კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავი მარგალიტი

 

შუაღამეს გადაცილებული, ალბათ, გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა, რომ ¹9 სახლში კონსიერჟი ზარმა გააღვიძა. მეორე სართულზე მცხოვრებ ექიმ ჰარლეის კითხულობდნენ. კონსიერჟი არ აღუფრთოვანებია იმას, რომ გააღვიძეს, მაგრამ, ამ დროს ექიმს მხოლოდ გაჭირვებული ადამიანი თუ იკითხავდა, ამიტომ კარი მაინც გააღო. და მაშინვე თავის პატარა ოთახში დაბრუნდა, ისე, რომ არც კი შეუხედავს შემოსულისთვის.

ღამის სტუმარი მეორეზე ავიდა, მაგრამ, გულგრილად აუარა გვერდი ექიმის ბინის კარს და მეხუთე სართულისკენ აუყვა. კატასავით რბილად და უხმაუროდ მოქმედებდა, ასევე უხმაუროდ გააღო შესასვლელი კარი. არ ჩქარობდა, თითქოს სიამოვნებას იღებდა იმ საქმით, რომელსაც აკეთებდა... დერეფანში ბნელოდა. კაცმა იატაკზე ჩაიჩოქა, ჯიბიდან პატარა ფანარი და ბინის გეგმა ამოიღო, გაშალა და დააკვირდა. ის ოთახი, მას რომ სჭირდებოდა, ქუჩის მხარეს, მარცხნივ იყო. ფანარი ჩააქრო და გუნებაში ნაბიჯების თვლას მოჰყვა: ერთი, ორი, სამი... აი, კარიც... ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მძარცველმა საჭირო ინსტრუმენტები მოიმარჯვა და საკეტის გასახსნელად მოემზადა, მაგრამ უცებ შედგა – მოეჩვენა, რომ კარი ღია იყო. მართლაც, სახელური ოდნავ ჩამოსწია და კარი მაშინვე გაიღო... რა იყო ეს? გამართლება, თუ უბრალო შემთხვევითობა?! მძარცველს ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. მთავარი სიჩუმე იყო. გრაფინია თავის შავ მარგალიტს საწოლთან მიდგმულ ტუმბოზე ინახავდა, იმისთვის, რომ შავ მარგალიტს დაჰპატრონებოდა, ქალი არ უნდა გაეღვიძებინა... კაცი იატაკზე დაწვა და გზა ხალიჩაზე ხოხვით განაგრძო. ხელით მოსინჯა სავარძლის ფეხი და, უცებ თითებით რაღაც უცნაურ საგანს შეეხო, სრულიად გაუთვალისწინებელს, ცივსა და შიშის მომგვრელს. წამოდგა და ფანარი აანთო. ინტუიციამ არ უმტყუნა – გრაფინია მკვდარი ეგდო იატაკზე. დანით მიყენებული ჭრილობებიდან მკერდსა და მხრებზე სისხლი აღარ ჟონავდა, მაგრამ, დანარჩენი – ხალიჩა, კომოდი, საწოლის თეთრეული – ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. შავი მარგალიტი გრაფინიას ძვირფასეულობისა და კოლექციის გაყიდვას გადარჩენილი ერთადერთი სამკაული, საკმაოდ ძვირად ღირებული და იშვიათი – გაქრა! მძარცველმა ჩაიმუხლა და არეულ, ბრძოლაგადატანილ ოთახში შეწუხებულმა მიმოიხედა...

ერთი დღის შემდეგ გაზეთები წერდნენ: „ჩვენთვის ცნობილია, რომ გრაფინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ დანეგრი დააპატიმრეს. ის გრაფინიასთან მსახურად მუშაობდა და საკმაოდ ბნელი წარსული აქვს. ერთადერთი სამხილი ეჭვმიტანილი მსახურის ლივრეაზე აგლეჯილი ღილი და სისხლის ლაქებია. ლივრეა სახლის სხვენში, მსახურის ოთახში, ლეიბის ქვეშ იპოვეს. მაგრამ, ბრალდების მხარეს ძალიან გაუჭირდება, დანეგრს დანაშაული დაუმტკიცოს, რადგან, სხვა არანაირი სამხილი არ არსებობს. სავარაუდოდ, ვახშმის მერე დანეგრი თავის მანსარდაში კი არ წავიდა, არამედ, შეძვრა კაბების შესანახ სათავსში და იქიდან დაინახა, სად შეინახა გრაფინიამ მარგალიტი. მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია. დანეგრი, შეიძლება, გაათავისუფლონ კიდეც.

გამოძიებამ მართლაც ვერაფერი დაადგინა. ვიქტორ დანეგრი საშიში რეციდივისტი კი იყო, მაგრამ... მოკლედ, მერე კონსიერჟმაც მოყვა, როგორ გაუღო კარი ვიღაც უცნობს, რომელიც ექიმთან მიდიოდა. ექიმი კი ამტკიცებდა, იმ ღამით არავის შევუწუხებივარო. თან, ეს გამთენიისას მოხდა, გრაფინია კი, სავარაუდოდ, ღამის თორმეტის ნახევარზე მოკლეს... ერთი სიტყვით, დანეგრი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მისმა ადვოკატმა ბრალმდებლებს აჯობა.

ექვსსათიანმა პატიმრობამ დანეგრი ცოტა მოტეხა. მასთან საქმის დაჭერა არავის უნდოდა, როცა ცნობდნენ, მაშინვე ყველა გაურბოდა. თავს შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენდა. სახელიც შეიცვალა და ანატოლი დიუფური დაირქვა. ერთ საღამოს, როცა თავის უბადრუკ საცხოვრებელთან ახლოს, პატარა დუქანში ვახშმობდა, მასთან ვიღაც კაცი მივიდა, მის მაგიდასთან დაჯდა და ისე შეხედა, დანეგრს გულმა რეჩხი უყო. უცნობმა ვისკი შეუკვეთა. იაფფასიანი ვისკი მოუტანეს.

– შენ გაგიმარჯოს, დანეგრ...

– რაო? რაღაც გეშლებათ, მე დიუფური მქვია.

– კი, როგორ არა. შენ დანეგრი ხარ. გრაფინიას მსახური. შენ შესახებ ყველაფერი ვიცი.

– რაღაც გეშლებათ-მეთქი, – დანეგრმა წამოდგომა დააპირა.

– დაჯექი, აქ ტყუილუბრალოდ არ მოვსულვარ. შავი მარგალიტი უნდა მომცე.

– რა? კი მაგრამ, შავი მარგალიტი მე არ მაქვს. რომ მქონდეს, მკვლელი ვიქნებოდი...

– ხარ კიდეც მკვლელი. სასამართლო რომ მოატყუე, ეგ ჩემთან არ გაგივა. გრაფინია დანით მოკალი... ყურადღებით მომისმინე და არც ერთი სიტყვა არ მითხრა, ისევ შენთვის აჯობებს... დანაშაულის ჩადენამდე სამი კვირით ადრე სამზარეულოდან გასაღებების აცმა მოიპარე და სათადარიგო შესასვლელის გასაღების ასლი დაამზადებინე. ზეინკალს უტარა ერქვა, ობერკამპფის 24-ში მუშაობს. 

დანეგრი გაფითრდა:

– რას ბოდავთ? ერთი სიტყვაც არ არის მართალი!

– ხომ გაგაფრთხილე, ხმა არ ამოიღო და ბოლომდე მათქმევინე-მეთქი! გასაღები ნამდვილად არსებობს და ის მე მაქვს. სხვათა შორის, კიდევ რაღაც მაქვს – ის დანა, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინე. ეს კიდევ არ არის ყველაფერი, მე დანაშაულის მთელი სურათის აღდგენაც შემიძლია. ჰო, მართლა, დანაზე სისხლის ლაქებიც არის... სისხლიანი ხელის ანაბეჭდი შენ გრაფინიას საძინებლის კედელზეც დატოვე – დანაშაულის ადგილს რომ ტოვებდი, ეტყობა, შეგეშინდა და კედელს მიეყრდენი. რომ არ წაქცეულიყავი...

– ეს საიდანღა გაიგეთ? – დანეგრი სულ გალურჯდა და ენაც დაება.

– გამოძიება სულელი აღმოჩნდა. მათ, უბრალოდ, სანთელი კედლისთვის უნდა მიენათებინათ და ნახავდნენ იმას, რაც მე ვნახე. მართალია, არც ისე მკვეთრს, მაგრამ ანტოპომეტრიისთვის საკმარისს... ამას დავუმატოთ დანა და გასაღები...

– თუ მარგალიტს მოგცემთ, მე რამდენს მივიღებ? – ძლივს ამოიბლუყუნა დანეგრმა.

– სიცოცხლეს. პირობას გაძლევ, სახრჩობელა აგცდება.

– ეს უსამართლობაა! მარგალიტი ძალიან ძვირი ღირს.

– შენთვის ის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს თუ გამოისყიდი. იყავი გონიერი, დანეგრ. გეყოფა სისულელეები. მე შემიძლია, ყველა სამხილი გამოძიებას გავუგზავნო. პასუხი ახლავე მჭირდება, ხვალ ასეთი კეთილი არ ვიქნები.

– ბილეთი მაინც მიყიდეთ ამერიკამდე, გემის ბილეთი. თუნდაც მესამე კლასის და ოციოდე ფრანკი მომეცით, შიმშილით რომ არ მოვკვდე.

– არ ვიცი, მოვიფიქრებ. მომეცი მარგალიტი.

– თან არ მაქვს, მაგრამ, გეტყვით, სად დავმალე. ოღონდ, რა გარანტია მაქვს, რომ არ მომატყუებთ?

– გარანტიები არ არსებობს, სიტყვაზე უნდა მენდო. როცა მარგალიტი ჩემთან იქნება, მატარებლის ბილეთსა და ფულს გამოგიგზავნი. თუ არა – წერილს გავგზავნი შენს გამომძიებელთან... პროკურორთანაც...

– მაინც ვინ ხართ? მითვალთვალებდით? რანაირად?

– მითხარი, სად არის მარგალიტი?

დანეგრმა ამოიოხრა:

– ძველი ხიდის ქვეშ, საყრდენებთან. აგურების მეოთხე და მესამე წყებას შორის, ორი თითის სიღრმეზე...

მეორე დღეს გაზეთი „ფრანგული ექო“ წერდა:

„გუშინდელი საღამოდან, სახელგანთქმული შავი მარგალიტი ცნობილი თაღლითის, არსენ ლუპენის ხელშია. ის სარფიან და საქმიან წინადადებას ელოდება დაინტერესებული პირისგან!“

... ლუპენმა მკვდარი გრაფინიას საძინებელში ზუსტად ორმოცი წუთი გაატარა. ცხოვრებაში პირველად განიცადა ასეთი იმედგაცრუება. მერე ნელ-ნელა აღადგინა დანაშაულის სქემა. იმასაც მიხვდა, რომ დამნაშავე მხოლოდ ერთ-ერთი მსახურთაგანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მარგალიტის დაბრუნების შანსიც იყო, მაგრამ, ჯერ მსახური უნდა დაეჭირათ. ოღონდ, გამოძიებას ყველა სამხილი არ უნდა ჰქონოდა. ლუპენმა აიღო ხალიჩაზე მკვლელის დაუდევრობით დატოვებული მკვლელობის იარაღი – დანა და კარის საკეტიდან გასაღებიც გამოაძრო. სამაგიეროდ, ხელი არ უხლია იმ ღილისთვის, რომელიც, ალბათ, გამწარებულმა გრაფინიამ ორთაბრძოლისას მოჰგლიჯა მსახურის ქურთუკს. ახლა თავისი ანაბეჭდებიც უნდა წაეშალა და დალოდებოდა სამართალდამცავ „მანქანას“ და მის მექანიზმს... რაც შეეხება დანეგრს, მისი გამოჭერა საერთოდ არ იყო ძნელი – მკვლელები მამაცობით არ გამოირჩევიან...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3