კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის შეუძლია 24-საათიან თეატრალურ მარათონში მონაწილეობის მიღება და რატომ მისცა კენედის ცენტრმა ნინო მაღლაკელიძეს „ვაშინგტონ შექსპირ კომპანიაში“ ექსპერიმენტული სპექტაკლის დადგმის უფლება

თბილისი „24-საათიანი ფესტივალის“ მოლოდინშია, რომელიც 25-26 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება. ფესტივალი პირველად შარშან ჩატარდა და მან საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. წელს კი „24-საათიანი ფესტივალი“ ოფიციალურად დაფუძნდა და ის, როგორც შარშან, ახლაც რუსთაველის თეატრისა და ამერიკის საელჩოს ინიციატივით განხორციელდება. პროექტის დირექტორი და სულისჩამდგმელი კი არის ამერიკის სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებული, მხატვარი, არტ-მენეჯერი, პროდიუსერი და სცენოგრაფი ნინო მაღლაკელიძე, რომელიც ფესტივალის შესახებ თავად გვესაუბრება. ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.

 

– „24-საათიანი ფესტივალი“ 1995 წელს მანჰეტენზე დაარსდა. თავიდან ერთჯერადი სახე ჰქონდა, მაგრამ, ისეთი პოპულარული და წარმატებული აღმოჩნდა, რომ 20 წლის განმავლობაში იმართებოდა და შემდეგ მთელ ამერიკას მოედო. გარდა ამერიკისა, ეს ფესტივალი ტარდება, ასევე, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში, ისეთ თეატრში, როგორიც არის „იანგ ვიქი“. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების თეატრალები, რადგან, ეს არის თეატრალური მარათონი და მასში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესოა. შესაბამისად, კატასტროფული სისწრაფით განვითარდა მისი წარმატება და 2011 წელს უკვე საქართველოშიც ჩამოვიდა. ბროდვეიზე ამ ფესტივალში ხშირად მონაწილეობენ გამოცდილი რეჟისორები, მსახიობები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ინოვაციისთვის, თან, ერთი მხრივ, არ აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან, არ დგამენ დროში გაწელილ სპექტაკლს და, მეორე მხრივ, 8 საათში დრამატურგებმა და ასევე 8 საათში რეჟისორებმა, უნდა მოასწრონ სპექტაკლის დაწერა და დადგმა, დანარჩენი დრო კი გათვალისწინებულია ძილისთვის და იმისთვის, რომ მსახიობებმა როლები ისწავლონ.

– ეს ფესტივალი შარშან პირველად გაიმართა თბილისში და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

– შარშან, როდესაც სპექტაკლ „ეიფორიაზე“ ვმუშაობდი, კოლინმა, რომელიც ამერიკაში ჩვენი რეჟისორი და კოორდინატორი იყო, შემომთავაზა, დამეარსებინა „24-საათიანი ფესტივალი“, რომელშიც თავად ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. როდესაც დავამთავრეთ „ეიფორია“, რომელიც საკმაოდ მძიმე პროექტი იყო თავისი ფილოსოფიური ქვეტექსტებით, ვკითხე კოლინს, რაზე მელაპარაკებოდა. მან ამიხსნა, მითხრა თავისი იდეები და ზუსტად 24 საათის განმავლობაში გადავწყვიტე ამ პროექტზე მუშაობა. „ეიფორია“ ადრე დავამთავრეთ, ერთი კვირა დაგვრჩა და ამ ერთ კვირაში ჩქარ-ჩქარა განვახორციელეთ ფესტივალი. წელს უფრო კარგად ვართ მომზადებულები. რუსთაველის თეატრთან და ამერიკის საელჩოსთან ჯერ კიდევ ახალ წლამდე გვქონდა მოლაპარაკება, რადგან, ისინი შარშანაც მონაწილეობდნენ ამ ფესტივალში, მოეწონათ და წელსაც გამოთქვეს მხარდაჭერის სურვილი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი უკვე დაფუძნდა რუსთაველის თეატრში და ის იარსებებს ყოველ წელს, მანამ, სანამ მის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა იქნება. წელს ჩვენ ჩავრთეთ დრამატურგ ლაშა ბუღაძისა და რეჟისორ გოგა თავაძის „ვორკ შოპები“, რომელსაც ისინი ფესტივალის მონაწილეებს ჩაუტარებენ. ფესტივალი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება: როგორც მატერიალურად, ასევე, მორალურად. ეს არის ამერიკული ფორმატის ფესტივალი, უბრალოდ, ჩვენ ცოტა უტრირება გავუკეთეთ, არ არის ზუსტი ასლი და, რაც მთავარია, ეს არის თეატრალური ფესტივალი და არა პიესების ფესტივალი, როგორც მას ორიგინალში ჰქვია. ამერიკის საელჩო მოწადინებულია, საქართველოში მოახდინოს ამერიკული კულტურის პოპულარიზაცია. ეს მათთვის ჩემ მიერ შეთავაზებული პროექტია, რომლის ფარგლებში დაიდგა „ეიფორია“, დაფუძნდა „24-საათიანი ფესტივალი“ და სამომავლოდ ქართულ ენაზე ითარგმნება ამერიკული თანამედროვე დრამატურგია. გარდა ამისა, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერა დაკავშირებული იყო ჩემს პიროვნებასთანაც, რადგან 2010 წელს, საელჩოს რეკომენდაციით, მე მივიღე მონაწილეობა „კენედის ცენტრის” პროექტში, რომელიც თეატრის ხელოვნებისთვის იყო, გავიმარჯვე, მიმიწვიეს და გავხდი ამერიკის სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებული. უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემს თანამემამულეებს გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც ამერიკაში მივიღე.

– საინტერესო გამოცდილებას მიიღებდი.

– სერიოზული გამოცდილება მივიღე, თან მანამდე ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ლონდონის ნაციონალურ თეატრში ორჯერ ვიყავი სტაჟირებაზე. პრაქტიკა გვქონდა ლას-ვეგასში, „სთეიჯგრაფტ“ ინსტიტუტში, სადაც ვიმუშავეთ „ოპერის აჩრდილზე“ და, რამაც კი შეიძლება დააინტერესოს თეატრის მხატვარი  კრეატიული, ტექნიკური კუთხით, ყველაფერში მივიღე დიდი გამოცდილება. რაც მთავარია, ძალიან ბევრი სპექტაკლი ვნახე, გავიცანი ბევრი კოლეგა, ვნახე, ასევე, პაატა ციქურიშვილის სპექტაკლი „ოსტატი და მარგარიტა“. თავად პაატაც იყო ჩემს სპექტაკლზე. პაატას დასი ცნობილია ამერიკაში და ძალიან მოსწონთ. მისი მეუღლე, ირინა ციქურიშვილი, უკვე რამდენიმე წელია, იღებს საუკეთესო ქორეოგრაფის პრიზს, ხოლო პაატა უკვე შვიდი წელია, ყოველ წელს ხდება საუკეთესო რეჟისორი. თუმცა, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის თეატრალურ წრეებში დიდი კამათია იმის შესახებ, პაატა ციქურიშვილის დასის დადგმა – თეატრია თუ თანამედროვე ცეკვა. სინამდვილეში, ეს არის თეატრი, რომელიც ძალიან განსხვავებული და სინთეზურია.

„კენედის ცენტრში” სტაჟირების დროს აღმოჩნდა, რომ ჩემი და კოლინის თეატრალური გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა. თან, „კენედის ცენტრში” გამოთქვეს სურვილი, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აუცილებლად დაგვეხმარებოდნენ, დაგვითმობდნენ სარეპეტიციო დარბაზს. ამანაც წამაქეზა და გადავწყვიტეთ, „ეიფორია“ გაგვეკეთებინა. პირველად დავდგით ამერიკაში, „ვაშინგტონ შექსპირ კომპანიაში“ ამერიკელ მსახიობებთან ერთად. წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგ ჩამოვიტანეთ საქართველოში. თბილისშიც წარმატებული იყო, რუსთაველის აკადემიური თეატრის მსახიობები გვყავდა დასაქმებული, თუმცა, ეს პროექტი უფრო მეტად გათვალისწინებული იყო ახალგაზრდა მსახიობებზე, რადგან აკადემიური მსახიობები უფრო აკადემიურ რეპერტუარს არიან მიჩვეულები. სწორედ აქ მოხდა ინტერესების კონფლიქტი, რის გამოც, „ეიფორია“ შეჩერდა და არ ჩაჯდა რეპერტუარში, თუმცა, ძალიან საინტერესო იყო. დღემდე მეკითხებიან, როდის იქნება, ჩანაწერი ხომ არ გაქვთო, რაღაც ჩანაწერი კი მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მგონია, მომავალში „ეიფორია“ კიდევ დავდგათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებულად ბევრი რამ არის დამოკიდებული მსახიობებზე. ეს არის ისეთი თეატრალური ფორმა, სადაც მსახიობები უშუალოდ შედიან მაყურებელთან კონტაქტში და უზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას, შემოქმედებას. აქ რეალურსა და სიურეალისტურს შორის გადის ზღვარი და ამ ზღვრის პოვნა საკმაოდ ძნელია. ბეწვის ხიდზე გადიან მსახიობები და ამიტომაც იყო რთული. მე მესმის ამ მსახიობების, რადგან, როდესაც აკადემიური მსახიობი ხარ, შენი პოზიცია უკვე განსაზღვრული გაქვს და ამიტომ საკუთარი ნებით უნდა მოხდეს ყველაფერი. როდესაც ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიაში ვმუშაობდი, რამდენიმე აკადემიური მსახიობი მოვიდა და სიამოვნებით ჩაერთო ექსპერიმენტში. ამერიკაში, თეატრებში, არ არის დასის პრინციპი, რამდენიმე თეატრის გარდა, სპექტაკლებში სხვადასხვა მსახიობს იწვევენ. როდესაც „კენედის ცენტრი” იწვევს ახალგაზრდა მსახიობებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა, ეს მათთვის კიდევ ერთი შანსია, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამაში, თავი წარმოაჩინონ და, ამიტომ სიამოვნებით თანხმდებიან.

– მინდა, „24-საათიან ფესტივალს“ დავუბრუნდეთ. წელს, როგორც ვიცი, მონაწილეების რაოდენობაც შეიცვალა და არის კიდევ სხვა სიახლეებიც.

– შარშან ოთხი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და მამაკაცები ჭარბობდნენ. წელს, იმედია, ქალებიც იაქტიურებენ. მე დიდ ყურადღებას ვანიჭებ ქალების, განსაკუთრებით – ხელოვანი ქალების უფლებების განვითარებასა და დაცვას, მათ როლს დღევანდელ სოციალურ გარემოში. მინდა, მათ დავეხმარო, რადგან საქართველოში ხელოვან ქალებს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. წინასწარი ინფორმაციით ვიცი, რომ წელს გოგონებიც აქტიურად იღებენ შერჩევაში მონაწილეობას. იმედი მაქვს, ამ პატარა შანსს გამოიყენებენ და შეეცდებიან, საკუთარ კარიერაში წინ წავიდნენ. რაც შეეხება მონაწილეებს, იქნება 6 დრამატურგი, 6 რეჟისორი და მსახიობები. 25 მარტს, საღამოს 8 საათზე, დრამატურგები დაიწყებენ წერას; დილის 8 საათზე შევხვდებით რეჟისორებს, რომლებსაც მივცემთ პიესებს და, 26 მარტს, საღამოს 8 საათზე, რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგმება 6 მინი-სპექტაკლი. რაც შეეხება თემას, ეს ცნობილი გახდება 25 მარტს, როდესაც ფესტივალს გახსნილად გამოვაცხადებთ. წელს გვეყოლება გამარჯვებულებიც, იქნება კომპეტენტური ჟიური. ამერიკის საელჩომ პრიზად დააწესა „ქინდლი“, რისთვისაც მადლობლები ვართ. იმედი მაქვს, რუსთაველის თეატრიც დააწესებს თავის პრიზს. ამ საკითხში რუსთაველის თეატრსა და ამერიკის საელჩოს სრული თავისუფლება მივანიჭე – ისინი გადაწყვეტენ, ვინ უნდა გახდეს გამარჯვებული, – დრამატურგი, რეჟისორი თუ მსახიობი.

 

 

скачать dle 11.3