როგორ უნდა შევარჩიოთ მუხრუჭი და როგორ მოვუფრთხილდეთ მას
მუხრუჭები – ჩვენი უსაფრთხოების მთავარი საყრდენია ავტომობილში, რომელსაც ქართველი მძღოლები არცთუ ყურადღებით ექცევიან და ხშირად, დამუხრუჭებისას, ამა თუ იმ მანქანის ძირიდან წივილის ხმა გამოდის. რა სიხშირით უნდა შევცვალოთ სამუხრუჭე სითხე, როგორ მოვუფრთხილდეთ სამუხრუჭე სისტემას და რა არ უნდა გამოგვეპაროს, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: თავდაპირველად, დავშალოთ მუხრუჭები ნაწილებად და ცალ-ცალკე განვიხილოთ მათი ავკარგიანობა. პირველი, ეს არის სამუხრუჭე სითხე, ანუ „ჟიტკოსტი“. თუ ჩვენ ერთხელ მაინც დაგვიმატებია ეს სითხე, შევამჩნევდით, რომ იქ მითითებულია გარკვეული რიცხვები: „დოტ 3“, „დოტ 4“, „დოტ 5“ და ასე შემდეგ. ასევე, მითითებულია, გარკვეული ტემპერატურაც. მარტივად რომ აგიხსნათ, რაც უფრო მეტია ციფრი, მით უფრო მაღალია სითხის ხარისხი; რაც უფრო მაღალ ტემპერატურას უძლებს ის, მით უფრო ხარისხიანია. როგორც წესი, თუ ავტომობილში ესხა „დოტ 3“, მაშინ, უმჯობესია, ისევ ის ჩავასხათ, რადგან, შერევამ, შეიძლება, გამოიწვიოს სითხის აჭრა, რაც, შესაბამისად, მუხრუჭის გაფუჭებას გამოიწვევს. ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული იმის კულტურა, რომ სამუხრუჭე სითხე უნდა შეიცვალოს. დამკვიდრებულია ტერმინი – „ტორმუზი ჩამივარდა“. ყველას ჰგონია, თითქოს ამას იწვევს გახურება, რომ ხუნდებმა ვერ გააჩერა ავტომობილი და ამის გამო ჩავარდა „ტორმუზი“. რეალურად კი, ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკის ხახუნმა იმ მექანიზმის გახურება გამოიწვია, სადაც სამუხრუჭე სითხეა. ანუ, თუ მუხრუჭი „ჩაგვივარდება“, ეს ნიშნავს, რომ სამუხრუჭე სითხე ან ძველი იყო, ან – ცუდი ხარისხის და მან დუღილი დაიწყო. როდესაც სითხე დუღილს იწყებს, მასში ჩნდება ერთგვარი ჰაერის ბუშტუკები, ანუ, როდესაც მუხრუჭს ვადგამთ ფეხს, სითხე ამ დაწოლას ატარებს და გადადის ხუნდებზე. ხუნდები კი იმ ძალით აწვება დისკს, რა სიმძლავრითაც ჩვენ ვაწვებით პედალს. დუღილის შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ პედალს ვაწვებით, ჰაერის ბუშტუკები იწყებს შეკუმშვას, ანუ, ეს ბუშტუკები ისეთი რაოდენობითაა, რომ პედალი უკვე იატაკამდე ჩადის და ავტომობილი მაინც არ ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ სითხემ ვერ გაატარა ჩვენი დაწოლა და ვერ მივიდა ხუნდებამდე და, შესაბამისად, ხუნდებმა არ მოუჭირეს სამუხრუჭე დისკს. აქედან გამომდინარე, ჩავარდნა გამოიწვია არა ხუნდებმა, არამედ – სითხემ. თუმცა, სამუხრუჭე ხუნდების უვარგისობაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ცუდია ის, მით უფრო თხელდება მუხრუჭები და სითხეც იოლად ადუღდება. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ კარგი და ხარისხიანი ხუნდები ძვირიცაა. მისი შემოწმების ერთი უმარტივესი ხერხი არსებობს: ხუნდები ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ყარს, ძალიან ცუდი სუნი აქვს. რაც უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს ხუნდები ამ ნივთიერებას, უკეთესია. ეს მოქმედებს ყველა სახის ხუნდებზე, გარდა სპორტულისა. სპორტული მუხრუჭი შეიცავს კარბონისა და კევლარის ნაწილაკებს, რომელიც თავის თავზე იღებს გახურებას. მართალია, ის უფრო მალე ცვდება, მაგრამ, უკეთესი მოდება აქვს და ნაკლებად ხურდება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამუხრუჭე დისკს: რაც უფრო დიდია ის, მით მეტად მგრძნობიარეა მუხრუჭი, ანუ, გაჩერების საბოლოო წერტილს ძალიან იოლად ვპოულობთ პედლით. მაგრამ, ძალიან დიდი სამუხრუჭე დისკი საკმაოდ ძვირი ღირს, „გატუნინგებულია“ და, პლუს ამას, თუ ჩვენ ჩვეულებრივი საბურავი და დისკები გვაქვს, დიდი სამუხრუჭე დისკი იქ, უბრალოდ, არ ჩაეტევა. რაც შეეხება ჩვეულებრივ სამუხრუჭე დისკებს, ის ორნაირი არსებობს: თვითგაგრილებადი და არათვითგაგრილებადი. პირველი, რა თქმა უნდა, ჯობია. დისკებში დატოვებულია გარკვეული ხვრელები, რომლებიც ბრუნვისას ჰაერს ატარებს და ის იოლად გრილდება. სპორტული ავტომობილის შემთხვევაში, ვგულისხმობ „პორშეს“, „ლამბორჯინის“, „ფერარის“, ისინი აღჭურვილი არიან ისეთი მუხრუჭებით, რომლებიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც კი არ იწყებს დუღილს. სითხეს, რომელსაც პროფესიულ სპორტში ვიყენებთ, აწერია, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში მისი გამოყენება არ შეიძლება.
– რატომ, თუ ის უკეთესად მუშაობს?
– ის იმდენად მგრძნობიარეა და კარგად აჩერებს ავტომობილს, რომ შეიძლება ავტოავარია გამოიწვიოს – თუ ჩვენს ავტომობილს დავამუხრუჭებთ, უკან მომავალი ავტომობილი აუცილებლად შეგვასკდება. სწორედ ამიტომ იკრძალება მძლავრი სამუხრუჭე სისტემის გამოყენება. ის მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებებში გამოიყენება.
– რატომ უნდა იყოს სამუხრუჭე დისკი დიდი? თუ პედალს ვაწვებით, ხომ ერთნაირად უნდა გაჩერდეს?
– მარტივად აგიხსნით: წარმოიდგინეთ, ვენტილატორი, რაც უფრო ნაპირზე დაადებ მას თითს, უფრო იოლია მისი გაჩერება, ანუ თითს მიადებ, არ გაუშვებ და ის გაჩერდება. ცენტრთან უფრო ახლოს თუ მიადებ თითს, ის მაინც გაჩერდება, მაგრამ, ამისთვის უფრო მეტი დაწოლა, მეტი ძალისხმევა და დრო გვჭირდება. გაჩერება-არგაჩერების ზღვარი ძნელი საპოვნელი იქნება. იგივეა მუხრუჭზეც. დიდი სამუხრუჭე დისკის შემთხვევაში, ჩვენ პედლის საშუალებით იოლად ვარეგულირებთ, რა დონეზე გვინდა შენელება, ხოლო, გაჩერების შემთხვევაში, ავტომობილს წამიერად ვაქვავებთ.
რაც შეეხება თვითონ ხუნდებს, ის აუცილებლად ძვირიანი უნდა შეიძინოთ. იაფიანი სამუხრუჭე ხუნდები ცურავს, არ ჩერდება და ცხელდება, ანუ, აცხელებს სითხეს. ის არ არის კარგად გაფილტრული, შეიცავს რაღაც ნივთიერებას, რომელიც კენჭივით გამოიყურება, რაც ჩვენი სამუხრუჭე დისკების დაფხაჭნას გამოიწვევს და შესაბამისად, ადვილად გაფუჭდება. არსებობს ისეთი ცუდი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდები, რომლებიც თვითონ არ ცვდება, მაგრამ, დისკს „ჭამს“, ხოლო, მეორენაირი ხუნდები მალე ცვდება, ავტომობილს კი საერთოდ არ აჩერებს. შეიძლება, ისე ვიაროთ წლების განმავლობაში, რომ ამ სისტემის სრულყოფილება საერთოდ არ დაგვჭირდეს, მაგრამ, შესაძლოა, უცებ დადგეს ის წამი, როდესაც მხოლოდ ასე შევძლებთ სიცოცხლის შენარჩუნებას.