მოქეიფე გამომძიებლები, „ათვისებული“ სამხილები და მებუფეტე მინასიანი
იურიდიული ფაკულტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ მოსკოვშივე, კიროვის რაიონის პროკურატურაში დამნიშნეს პროკურორის თანაშემწედ. ჩემს კომპეტენციაში განსაკუთრებით საშიში დანაშაულის, კერძოდ კი მკვლელობების გამოძიება შედიოდა. ჩემი უფროსი, პროკურორი ანტონ ივანიჩ პროხოროვი, დიდი ბუზღუნა ვინმე კი იყო, მაგრამ, მისნაირი პროფესიონალი არც მანამდე და არც მას მერე არ შემხვედრია. ჩემ გარდა, პროხოროვს კიდევ ერთი თანაშემწე ჰყავდა – სიკო მინასიანი. სიკო ერევნელი იყო, ძალიან უხაროდა, მეც რომ კავკასიელი ვიყავი და მომავალში დიდი საგამომძიებლო კარიერის იმედი ჰქონდა. თუმცა, მის კარიერას თავად პროხოროვმა დაუსვა წერტილი და ეს ასე მოხდა:
სულ რაღაც ორი თვის დაწყებული გვქონდა მუშაობა, როდესაც ნევის გამზირზე ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში ერთი ცნობილი ბოროტმოქმედი მოკლეს. ამ საქმეზე პროხოროვი გამოიძახეს და მას მე და სიკოც წავყევით. პროხოროვის მითითებით, მე სურათებს ვიღებდი შემთხვევის ადგილზე, სიკო, ყველა სამხილს აგროვებდა, უფრო სწორად კი, პროხოროვის მიერ შეგროვილ სამხილებს ცელოფნის პარკებში ინახავდა და ლუქავდა. შემთხვევის ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, მდიდრული სუფრა იყო გაშლილი, რომელიც თითქმის ხელუხლებელი იყო. პროხოროვმა ჯერ სურათები გადამაღებინა სუფრისთვის, ბოლოს კი ეს ყველაფერი გადასაფარებელში სათუთად შეახვია, უზარმაზარ ცელოფანში ჩადო, დალუქა და სიკო მინასიანს უთხრა, წადი, ჯერ ჟურნალში გაატარე, შემდეგ კი ლაბორატორიაში მიიტანე ექსპერტიზაზეო...
სიკო წავიდა, მე კი პროხოროვთან ერთად დავრჩი და მოკვლევა, გადაღება და დაკითხვა განვაგრძე. პროკურატურაში შუაღამისას დავბრუნდით და პროხოროვმა სიკო მინასიანის მიყვანა მთხოვა კაბინეტში, რათა მას ექსპერტიზის საბუთები მიეტანა. მე, სიკო და კიდევ ორი გამომძიებელი ერთ საერთო, უზარმაზარ ოთახში ვისხედით, რომელშიც ოთხი მაგიდა და სამჯერ მეტი სკამი იდგა. ოთახში შევედი და გავშეშდი. სიკო და ჩვენი სამი კოლეგა შეერთებულ მაგიდებზე გაშლილ სუფრას უსხედან და „უბერავენ“. მე რომ დამინახა, სიკომ ტაში შემოჰკრა, ხელში კი კონიაკით სავსე ჭიქა აიღო, ცეკვით წამოვიდა ჩემკენ და მითხრა:
– მოდი, გივი-ჯან, დალიე, შენებური ჯიგრული სადღეგრძელო თქვი და ეს გემრიელი საჭმელიც შეირგე...
სიკო მინასიანის სიტყვებზე წელში გამცრა, რადგან შეერთებულ მაგიდებზე გაშლილი სუფრა მკვლელობის ადგილიდან წამოღებული სამხილი იყო, რომელიც თითქმის აღარ არსებობდა. მართალია, სამხილი საჭმელი იყო, მაგრამ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სამხილის განზრახ განადგურებისთვის ამის გამკეთებელს პატიმრობა ემუქრებოდა.
სიკომ თვითონვე აცნობა პროხოროვს სამხილების განადგურების ამბავი, რადგან, თავად სამხილი სამი გამომძიებლის კუჭებში იყო გადანაწილებული და ექსპერტიზისთვის აღარ ვარგოდა...
ანტონ ივანიჩმა სამივე გამომძიებელი სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს და ციხეში არ გაუშვია, სიკო მინასიანი კი ერთი წლის შემდეგ ერევანში, ჩემი მივლინების დროს შემხვდა – ის ერთ-ერთ რესტორანში მებუფეტედ მუშაობდა...
პოლკოვნიკ გივი მახარაძის
ნაამბობის მიხედვით