კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹6-11(585) 

 

„თუ მამაკაცს აქვს ქორწინების მიღმა კავშირი ქალთან, ადრე თუ გვიან, მას ღალატში გამოიჭერენ; ხოლო, თუ ქალს აქვს ოჯახის გარეთ კავშირი მამაკაცთან, ადრე თუ გვიან, მას ეს მამაკაცი შეუყვარდება“... – თიკომ ჟურნალი გადადო და ქმარს შეხედა:

– გინდა, რაღაც საინტერესო წაგიკითხო? თუმცა, მე არ ვეთანხმები.

მიხო სარკის წინ პერანგის საყელოს ისწორებდა და ცოლის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თიკო გაღიზიანდა:

– შენ გელაპარაკები, არ გესმის?

– მესმის, ნუ ყვირი. თავი ხომ დაგიქნიე?

– მე არ დამინახავს.

– შენ თუ ჩხუბი გინდა დილიდან, პირდაპირ მითხარი, – ამოიოხრა მიხომ, – რა ჩვევა გაქვს, როგორ კარგ გუნებაზეც არ უნდა ვიყო, უეჭველი ჩამაშხამებ.

– მართლა? მე კი პირიქით მგონია. არასდროს არ მაქცევ ყურადღებას და არც მისმენ. როგორ გგონია, რამდენ ხანს გავუძლებ?

– თიკო, რატომ ცდილობ ყველაფრის პრობლემა შექმნა? მითხარი, ჩხუბი გინდა?

– არა. საერთოდ არ ვაპირებ შენთან ჩხუბს. რა აზრი აქვს?

– ოო, თიკოო... შენ აშკარად არ გაქვს საქმე და რაღაც უნდა მოგიხერხო. მაგალითად, სამსახური გიშოვო. დაკავდები კიდეც, შენი ფულიც გექნება და, თან, ცოტას გაერთობი. ყოველ შემთხვევაში, მე თავს დამანებებ.

– გინდა, რომ თავი დაგანებო? – თიკოს თვალები ცრემლით აევსო, – მაგით რისი თქმა გინდა?

– არაფრის. კარგი, თუ ასე გინდა, წამიკითხე, რა უნდა წაგეკითხა, ოღონდ, ნუ დამგესლე დედაჩემივით.

– ჯერ ერით, მე დედაშენი არ ვარ. მეორეც, თუ გინდა, აიღე ჟურნალი და წაიკითხე, მე სურვილი დამეკარგა, – თიკომ ჟურნალი გადაუგდო. მიხომ აიღო, სავარძელზე მიაგდო და ცოლთან მივიდა.

– გეხვეწები, რა! ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა მეჩხუბები ან როცა ასე მიყურებ. განვიცდი და მერე მთელი დღე ვნერვიულობ.

– რაღაც, არ გეტყობა, – ცრემლით დასველებული ღაწვები ხელისგულებით შეიმშრალა გოგომ, – ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ რატომ ვართ ერთად.

– ეე, კარგი რა!.. იმიტომ, რომ მიყვარხარ. ამას რა კითხვა უნდა? შენც გიყვარვარ... პატარა, ბუტია გოგო... აბა, შემომხედე და გაიცინე... იცი, როგორი მომწონხარ? ღიმილიანი და მხიარული. გინდა, დღეს კინოში წავიდეთ? მერე შენს საყვარელ კაფეში შევიაროთ, – მიხომ ცოლს თავზე გადაუსვა ხელი და ენა მოუჩლიქა. 

– თავი დამანებე, – თიკომ თმა შეისწორა, – წადი, სადაც მიდიოდი. ჩემზე ნუ იდარდებ. გადავიტან როგორმე.

– მოკლედ, ექვსი საათისთვის დაგირეკავ და მზად იყავი. მანამდე ბილეთებსაც ავიღებ. ჟურნალს კი აუცილებლად წავიკითხავ... მანქანაში. გპირდები, – მიხომ ჟურნალი აიღო, იღლიაში ამოიჩარა და ცოლს ლოყაზე აკოცა, – აუტანელი კი ვარ, მაგრამ რას იზამ, გენეტიკაა. ნელ-ნელა გამოვსწორდები.

თიკომ ხელი ჩაიქნია...

***

... ქეთიმ მაგდას გაუღიმა და თანამშრომლების ოთახისკენ გაიხედა.

– ჯერ არავინ მოსულა, – სწრაფად განუმარტა მაგდამ, – ძალიან ყოჩაღი ხარ. მოსვლას ვერავინ გასწრებს. თან, ყველაზე გვიან მიდიხარ. გინდა, ნათიას მოაწონო თავი?

– არა. უბრალოდ, მინდა, ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. სულ ეს არის.

– იცი, როცა შეფი აქ არ არის, მეტ-ნაკლებად ყველა ვსაჩკაობთ. აბა, მუშაობით ხომ არ დავიხოცებით! მადლობას მაინც არავინ გეტყვის, დამიჯერე.

– არც მინდა. არ ვარ მიჩვეული, ვინმე მანებივრებდეს.

– მართლა? – მაგდას თვალები აუციმციმდა, – რა საინტერესოა? ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე.

– არანაირი ისტორია არ მაქვს, ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ და სამსახური მჭირდება.

– სამსახური ყველას სჭირდება, ჩემო კარგო. თუმცა, აქ ცოტა „დავკონსერვდი“. ხელფასიც იმდენი არ არის, რამდენსაც ვისურვებდი.

ქეთიმ პასუხად მხოლოდ გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.

– არ გინდა, ცოტა ვიჭორაოთ? შენც მომიყევი და მეც მოგიყვები. თანამშრომლები ვართ, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს ხომ უნდა ვიცნობდეთ?

– მოსაყოლი არაფერი მაქვს-მეთქი... ხომ გითხარი. არც ჭორაობა მიყვარს.

– მოიცა, რა! ჭორაობა ყველა ქალს უყვარს და კაცებსაც, სხვათა შორის, – მაგდა ქალისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაულაპარაკა, – მე იმდენი რაღაც ვიცი... გაგარკვევ რაღაც-რაღაცეებში.

– ოღონდ, სხვა დროისთვის გადავდოთ, კარგი? ახლა უნდა ვიმუშაო.

– ისე, შენ მაინც მაგარი ხარ. მოსული არ იყავი და ფურორი მოახდინე – ეგრევე, ყურადღების ცენტრში მოექეცი.

– სხვათა შორის, სულაც არ მიხარია.

– რა?

– ყურადღების ცენტრში რომ აღმოვჩნდი. ნინისაც ამას ვეუბნებოდი...

– აჰა, ასეც ვიცოდი. ნინიმ უკვე დაგითრია, ხო? ეგეთია, არავის არაფერს დააცდის. ისე, ცუდი გოგო არ არის.

– მაგდა, შესვენებაზე განვაგრძოთ, რა, ჩვენი საუბარი. არ მინდა, ნათიასგან შენიშვნა მივიღო.

– კარგი. ყავა დავლიოთ მერე. შენ არ ეწევი, ხო?

– არა.

– მოკლედ, ყველაფრით სანიმუშო გოგო ხარ.

ქეთიმ აღარ უპასუხა, კარი შეაღო და ოთახში შევიდა. მაგდამ ტუჩები აიბზუა: „ჰმ, ხელოვნურია, აბა, რა... პოზა უჭირავს, რომ ძალიან სერიოზული და საქმიანია. ეტყობა, ეს კაცებზე კარგად ჭრის. ერთი მარიკოს უნდა ვუთხრა“, – მაგდა მოუსვენრად აწრიალდა. საათს ახედა. გოგოების მოსვლის დრო იყო. ერთიც იგვიანებდა და მეორეც. სამაგიეროდ, ნათიამ შემოაღო კარი და მაგდას სწორედ იმ მომენტში მოჰკრა თვალი, როცა მობილურზე რეკავდა.

– დარწმუნებული ვარ, ეგ საქმიანი საუბარი არ იქნება. ვერ მოგაშლევინეთ ჭორაობა!..

– არ ვჭორაობ, ქალბატონო ნათია, გოგოებმა დააგვიანეს და ვურეკავდი. კარგი, აღარ დავრეკავ.

– შენ შენი საქმე აკეთე და დაგვიანებაზე მე მოვთხოვ მაგათ პასუხს.

მაგდას უნდოდა ეთქვა, ხომ იპოვეთ სანიმუშო თანამშრომელიო, მაგრამ, გადაიფიქრა. ნათიასთან კამათი არ ღირდა. ქალი არ მოერიდებოდა, პირდაპირ ჩხუბზე გადასულიყო. ამიტომ, გაჩუმება ამჯობინა. ნათიამ წარბი ასწია და მბრძანებლურად გადახედა თანამშრომელს, აქაოდა, ჭკუით იყავი, ამ ოფისში ბევრი რამე მეკითხებაო.

მარიკო და ნინი შეთანხმებულივით ერთად მოქაქანდნენ... მარიკოს თმა მუქად შეეღება და სადად დაევარცხნა. მაგდამ მაშინვე გაფშიკა ცერი თითი:

– ყოჩაღ! შენ უკვე გისწავლია ჭკუა!

– რას გულისხმობ?

– შენს იმიჯს. ძალიან სერიოზული ხარ, აშკარად გიფიქრია.

– არაფერიც არ მიფიქრია. უბრალოდ, დღეს მკაცრი სტილი მომინდა.

– მკაცრი სტილი მოუნდა, – გამოაჯავრა მაგდამ და ნინის თვალი ჩაუკრა, – შენ რატომ არ მოგინდა მკაცრი სტილი?

***

მიხომ მანქანა შენობასთან ახლოს, კუთხეში გააჩერა. იქიდან კარგად ჩანდა კიბეც და მთავარი შესასვლელიც. საათს დახედა. რამდენიმე წუთში სალომე უნდა გამოჩენილიყო კიდეც. მიხო მოხერხებულად მოეწყო, მინა ჩამოწია და სიგარეტს მოუკიდა. კიბეზე კანტი კუნტად ჩანდნენ წყვილები...

– შენ აქ ვის ელოდები?

მიხო შემობრუნდა. სალომემ მძღოლის გვერდითა კარი გააღო და ჩაჯდა.

– შენ გელოდებოდი, სხვას ვის? ლექციებზე რატომ არ ხარ?

– ვიყავი უკვე. სკვერში ვიჯექი და უცებ შენი მანქანა დავინახე. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა. რა იყო, ცოდნის გაღრმავება ხომ არ გადაწყვიტე?

– მორჩი სისულელეებს! გითხარი, შენ გელოდებოდი-მეთქი. საქმე მაქვს.

– საქმე? შენ? ჩემთან? ისევ ნერვები უნდა მომიშალო? არ გეყო, რაც გადამრიე?

– მე გადაგრიე? რითი?

– ჰმ, არც ახსოვს. რომ მითხარი, ქეთის ვიღაც ჰყავსო.

– ვიღაც კი არა, თაყვანისმცემელი-მეთქი. შენი გადარევა არც მიფიქრია, რაც დავინახე, ის გითხარი.

– რაც დაინახა, ის მითხრა, – გამოაჯავრა სალომემ, – მე არ ვიცი, შენ რა დაინახე, მაგრამ, ფაქტია, რომ, ან თვალებმა მოგატყუა, ან მოწეულში იყავი და მოგელანდა. იმიტომ, რომ ქეთის არავინ ჰყავს, არანაირი თაყვანისმცემელი, არც ჰყოლია და, სავარაუდოდ, არც ეყოლება...

– ვითომ რატომ? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, იმედი ბოლომდე რომ გადაუწურე? – გაბრაზდა მიხო, – შევცდი, რა, შენთვის არაფერი არ უნდა მეთქვა. დედაშენსაც ჩაურაკრაკე ხომ ყველაფერი?

– რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, დედაჩვენია ის ქალი, დედაჩვენი! მით უმეტეს, რომ დედაშენი გაცილებით ადრე გახდა, ვიდრე დედაჩემი. ერთხელაც, გავმწარდები და ლელის ვეტყვი, არაფრად რომ არ აგდებ.

– ვაიმე, როგორ შემეშინდა! ლელი ჩემთან ვალშია. გესმის, შენ, ვალში! თანაც ისეთში, ვერაფრით რომ ვერ გადაიხდის. მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლებს არ ირჩევენ.

სალომემ ძმას საყვედურით შეხედა და სავარძელზე ხელი მოაფათურა:

– აშკარად რაღაცაზე ვზივარ... ეს რა არის? დიდი ხანია, ყვითელი პრესით დაინტერესდი? ეს ჟურნალი საიდან გაჩნდა?

– მე არც ყვითელი პრესა მაინტერესებს და არც შავი. ჟურნალი კი თიკომ შემომაჩეჩა, გინდა თუ არა, წაიკითხეო. დილაუთენია სკანდალი მომიწყო. ქალებს საშინელი ხასიათი გაქვთ. თვითონაც არ იცით, რა გინდათ და პრობლემებს თითიდან იწოვთ.

– დაიწყო წუწუნი. ერთი თიკოს ჰკითხე! კიდევ კარგად გიძლებს. შენნაირ ქმარს დიდი ხნის წინ დავახრჩობდი, არაფერი რომანტიკული შენში არ არის, ფული არ გაქვს, ნორმალური სამსახური არ გაქვს... ერთი სიტყვით, სრული უპერსპექტივობაა.

მიხოს გაეცინა:

– ძალიან საყვარელი ხარ, ზრდილობისა და ქალურობის განსახიერება. ლელის ბევრი შრომა დასჭირდება შენს გასასაღებლად. სიძეს მინიმუმ ბინა და ბოლო მოდელის „ჯიპი“ უნდა უყიდოს, შენს შერთვაზე რომ დაითანხმოს.

– დეგენერატო! – სალომემ მოკეცილი ჟურნალი მიხოს თავში ჩაარტყა, – ზოგჯერ მშურს კიდეც ქეთისი. იმას მაგაში მაინც გაუმართლა. მე ძმებიც მყავს, დაც, მაგრამ, რად გინდა?! ისეთი მარტოსული ვარ...

– ვითომ, ძალიან განიცდი ამას? რას აკეთებ იმისთვის, რომ რომელიმე ჩვენგანს უყვარდე? ხომ იცი, არც დედმამიშვილებს ირჩევენ.

– მეგონა, ეგ მარტო მშობლებზე ვრცელდებოდა.

– ცოტა ხანს გაჩუმდი და სიტყვა არ შემომიბრუნო, არ შეგიძლია?

– შემიძლია. გააჩნია, რას დამპირდები, – მაინც არ მოისვენა სალომემ.

– აუტანელი გოგო ხარ, გეტყობა, ლელის სკოლა რომ გაქვს გავლილი. 

სალომე შეიჭმუხნა:

– ასე ძალიან რატომ ვერ გვიტან?

– ვის?

– მე და ლელის.

– საიდან მოიტანე? პირიქით, ძალიანაც მიყვარხართ ორივე.

– ჰო, აბა რა, ღამეები არ გძინავს ჩვენი სიყვარულით. რატომღაც, მგონია, რომ სამაგიეროს გვიხდი.

– შენ თუ იმას?

– ორივეს. რაში ვართ დამნაშავეები? იმაში ხომ არა, რომ ვარსებობთ?

– გარკვეულწილად – კი... მაგრამ, შენი პატარა, ერთი ციდა ტვინი ამას ვერ გაიგებს.

– შენც, სცადე და ამიხსენი. რა იცი, იქნებ გავიგო, – აღარ მოეშვა სალომე, – სულ შეურაცხყოფას რატომ მაყენებ? გიო თვალებში შესცქერის ქეთის. მეც მინდოდა, ასეთი ძმა მყოლოდა.

– გიო შენი ისეთივე ძმაა, როგორიც მე – რა მნიშვნელობა აქვს, დედა გვეყოლება საერთო თუ მამა?

– შენ მართლა ასე ფიქრობ? – შუბლი შეიკრა სალომემ.

– ჰო, აბა, რა. მიკვირს კიდეც, კარგი ურთიერთობა რომ არ გაქვთ. ერთ სახლში ცხოვრობთ და იმასთან გაცილებით ახლოს უნდა იყო.

– მოიცა, რა! იმას მარტო ქეთი უყვარს, მე საერთოდაც მტრად აღმიქვამს. ისე, შენთან ერთადაც ვცხოვრობდი ერთ სახლში, – გამოაჯავრა სალომემ, – რატომ არ გიყვარვარ?

– ვინ გითხრა, რომ არ მიყვარხარ? – მიხომ დას მხარზე მოჰხვია ხელი, – უბრალოდ, ზოგჯერ შენში ლელის ვხედავ და ნერვები მეშლება.

– რატომ?

– ზოგადად, არ მიყვარს მოღალატე ქალები.

– შეუყვარდა... ხდება ასეთი რაღაც... თავისი ბრალი ხომ არ არის? შეუყვარდა...

– რას მეუბნები?! – ყასიდად გაიოცა მიხომ, – ლელის სიყვარული შეუძლია?!

სალომემ წყრომით შეხედა:

– ასე ნუ ლაპარაკობ, ძალიან ვბრაზდები.

– ჰო, კარგი, კარგი! შენ ნუ დაიგრუზები... მე ჩემი ბავშვობისდროინდელი წყენა მომყვება. ძალიან მიყვარდა მამა.

– მეც მიყვარდა, სანამ მეგონა, რომ მამაჩემი იყო, – ამოიოხრა სალომემ, – ისე, რა უცნაურია, არა, ცხოვრება?!

– ცხოვრება არაფერ შუაშია, მაგრამ, არ გვინდა ამაზე, ისევ მოგეშლება ნერვები. სახლში წაგიყვანო?

– არა, გოგოები მელოდებიან, გავივლი სადმე.

– ლელიმ რა თქვა, როცა უთხარი, რომ შეიძლება, ქეთის თაყვანისმცემელი ჰყავდეს?

– რას იტყოდა, დამცინა. 

– შენ დაგცინა, მე კი გამლანძღა, არა?!

– დამშვიდდი, ინფორმაციის წყარო არ გამიმხელია, არც ასეთი სულელი ვარ.

– ყოჩაღ, რაღაც-რაღაცეები შენც გისწავლია.

– ჰო, აბა რა!.. ახლა რაღა გინდა?

– არაფერი. წავალ მაშინ.

– მოკლედ, ამდენი აღარ მოწიო, კარგი? თორემ, გეჩვენება უკვე რაღაც-რაღაცეები.

– გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი? როდის გინახივარ მოწეულში? მარტო ადამიანებზე ვკაიფობ, კიდევ ცხოვრებაზე. მოკლედ, მე არაფერი მომჩვენებია და, თუ არ მიჯერებ, შენი პრობლემაა.

 – კარგი, დავუშვათ, მე ბოღმიანი ვარ და არ მინდა ქეთის ბედნიერება...

 – რა, არ არის ასე? – დასცინა მიხომ.

– დამაცადე, ჯერ არ დამიმთავრებია... მოკლედ, დავუშვათ-მეთქი. შენ რა გამოძრავებს? რაში გაინტერესებს ქეთის პირადი ცხოვრება?

მიხომ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი, აბა?! ხომ გითხარი, ადამიანებზე ვკაიფობ-მეთქი.

– მთლად ასეც არ არის. შენც ზუსტად ისეთივე ბოღმა ხარ, როგორც მე და, ტყუილად ცდილობ, საპირისპირო დამიმტკიცო.

– მეც ლელის შვილი ვარ, – თავი „გაიმართლა“ მიხომ და გაიცინა, – ან, შეიძლება, საქმეც არაფერი მაქვს. ვინ იცის...

– იმიტომაც ვთქვი, შენს ცოლს მაგარი ნერვები უნდა ჰქონდეს-მეთქი. წავედი, დრო ტყუილად დამაკარგვინე.

– შენ მაინც ყურადღებით იყავი... რა ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის...

– ჰო, აბა რა, მაგას გავაკეთებ. არ არის პრობლემა.

***

ასათიანმა ცხელი სასმელი შეუკვეთა და ბუხართან მოეწყო, ხის სკამებზე გადაფენილ დათვის ტყავებზე... პარტნიორი არ ჩანდა. ასათიანი არ გაუღიზიანებია მის დაგვიანებას. თავს კარგად გრძნობდა... ორი საათი ისრიალა და გული იჯერა. ის საქმეც თითქმის მოაგვარა, რისთვისაც ჩამოვიდა – მშვენიერი, არც ისე პატარა სასტუმრო შეარჩია და ფასზეც შეთანხმდა.

„...სანამ ფულის ხარჯვას დაიწყებ, ჯერ უნდა გამოიმუშავო ის იმ ქვეყნებში, სადაც კაპიტალიზმი გამოიგონეს. ადამიანებს უკვე დაავიწყდათ, რომ სიმდიდრეს ჯერ დაგროვება სჭირდება, რომ მერე გაფლანგო...“ – დიმიტრის გაეღიმა. მამის ეს სიტყვები ყოველთვის მაშინ ახსენდებოდა, როცა დიდ ფინანსურ გარიგებასა და დანახარჯზე იყო ლაპარაკი. ამჯერად სწორედ უფროსი ასათიანის მითითებით მოქმედებდა. თუმცა, იმაზე გაცილებით მეტი უნდა დაეხარჯა, ვიდრე მამასთან შეათანხმა. თუმცა, სახლი ამად ნამდვილად ღირდა. უფროს ასათიანს შეეძლო, სიბერის წლები სუფთა ჰაერზე, ულამაზეს გარემოში გაეტარებინა, თან, სასტუმროს მმართველის რანგში თავი საქმით შეექცია.

 დიმიტრიმ თვალები დახუჭა. უყვარდა მარტო ყოფნა და ფიქრი. დეპრესიისკენ მიდრეკილი არასდროს ყოფილა, მაგრამ, სიმშვიდის ასეთი პერიოდები მაინც მოსწონდა და სჭირდებოდა.

– უკაცრავად, დავაგვიანე...

ასათიანმა პარტნიორს ღიმილით ჩამოართვა ხელი და ოფიციანტი მოიხმო...

***

ნინიმ ყავა მოხვრიპა და მარიკოს თვალი ჩაუკრა.

– ასეა, ჩემო კარგო, ასე... ზოგი ცდილობს, სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ და საერთოდ არ ცდილობს საკუთარი თავით დაიწყოს ცვლილებები. რატომ უნდა იფიქრო იმაზე, რა გაუკეთო კაცობრიობას კარგი, როცა არაფერი გაგიკეთებია შენთვის?!

– რა გჭირს, ნინი? ფილოსოფიაზე აგცრეს თუ სერიოზულობა გადამდებია?

– სერიოზულობა რომ გადამდებია, ამისთვის შენი მაგალითიც გამოდგება, – აკისკისდა ნინი, – კონსერვატიული სტილი მოირგე და მთელი დღეა, ისეთი გამომეტყველება გაქვს, ვინმე იფიქრებს, ზოგადსაკაცობრიო იდეები აწუხებსო.

– რა მაწუხებს? – ვერ მიხვდა მარიკო, – არაფერიც არ მაწუხებს, – უბრალოდ, მომბეზრდა ღრმა დეკოლტე და მინი. ერთფეროვნება დამღლელია.

– გოგოებო... ვიცოდი, რომ აქ იქნებოდით... რატომ გამომეპარეთ? ყავა მეც მინდა.

– მერე, დაჯექი და დალიე. ხელში ხომ არ აგიყვანდით, ცხვირწინ არ ჩაგიარეთ?! – გაღიზიანდა მარიკო, – ნათიამ რომ საყვედური აგვკიდა, დაგვიანებისთვის, მაშინ სად იყავი?

– მოცია, აქ ვიყავი, მაგრამ, რა უნდა გამეკეთებინა? დარეკვას ვაპირებდი, რომ მეთქვა, ფეხს აუჩქარეთ-მეთქი, მაგრამ, წამომადგა თავზე და ისე გამლანძღა...

– ასათიანი როცა სადმე მიდის, ეგ სულ ასე იქცევა, – განმარტა ნინიმ, – პირველი შემთხვევა ხომ არ არის? უფროსობის შანსი ეძლევა და ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. არასრულფასოვნების კომპლექსია, თანაც, მკვეთრად გამოხატული.

– ჩვენთვის რა შეღავათი? ასათიანმა ეგ კი არა, ვახო დატოვა უფროსად, – თქვა მარიკომ. 

– ვახო... შენც, ნახე რა, ავტორიტეტი! ეტყობა, დიდი ხნით არ დავუტოვებივართ, თორემ, უფროსი ასათიანი შეგვახსენებდა თავს, – ამოიოხრა მაგდამ, – ისე, რამდენი ხანია, არ მინახავს. ეტყობა, ფირმის საქმეებში საერთოდ აღარ ერევა, წავიდა დამსახურებულ პენსიაზე.

– რატომაც არ წავა, გენაცვალე, დააგროვა მილიონები და, როგორც ვიცი, ასათიანი ევროპაში მისთვის სასტუმროს შესაძენადაა წასული, – წამოსცდა მარიკოს.

მაგდამ და ნინიმ გაოცებით შეხედეს. მარიკო მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა. მაგრამ, უკვე გვიან იყო. ნათქვამს ვეღარაფერს უშველიდა. ამიტომ, სანამ რამეს ეტყოდნენ, იქით შეუტია.

– რა ვთქვი ახლა ისეთი, პირდაღებულები რომ მომაშტერდით?! რაღაც-რაღაცეებს მეც ვიგებ, ყურებიც მაქვს და თვალებიც!

– არ მითხრა, რომ ასათიანის საუბრებს უსმენდი საიდუმლოდ. საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? მგონი, ნათიამაც არ იცის, რა საქმეზეა ასათიანი ევროპაში წასული, – თქვა მაგდამ.

მარიკო გაჩუმდა და ჯიუტად გადააქნია თავი.

– მიდი, მიდი, მოყევი ბოლომდე, – შეაგულიანა ნინიმ, – აწი მაინც ერთი ფასი აქვს.

მარიკომ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და მერე აღიარა:

– ვახომ მითხრა. კაფეში ვიყავით...

ნინიმ წაუსტვინა და წამოიძახა:

– ეჰეე!..

– რა „ეჰე“? – მაშინვე გააპროტესტა მარიკომ, – არავითარი „ეჰე“. კაფეში ვიყავით, სულ ეს არის.

– რატომ ნერვიულობ? ჩვენ რამე ვთქვით? – „დაამშვიდა“ მაგდამ და ნინის მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.

– არ გინდათ, რა! შემომთავაზა, ყავა დავლიოთო და უარი არ ვუთხარი, ქაჯი ხომ არ ვარ?!

– გეთანხმები,  მაგრამ, ისე, ცნობისთვის, მაინც გეტყვი, მაგ ვახოს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყავს და ფრთხილად იყავი.

მარიკომ მხრები აიჩეჩა:

– სულ ტყუილად ზრუნავ ჩემზე. ვახოსთან არაფერი მესაქმება, მით უმეტეს – მის ცოლთან. შეუძლია, მშვიდად იყოს.

– ის კი არა, შენ უნდა იყო მშვიდად. ვახო სულელია და უპასუხისმგებლო. შენ კი ამბობ, მარტო ყავა დავლიეთ და მეტი არაფერიო, მაგრამ, არ არის გამორიცხული, თავად დასახოს შორსმიმავალი გეგმები.

– შორსმიმავალი გეგმები არა, ტოლმა! – მარიკომ ხელები აიქნია, – ვერაფერს ვერ მიხვდი, რა! მინდოდა, დავლაპარაკებოდი, ინფორმაციის მოსაპოვებლად. ხომ გესმის, რა მაინტერესებდა?

– მერე, მაგან რა იცის?! – დაიჭყანა მაგდა, – ასათიანი იმის ჩიტია, თავის გრძნობებზე ვახოს ელაპარაკოს?

– მოიცა, რომელი გრძნობები? არ გამაგიჟო ახლა... – ახითხითდა ნინი, – ქეთი შეუყვარდაო, არ მითხრა, მაინც არ დავიჯერებ!

– ასეც ნუ იტყვი... მდიდრებს ოფოფები ჰყავთ, თანაც, საკმაოდ ბევრი. ექსტრემალურები არიან, – არ დაეთანხმა მაგდა.

– ექსტრემალურები თუ ექსტრავაგანტურები? – ნინი გაწითლდა სიცილით, – აუ, მაგდა, შენი ცოდნის დონე მაგიჟებს...

– ტყუილად დამცინი... მე უკვე ვიცი, რითაც მიიქცია ყურადღება „ახალმა“.

– აბა, რითი? – თვალები მოჭუტა მარიკომ.

მაგდამ პასუხის ნაცვლად შუბლზე მიუკაკუნა საჩვენებელი თითი.

– თქვი ახლა, რას გვაინტრიგებ? – ვეღარ მოითმინა ნინიმ.

– ასათიანს და, ზოგადად, კაცებს, მოსწონთ, როცა ქალი რაღაცას მალავს, პირადი ცხოვრების პონტში, რა... ჰოდა, ეს ჩვენი „ახალი“ მაქსიმალურად ცდილობს, საიდუმლოებით მოცული, სადა და საცოდავი არსების როლი მოირგოს, თანაც – დაუცველის.

– შენ ფიქრობ, რომ ასათიანი ამით შეებმევა? – დაეჭვდა მარიკო.

– რატომაც არა?! მობეზრდა კაცს ნაშები და „უცხო ხილი“ მოუნდა. არ გაგიგია?! ერთფეროვნება მოსაწყენია. მაგას რაღაცის კომპლექსებს ეძახიან... აი, იმისი... პიგმენტონის თუ რაღაც ამდაგვარის.

– პიგმალიონის, მაგდა, პიგმალიონის... – შეუსწორა ნინიმ დიდსულოვნად და მარიკოს შეხედა, – პრინციპში, გამორიცხული არ არის, იცი, შენ?! იდეინი ტიპებს უყვართ, როცა თვითონ მუშაობენ რაღაცის შექმნაზე. ასე რომ, მარიკო, სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიფიქრო.

– ჰმ, მაინც, რა უნდა მოვიფიქრო? ბარემ მასწავლე. შენ ისეთი ჭკუის კოლოფი გვყოლიხარ, მაგასაც მეტყვი.

– თითქმის მიხვდი. ისეთი ჩაცმული მოხვედი, აშკარად რაღაც გიგრძნია.

– მეტი საქმე არ მაქვს, ასათიანის გამო საფრთხობელასავით ჩაცმულმა ვიარო, – ტუჩი აიბზუა მარიკომ, – ეგ ერთადერთი კაცი არ არის ქალაქში. აკეთოს თავისი პიგმალიონი და იკაიფოს, პრობლემა არ მაქვს...

– ჩვენ რომ გასართობი არ მოგვაკლდება, ფაქტია... – ხელები მოიფშვნიტა მაგდამ, – დროული იყო, თორემ, ლამის არის, მოწყენილობამ მომკლას.

– ჰო, ეგეც არის, – თქვა ნინიმ,– თქვენ კიდევ ყველაფერი არ იცით. ჩემი უშოც დაავადდა მაგ კომპლექსით – შემომაპარა, ქეთი გამაცანიო.

– რა?! – თითქმის ერთდროულად წამოიძახეს მაგდამ და მარიკომ, – ეს სენია თუ ვირუსად გავრცელდა? მომწონსო, ასე გითხრა?

– მთლად ასეც არ უთქვამს, მაგრამ... – ნინიმ მაგდას შეხედა...

– მე რატომ მიყურებ? ხომ არ გგონია, რომ შენი უშოთი ვარ დაინტერესებული? – აღშფოთდა მაგდა.

– არაფერიც არ მგონია და, საერთოდ, შესვენება უკვე დამთავრდა... – ნინიმ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და სკამი ხმაურით მისწია, – ავიდეთ, სანამ ნათია დაგვაცხრა თავზე...

***

კიდევ ერთი ეპიზოდი – თითქმის უცვლელი სურათი. მოქმედი პირებიც იგივე, მხოლოდ დრო იცვლება: ჩხუბი ოჯახში ყოველდღიურობად იქცა. ქეთი თავისი ბავშვური ჭკუით ცდილობს, რამე გავლენა მოახდინოს მშობლებზე, მაგრამ, არაფერი გამოსდის... მერე, დედა ფეხმძიმედ არის და დროებითი ზავიც მეტ-ნაკლებად მიღწეულია... თუმცა...

ლელიმ ხმაურით ჩაყარა ჭურჭელი გასარეცხ ნიჟარაში და გაზქურასთან მდგარ ქეთის უკმეხად მიმართა:

– შენ, ბოლო დროს, შენს მოვალეობებს არ ასრულებ, საერთოდ აღარაფერს აკეთებ! მოდიხარ სამსახურიდან, ჭამ, ტელევიზორს უყურებ და იძინებ. როგორ გგონია, კიდევ დიდხანს ავიტან ამას? ოღონდ, არ მითხრა, რომ სამსახურში იღლები. ამ მიზეზს არ მივიღებ, რადგან, საერთოდ არ მაინტერესებს, გესმის?

– მესმის და ვეცდები, როგორმე სახლის საქმეც გავაკეთო. თუმცა, ჭურჭელი მარტო გუშინ არ დამირეცხავს. ვაუთოებდი.

– მიზეზი არ მაინტერესებს-მეთქი, არ გითხარი? – ხმას აუწია ქალმა, – ისღა მაკლია, იმაზე ფიქრით დავღალო ტვინი, დრო როგორ გაანაწილო. ეს შენი პრობლემაა. მარტო შენი!.. ფაქტია, რომ სახლში უსაქმურებს ვერ ვიტან. ისიც გეყოფა, მამაშენი რომ ზის იქ უსაქმურად და კაპიკებს მიგზავნის.

– უსაქმური და უვარგისი თუ იყო, რატომღა გაჰყევი ცოლად?!  – წამოსცდა ქეთის და მაშინვე ინანა.

ქალი ჭარხალივით გაწითლდა და ხელები დამუშტა:

– თავხედო! ენას როგორ მიბრუნებ? ღირსი კი ვარ, შენგან ასეთი უმადურობის. საკუთარი შვილებივით გაგზარდეთ შენ და შენი ძმა. გიო მაინც, სულ პაწაწინა იყო და, თან, საშინელი ჭირვეული, ღამეებს მათენებინებდა! იმდენი რამე გადავიტანე... უძილობა, დამცირება... მამაშენი რომ არ მყვარებოდა, ამხელა მსხვერპლზე რატომ წავიდოდი?

– არ ვიცი, – ამოიოხრა ქეთიმ, – მე მარტო ის ვიცი, რომ, სანამ ჩვენს ცხოვრებაში თქვენ გამოჩნდებოდით, დედაჩემს და მამაჩემს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი... ძალიან... – გოგოს თვალები ცრემლით აევსო...

– იმის თქმა გინდა, რომ მე დავანგრიე შენი ძვირფასი მშობლების სიყვარული? გველის წიწილი ხარ! შენ რა იცი? გეკითხები, შენ რა იცი ჩემზე? წარმოდგენა არ გაქვს, როდის გამოვჩნდი მამაშენის ცხოვრებაში და რა იყო ჩვენ შორის! – იწივლა ლელიმ, – ეგოისტი ხარ დედაშენივით და მესაკუთრე! ეს დედაშენმა დამინგრია და გამიმწარა ცხოვრება, იმან, და არა მე!..

– დედაჩემს თავი დაანებეთ, მკვდარი მაინც მოასვენეთ! არ გეყოთ, რაც ცოცხალს გაუკეთეთ?

– ენა გააჩუმე, საზიზღარო! უზნეო! რა დავაშავე, ღმერთო!.. რატომ არ მაძლევ ბედნიერების უფლებას, რისთვის ამკიდე ასეთი ტვირთი?

– რა გაყვირებს, დედა? – იკითხა სამზარეულოში შემოსულმა სალომემ და ქეთის ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3