დაგვეხმარებიან ყველაფერში. სანამ ოჯახს შევქმნიდი, ყველაფერი ასე წარმომედგინა, დღეს კი, ღმერთის წყალობით, ყველაფერი არსებობს იმისთვის, ოცნება ამიხდეს, რატომაც არა. ჯერჯერობით სამ შვილზე შევჩერდებით. სამი პატარა სახლში ადვილი საქმე არ არის. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მეოთხე-მეხუთეზე მერე ვიფიქრებთ, იდეაში არის.
– ბავშვებს არ გაუჭირდათ საცხოვრებელი ადგილის რამდენჯერმე შეცვლა? ამერიკიდან რამდენიმე თვე საქართველოში იყავით, მერე თურქეთში გადაინაცვლეთ, მოგვიანებით კი ისევ ატლანტაში დაბრუნდით. ბავშვები ამის გამო ცოტა ხომ არ დაიბნენ?
– კი, მაგრამ უნდა შეეჩვიონ, სპორტსმენის ცხოვრება ასეთია. სანამ მე აქტიური სპორტსმენი ვარ, ასეც მოუწევთ. აქტიურ სპორტს თავს რომ დავანებებ, უფრო გაუადვილდებათ, უკვე ერთ ქვეყანაში ვიქნებით და ამდენი მოძრაობა აღარ გახდება საჭირო. თურქეთშიც, პრინციპში, ლაკაუტი რომ იყო NBA-ში, ამის გამო მოგვიწია რამდენიმე თვით წასვლა. სხვათა შორის, სადაც არ უნდა ვიყოთ, ბავშვები მაინც ატლანტას ახსენებენ, ჩემთვის და თიკასთვისაც ასეა. ატლანტაში რომ ვართ მოწყობილი, ასე კარგად არსად არ გვიგრძნია თავი. უკვე შვიდი წელია აქ ვართ და ყველაზე მეტ დროს აქ ვატარებთ. ამიტომ, ჯერჯერობით სახლს მაინც ატლანტას ვეძახით.
– ამჟამად ვინ არის თქვენთან ერთად ატლანტაში?
– ძიძა არის ჩვენთან ერთად. არ მიყვარს ეს სიტყვა, რადგან ის იგივე ჩვენი ოჯახის წევრია. დედაჩემი იყო ჩამოსული მთელი თებერვალი და ახლახან წამოვიდა თბილისში. მალე თიკას დედა ჩამოვა და დარჩება კარგა ხანს აქ.
– დამეთანხმები, რომ 2012 წელი მართლაც წარმატებულად დაიწყო თქვენი ოჯახისთვის?
– 2012 ნამდვილად კარგი წელია და, იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ყველასთვის.
– ფაქტია, რომ ამ ზაფხულს საქართველოში მარტო მოგიწევს ჩამოსვლა.
– ჩემი ოჯახი აქეთ იქნება და მე თუ ჩამოვალ, ნაკრების თამაშების გამო ჩამოვალ. ძალიან გვენატრება საქართველო, მაგრამ, წელს გამორიცხულია სრული შემადგენლობით ჩამოსვლა.
– შენს ქართველ გულშემატკივარს რას ეტყვი?
– ნაკრების თამაშებზე შევხვდებით აგვისტოში. ევროპის ჩემპიონატის გემო ერთხელ უკვე გავიგეთ და, იმედი მაქვს, მეორე წრეზეც წავალთ. დიდი ზაფხული გველის წინ.
– თან, უკვე სამი შვილის მამა იქნები.
– უკვე სამი პატარა გულშემატკივარი მეყოლება და რა თქმა უნდა – თიკა. ხუთი წლის წინ, ზაფხულში, მარტო ვიყავი, ამ ზაფხულს კი უკვე ხუთნი ვიქნებით. ვიღაცამ გულით დამლოცა – გამრავლდიო.