რომელი ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდა მაიკლ ჯეკსონს კარლოს სანტანა და რატომ გამოიწვია მისმა მსოფლიო ტურნემ დიდი აჟიოტაჟი საბჭოელ მელომანებს შორის
ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე როკმუსიკის ცოცხალ ლეგენდადაა მიჩნეული. წარმოშობით მექსიკელი გიტარისტი, კარლოს სანტანა, პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, „გრემის” მრავალგზის ლაურეატი და მუსიკალური ჩარტების დამპყრობელია. სანტანა თანამედროვეობის უდიდესი მუსიკოსია, რომელიც მეოცე საუკუნის საუკეთესო გიტარისტების ოცეულშია შესული, კიტ რიჩარდსის, ჯიმი ჰენდრიქსის, ბრაიან მეისა და სხვათა მხარდამხარ. „თბილისელების” ამ ნომერში კარლოს სანტანას ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალებს შევეხებით.
წარმოშობით მექსიკელი
კარლოს აუგუსტო ალვეს სანტანა 1947 წლის 20 ივლისს მექსიკურ ქალაქ აუტლან დე ნავაროში დაიბადა. თინეიჯერობის ასაკში მუსიკოსი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ქალაქ სან-ფრანცისკოში ცხოვრობს.
უამრავი ნათესავი
კარლოსი მრავალშვილიანი მექსიკური ოჯახის შვილი გახლდათ. მას ჰყავს ორი ძმა – ანტონიო და ჯორჯი და ოთხი და – ლაურა, ირმა, ლეტიცია და მარია.
მამის მოსწავლე
ხოსე სანტანა პროფესიონალი მევიოლინე იყო. სწორედ მან აზიარა მუსიკის პირველ გაკვეთილებს კარლოსი და არც ის დაუშალა, როცა არჩევანი კარლოსმა გიტარის სასარგებლოდ გააკეთა. 8 წლის ასაკში პატარა კარლოსი ვირტუოზულად ფლობდა გიტარას და დაკვრის ბრწყინვალე ტექნიკის დემონსტრირებას ახდენდა ადგილობრივ ბარებში, სადაც სახალხო მუსიკოსებთან, „ელ მარიაჩებთან” ერთად გამოდიოდა. მისი იმდროინდელი კერპები იყვნენ – ბიბი კინგი და ჯონი ლი ჰუკერი. მოგვიანებით, კარლოს სანტანამ ამ ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად დუეტები ჩაწერა.
„გრემის“ ისტორიის ნაწილი
2000 წელს კარლოს სანტანა გახდა პირველი ლათინოამერიკელი შემსრულებელი, რომელმაც მიიღო „გრემის” მთავარი ჯილდო – „წლის ჩანაწერისთვის”. ეს პატივი მუსიკოსს ერგო კომპოზიციისთვის, „Smooth”, რომელიც ლეგენდარულმა გიტარისტმა როკ-მომღერალ რობ ტომასთან ერთად შეასრულა. იმ წელს სანტანამ, საერთო ჯამში, 8 ჯილდო მიიღო და „გრამოფონის” ფორმის ჯილდოების რაოდენობით, პოპ-მეფეს, მაიკლ ჯეკსონს გაუტოლდა.
დავიწყებული ვუდსტოკი
რამდენიმე ხნის წინ კარლოს სანტანამ აღიარა, რომ არ ახსოვს ისტორიული გამოსვლა ვუდსტოკის ლეგენდარულ ფესტივალზე, 1969 წელს. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გიტარისტმა ძლიერი ფსიქოტროპული ნარკოტიკი მიიღო, იმ მიზნით, რომ მოშვებულიყო და დაძაბულობა მოეხსნა. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორების გეგმა უცებ შეიცვალა და გიტარისტი, რომელიც ნარკოტიკული ეიფორიის ზენიტში იმყოფებოდა, სცენაზე აიყვანეს. სანტანას არ ახსოვს, რა კომპოზიციები დაუკრა და საერთოდ, თუ დაუკრა ეგეც არ ახსენდება.
იოლად გამოსაცნობი გიტარისტი
კარლოს სანტანა იმ გიტარისტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა სტილსა და გიტარის ხმას სხვათა ხმოვანებაში, ძალიანაც რომ გსურდეთ, ვერ აურევთ. „ხალხი პირველივე ნოტიდან მცნობს. სავარაუდოდ ეს უფრო კარგია, ვიდრე ცუდი”, – ამბობს ლეგენდარული სანტანა.
დაკვრა მილიონებისთვის
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კარლოს სანტანას დაახლოებით 90 მილიონი დისკის ასლი აქვს გაყიდული. მის კონცერტებს, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, არანაკლებ 100 მილიონი ადამიანი ესწრებოდა.
მეორე ცოლი
1973 წლიდან კარლოს სანტანა ბედნიერად ცხოვრობდა მეუღლე დებორასთან, რომელმაც მას ვაჟი – სალვადორი და ორი ქალიშვილი – სტელა და ანჟელიკა აჩუქა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, კარლოსი და დებორა ერთმანეთს დაცილდნენ და 2010 წელს გიტარისტი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული თავისივე ბენდში, დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელი, სინდი ბლეკმენია.
არ ეშინია პლაგიატობის
„მუსიკას, რომელსაც ჩვენ ყველანი ლათინოამერიკულს ვუწოდებთ, სინამდვილეში აფრიკული ფესვები აქვს. მე არ მეშინია იმის, რომ სხვადასხვა წყაროდან ვაკეთებ კოპირებას. ყველა არტისტი ასე უნდა იქცეოდეს – ისწავლოს სხვებისგან, კოპირება მოახდინოს და საკუთარი ხმა გაამრავალფეროვნოს. როგორც ამბობენ, თუკი ერთისგან იღებ, ეს ქურდობას უტოლდება, ხოლო თუ ბევრისგან – მაშინ მკვლევარი ხარ”, – დარწმუნებულია ლეგენდარული მუსიკოსი და აცხადებს, რომ პლაგიატობა მისი შემოქმედების ნაწილია.
ვირტუალური გმირი
კარლოს სანტანა პოპულარული მუსიკალური ვიდეოთამაშის, „გიტარ ჰიროუს” პერსონაჟი გახდა. თამაშში გამოყენებულია 64 წლის სანტანას მუსიკა. სიანტერესოა, რომ თამაშის ავტორებს სანტანამ პირადად მიაწოდა საკუთარი ვიდეოარქივი, რომ მისი პროტოტიპი მაქსიმალურად ყოფილიყო მიმსგავსებული მასთან.
სანტანას ქუჩა
2001 წელს აუტლან დე ნავაროს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა დაეფასებინა თავისი ყველაზე ცნობილი შვილი და დღესასწაული მოაწყო კარლოსის პატივსაცემად. მუსიკოსს გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები, ხოლო ყველაზე ფართო ქუჩას მისი სახელი ეწოდა. გარდა ამისა, 2011 წელს სანტანას სახელი ეწოდა სკოლას ლოს-ანჯელესში. სან-ფერნანდოს ¹12 დაწყებით სკოლას, მუსიკოსის პატივსაცემად, „კარლოს სანტანას სახელობის ხელოვნების აკადემია” ეწოდა.
საბჭოთა კავშირი
1978 წელს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კარლოს სანტანას დაგეგმილი ჰქონდა კონცერტი ლენინგრადში, „დვორცოვაია პლოშადზე”. კონცერტი 4 ივლისს უნდა შემდგარიყო და ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბჭოთა მელომანებს შორის. თუმცა, საბჭოთა მთავრობა ჩაერია და კონცერტი არ შედგა. 1987 წელს სანტანა მაინც მოხვდა საბჭოთა კავშირში, კონცერტი მოსკოვში ჩატარდა.
გურუ
კარლოს სანტანა გატაცებული იყო ინდუიზმით. მისი მეუღლე, დებორა გურუ შრი ჩინმოის სწავლებამ გაიტაცა და მისი ერთ-ერთი მოწაფე გახდა. გურუს დახმარებით კარლოს სანტანამ ინდუიზმით გატაცებული კიდევ ერთი მუსიკოსი, ჯონ მაკლაფლინი გაიცნო. ორმა გენიოსმა საერთო პროექტი – „ლოვ დევოუშენ სურენდერ” შესთავაზეს მსმენელს და მოწონებაც დაიმსახურეს. მოგვიანებით, მათ კიდევ ერთი, ინდუიზმზე შეშლილი მუსიკოსი, ელის კოლტრეინი შეუერთდათ. თუმცა, პირველი პროექტის მსგავსი წარმატება არც ერთ ინსტრუმენტურ პროგრამას არ მოჰყოლია.