რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, ის ხელსაწყოა, რომელსაც ყველაზე დიდი ჯაფა ადგას, ავტომობილის თუნდაც უმოკლეს მანძილზე გადაადგილებისას შეიძლება თუ არა, მართვის სტილით მისი მოფრთხილება?
პასუხი: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, როგორც არ უნდა იაფი ბრენდის დამზადებული იყოს, თუ სწორად მოიხმართ, პრაქტიკულად, არასდროს გამოვა მწყობრიდან. მისი დაზიანების ალბათობის გამოსარიცხად აუცილებელია: პირველი – სიჩქარეების გადართვის დროს ყოველთვის ბოლომდე გათიშოთ მოდების ქურო, ეგრეთ წოდებული „ცეპლენია”; მეორე – მოდების, ანუ „ცეპლენიის” პედალს მკვეთრად არასდროს აუშვათ ფეხი; მესამე – მოდების პედალს მხოლოდ მაშინ აუშვით ფეხი, როდესაც დარწმუნდებით, რომ გადამრთველი სასურველ სიჩქარეშია, თანაც სრულად და არა ნახევრად; მეოთხე – არასდროს გამოიყენოთ ძალა სიჩქარეში ჩასაგდებად, თუ გადამრთველი გეწინააღმდეგებათ, გადამრთველი გაანეიტრალეთ, აუშვით მოდების პედალს, შემდეგ ხელახლა დააჭირეთ ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ სასურველ სიჩქარეში ჩაგდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პეჟო 605“, 1992 წლის გამოშვება. ქალაქში მოძრაობისას ის ზეთს არ წვავს, ხოლო, როდესაც ტრასაზე გავდივარ, იწყებს ზეთის „ჭამას” – დაახლოებით 1 000 კილომეტრზე 200-400 გრამს ითხოვს, როცა საათში 140-150 კილომეტრი სიჩქარით ვმოძრაობ. რის გამო ხდება ეს?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ ქალაქში ნელა დადიხართ და ძრავის ბრუნი არ აღწევს იმ ზღვარს, როდესაც ეგრეთ წოდებული „კლაპნის“ „სალნიკები“ (ჩობალი) ვეღარ შეაკავებს ზეთის მასას, იმისთვის, რომ ის ცილინდრებში არ მოხვდეს. ხოლო, როდესაც თქვენ ტრასაზე გადიხართ, თქვენ მიერ მოცემული სიჩქარე მიგვანიშნებს, რომ ძრავას ხშირად უწევს ბრუნვის ამ ზღვარის გადაკვეთა.
კითხვა: შემიძლია თუ არა, თვითონ გამოვცვალო „ზაჟიგანიის“ საკეტი?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. უბრალოდ, ეს საკმაოდ რთული პროცესია და გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. უმჯობესია, ის პროფესიონალმა ხელოსანმა გამოცვალოს, რადგან, მისი არასწორი მონტაჟის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭე დაიბლოკოს.