კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-11(585) 

 

 

შჩუკინი აშკარად ანტაგონისტურად იყო განწყობილი „ეფესბეს“ მიმართ და ვკითხე:

– ამხანაგო გენერალო, „ეფესბეს“ რატომ ვერ იტანთ?

– იმიტომ, კოკი, რომ, ვინც ახლა ამ ბანდას მართავს, ადრე ისინი „კაგებეს“ საშუალო რგოლს წარმოადგენდნენ და სწორედ ამ კრეტინებს დააშლევინეს საბჭოთა კავშირი. ამის უარყოფით  შედეგებს კი, როგორც ხედავ, ძალიან ცუდად იმკის პატიოსანი ადამიანების დიდი არმია, – მომიგო შჩუკინმა და ხელი ჩაიქნია, – შენ უკვე აღარ მუშაობდი ჩვენთან, როდესაც ერთი ოპერაცია ჩავატარეთ. კერძოდ კი, ერთი ძალიან ცნობილი ქურდის მეშვეობით, რომელიც მძიმე დანაშაულში გვყავდა მხილებული და იძულებით ჩვენზე მუშაობდა, ამერიკა-კოლუმბიურ მსხვილ ნარკოდაჯგუფებას მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება ჩავუშალეთ და საქონელი გავუნადგურეთ. გარდა ამისა, მათ ორმოცდათხუთმეტი მილიონი დოლარიც წავართვით. იმ საქმის შემდეგ, ჩვენზე მომუშავე ქურდს პირობა შევუსრულეთ – გარეგნობა შევუცვალეთ, ახალი საბუთები გადავეცით და ყოველთვიური სოლიდური პენსია დავუნიშნეთ. ჩაშლილი საქმის გამო გამწარებული ნარკობარონები გამალებული ეძებდნენ მოღალატეს, მაგრამ, აბა, რას იპოვიდნენ. იმ საქმეში ის ორი ქურდიც იყო ჩართული, რომლებიც შენ სოხუმში დახოცე, მაგრამ, ამის შესახებ ნარკობარონებმა არაფერი იცოდნენ. ახლა კი ასე უნდა მოვიქცეთ: შენ იმ მოღალატე ქურდს მოკლავ კოლუმბიურად და ხმას გავავრცელებთ, რომ ღალატს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ანუ, სოხუმურ ალიაქოთსა და მომავალ მკვლელობას ერთმანეთს მივაბამთ, შურისძიების ფაქტორს შევცვლით და საქართველოს მსხვილ ტერაქტს ავარიდებთ. როგორია?

– კარგია, მაგრამ, „ეფესბეში“ დაიჯერებენ?

– უნდა დაიჯერონ და ამაში ჩვენ „ეფესბეს“ მაღალჩინოსანთა წარმოდგენა დაგვეხმარება ქართულ უშიშროებაზე, რომლებსაც ქართველი ძალოვანები უსუსურებად მიაჩნიათ.

– ვცადოთ, მე მზად ვარ. რა უნდა ვქნა?

შჩუკინმა ობიექტის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა. ახლა ის პიტერში ცხოვრობს პერსონალური პენსიონერის, პოტაპოვის გვარით და, აი, ამ მისამართზეა. თუმცა, პირდაპირ სახლში ვიზიტს მოერიდე. მართალია, მას გარეგნობა და ვინაობა შეცვლილი აქვს, მაგრამ, ძველი მგელია, მაინც ძალიან ფრთხილობს, იარაღს ატარებს და, გამორიცხული არ არის, რომ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ბინაში სიურპრიზი-მახეები ჰქონდეს მოწყობილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედო, რომ ყველაფერი გეგმურად შესრულდეს.

შჩუკინი ძალიან რისკავდა, როდესაც ჩემთან ერთად ასეთ სარისკო ოპერაციაში ერთვებოდა. საკმარისი იყო, „ეფესბეში“ მასზე რამე ეეჭვათ, რომ საბჭოთა უშიშროების ყოფილ გენერალს ნაკუწ-ნაკუწ აქნიდნენ. მიუხედავად ამისა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა საკუთარი სიცოცხლე უკანა პლანზე დააყენა და ეს ძალიან საშიში ოპერაცია საქართველოსთვის ტერაქტის თავიდან ასაცილებლად წამოიწყო.

პოტაპოვის ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა, უადვილესი საქმე იყო და მე ის ქუჩაში დიდი ძალისხმევის გარეშე შემეძლო მომეკლა. თუმცა, მოღალატე ქურდისთვის აუცილებლად კოლუმბიური ხელწერით უნდა მომეღო ბოლო. ანუ, მისთვის ეგრეთ წოდებული, „კოლუმბიური ჰალსტუხი“ უნდა გამეკეთებინა, რასაც ქუჩაში ვერ გავაკეთებდი. ასეთ რამეს „სტაციონარი“ სჭირდებოდა და პოტაპოვის ბინაში უნდა შემეღწია, სადაც მარტოდმარტო ცხოვრობდა.

სანკტ-პეტერბურგში მოსკოვიდან გარეგნობაშეცვლილი ჩავედი მატარებელ „კრასნაია სტრელათი“ და სასტუმრო „გოსტინი დვორში“ დავბინავდი, შემდეგ კი კიროვის სახელობის პარკში გავემართე – სწორედ აქ ატარებდა ობიექტი თავის უმეტეს დროს. ის ჭადრაკის თავგადაკლული მოყვარული იყო, საკმაოდ კარგად თამაშობდა და ადგილობრივ პენსიონერებში ჩემპიონობას არავის უთმობდა. სწორედ ამის მეშვეობით უნდა შევსულიყავი პოტაპოვთან კონტაქტში და პენსიონრებთან საკუთრი ჭადრაკით მივედი. ცარიელ სკამზე დაფა გავშალე, ფიგურები დავალაგე და საკუთარ თავთან დავიწყე თამაში. რამდენიმე მეტრში ოციოდე პენსიონერი უზარმაზარ მაგიდასთან იყო შეკრებილი და ერთმანეთს ჭადრაკს ეთამაშებოდნენ, ხოლო, ვინც არ თამაშობდა, რიგში იდგა და მოთამაშეებს უყურებდა. პოტაპოვი იქ არ იმყოფებოდა.

საკუთარ თავთან შუა თამაშის დროს ერთი წითური პენსიონერი მამაკაცი მომიახლოვდა, მომესალმა და მითხრა:

– გეტყობა, ახალი ხარ. ადრე აქ არ მინახავხარ.

– ახალი ვარ. დღეს პირველად გამოვედი აქ, რადგან უკვე პენსიონერი ვარ და სახლში ჯდომა მომბეზრდა, – თავაუწევლად მივუგე წითურს და შავი ლაზიერით თეთრი მეფე დავაშამათე.

– ოჰო, შენ არცთუ ისე ცუდი მოთამაშე ჩანხარ. ხომ არ გვეთამაშა? – მკითხა წითურმა.

მე მას ვეთამაშე და, რადგან ჭადრაკს სპორტის ოსტატის დონეზე ვთამაშობდი, სულ რაღაც თერთმეტ სვლაში მოვუგე.

– თამაში გცოდნია, – გამიღიმა წითურმა. შემდეგ პენსიონერების ჯგუფთან ლამის ძალით მიმიყვანა და განუცხადა:

– ძმებო! სმენა იყოს და გაგონება! გროსმაისტერი მოგიყვანეთ და, ვისაც გული გერჩით, დაეჭიდეთ...

ჩემს გროსმაისტერობას პენსიონერები სკეპტიკურად და ერთგვარი ირონიითაც შეხვდნენ, მაგრამ, როდესაც ყველა დავამარცხე, თანაც, ძალიან იოლად, მათში დიდი პატივისცემა დავიმსახურე და თქვეს:

– შენ, ჩვენო ძმაო, ნამდვილად გროსმაისტერი ყოფილხარ და თვით პოტაპოვსაც კი დაამარცხებ.

– აბა, ერთი მანახვეთ თქვენი ახალგამოჩეკილი გროსმაისტერი, რომელიც პოტაპოვს დაამარცხებს, – მომესმა ზურგსუკან, შევტრიალდი და მაღალი, ზორბა კაცი დავინახე, რომელიც თვალით მზომავდა.

– აი, შენი ტახტის ახალი პრეტენდენტი, – უთხრა წითურმა პოტაპოვს და მხარზე ხელი დამარტყა.

– ვნახოთ, ვნახოთ, – თქვა პოტაპოვმა, ჭადრაკის დაფას მიუჯდა, მანიშნა დაჯექიო და მკითხა:

– თეთრებით ითამაშებთ თუ შავებით?

– კენჭი ვყაროთ.

კენჭისყრამ თეთრები პოტაპოვს არგუნა. თამაშს შევუდექით და მას ყაიმი ვაკმარე.

– ყოჩაღ, მოხუცო! – მითხრა პოტაპოვმა, – ჩემთან ყაიმი საპატიოა. ურიგოდ არ თამაშობ.

პოტაპოვს, რომ იტყვიან, ცალი ხელით მოვუგებდი, მაგრამ, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ყაიმს ვჯერდებოდი. სამდღიანი ზავის შემდეგ პოტაპოვმა მითხრა:

– მე მგონი, ჯობია, ბინაში გადავინაცვლოთ და ჩვენი ურთიერთობა კაბინეტურ პირობებში გავარკვიოთ.

– ჩემს სამოთახიან ბინაში უამრავი ადამიანი ვცხოვრობთ და თამაშს არავინ დაგვაცდის, – ვუთხარი პოტაპოვს:

– რა პრობლემაა, მე მარტო ვცხოვრობ და ჩემთან გეპატიჟები. ხვალ შუადღეზე! – მომიგო პოტაპოვმა.

დათქმულ დროს პოტაპოვს ბინაში ვეწვიე და ზარი რომ დავრეკე, მან უმალვე გამიღო კარი, შემიპატიჟა და მითხრა:

– საუცხოო კონიაკი მაქვს, თან ვითამაშოთ, თან დავლიოთ.

– თანახმა ვარ, – მივუგე მასპინძელს და ჭადრაკის დაფას მივუჯექი, მან კი კონიაკით სავსე ორი ჭიქა მოიტანა, დაფას მიუჯდა და თამაში გავაჩაღეთ.

ოცდამეერთე სვლაზე მომგებიანი კომბინაცია დავაგვირგვინე და მასპინძელს გამოვუცხადე:

– შამათი! თეთრი მეფე დამხობილია!

– სამწუხაროა! – თავი გააქნია პოტაპოვმა და ფიგურების დაწყობას შეუდგა. მაგრამ, მე მას კისერში მარცხენა ხელი ჩავარტყი და გავთიშე, შემდეგ რადიატორზე მივაბი და მისი ბინა დავათვალიერე. ვერავინ აღმოვაჩინე და ისევ მასპინძელს დავუბრუნდი, რომელიც გონზე იყო მოსული და შიშნარევი თვალებით მიყურებდა.

– როგორ ხარ, პოტაპოვ? თუ, პოტაპოვი არ ხარ? – ვუთხარი მასპინძელს, რომელიც ჩემს სიტყვებზე მიტკალივით გაფითრდა და ამოილუღლუღა:

– ვინ ხარ და რა გინდა?

– გროსმაისტერი ვარ და კოლუმბიური ჰალსტუხი უნდა შეგაბა, – მივუგე პოტაპოვს და პირში ჩვარი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. შემდეგ ყელი კოლუმბიურ ყაიდაზე გამოვჭერი და ხორხი მას ჰალსტუხივით ჩამოეკიდა მკერდზე...

იმავე საღამოს მოსკოვში დავბრუნდი, შჩუკინს შევხვდი და ვუთხარი:

– საქმე გაკეთებულია და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. დაიჯერებენ კი ამ ყველაფერს ლუბიანკაზე?

– დაიჯერებენ, აუცილებლად დაიჯერებენ. საჭირო ხალხმა უკვე იცის, რომ პოტაპოვზე ძველი ცოდვისთვის იძიეს შური კოლუმბიელებმა.

– სიმართლე გითხრათ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, პოტაპოვი შემეცოდა. უდანაშაულო იყო და თანაც, დიდი წვლილი მიუძღვის „კაგებეს“ წინაშე, – ვუთხარი შჩუკინს.

– ოპერაციაში ნამდვილად დაგვეხმარა, მაგრამ, მის უდანაშაულობაზე რა მოგახსენო.

– მაინც, რა დააშავა?

– თხუთმეტი წლის გოგონაზე, თანაც, ნათესავზე, იძალადა, – მომიგო შჩუკინმა, – აბა, ასეთ ცნობილ ქურდს ასეთ თანამშრომლობაზე ასე იოლად ვინ დაითანხმებდა?

– მაშინ, ჯანდაბას მისი თავი. მთავარია, ახლა ეს ყველაფერი „ეფესბემ“ ჭამოს და ტერაქტი თავიდან ავიცილოთ, – ვუთხარი შჩუკინს. კიდევ ცოტა ხანს ველაპარაკე და ერევნის გავლით თბილისში ჩამოვფრინდი.

როგორც გენერალმა შჩუკინმა ივარაუდა, „ეფესბემ“ ჩვენი საკენკი აკენკა, საქართველოს თავი დაანებეს და კოლუმბიელების კვალის ძებნას შეუდგნენ. მიუხედავად ამისა, სოხუმური ალიაქოთის ისტორიას საკმაოდ მწვავე გაგრძელება მოჰყვა. თბილისში დაბრუნების მეორე დღეს რომანმა შეხვედრაზე დამიბარა და, რომ მივედი, საკმაოდ აღელვებულმა მითხრა:

– ეს რა შარში ჩავიგდეთ თავი! გვეძებენ!

– ალბათ, ქართველები, ხომ?

– ჰო, ქართველები, – მომიგო დადარდიანებულმა „ძიამ“. შემდეგ შეცბა და მკითხა, – კი მაგრამ, შენ რა იცი, რომ ქართველები გვეძებენ? იცი, ვისზე გეუბნები?

– ალბათ, ქართულ უშიშროებაზე.

– ჰო, მაგრამ, შენ საიდან მიხვდი?

– იქიდან, რომ სოხუმის შეკვეთა მათი მოცემულია და, კვალის წაშლის მიზნით, როგორც ეტყობა, ჩვენი თავიდან მოშორება სურთ.

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა „ძიამ“ და დაამატა: – საქმე ისაა, რომ, ჩემსა და შემკვეთს შორის შუამავალი ვინც არის, იმისი შვილი ჰყავთ დათრეული, თავად შუამავალი კი ჩემთან იმალება. ერთი სიტყვით, თუ ის კაცი არ გამოჩნდება, შვილს მოუკლავენ, ხოლო, თუ გამოჩნდა – ჩემზე გამოვლენ; ჩემგან კი, ალბათ, შენზე. მერე ყველას დაგვხოცავენ, ხელებს დაიბანენ და ამით მორჩება ეს საქმე და ჩვენი სიცოცხლეც.

– დამშვიდდი, „ძია“. ნუ გეშინია. რამეს მოვიფიქრებთ, – ვუთხარი რომანს, რომელიც ასე გაღიზიანებული პირველად ვნახე. თავში ერთი იდეა მომივიდა და ვკითხე: – შეგიძლია, შუამავალი მანახვო?

– კი, მაგრამ, რაში გჭირდება?

– მოკლედ, ახლა წავალ და შევინიღბები, ერთ საათში კი სტუმრად გეწვევი, – მივუგე „ძიას“ და ჩვენი ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველმა დავტოვე პაემნის ადგილი.

ერთი საათის შემდეგ ისევ „ძიასთან“ სახლში მივედი და ძალიან შეშინებულ შუამავალს ვკითხე:

– ეს საქმე რამდენმა კაცმა შეგიკვეთათ?

– ორმა.

– ალბათ, ოფიცრები არიან, ხომ?

– დიახ.

– უნდა შემახვედროთ.

– რას ბრძანებთ! – აკანკალდა შუამავალი, – ეს რომ გავაკეთო, დაგვხოცავენ და არც ჩემს შვილს დატოვებენ ცოცხალს.

„ძიასაც“ უკიდურესი გაოცება გამოეხატა სახეზე ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ, კარგად მიცნობდა, იცოდა, რომ ჰაერზე ლაპარაკი არ მჩვეოდა და ხმა არ ამოუღია. მე კი შუამავალს ვუთხარი:

– ნუ გეშინიათ. აი, ტელეფონი, დაურეკეთ და დაელაპარაკეთ.

შუამავალი ძლივს დავამშვიდე, შემკვეთებთან დავარეკინე და შეხვედრა დავანიშნინე.

– ასე მითხრა, ფუნიკულიორზე რომ პატარა საფეხბურთო სტადიონია, იქ მოდიო, – მითხრა გაფითრებულმა შუამავალმა, მე კი მას მივუგე:

– გინდა „მოდულის“ წინ იყოს. წავედით.

მე და შუამავალი ტაქსით მივედით დანიშნულ ადგილას და პატარა, მწვანედ შეღებილ ხის სკამზე დავსხედით. შემკვეთები, ძნელი მისახვედრი არ იყო, იქვე იმალებოდნენ. ჩვენი გამოჩენიდან სულ რაღაც ორიოდე წუთში მოცვივდნენ, შავი ფერის უზარმაზარი,  შემინული ორი „ჯიპით“, რომლებშიც მათ გარდა კიდევ ექვსი ადამიანი იჯდა.

შემკვეთები ღობესთან მოვიდნენ და გვითხრეს:

– მოდით, მანქანაში ვილაპარაკოთ.

– ჯობია, აქ ჩამობრძანდეთ, – მივუგე მე. მათ კი პისტოლეტები მოგვიშვირეს და გვითხრეს:

– აბა, ჩქარა, აქ მოდით, თორემ, დაგხოცავთ!

– ყმაწვილებო! შემთხვევით მართლა არ გაგივარდეთ ეგ სათამაშოები და თავები არ წააგოთ! აქ მოდით და დავილაპარაკოთ. ეს კაცი კი დაგველოდება, – ვუთხარი შემკვეთებს, შემდეგ შუამავალს ვანიშნე, რომ გვერდით დამდგარიყო და შემკვეთები უკვე უხმოდ, ხელით მოვიხმე.

ჩემმა მშვიდმა, ირონიულმა ტონმა შემკვეთები უფრო მეტად გააბრაზა და ისინი სახეწამოჭარხლებულები დაეშვნენ კიბეებზე, მომიახლოვდნენ და შემომიბღვირეს. მე კი კვლავ მშვიდად ვუთხარი:

– საკმარისია, ერთი ღერი თმა ჩამომივარდეს ამ ჭაღარა თავიდან, რომ, არა მარტო თქვენ და თქვენი უფროსობა, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს.

– ვინ ხარ, მოხუცო, ასე რომ გვემუქრები? – მითხრა ერთ-ერთმა, რომელსაც ზურა ერქვა, მეორემ კი, სახელად გივიმ, მკითხა:

– ის კაცი რატომ გაუშვი გვერდზე?

პირველად გივის ვუპასუხე:

– იმიტომ რომ, ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავალია და, რასაც ახლა გეტყვით, არ უნდა იცოდეს, – შემდეგ ზურას მივუბრუნდი:

– მე შემსრულებელი ვარ და სოხუმური ალიაქოთი სწორედ მე მოვაწყვე.

– შენ?! – ერთდროულად ირონიულად აღმოხდათ გივის და ზურას, მე კი მშვიდად მივუგე:

– სწორედ რომ მე.

– კარგი, გასაგებია. ახლა კი თქვი, რისი თქმა გინდა, – კოპები შეიკრა ზურამ.

– რამდენიმე კატეგორიული მოთხოვნა მაქვს, რომელიც ზუსტად უნდა შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თქვენ, ასევე თქვენი უფროსობა თავს წააგებთ.

– მოთხოვნებიც ჰქონია, – ირონიულად უთხრა ზურამ გივის. მე უხეშად შევაწყვეტინე სიტყვა და კბილებში გამოვცარი:

– ახლა თქვენი სულები ჩემს ხელთაა და არასერიოზულ საქციელს არ გირჩევთ. გონებას მოუხმეთ, კარგად მომისმინეთ და, რასაც გეტყვით, ზუსტად შეასრულეთ ყველამ.

– ბრძანე, მოხუცო, – თქვა ზურამ.

მე ლეპტოპი გავხსენი და რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტი ვუჩვენე, რომელშიც კოლუმბიური ხელწერით ჩემ მიერ მოკლული პოტაპოვი ჩანდა.

– აი, ეს კაცი, ვითომ პოტაპოვი, სინამდვილეში ძველი ქურდი იყო, რომელსაც კოლუმბიელი ნარკობარონები ეძებდნენ, – დავიწყე თხრობა და შევატყვე, რომ გივი და ზურა ვერაფერს ხვდებოდნენ. ხოლო, როდესაც საქმის კურსში ჩავაყენე და ყველაფერს მიხვდნენ, ასე დავაბოლოვე:

– ახლა ხომ გაიგეთ, რამხელა საფრთხე აგაცილეთ თავიდან როგორც თქვენ, ასევე თქვენს უფროსებს და, რაც მთავარია, ქვეყანას? წესით, თქვენ დიდ ფულად კომპენსაციას უნდა გახდევინებდეთ, მაგრამ, ასი ათასი ევროთი დავკმაყოფილდები, რომელსაც ზუსტად ერთი საათის შემდეგ, აი, ამ ადგილზე, ანუ, აქ მოიტანთ. გაიგეთ? ხოლო, თუკი თქვენს ტვინამდე არ დავა ჩემი მართალი სიტყვები და, როგორც შუამავალზე, ისე სხვებზე დაიწყებთ ნადირობას,  ჩემი კაცი მაშინვე სიმართლეს შეატყობინებს „ეფესბეს“ და, შეგიძლიათ, საფლავები თქვენი ხელით გაითხაროთ. ახლა კი ფულზე წადით. ზუსტად ერთი საათი გაქვთ. დრო არ ითმენს, თან, ამ კაცს შვილი დაუბრუნეთ.

ზურა და გივი „ჯიპებში“ ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კი შუამავალი მოვიხმე, რომელიც ჯერ კიდევ გაფითრებული იყო და ციებიანივით კანკალებდა.

– დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. ახლა ისინი ასი ათას ევროს მოიტანენ და შენს შვილს მოიყვანენ. აიღე ეს ფული და სადმე გაემგზავრეთ. ოღონდ, რომანის სახელი და მისამართი დაივიწყე, – ვუთხარი შუამავალს, რომელიც ისეთი გაოგნებული იყო, რომ მივხვდი, ჩემი სიტყვების არსს ვერ ჩასწვდა.

ერთი საათის შემდეგ მთაწმინდის პლატოზე მხოლოდ ერთი შავი „ჯიპი“ ამოვიდა, რომელშიც გივი, ზურა და შუამავლის შვილი ისხდნენ. მანქანიდან მხოლოდ ზურა და გატაცებული ყმაწვილი გადმოვიდნენ. ზურას პატარა ჩანთა ეკავა, რომელიც მე მომცა, კეთილგანწყობილად გამიღიმა და მითხრა:

– აქ თქვენ რაც მთხოვეთ, ისაა, ყმაწვილი კი ჩაიბარეთ. საუცხოო ბიჭია და, მგონი, კარგად გრძნობს თავს.

შუამავალი თავის შვილს ჩაეხუტა და ატირდა. ზურა და გივი წავიდნენ. მე კი ჩანთა გავხსენი, მამა-შვილს შუაში ჩავუდე და ვთქვი:

– აქ ასი ათასი ევროა და ამ ფულით ცოტა ხანს მაინც იცხოვრებთ უცხოეთში.

მამა-შვილს იქვე გამოვემშვიდობე და ისინი ტაქსით დაეშვნენ ქალაქში. ერთი კვირის შემდეგ კი, ქვეყნიდანაც გაემგზავრნენ.

მე კიდევ ერთი საათი ვისეირნე. შემდეგ „ძიასთან“ დავბრუნდი, რომელიც მოუთმენლად მელოდა და ვუთხარი:

– მოკლედ, ასე, „ძია“-ჯან. ეს ამბავი მოყომარდა და ჩვენს ძებნას „ეფესბეს“ შიშით ვერავინ დაიწყებს. ახლა კი ახალი წინადადება მაქვს შენთან.

– თქვი, გისმენ.

– ვფიქრობ, დროა, დამსახურებულ პენსიაზე გახვიდე – აღარ შეგეფერება შეკვეთებზე სირბილი და ნერვების წყვეტა, პენსია კი, გპირდები, მეფური გექნება და ყოველი ჩემ მიერ შესრულებული საქმიდან ისევ მესამედს გადაგიხდი.

„ძიას“ არაფერი შეეტყო სახეზე, თუმცა, მივხვდი, რომ ეწყინა... მას შემდეგ უკვე „ძიას“ გარეშე ვიღებდი შეკვეთებს, მაგრამ, სიტყვა არ დამირღვევია და მას მესამედ თანხას საბანკო ანგარიშზე ვურიცხავ. თავად რომანი კი, ძირითად დროს სახლში ატარებს და ჩემ მიერ დანიშნულ პენსიას თავის შვილიშვილებს ახმარს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და სწავლობენ. ხანდახან ერთმანეთს ვურეკავთ ხოლმე, უფრო იშვიათად ვხვდებით და, არასამსახურებრივ თემებზე ვსაუბრობთ.

ამას წინათ „ძიამ“ დამირეკა და თავისთან მისვლა მთხოვა. რომ მივედი, საკმაოდ დადარდიანებულმა მითხრა:

– შენი დახმარება მჭირდება.

– რა მოხდა, რაშია საქმე, ხომ მშვიდობაა? – ვკითხე და სავარძელში ჩავეშვი.

– შვილიშვილი მეღუპება და შველა სჭირდება თუ უკვე გვიან არ არის.

– რომელი? – ვკითხე „ძიას“, რადგან მას ოთხი შვილიშვილი ჰყავდა.

– მეგი, – მომიგო მოხუცმა და ატირებულმა დაამატა: – ჩემი ბრალია, ჩემი. მე ვაიძულე, რომ მოსკოვში ესწავლა. ის კი, თურმე, წამალზე შეჯდა, ვიღაც ბაიკერებს თუ სკინჰედებს დაუკავშირდა და ისეთ შარშია გაბმული ოცდაერთი წლის გოგონა, რომ აქეთ გამოხედვაც კი არ უნდა.

მეგი ტანწერწეტა, ქერათმიანი ულამაზესი გოგონა იყო და მე მას კარგად ვიცნობდი. მართალია, თითქმის ხუთი წელი არ მყავდა ნანახი, მაგრამ, მისი ცნობა არ უნდა გამჭირვებოდა და „ძიას“ მივუგე:

– ნუ ტირი. მთავარია, ცოცხალი იყოს და შენს შვილიშვილს ჩემი ხელით მოგგვრი.

„ძიამ“ იცოდა, რომ მუქთაზე არ ვმუშაობდი და მითხრა:

– ფულს გადაგიხდი.

– მხოლოდ ლარიანს, – მივუგე რომანს, ლარიანი გამოვართვი და დავამატე: – უახლოეს პერიოდში არანაირი შეკვეთა არ მაქვს, ამიტომ, ხვალვე გავემგზავრები მოსკოვში, შენ კი მისი კოორდინატები მომეცი.

მოსკოვში უკვე გატკეპნილი გზით – ერევნის გავლით ჩავფრინდი და, მრავალი წლის შემდეგ, პირველად ჩემს ბინაში მივედი, რომელიც „კაგებემ“ მაჩუქა. იქაურობა ხელუხლებელი იყო და ეტყობოდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, არავინ იყო ნამყოფი. მე, უპირველესად, დამლაგებელი გამოვიძახე და იქაურობა კარგად დავასუფთავებინე, შემდეგ მაღაზიიდან სურსათ-სანოვაგე ამოვიტანე, ვისადილე, ცოტა დავისვენე და მეგის საძებნელად გავემართე.

– მეგი აქ აღარ ცხოვრობს, ბაბუ, – მითხრა მეგის ყოფილმა „ხაზეიკამ“, – ვიღაც ვიგინდარებს გადაეყარა, უკვე ნახევარი წელია, აქ აღარ ყოფილა და, შეიძლება, ცოცხალიც კი არ არის.

– ვინმე თუ მიმასწავლის მის გზა-კვალს? – ვკითხე შუახნის ქალს და ათასრუბლიანი დავანახვე. მან ფული ჯიბეში ჩაიდო და მითხრა:

– მოპირდაპირე კორპუსში ბაიკერი ვასკა ცხოვრობს, პაჭუაცხვირა, დაკუნთული ბიჭია. იქნებ იმან იცოდეს მეგის ასავალ-დასავალი.

– იმან საიდან უნდა იცოდეს?

– აბა, მე რა ვიცი?

ქალს მეორე ათასრუბლიანი მივეცი და მან გუდას პირი მოხსნა:

– სწორედ რომ მაგ ვასკამ აიყოლია ეს ანგელოზივით  გოგო და ჯერ სახლიდან წაიყვანა და მერე წამლის კეთება დააწყებინა. ახლა რა ხდება, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.

ქალმა რაც იცოდა, ყველაფერი მითხრა, ამიტომ, ბაიკერ ვასკას ვესტუმრე სახლში, სადაც დეიდამისი დამხვდა და მითხრა:

– ჯანდაბას მაგის თავი! აბა, რა ვიცი, სად გდია. თავისი მოტოციკლით ხან ალთასაა და ხან ბალთას.

მართალია, ვასკას სახლიდან გაწბილებული წამოვედი, მაგრამ, მეგის პოვნის იმედი არ დამიკარგავს და ბაიკერების ადგილსამყოფელი დავადგინე. ისინი, ეგრეთ წოდებული, „ლენინსკიე გორკის“ მიდამოებში იკრიბებოდნენ და, გადავწყვიტე, დილით ვწვეოდი იქაურობას. ამიტომ, სახლში დავბრუნდი და დასაძინებლად დავწექი. დილიდან ადრევე გავედი შინიდან, ახალთახალი „ჰარლეი დევიდსონი“ ვიქირავე და, ბაიკერების ტყაპუჭებში გამოწყობილმა „ლენინსკიე გორკისკენ“ დავგაზე...

ბაიკერების შეკრების ადგილზე ასობით ნაირ-ნაირ მოტოციკლებზე ამხედრებული ახალგაზრდა დამხვდა. უმეტესი მათგანი კუნთმაგარი იყო და მოტოციკლის უკანა სკამზე გოგონა ჰყავდა შემოჯენილი. მე მოტოციკლის მართვა ჯერ კიდევ „კაგებეში“ მასწავლეს, ამიტომ, საუცხოოდ ვფლობდი ამ სატრანსპორტო საშუალებას. „ჰარლი“ უკანა ბორბალზე დავაყენე და პირდაღებულ ბაიკერებს შორის ოსტატურად გავიარე. ბოლოს მოტოციკლი გავაჩერე და გაოცებულ ბაიკერებს თვალი შევავლე იმ იმედით, რომ იქნებ სადმე მეგისთვის მომეკრა თვალი.

– ყოჩაღ, ბაბუ! რა ოსტატურად მართავ მოტოციკლს! გეტყობა, რომ ძველი ხარ, – მითხრა ერთ-ერთმა, გრძელთმიანმა ქერა ყმაწვილმა, რომელიც პირველი მომიახლოვდა თავისი თეთრი „ჰონდათი“.

– თუ არ დაიზარებ, ჩემზე უკეთესად ისწავლი, – მივუგე ყმაწვილს და ვკითხე, – ვასკა ბაიკერის გზა-კვალს ხომ არ მიმასწავლი?

ვასკა ბაიკერის ხსენებაზე ქერათმიანს სახე ეცვალა, თავი გაიქნია და მომიგო:

– გაწყენინა რამე?

– რატომ ფიქრობ ასე?

– იმიტომ, რომ ყველას უტეხავს, დიდხანს ვერსად ჩერდება და, ალბათ, სკინჰედებისგანაც წამოვა.

– ესე იგი, ვასკა სკინჰედებთანაა?

– თითქმის ერთი თვეა, რაც ჩვენგან წავიდა.

– მეგიც წაიყვანა?

მეგის ხსენებაზე ქერა ბაიკერმა თავში ხელი შემოირტყა და თქვა:

– მივხვდი, თქვენ, ალბათ, მეგის ეძებთ?

– რა დაგიმალო და, ასეა. შეგიძლია, დამეხმარო?

– მეგი თქვენი ვინ არის?

– შვილიშვილი.

– ეეჰ, ბაბუ, ბაბუ, ხელიდანაა წასული თქვენი შვილიშვილი და, მეეჭვება, რამე შეაგნებინოთ. იმ დამპალ ვასკას ისე ჰყავს გაბრუებული, საეჭვოა, დაგიჯეროთ.

– წამალზე ზის?

– წამალზე, წამალზე, – თავი დააქნია ქერათმიანმა, – სკინჰედებთან კი უფრო მეტად გაუბედურდება.

– მეტი რა უნდა მოუვიდეს, წამალზე უარესი რა უნდა გაიკეთოს და გააკეთოს?

– კაცს მოაკვლევინებენ, აი, რა. შენ რა, ციდან ჩამოხვედი? არ იცი, სკინჰედები რას სჩადიან?

– რა გქვია, შვილო? – ვკითხე ქერას.

– ვოვა.

– ვოვა, დამეხმარები?

– ვერა, ბაბუ, სკინჰედებს ნამდვილად ვერ შევწირავ თავს ნარკომანი მეგის გამო.

– ფული რომ გადაგიხადო?

– რამდენი?

– ასი დოლარი.

– გიჟი გგონივარ? დღეში რომ იყოს, კიდევ ჰო.

– დღეში ასი დოლარი რა არის, საათში ასი დოლარი.

ჩემმა სიტყვებმა ვოვაზე მაგიურად იმოქმედა, ეფექტის გასაძლიერებლად მას ასდოლარიანების დასტა ჩავუდე ტყავის ქურთუკში და ვუთხარი:

– აქ ათი ათასი დოლარია. ოთხი დღე-ღამისა და ოთხი საათის ფული გადახდილია. თუ ნაკლები დრო დაგვჭირდა მეგის მოსაძებნად, უკან არაფერს დამიბრუნებ, ხოლო, თუ მეტი, მაშინ, საათობრივად დაგიმატებ ფულს. გაწყობს?

– მაწყობს, ბაბუ, – მომიგო ვოვამ, შემდეგ თეთრი „ჰონდა“ დაქოქა და, სანამ გააქროლებდა, მითხრა:

– უკან გამომყევი.

მე და ვოვამ ნახევარი მოსკოვი გავიარეთ და ერთ-ერთ მიკრორაიონში მივედით, სადაც ის ცხოვრობდა. მან პატარა გარაჟში შემიყვანა, რომელშიც „ჰონდასაც“ აყენებდა და თავისთვის პატარა ოთახიც ჰქონდა მოწყობილი.

– რა კარგი ადგილია, – შევუქე ვოვას სამფლობელო. მან კი მომიგო:

– ვცდილობ, დამოუკიდებლად ვიცხოვრო, მაგრამ, ყოველთვის არ მყოფნის ხოლმე ფინანსები. ახლა კი, მგონი, მეშველა და ჩემს გემოზე მოვაწყობ ამ სოროს.

– ეჭვი არ მეპარება. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – ვუთხარი ვოვას, მან კი სამალავიდან გადაჭრილი თოფი ამოიღო და მოტოციკლის სკამის ქვეშ დამალა.

– ეს რად გვინდა?

– ეს კი არა, შეიძლება, ტყვიამფრქვევიც არ გვეყოს, – გაეცინა ვოვას, – სკინჰედები ძალიან სასტიკი და სერიოზული პუბლიკაა. როგორ ფიქრობ, გოგონას ასე ადვილად დაგვითმობენ?

– შენ ფიქრობ, რომ შეიარაღებული შეტაკება მოგვიწევს?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3