კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყლის ტარიფი „წყალწაღებულ“ ქვეყანაში

 

ბოლო ასწლეულის განმავლობაში წყლის მოხმარების გლობალურმა ტემპმა ორჯერ გადააჭარბა დედამიწის მოსახლეობის ზრდის ტემპს. უწყლობის პრობლემა აწუხებს დედამიწის ყველა კონტინენტის მცხოვრებს და, გაეროს პროგნოზით, 2025 წლისთვის დედამიწაზე 1,8 მილიარდ ადამიანს შეექმნება წყლის დეფიციტის უმწვავესი, ხოლო ჩვენი პლანეტის ორ მესამედს კი – წყლის დეფიციტის პრობლემა. რაკი წყალს არა მხოლოდ წყურვილის მოკვლის ფუნქცია აქვს (უსაფრთხო წყლის დეფიციტი ზღუდავს საკვები პროდუქტების წარმოებას, წარმოების განვითარებას და ენერგიის წარმოქმნას), მისი დეფიციტი ხელს უწყობს სასიკვდილო დაავადებების გავრცელებას. მაგალითად, ყოველდღიურად 3 800 ბავშვი იღუპება დედამიწაზე იმის გამო, რომ არ აქვს სასმელი წყალი და სათანადო სანიტარული პირობები. 

  ამ ფონზე საქართველო (საერთო ფართობით 70 000-კვადრატულ კილომეტრამდე) წყლის რესურსით ერთ-ერთი უმდიდრესი და უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში: საქართველოში არის 26 000-ზე მეტი მდინარე, 850 ტბა და 730 მყინვარი. წყლის საერთო რესურსების რაოდენობა წელიწადში 65 ტრილიონი ლიტრია (აქედან მიწისქვეშა წყლების რაოდენობა – 18 ტრილიონი ლიტრი). მიწისქვეშა წყლები არის როგორც არტეზიული, ისე მინერალური და თერმული. ამის მიუხედავადაც, საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლის პრობლემა. დედაქალაქ თბილისში დღემდე არსებობს უბნები, სადაც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში წყალი გრაფიკითაა, თანაც ორ დღეში ერთხელ. აღარაფერს ვიტყვით მთელ რიგ ქართულ სოფლებზე, რომლებსაც წყალი საერთოდაც არ მიეწოდებათ (ძირითადად, წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობის ან ამორტიზების გამო).

რამდენად გონივრულად იყენებს (ან იყენებს თუ არა საერთოდ) ქვეყნის ხელისუფლება წყლის რესურსს და რამდენად ადეკვატურია წყლის ტარიფი საქართველოში? საკითხს თბილისის მაგალითზე განვიხილავთ.

     პრეზიდენტის ბრძანებულება – წყლის ტარიფის ზრდის საფუძველი?!

2008 წლის 14  მაისს საქართველოს მთავრობასთან,  ეკონომიკური განვითარებისსამინისტროსა და ქალაქ  თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით,  შპს Multiplex Energy Limited-ს გადაეცა შპს  “რუსთავწყალკანალის”,  შპს  “მცხეთაწყალკანალის”,  შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100%-იანი წილები პირდაპირი მიყიდვის წესით. იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, 100 მილიონ აშშ დოლარად და ვალდებულებით, რომ კომპანია 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ხელშეკრულების ნახვა შეუძლებელია, რადგან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს დოკუმენტი კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა (საერთოდაც, რატომღაც, წესად იქცა, რომ ასეთი ტიპის პრივატიზაციის ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლოდ“ დაედოს). ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საჯარო უწყებებთან ორწლიანი უშედეგო მიმოწერისა და სასამართლო დავის პროცესში ვერ მიაღწია ხელშეკრულების განსაჯაროობას, თუმცა აღმოაჩინა, რომ ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების თითქოს გასაიდუმლოებული  ტექსტი  ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ თავის ვებ-ვერდზე განათავსა (ოღონდ არასრულად). მაგრამ, ამ არასრულმა ვარიანტმაც კი არასამთავრობო ორგანიზაციას რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა.

პრივატიზაცია საქართველოს პრეზიდენტის 2008  წლის 10  აპრილის №245 განკარგულებით დადგენილი პირობებით განხორციელდა. უცხოურ კომპანიას ზემოჩამოთვლილი ობიექტები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საერთო ჯამში, 85 მილიონ აშშ დოლარად გადაეცა, ინვესტიციების ჯამური რაოდენობა კი 220 მილიონ დოლარამდე ჩამოქვეითდა.

თბილისის წყალმომარაგების კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი შეკითხვაზე, რა ფასად შეიძინეს წყალმომარაგების სისტემა, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „თბილისის წყლით მომარაგების სისტემა ინვესტორს სახელმწიფოსთან  2008 წლის 14 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გადაეცა.“

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის 245-ე ბრძანებულების მიხედვით, დადგინდა წყლის ტარიფებიც. კერძოდ, ბრძანებულებაში ვკითხულობთ: „გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გაწმენდის მომსახურების ტარიფი მოსახლობის ერთ სულ განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2008 წელს – 2,4 ლარი; 2009 წელს – 2,6 ლარი, 2011-2013 წლები – 2,95 ლარი, 2014 წელს – 3,3 ლარი; 2015 წელს – 3,5 ლარი; 2016 წელს – 3,7 ლარი, 2017 წელს – 3,9 ლარი, 2018 წელს – 4,1 ლარი.  გამრიცხველიანებული მოსახლეობისთვის კი ერთი კუბური მეტრი წყლის ტარიფი განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2008 წელი – 0,1 ლარი, 2009 წელი – 0,22 ლარი, 2010-2013 წლები – 0,25 ლარი, 2014 წელი – 0,28 ლარი, 2015 წელი – 0,297 ლარი, 2016 წელი – 0,313 ლარი, 2017 წელი – 0,33 ლარი, 2018 წელი – 0,347 ლარი.“

მეორე მხრივ, 2011-წლიდან წყლის ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის მოსახლეობის ერთ სულზე 3,15-ლარია, მაშინ, როდესაც ამ ბრძანებულებიდან ჩანს, რომ წყლის ტარიფი 2013 წლის ჩათვლით მოსახლეობის ერთ სულზე უნდა იყოს 2,95 ლარი. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი ამბობს, რომ „3,15 ლარი თბილისის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მომსახურების ყოველთვიური სულადობრივი გადასახადია, გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში კი  ფიქსირებული გადასახადი  2,4 ლარს შეადგენს. მოქმედი ტარიფი კი 1 კუბური მეტრი წყლის მოხმარებისთვის 26,6 თეთრია (არადა, თუ პრეზიდენტის ბრძანებულებას დავუჯერებთ, წესით, 25 თეთრი უნდა იყოს)“ და დასძენს, რომ ტარიფის ტარიფის ადეკვატურობას მარეგულირებელი კომისია ადგენს. ოღონდ აღნიშნავს, რომ „დღეს მოქმედი ტარიფი კომპანიისთვის მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ხარჯების დაფარვის საშუალებას იძლევა.“

„საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ პრეზიდენტის ბრაძანებულებითაა განსაზღვრული ტარიფების ზრდის დინამიკა და შენიშნავს, რომ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას. გიორგი გაჩეჩილაძე: „პრეზიდენტის 245-ე განკარგულების მიხედვით, 24-საათიანი წყალმომარაგება რუსთავშიც, თბილისშიც და მცხეთაშიც 2011 წლიდან უნდა დაწყებულიყო. რეალურად კი, მდგომარეობა დარჩა იგივე, ანუ ამ ვითომ შვეიცარულმა, რეალურად კი რუსულმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება და ჩემთვის გაუგებარია, პასუხს რატომ არავინ სთხოვს. უფრო მეტიც, შეღავათებიც მიიღო, რადგან იმავე განკარგულებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაევალა სპეციალური ღონისძიებების ჩატარება, რომ ბევრი დავალიანება არ დაედოს ამ კერძო კომპანიას.“ მართლაც, პრეზიდენტის ბრძანებულებაში ვკითხულობთ: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ გეგმა შეიმუშაოს ინვესტორის დახმარებით, რათა ინვესტორს არ დაეკისროს ისტორიული დაბინძურების პასუხისმგებლობა.“

დავინტერესდით წყლის კომპანიის მიერ ჩადებული ინვესტიციების ოდენობითაც, თუმცა იორგ მათისს ისინი არ დაუკონკრეტებია (რაკი ხელშეკრულება საიდუმლოა, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ვნახოთ, რა პერიოდში და რა ოდენობით უნდა განახორციელოს კომპანიამ ინვესტიცია), მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2018 წლამდე, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მინიმუმ 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს“ და კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების ჩამონათვლით შემოიფარგლა, რასაც კომპანიას, სავარაუდოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება ავალდებულებს.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოკი იონათამიშვილი მიესალმება კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებს მომხმარებლის არაყაირათიანობას უკავშირებს. კოკი იონათამიშვილი: „ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ წყლის კომპანიასთან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯები, რაც ამ კომპანიამ გადადგა. კერძოდ, იმ კოლექტორში, რომელიც მუდმივად ამოწმებს წყლის ხარისხს, შარშან შეიძინეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც წყლის ქიმიურ-ბიოლოგიურ კვლევას ატარებს 24-საათიან რეჟიმში. გადამზადდა მომსახურე პერსონალიც.“ ის ნომერ პირველ ამოცანად კი 24-საათიანი მომარაგებასა და წყლის ხარისხს მიიჩნევს და, მიუხედავად ზოგიერთ უბანში არსებული წყლის გრაფიკისა, მისი აზრით, წყლის კომპანია ამ ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

თუმცა იორგ მათისი არ მალავს, რომ დღეს თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 88%-ს მიეწოდება უწყვეტად სასმელი წყალი და დარწმუნებულია, რომ თბილისის უწყვეტ წყალმომარაგების მიღწევას მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც შეუწყობს ხელს.

მეორე მხრივ, თბილისის იმ უბნების მცხოვრებლები, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება, ირწმუნებიან, რომ მოსახლეობის ერთ სულზე იხდიან არა შეღავათიან ტარიფს – 2,4 ლარს, როგორც ამას კომპანიის დირექტორი ამბობს, არამედ სრულ ტარიფს – 3,15 ლარს.

  რატომ ღირს განვითარებად საქართველოში წყალი განვითარებულ ევროპაზე ძვირი?

რაც შეეხება გამრიცხველიანებას: მოსახლეობის ხარჯზე გამრიცხველიანება კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია გიორგი გაჩეჩილაძეს: „აბსურდია , რომ მოსახლეობას ახდევინებენ მრიცხველების საფასურს, რადგან მოსახლეობა ისედაც მაღალ ტარიფს იხდის წყალში. როგორ შეიძლება, რომ კომერციულმა ობიექტმა თავისი მოგების მისაღებად ხარჯი დააკისროს მოსახლეობას?! ესე იგი, მე მინდა, რაც შეიძლება, მეტი ფული ამოვიღო შენგან და ამიტომ შენ თვითონ უნდა გახდე ჩემი ფინანსური უზრუნველყოფის წყარო?!“

თუმცა კოკი იონათამიშვილს ეს გამართლებულად მიაჩნია: „ნებისმიერ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ, რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია წყლის კომპანიას, რომ ეს  უფასაოდ გააკეთოს.“ ხოლო იმის დასტურად, რომ კომპანიას არ ევალება საკუთარი ხარჯით მოსახლეობის გამრიცხველიანება, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნასყიდობის ხელშეკრულებას იშველიებს (რომელსაც მოქალაქეები და დაინტერესებული პირები ვერასდროს ნახავენ): „ხელშეკრულებით წყლის კომპანია არ არის ვალდებული, შეიძინოს მრიცხველები“.

მეტიც, კოკი იონათამიშვილს ეს გამართლებულად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხოცრი კომპანია არ დაინეტერესდებოდა თბილისისი წყალმომარაგების სისტემის შეძენით. რთული სათქმელია, არის თუ არა ეს არგუმენტი დამაჯერებელი, რადგან, თავის დროზე, გამოცხადებულ ტენდერში რამდენიმე საკმაოდ ძლიერი და ამ საქმეში გამოცდილი კომპანია იღებდა მონაწილეობას (მათ შორის, ესპანური კომპანია “აკვალია”) და, სავარაუდოდ, ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა პირობების კარნახის შესაძლებლობა მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. როგორც საკრებულოს ოპოზიციური წევრი, „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, ტენდერი საკმაოდ გაუმჭვირვალედ ჩატარდა და ჩვენთვის უცნობია მისი დეტალები.

თუმცა, მააგლითად, მათიას იორგი აცხადებს, რომ „გამრიცხველიანების პროცესს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტი არეგულირებს. კერძოდ, სემეკის 2010 წლის №18 დადგენილების თანახმად, თითოეული აბონენტისთვის სააღრიცხვო კვანძის მოწყობის ხარჯი 100 ლარით განისაზღვრა.“

დედაქალაქის ხელისუფლება საკუთარ მიღწევად მიითვლის, რომ მრიცხველის ღირებულების – 100 ლარის – გადახდა მოსახლეობას ეტაპობრივად მოუწევს 24 თვის განმავლობაში და იმასაც აღნიშნავს, რომ გამრიცხველიანების შემდეგ მოსახლეობას ერთ სულზე ფიქსირებული ტარიფის ნახევრის გადახდა მოუწევს.

ახლა კი არითმეტიკა მოვიშველიოთ: გამრიცხველიანების შემდეგ მრიცხველის საფასურის ადსაფარავად ორი წლის განმავლობაში აბრნენტებს 4,16 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსულიანი ოჯახი გამრიცხველიანების შემდეგ თითქმის ორჯერ იმაზე მეტს გადაიხდის, ვიდრე ფიქსირებული ტარიფით იხდიდა, მეტს გალაიხდის ოსრულიანი ოჯახიც, სამსულიანი ოჯახისთვის გადასახდელი თანხა იგივე დარჩება, რაც გარიცხველიანებამდე იყო, ხოლო ოთხი და მეტი სულიანი ოჯახების შემთხვევაში წყლის ტარიფი უმნიშვნელოდ დაიკლებს. ამასობაში კი, პრეზიდენტის ზემომოყვანილი ბრძანებულების თანახმად, ერთი კუბური მეტრი წყლის ღირებულებაც გაიზრდება და გამოდის, რომ წყლის ტარიფი არათუ დაიკლებს, მოიმატებს. თანაც, გაითვალისწინეთ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს (საცხოვრებელი ბინების წყობიდან გამომდინარე) წყლის ორი მრიცხველის შეძენა დასჭირდება, რაც, ბუნებრივია, მას წყლის ტარიფს კიდევ უფრო გაუძვირებს.

ფაქტია, რომ დავა წყლის 3-ლარიანი ტარიფის შემცირებაზე, მოსახლეობის ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთთებს (წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ორ ლარს არ გამოვეკიდებოდით), მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მაგრამ: ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობის გამო წყლის ტარიფი განსხვავებულ ტვირთად აწევს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას. მაგაითად, ქვეყანაში 800 000-ზე მეტი პენსიონერია, რომელთა საშუალო პენსია 100 ლარია, მათთვის 3,15- თეთრიანი ტარიფი საერთო შემოსავლების 3,15-პროცენტია, ხოლო, მაგალითად, რიგითი პარლამენტარისთვის, რომლის ყოველთვიური ხელფასი, მინიმუმ, 3 000-ლარია, წყლის ტარიფი საერთო შემოსავლების 0,11-პროცენტია (აქვე გეტყვით, რომ მინისტრების, მათი მოადგილეებისა თუ დეპარტამენტების ხელმძღვანელების, ასევე, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ხელფასი რიგითიპარლამენტარის ხელფასზე გაცილებით მეტია).

მათიას იორგი წყლის ტარიფის ადეკვატურობის დასტურად ევროპის დიდი ქალაქების ტარიფებს იშველიებს: „პარიზში წყლის ტარიფი 3,09 ევროს შეადგენს 1 კუბური მეტრი წყლის მოხმარებისთვის, კოპენჰაგენში - 6,18-ს, ბერლინში - 5,16-ს,  ამსტერდამში - 4,01-ს. ლონდონში - 3,58-ს, ბრიუსელში - 3,49-ს, მადრიდში -1,91-ს, ჰელსინკში - 2,88-ს, სტოკჰოლმში- 2,45 ევროს.“

ამ ფონზე, თბილისის ტარიფი: 1 კუბური მეტრი – 11 ევროცენტი მართლაც დაბალია, მაგრამ, თუ ამ მაჩვენებლებს, ჯერ ერთი, გვერდით მივუწერთ იმ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას მოსახლეობის ერთ სულზე, ვნახავთ, რომ თბილისში წყლის ტარიფი არც ისე მცირეა. მაგალითად, საქართველოში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე – 5 782 საერთაშორისო დოლარია (ადგილობრივი საქსტატის მოანცემით, ეს მაჩვენებელი 2 623 აშშ დოლარია). გერმანიაში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 33 638 საერთაშორისო დოლარია, დიდ ბრიტანეთში – 34 841 საერთაშორისო დოლარი და ა. შ. (იხ. ბმული http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_future_GDP_(PPP)_per_capita_estimates).

რაც მთავარია, ჯერჯერობით მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია გამრიცხველიანებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ერთ სულზე წყლის საფასურად თვეში 1,5 ევროს იხდის, რაც მშპ–ს ფონზე საკმაოდ დაღალი საფასურია.

ციფრები გვიჩვენებს, რომ განვითარებად საქართველოში წყალი იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ საქართველოში ორჯერ მეტი მიწისქვეშა წყლებია, ვიდრე მთლიანად ევროპაში, ვფიქრობ, ტარიფის ადეკვატურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კიდევ ერთი დეტალი: თბილისში წყლისა და დასუფთავების გადასახდელი ელექტროენერგიაზეა მიბმული (წყლისა და დასუფთავების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტებს ელექტროენერგია ეთიშებათ). ეს ერთიანი ადმინისტრირებით იხსნება, თუმცა გადასახდელების გადახდისას ამ თითქოს ერთიან ქვითარში, მოსახლეობა სამ საკომისიოს იხდის, რაც თავისთავად, ნიშნავს, რომ ეს არა ერთი, არამედ სამი სხვადასხვა გადასახდელია.

      „წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“

საქართვალოს წყლის რესურსებს, სპეციალისტების გათვლით, ქვეყნის ბიუჯეტისთვის წელიწადში მილიარ-ნახევარი აშშ დოლარი მოტანა შეუძლია. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის განმარტებით, საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსები ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე მთლიანი ევროპის იმავე ტიპის რესურსები. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია წყლის რესურსით ევროპის მოთხოვნის დაკმაყოფილება,  „მით უმეტეს, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი წყალია, ვინაიდან მასში დაბალია მაგნიუმის შემცველობა, ევროპის მიწისქვეშა წყლებისგან განსხვავებით. სანდრო თვალჭრელიძე კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს: „ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ევროპას წელიწადში მივაწოდოთ, დაახლოებით, 150-200 მილიონი კუბური მეტრი წყალი წელიწადში, რაც ჩვენი განახლებადი მარაგების დახლოებით 10-პროცენტი იქნება.“

წყალს, როგორც ბუნებრივ რესურსს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განსაკუთრებული ადშილი აქვს გამოყოფილი. სადაც დაწვრილებითაა მოცემული საქართველოს მიწისქვეშა წყლების მარაგები (http://www.menr.gov.ge/4419), თუმცა, ჩვენს შეკითხვაზე, მუშაობს თუ არა სამინისტრო წყლის რესურსის ათვისების პროექტებზე, სამინისტროს პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პროექტების განხორციელება არ იგეგმება.

ამის საპასუხოდ სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს: „ჩვენთან წყალთან მიმართებაში სრული პარადოქსია. ევროპული მნიშველობის მიწისქვეშა არტეზიულ აუზზე დგას ქალაქი ქუთაისი და წყალი გრაფიკით აქვთ ორ დღეში ერთხელ. იგივე პოზიციაა თელავში. თელავი დგას კახეთის უზარმაზარ არტეზიულ აუზზე, მოსახლეობას კი წყალი  დღეგამოშვებით მიეწოდება. ეს არის ჩვენი ინფრასტრუქტურული პარადოქსები, რომელიც უკვე ათეული წლებია, გვაქვს.“

სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლების მიწოდება გაცილებით იაფიც ჯდება და უფრო მარტივიცაა, იმას გარდა, რომ არტეზიული წყლები მიწისზედა წყლებზე გაცილებით ეკოლოგიურად სუფთაა. რაც მთავარია, არც წყლის მილსადენის აგებაა სირთულე.

ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს კითხვაზე: რატომ არ იყენებს რესურსებით არცთუ მდიდარი და საკმაოდ ღარიბი საქართველო წყლის რესურსს წყლის მზარდი დეფიციტის მქონე მსოფლიოში, ანუ რატომ არის წყალწაღებული ქვეყანა, რომელიც მიაქვს წყალს?!

მასალა მომზადებულია დანიის საგამოძიებო

ჟურნალისტიკის ასოციაციის მხარდაჭერით

 

скачать dle 11.3