როგორ დაკარგეს ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებს თბილისში მცხოვრები 63 წლის კაცი რუსეთში
63 წლის მიხეილ სერგოს ძე ჯავახიშვილი ეძებს 63 წლის ალექსანდრე ზახარის ძე ზარჩუკოვს.
ისტორია: ვეძებ ბავშვობის მეგობარს – ალექსანდრე ზახარის ძე ზარჩუკოვს, დაბადებულს თბილისში, 1949 წლის ივნისში. მე და ალექსანდრე ერთად გავიზარდეთ, ბავშვობიდან სულ ერთად ვიყავით, მეზობლად ვცხოვრობდით და ოჯახებით ვმეგობრობდით. ბოლოს ჩემი მეგობარი საქართველოში 1981 წელს იყო ჩამოსული და შემდგომ სამარაში გაემგზავრა, სადაც იმ დროისთვის ცხოვრობდა და მუშაობდა. წლებია უკვე, რაც ჩვენ შორის კავშირია გაწყვეტილი. მე ძალიან მინდა მისი პოვნა და თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს.
– რა იცით მეგობრის შესახებ და ცნობილია თუ არა თქვენთვის მისი ბოლო საცხოვრებელი მისამართი?
– ალექსანდრე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობდით და ბავშვობიდან სულ ერთად ვიყავით. მან დაამთავრა თბილისის 110-ე საშუალო სკოლა (რომელიც მეტრომშენის დასახლებაში მდებარეობდა). შემდგომ კი, 1966-1967 წლებში, ის მუშაობდა მოსკოვის პროსპექტზე მდებარე, ეგრეთ წოდებულ, „თბილსაწყოში“. 1967 წელს ალექსანდრე მოეწყო ვლადიკავკაზის სამხედრო სასწავლებლის ქვეით ჯარში. 1971 წელს მან დაასრულა ჯარში მსახური და ოფიცრის ჩინით გაგზავნილი იყო ჯერ გერმანიაში, შემდგომ კი – ნოვოსიბირსკში. ნოვოსიბირსკში ის აკადემ-ქალაქში ცხოვრობდა, რომელიც სამხედროებს ეკუთვნოდათ. ვიცი, რომ ალექსანდრე ბოლოს დღევანდელ სამარაში, საბჭოთა კავშირის დროინდელ კუიბიშევში იყო.
– საქართველოში თუ ჩამოდიოდა და ბოლოს როდის ნახეთ თქვენი მეგობარი?
– 1977 წელს ალექსანდრე თბილისში იყო ჩამოსული და სტუმრადაც კი მეწვია. ბოლოს ის საქართველოში 1981 წელს ჩამოვიდა. 1970 წელს ალექსანდრეს მშობლებმა გაყიდეს ბინა, რომელიც ამჟამინდელ ბუშის სახელობის ქუჩაზე მდებარეობდა, სადაც ახლა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური დგას. ბინის გაყიდვის შემდეგ ალექსანდრეს მშობლები საცხოვრებლად როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკში გადავიდნენ. მის ოჯახთან ძალიან კარგად ვიყავი. უმამოდ ვიზრდებოდი და ალექსანდრეს მამა მიწევდა მამობას. ამჟამად მისი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ჩემი მეგობრის მამა, ზახარი, როგორც ვიცი, დაახლოებით 1972-1975 წლებში გარდაიცვალა, (დაბადებული დაახლოებით 1913-1914 წლებში). ალექსანდრეს დედას კი ნიურა ერქვა (დაბადებული 1918 წელს).
– კიდევ რა იცით ალექსანდრეს შესახებ და სად შეიძლება ვეძებოთ ის?
– ალექსანდრეს ჰყავს და, სახელად ვალია დაბადებული დაახლოებით 1938-1939 წლებში. რამდენადაც ვიცი, ვალია ვლადიკავკაზში (ძველ ორჯონიკიძეში) ცხოვრობს, ეგრეთ წოდებულ „ზავადსკოი პოსიოლოკში”. ვალია მეუღლის გვარზეა – ის ჩუგუნოვია. ალექსანდრეს დას ჰყავს ორი ვაჟი. ერთ-ერთს ალიოშკა ჰქვია (დაბადებული დაახლოებით 1961-1962 წლებში). ამჟამად ალიოშკა უკვე 50 წლის იქნება. ალექსანდრეს კი ტყუპები ჰყავს – გოგო-ბიჭი (დაბადებულები დაახლოებით 1977-1978 წლებში). ბოლოს ალექსანდრე სარატოვში ცხოვრობდა. მისი ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია. ის ოფიცერი იყო და, მოგეხსენებათ, რა ხშირად იცვლიან სამხედრო პირები, ოჯახებითურთ, საცხოვრებელ მისამართებს. ბოლოს, როდესაც ალექსანდრე ვნახე, მან თავისი მშობლების მისამართი მომცა ქალაქ სალსკში და მითხრა: მართალია, მე ჯერ იქ გადასვლას არ ვაპირებ, მხოლოდ პენსიაზე როდესაც გავალ, მაშინ თუ გადავალო. მოგეხსენებათ, რუსეთში პენსიაზე 60 წლის ასაკის შემდეგ გადიან და ჩემი მეგობარი, სავარაუდოდ, უკვე ქალაქ სალსკში უნდა იყოს.
– აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა და როგორ?
– ინტერნეტის საშუალებით ვცდილობდი მის პოვნას, მაგრამ, უშედეგოდ. სიმართლე გითხრათ, სალსკში მე არ მიმიწერია და იქაური საცხოვრებელი მისამართი ვერანაირად ვერ გადავამოწმე, მაგრამ, საბედნიეროდ, მაქვს ალექსანდრესა და მისი შვილების ფოტოები. იმედი მაქვს, რომ ამათი საშუალებით მაპოვნინებთ ჩემს მეგობარს. რამდენიმე ხნის წინ განაცხადი გავგზავნე რუსულ გადაცემა „ჟდი მენიაში“, მაგრამ, უშედეგოდ. თუ არ ვცდები, იქ წლებია საჭირო იმისთვის, რომ შენი განაცხადი განიხილონ, იმდენად ბევრი წერილი მისდით.
– როგორ ფიქრობთ, ალექსანდრეც გეძებთ?
– მე და ალექსანდრე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს, სულ ერთმანეთთან ვიყავით სახლში – ხან მე ვრჩებოდი მათთან, ხან ალექსანდრე რჩებოდა ჩემთან. ერთი სიტყვით, ის ჩემი განუყრელი მეგობარი იყო და არის კიდეც. ამიტომ, ძალიან მინდა მისი პოვნა. ძმებივით ვიყავით და არაფრით არ მინდა მისი სამუდამოდ დაკარგვა. იმედი მაქვს, რომ ისიც მეძებს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.