კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასაჯა სტალინმა ოთხი კლასის განათლების მქონე უშიშროების მინისტრი

 

მთელი ომის განმავლობაში თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე იყო სამხედრო კონტრდაზვერვის ხაზით, ამავე დროს, ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის  მთავარ სამმართველოს – „სმერჩს“ („სმერტ შპიონამ”) და 1951 წლამდე, მისი საქმიანობით სტალინი კმაყოფილი იყო. სახელმწიფო უშიშროების მინისტრად ვიქტორ სიმონის ძე აბაკუმოვი 1946 წლის მაისში, ამ თანამდებობიდან ლავრენტი ბერიას ფავორიტის, მერკულოვის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. ის არც ინტელექტით გამოირჩეოდა და არც განათლებით. წარმოუდგენელი იყო, რომ უზარმაზარი ქვეყნის პოლიტიკურ დაზვერვასა და კონტრდაზვერვას ოთხი კლასის განათლების მქონე ადამიანი განაგებდა, რომელსაც სერიოზული ოპერატიული მომზადებაც კი არ ჰქონდა გავლილი. 

როგორც  მოსალოდნელი იყო, ამ პოსტზე მუშაობას აბაკუმოვმა თავი ვერ გაართვა და მარიონეტი გახდა სხვების ხელში. მისი „დაცემა“ თითქოს უმნიშვნელო – „სპეცვაჭრობის საქმიდან“ დაიწყო. პოლიტბიუროს ორმა წევრმა, მიქოიანმა და კოსიგინმა, სათანადო რესურსების არარსებობის გამო, ამ ორგანიზაციის, რომელიც უშიშროების თანამშრომლებს ფართო მოხმარების საგნებითა და კვების პროდუქტებით მომარაგებას ემსახურებოდა, ლიკვიდაციის წინადადება დააყენეს. ამას აბაკუმოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. „როგორ! – ამბობდა ის, – თავდაცვის სამინისტროს, რომელიც მშვიდობის გამო საბრძოლო მდგომარეობაში არ იმყოფება, სამხედრო ვაჭრობის წერტები (ვოენტორგი) უნდა ჰქონდეს, უშიშროების სამინისტროს, კი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის უცხოეთის დაზვერვების გამოწვევებს მთელ მსოფლიოში, მომარაგება (სპეცტორგი) უნდა მოუსპოთ?” უშიშროების შეფი იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიტბიუროს სხდომაზე მიქოიანსა და კოსიგინს „დურაკები” უწოდა. სტალინმა სასწრაფოდ შეაწყვეტინა სიტყვა და მკაცრად უთხრა: „გიკრძალავ, პილიტბიუროს წევრებს „დურაკები“ უწოდო!“, შემდეგ „დურაკებს“ გადახედა და ჰკითხა, ხმას რატომ არ იღებთ, უშიშროების უფროსი რომაა, იმიტომ ხომ არ ეთანხმებითო. რა თქმა უნდა, სტალინის პოზიცია აბაკუმოვის უტაქტობიდან არ გამომდინარეობდა, ის ამას აპატიებდა, რადგან, ყველამ იცოდა, რომ მის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. აბაკუმოვი მოსკოვში იყო დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ, როგორც ამბობენ, წინაპრების თბილისური გენები „აწუხებდა“ – ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ფოქსტროტი და ქალები, მწვადები კი მისთვის სპეციალურად მოსკოვის ქართულ რესტორან „არაგვიდან“ მოჰქონდათ. საქმე ის იყო, რომ სტალინს მასზე სერიოზული, მაგრამ, არასაკმარისად მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონდა მიწოდებული. კერძოდ, პოლკოვნიკმა ჯუგამ, ერთ-ერთი მოხსენების დროს, მაგიდაზე ფოტო დაუდო, რომელზეც ნასვამი და გაღიმებული უშიშროების შეფი ერმიტაჟის ბაღში ახალგაზრდა ლამაზმანს უზარმაზარ ყვავილების თაიგულს სჩუქნიდა. ფარული შემოწმებით კი აღმოჩნდა, რომ ლამაზმანი ინგლისის დაზვერვასთან იყო კავშირში. ცხადია, ეს ბევრად აღემატებოდა „სპეცტორგის” საქმეებს, მაგრამ, სტალინმა არ იჩქარა და ჩვეული სიდინჯით შეუდგა საქმეს: პირველ ყოვლისა, ჯუგას აბაკუმოვის აქტიურ ოპერატიულ-აგენტურულ დამუშავებაში აყვანა დაავალა, ამასთან, „სპეცტორგის” საქმიანობის შემსწავლელი კომისიაც შექმნა. რეალურად, ეს კორუფციასთან უპრეცედენტო ბრძოლა იყო ჩეკისტების გულში. 

სახელმწიფო ქონების დატაცება

კომისიამ „სპეცტორგში” მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადრე ყაზანის „სპეცტორგის” უფროსი ყოფილა, რა დროსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშიც იყო მიცემული თაღლითობისთვის, შემდეგ კი, საოცარი გზებით, მოსკოვის ცენტრალური საწყობის დირექტორი გახდა და ორ მილიონზე მეტი ღირებულების სამრეწველო და საყოფაცხოვრებო პროდუქტები დაიტაცა, რისთვისაც ამ უწყების მოსკოვის საოლქო ხელმძღვანელი 25 წლით გაასამართლეს, თვითონ კი აბაკუმოვის წყალობით თანამდებობას ინარჩუნებდა. ამ ყველაფრისთვის უშიშროების შეფმა პირველი სასტიკი საყვედური მიიღო სტალინისგან. ცხადი იყო, რომ აბაკუმოვის ვარსკვლავი ჩაქრა. მეორე ჩავარდნა უფრო სერიოზული იყო – ის უშიშროების ერთ-ერთ  საიდუმლო სამმართველოს საქმიანობას ეხებოდა, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი შეველიოვი ხელმძღვანელობდა და საკუთარი უწყების შეცდომა აბაკუმოვმა სტალინს დაუმალა, მეტიც, ვინც ხმა ამოიღო  (მაიორი შჩუკინი) ჩრდილოეთ კორეაში მიავლინა, სადაც ის „გაურკვეველ“ ვითარებაში გარდაიცვალა. სტალინმა ამ საიდუმლო სამსახურის ყველა თანამშრომელი კადრების განკარგულებაში აიყვანა, სამმართველო კი პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაუქვემდებარა. აბაკუმოვმა კი მეორე სასტიკი საყვედური მიიღო. ერთ დროს ძლევამოსილი უშიშროების მინისტრის რეპუტაცია დაეცა. მას კარგად ესმოდა, რომ მისი ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ხმალი ქარქაშში მაინც არ ჩაუგია.

კარცერში გარდაცვლილი  ექიმი

უშიშროების სამინისტროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად პოლკოვნიკი რიუმინი მუშაობდა. ის ჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებდა, როცა მასთან დაკითხვაზე ექიმი მიიყვანეს, რომელსაც უცხოეთის დაზვერვის აგენტობა ედებოდა ბრალად. ბრალდებულმა თქვა, რომ კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს პროფესორების ნაწილი, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მკურნალობა ევალებათ, სამშობლოს მოღალატეები არიან და ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებენ პოლიტბიუროს წევრებისა და თვით სტალინის წინააღმდეგაც კი. ექიმმა ისიც თქვა, რომ მათ მოკლეს ჟდანოვი და შჩერბაკოვი. ამას თან ერთვოდა ამავე დაწესებულების ექიმი-კარდიოლოგის, ტომოშჩუკის განცხადება, რომ ჟდანოვსა და შჩერბაკოვს არასწორად მკურნალობდნენ: განზრახ შეცდომით შიფრავდნენ ელექტროკარდიოგრამებს, რათა მიოკარდის ინფარქტის ნიშნები არ აღმოჩენილიყო. რიუმინის სენსაციურ ინფორმაციაზე აბაკუმოვმა სრული იგნორირება მოახდინა, იმის მიუხედავადაც კი, რომ პოლკოვნიკმა ეს ყოველივე მას პირადად მოახსენა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ, შეთქმულების დადასტურების შემთხვევაში, მის კარიერას წერტილი დაესმებოდა. მან ღიად უთხრა რიუმინს, რომ სახელმწიფო უშიშროების ტოტალური კონტროლი გამორიცხავდა ექიმების მხრიდან მსგავსი მცდელობების შესაძლებლობას. პოლკოვნიკი მაინც არ ცხრებოდა და ერთ-ერთ პარტიულ შეკრებაზე ხმამაღლა განაცხადა, რომ სახიფათო შეთქმულება  გახსნა, მაგრამ მინისტრი ყურადღებას არ აქცევს და საქმის მიფუჩეჩებას ცდილობს. თამამი განცხადებები რიუმინს ძვირად დაუჯდა:  მინისტრის დისკრედიტაციისთვის ის გამოძიებას ჩამოაშორეს, სასტიკი საყვედური მისცეს და ყირიმში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც გემოვნებით „ჩახვეულ“ დეტექტივში: რიუმინმა, პოლიტბიუროს წევრის, მალენკოვის დაცვის ნაცნობი თანამშრომლის დახმარებით, წერილის გადაცემა მოახერხა. მალენკოვი მაშინ ცენტრალური კომიტეტის მდივანიც იყო და დაუყოვნებლივ ლავრენტი ბერიასკენ გაეშურა მოსათათბირებლად. მის გასაკვირად, ბერიამ უთხრა, რომ საქმის კურსშია, მაგრამ, ურჩია, სტალინისთვის მოეხსენებინა. ასეც მოიქცა. – სტალინი კაბინეტში, მაგიდასთან, ფეხზე იდგა და იმ წერილის ასლს კითხულობდა, რომლის შესახებაც აპირებდა ცეკას მდივანი საიდუმლო საუბარს.  

– კარგია, რომ მოხვედით, – თქვა ბელადმა, მოდი, ერთად მივიღოთ და მოვუსმინოთ განმცხადებელს, – და თავის თანაშემწეს, პოსკრებიშევს უბრძანა, რიუმინი მოსულიყო. ამ პერიოდში უშიშროებაში „საინტერესო“ ამბები ხდებოდა: აბაკუმოვის ბრძანებით, ექიმი, რომელმაც გამომძიებელს ჩვენება მისცა, ციხის რეჟიმის დარღვევისთვის კარცერში ჩააგდეს, რაც აშკარად პროვოცირებული იყო. დილეგში, რომელიც კარცერის დანიშნულებით გამოიყენებოდა, ადამიანს მაქსიმუმ ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში შეეძლო გაძლება. ექიმი, „დაუდევრობის“ გამო მთელი დღე-ღამის განმავლობაში არავის „გაახსენდა”, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.  

უშიშროების მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ აბაკუმოვის კაბინეტში, საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს შინაგანი ციხის უფროსს, პოლკოვნიკ მირონოვს, პატიმრის სიკვდილის ცნობის შესახებ პატაკი  დამთავრებული არ ჰქონდა, როცა სამთავრობო ტელეფონმა დარეკა. მან კაბინეტიდან გასვლაც კი ვერ მოასწრო.

– რა ხდება ექიმების საქმესთან დაკავშირებით? – ნაცნობი ხმა გაიგონა აბაკუმოვმა.

– ჯერჯერობით გაურკვეველია, ამხანაგო სტალინ, – ამოღერღა მინისტრმა, შემდეგ თავის ხელში აყვანა შეძლო და განაგრძო, ეს ყველაფერი ანგლოამერიკული დაზვერვის პროვოკაციას ჰგავს.

– პროვოკაციას? – ჩაეკითხა სტალინი, – დაუყოვნებლივ მომიყვანეთ დაპატიმრებული ექიმი კრემლში, პირადად დავკითხავ.

 აბაკუმოვს ენა დაება, ცივმა ოფლმა დაასხა.  – დაყრუვდით? – არ ცხრებოდა სტალინი, – არ გესმით? დაუყოვნებლივ მომიყვანეთ პატიმარი! 

პაუზის შემდეგ მინისტრმა მოახსენა, რომ ექიმის დაკითხვა შეუძლებელი იყო, რადგან ის ერთი საათის წინ გარდაიცვალა. 

 – გარდაიცვალა?  – თითქოს გაკვირვებული ტონით იკითხა სტალინმა,  პაუზის შემდეგ კი უბრძანა სახლში წასულიყო და უშიშროების სამინისტროში ფეხი არასდროს მიედგა, შემდეგ ხმასაც აუწია და უთხრა, რომ, შეეძლო, შინაპატიმრობაში ჩაეთვალა თავი. ამის შემდეგ მომენტალურად დაურეკა ჯუგას და დაავალა, მიეტანა ყველაფერი, რაც აბაკუმოვზე ჰქონდა.

– ომის შემდეგ აბაკუმოვი  „ნადავლის ავადმყოფობით“  დაავადდა. „ტროფეებს“ სპეციალურ საწყობებში ინახავდა, რომელიც, როგორც ოპერატიული მნიშვნელობის მქონე, ოფიციალურ აღრიცხვას არ ექვემდებარებოდა. შემდეგ კი მას, როგორც უნდოდა, ისე განკარგავდა.

დადასტურებული მონაცემებით, ასეთი საწყობებიდან მან ათასობით მეტრი შალისა და აბრეშუმის ქსოვილები და გერმანული ავეჯის რამდენიმე გარნიტური გაიტანა, ისევე, როგორც ჩაის სერვიზები, ხალიჩები და საქსონური ფაიფური.

1944-1948 წლების განმავლობაში აბაკუმოვმა 600 000 მანეთზე მეტი ღირებულების ფასეულობები დაიტაცა.

1948 წელს მან, კოლპაჩნის შესახვევის N11 სახლიდან 16 ოჯახი გაასახლა და შენობა მთლიანად დაიკავა. სახლის რემონტსა და მოწყობაზე სამინისტროს სახსრებიდან მილიონამდე მანეთი დაიხარჯა. იქ არქიტექტორი რიბაცკი, ინჟინერი ფილატოვი და 200 მუშა, ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. 1950 წლის მარტში სამინისტროს პირველი განყოფილების ბუღალტერიას აღრიცხვის განადგურება  უბრძანა, რომელსაც ხელმძღვანელი მუშაკების მომსახურება ევალებოდა. 

სტალინმა მომხსენებელი შეაჩერა, საკმარისიაო, ფეხზე წამოდგა და თქვა – როგორ ვენდობოდი მაგ ძაღლისშვილსო.

P.S ვერდიქტი

1951 წლის 13 ივლისს გენერალ-პოლკოვნიკი აბაკუმოვი დააპატიმრეს პირადად სტალინის განკარგულებით. იმავე დღეს დააპატიმრეს: უშიშროების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, გენერალი ლეონოვი; მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ლიხაჩოვი, იმის გამო, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ და დუმდნენ. შემდეგ კი მათი ბედი კონტრდაზვერვის გენერლებმა: პიტოვრანოვმა, რაიხმანმა  და გრიბანოვმაც გაიზიარეს. 

 

 

скачать dle 11.3