როგორ გააცურა „კაგებე“ და „ეფესბე“ ქართველი და რუსი კრიმინალ-ძალოვნების კვარტეტმა
ცნობილი ქართველი კრიმინალის, კანონიერი ქურდის, მერაბ ხარაბაძის, მეტსახელად „ჭინკას“ ცხოვრება და იდუმალი მოღვაწეობა, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს გარკვეულ წრეებში. დღევანდელი პუბლიკაციით, შევეცადეთ რამდენადმე მაინც დავაკმაყოფილოთ ეს ინტერესი და გთავაზობთ სისხლის სამართლის საქმეების ფრაგმენტებს.
გაქცევისადმი მიდრეკილი
1968 წლის 9 ივლისს ლენინგრადის ცნობილი საპყრობილე „კრესტებიდან“ 19 წლის მერაბ ხარაბაძე გაიქცა. მკვირცხლი, ძარღვიანი, მოქნილი გონების, წარმოსადეგ თბილისელ ყმაწვილს მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა „ჭინკა“, თუმცა ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო და ეს ყველა ცნობილმა კავკასიელმა ქურდმა იცოდა.
მერაბი „კრესტებში“ ბინის გაქურდვის გამო მოხვდა, მისი გაქცევა კი სავსე იყო რისკითა და ვაჟკაცობით. ის ჯერ ციხის სახურავზე აძვრა, შემდეგ შენობის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე დიდი სისწრაფით გაიქცა და ოცდაათმეტრიანი სიმაღლიდან ამწის კაბინას ჩამოეკიდა, შემდეგ კიბეებზე სწრაფად დაეშვა და, სანამ ავტომატმომარჯვებული გუშაგი ცეცხლს უშენდა, გაუჩინარდა...
მას შემდეგ მერაბ ხარაბაძე კიდევ სამჯერ გაიქცა სხვადასხვა საპყრობილიდან და, მის პირად საქმეში, რომელიც სპეცგანყოფილებაში ინახებოდა, წითელი ტუშით იყო მიწერილი: „მიდრეკილია გაქცევისადმი“.
მერაბ ხარაბაძე, შემდგომში კი უბრალოდ, ჭინკა – ყოველთვის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. თუმცა, ის ყოველთვის ახერხებდა მათგან თავის დაღწევას.
– ნამდვილი ჭინკაა! – უთქვამს ერთხელ ცეკას პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც მას შინაგან საქმეთა მინისტრმა შესჩივლა, ხარაბაძე ისევ გაგვექცაო.
არსებობს ვერსია, რომ სწორედ შევარდნაძის მიერ ნათქვამი, ამ სიტყვების შედეგად შეარქვეს მერაბს „ჭინკა“ და როდესაც ის, 1975 წელს, 26 წლის ასაკში კანონიერ ქურდად მონათლეს ორთაჭალის ციხეში, მაშინაც ეს მეტსახელი უწოდეს. ამის შემდეგ ჭინკა კიდევ ერთხელ გაიქცა ციხიდან, მისი მეტსახელი კი საბჭოთა კავშირის მთელმა შავმა სამყარომ შეიტყო.
ზეინკლის შვილი
ჭინკა ზეინკლის შვილი იყო. მერაბის მამა, გერონტი ხარაბაძე, სოციალისტური შრომის გმირი იყო და თბილისის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა უმაღლესი თანრიგის ზეინკლად. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მას „ოქროსხელებას“ უწოდებდნენ, რადგან გერონტი ხარაბაძის ნებისმიერი სირთულის დეტალის დამზადება შეეძლო აბსოლუტური სიზუსტით. სწორედ მამას დაემსგავსა მერაბი სიმარჯვეში. თუმცა, თავისი ნიჭი სულ სხვა გზით წარმართა – და ჯერ კიდევ 15 წლისამ, მეცხრე კლასის მოსწავლე მერაბმა ეგრეთ წოდებული „ატმიჩკები“ დაამზადა, შემდეგ, ხელფასების დარიგების დღეს, თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის ბუღალტერიაში შეძვრა, ცეცხლგამძლე სეიფი გააღო და იქიდან 2 667 მანეთი მოიპარა. მერაბზე ეჭვი არავის მიუტანია, თუმცა ის მაინც დააპატიმრეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სახლიდან „საგულაოდ“ გაპარული ბიჭი სოჭში დააკავეს, 2 500 მანეთი აღმოუჩინეს და, გამოძიება რომ დაიწყო, ერთ-ერთი 25-მანეთიანი კუპიურის კიდეზე რუსულად მიწერილი სიტყვის – „ლენას“ მიხედვით გამჟღავნდა ამ ფულის წარმომავლობა.
გაძარცული სკოლის ბუღალტერ-მოლარეს, ლენა სიომინას, ჩვევად ჰქონდა, მსხვილ კუპიურებზე საკუთარი სახელი წაეწერა და ქურდობის საქმეც ამგვარად გაიხსნა. თუმცა, მერაბს მხოლოდ ორწლიანი პირობითი სასჯელი აკმარეს და, რადგან მას თითქმის მთელი თანხა თან აღმოაჩნდა, მის ოჯახს მხოლოდ მოკლებული 167 მანეთი გადაახდევინეს. მართალია, მერაბს სკოლის დამთავრების საშუალება მისცეს, მაგრამ, მილიციას ის მკაცრ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.
თითქმის ორი წელი რომ გავიდა სკოლის სეიფის გაძარცვიდან, მერაბმა სკოლა დაამთავრა და მშობლებისთვის თვალის ასახვევად, „გეპეიში“ შეიტანა საბუთები. სინამდვილეში კი ის კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა და ახალი საქმისთვის ემზადებოდა. ეს ახალი საქმე კი, რომელიც მერაბის ცხოვრებაში რიგით მეორე იყო, თბილისის ცნობილი აფთიაქის – „ზემელის“ გაქურდვა აღმოჩნდა. მერაბმა „ზემელის“ სეიფიდან 5 804 მანეთი გაიტაცა, ორი ფარმაცევტული, ცეცხლგამძლე კარადიდან კი 15 ცალი მორფინის ამპულა გააყოლა ხელს, რომელიც მოგვიანებით თბილისელ მორფინისტებს აჩუქა. სწორედ ერთ-ერთმა ნარკომანმა „ჩაუშვა“ 17 წლის ქურდი და, მერაბი იძულებული გახდა, ლენინგრადში გაქცეულიყო. იქ მერაბმა ერთი წელი იცხოვრა, ფული რომ შემოელია, იუველირ ისააკ ფრიდმანის ბინა გაქურდა, ბინიდან მან 13 000 მანეთი და 400 000 მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა, 18 წლის ყმაწვილი ორ კვირაში შეიპყრეს და „კრესტებში“ გამოამწყვდიეს. ციხეში მერაბმა შვიდი თვე დაყო და იქიდან სასწაულებრივად გაიქცა...
პირველი კოლექტიური ძარცვა...
მერაბ ხარაბაძეს, გარდა იმისა, რომ გაქცევები ეხერხებოდა, იმითაც იყო ცნობილი, რომ მარტო მოქმედებდა. ანუ, თავადვე იყო საქმის მპოვნელიც, დამგეგმავიც და შემსრულებელიც. ამიტომ, ეს მარტოხელა ვირტუოზი მომპარავი დიდ აღფრთოვანებას იწვევდა კრიმინალებში. ამას ისიც ერთვოდა, რომ მერაბი, არაკონფლიქტური ბიჭი იყო და მასთან ურთიერთობა ყველას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. მისი სილაღე, საზრიანობა და იმპროვიზაციის უნარი ირგვლივ მყოფებზე დადებითად მოქმედებდა და, ვინც ერთხელ შეხვდებოდა, მასთან დაშორება აღარ უნდოდა. მეტიც, თვით ციხის ზედამხედველები და მისი დევნით გამწარებული მილიციის ოპერებიც კი არ იტყოდნენ ხოლმე მასზე ძვირს.
„კრესტებიდან“ გაქცეულმა მერაბმა ლენინგრადის ერთ-ერთი მსხვილი კაფე – „გოსტინნაია“ გაძარცვა – მისი სეიფიდან 4 030 მანეთი გაიტაცა და სოჭში გაემგზავრა, სადაც ის პირველად, 15 წლის ასაკში დააპატიმრეს. ამ ცნობილ საკავშირო კურორტზე მერაბი 36 წლის ქვრივი ქალის, იულია ჰერმანის ბინაში ცხოვრობდა. სასიამოვნო გარეგნობის უშვილო ქალი 20 წლის ბიჭს დიდი მზრუნველობით ეკიდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, ღამით კი მასთან ნეტარებას ეძლეოდა. იულია ჰერმანი ცნობილ სავალუტო მაღაზია „ბერიოზკაში“ გამყიდვლად მუშაობდა და საკმაოდ მსუყედ ცხოვრობდა. მერაბმა იულიას ორი ნათესავი ბიჭი გაიცნო, რომლებმაც მას მაღაზია „ბერიოზკას“ გაძარცვა შესთავაზეს. მერაბი დაეთანხმა. მათ ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს და ყველაფერი ისე უზადოდ შეასრულეს, რომ უზარმაზარი მაღაზია პირწმინდად გაასუფთავეს... მერაბ ხარაბაძის პირველი „კოლექტიური საქმე“ საბჭოთა სახელმწიფოს 890 000 მანეთის ზარალად დაუჯდა. აქედან, ნაღდი ფულის სახით 59 000 მანეთი გაიტაცეს, დანარჩენი კი – მაღაზიასა და მის საწყობში არსებული საქონლით.
„ბერიოზკას“ საქმის გამოძიებას კრასნოდარის ოლქის მილიცია აწარმოებდა და მძარცველები მხოლოდ მას შემდეგ შეიპყრეს, როდესაც ერთ-ერთი ქურდი, იულიას ბიძაშვილი, 28 წლის ვიქტორ მოროზი, მოსკოვში აიყვანეს „ბერიოზკიდან“ წამოღებული „დუბლიონკის“ გაყიდვისას.
20 წლის მერაბი ყველა დანაშაულისთვის გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის თავდაპირველად კრასნოდარში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, ორთაჭალის ციხეში, სადაც ის ქურდად აკურთხეს და „ჭინკა“ შეარქვეს, ამ შემთხვევიდან ორ თვეში კი, ის სასჯელის მოხდის ადგილიდან გაიქცა.
იდუმალი ქურდობები
გაქცეული ჭინკა, უკვე კანონიერი ქურდის სრულუფლებიანი სტატუსით, ქალაქ როსტოვს ეწვია და ევგენი ზუევს, მეტსახელად „ცალხელას“ დაუახლოვდა, რომელიც გენიალური მძარცველი იყო და, კიდევ იმით გაითქვა სახელი, რომ, მისი „გაბოზების“ მცდელობისას, ციმბირის ერთ-ერთ ზონაში, მან წითელსამკლაურშებმული, მარცხენა ხელი „დრუჟბა“-ხერხით მოიჭრა... ამ ამბის შემდეგ, ზუევი, ინვალიდობის საბაბით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და როსტოვში, თავის მშობლიურ ქალაქში დააბრუნეს. თუმცა, ცალხელა კრიმინალურ საქმიანობას არ წყვეტდა და ძველებურად, ოსტატურად ხსნიდა სეიფებს.
ჭინკა როსტოვში 1976 წლის დასაწყისში ჩავიდა. სწორედ იმ პერიოდს, 1976-1977 წლებს დაემთხვა იდუმალი ქურდობები როსტოვის ოლქში – უცნობმა ბოროტმოქმედებმა 14 თვის განმავლობაში ოცამდე სეიფი გატეხეს, მათ შორის, ორი – საიუველირო მაღაზიის და, საერთო ჯამში, 2 მილიონ 530 ათასი მანეთით აზარალეს სახელმწიფო.
ამ იდუმალი საქმეების გამოძიება, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების ოპერჯგუფმა აიღო საკუთარ თავზე, რომელსაც ომარ კალანდაძე ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო ჯგუფი რამდენჯერმე, სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა როსტოვის ოლქში. ერთხელ ცალხელასაც ესაუბრნენ, თუმცა, არც ცალხელა დაუპატიმრებიათ და არც ამ საქმის გამოძიებაში წაწეულან წინ.
კალანდაძისა და მისი ხელქვეითების ბოლო მივლინებიდან ერთ თვეში, იდუმალი ქურდობები მოულოდნელად შეწყდა და ვიღაცამ ხმა გაავრცელა, მძარცველები უცხოეთში გაიქცნენ და თან სამი მილიონი მანეთი გაიტაცესო...
ტრაგიკული ოპერაცია
ჭინკა ციხიდან ექვსი წლის გაქცეული იყო და ის თითქმის მივიწყებულიც კი ჰყავდათ მაძებრებს, რომ 1982 წლის იანვარში როსტოვის გარეუბანში ერთი შემთხვევა მოხდა.
18 იანვარს ლენინის რაიონის მილიციის უბნის ინსპექტორი, სევა ჩურკინი, თავისი რწმუნებული რაიონის შემოვლას ახორციელებდა. ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში მან შავ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი შენიშნა. მას ხშირი შავი წვერი ჰქონდა, ხელში ჩემოდანი ეჭირა და საბძლიდან გამოდიოდა. მოგვიანებით ჩურკინი ასე იხსენებდა ამ შემთხვევას:
– მამაკაცი ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა. თან ერთ-ერთ ძებნილს მივამსგავსე, რომელიც მილიციის განყოფილებაში მყავდა ნანახი კედელზე გაკრულ ფოტოზე. ამიტომ, უცნობს დავუძახე და გაჩერება მოვთხოვე. უცებ მან პისტოლეტი მომიშვირა, ორჯერ გაისროლა და საბძელში შებრუნდა. მე ის ადგილები კარგად ვიცი, იქიდან შეუმჩნევლად გაქცევა შეუძლებელია. ამიტომ, რაციით მაშველი ჯგუფი გამოვიძახე და ეზოში ფრთხილად გადავძვერი...
ჩურკინის მიერ გამოძახებული მილიცია ძალიან სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე და საბძელსა და სახლს ალყა შემოარტყა. მოულოდნელად, ჯერ საბძელში, შემდეგ კი სახლში, ცეცხლი გაჩნდა, ხის ნაგებობები დაიწვა და მოკვლევის შემდეგ კრიმინალისტებმა იქ ორი მამაკაცის დანახშირებული გვამი აღმოაჩინეს. იქვე იპოვეს ჩემოდანიც, რომელიც, ასევე, დანახშირებული იყო და მასში დამწვარი თეთრეულისა და საპარსი მოწყობილობის ნარჩენები აღმოჩნდა...
კარ-მიდამო, სადაც ტრაგიკული ოპერაცია ჩატარდა, ვინმე მირონ კურგანოვის საკუთრება იყო. კურგანოვი „როსტსელმაშის“ ქარხნის მუშა იყო და უარყოფდა, რომ მის სახლში უცხოები იმყოფებოდნენ.
– ალბათ, უცხოები ან საქურდავად იყვნენ ჩემს სახლში შესულები, ან – დასამალავად. ჩემი სახლის კარის გაღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა და ძაღლიც არ მყოლია, – განუცხადა მილიციელებს კურგანოვმა, რომელიც დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს...
დანახშირებული გვამების ექსპერტიზამ მათ ორგანიზმებში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის არსებობა აღმოაჩინა. როდესაც უბნის ინსპექტორ ჩურკინის ჩვენება შეადარეს ექსპერტიზის პასუხებს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩემოდნიანი კაცი და დაღუპულები სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. როგორც ექსპერტი ამტკიცებდა, ადამიანი, რომელსაც ორგანიზმში ასეთი რაოდენობით ალკოჰოლი ექნება, არამცთუ პისტოლეტიდან სროლასა და გაქცევას ვერ მოახერხებდა, თავსაც კი ვერ ასწევდა ზევით. ამგვარად, კურგანოვის სახლში მომხდარი შემთხვევის გამო, აღძრული სისხლის სამართლის საქმეში ჩაიწერა, რომ აღმოჩენილი იყო პიროვნებადაუდგენელი ორი უცნობი მამაკაცის დანახშირებული გვამი. სულ ეს იყო. საქმე დაიხურა და 1982 წლის 9 თებერვალს როსტოვის მილიციის არქივს გადაეცა...
უცნაური გაუჩინარებები
ყოფილ საბჭოთა კავშირში მილიციის მიერ გამოძიებულ ყველა მსხვილ საქმეს ფარულად „კაგებე“ ზედამხედველობდა. ზედამხედველი ჰყავდა ომარ კალანდაძესაც, რომელიც სეიფების ძარცვის საქმეებს იძიებდა, ეს იყო მაიორი ანტონოვი. მან 1982 წლის მაისის დასაწყისში თავის უფროსს საიდუმლო პატაკი შეუტანა, რომელშიც ეწერა, რომ მოულოდნელად გაუჩინარდნენ გამომძიებელი ომარ კალანდაძე და დამწვარი სახლის პატრონი მირონ კურგანოვი.
პეტრე ანტონოვი გამოცდილი გამომძიებელი იყო. მისი ვერსიით, ჭინკა, ცალხელა, კალანდაძე და კურგანოვი ერთი ჯაჭვის რგოლები იყვნენ, ორგანიზებულ-კრიმინალურ ჯგუფს წარმოადგენდნენ და ერთად გაიქცნენ 3 მილიონი მანეთით უცხოეთში... ანტონოვს თავისი ვერსიის დამამტკიცებელი ერთი მცირე არგუმენტიც კი არ გააჩნდა, თუმცა საქმე მილიციის მაღალჩინოსანს, ბოროტმოქმედებსა და დიდ ფულს ეხებოდა. ამიტომ, გაუჩინარებულების ძებნა „კაგებემ“ დაიწყო, მაგრამ, უშედეგოდ – ვერც ერთის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს...
P. S. 1999 წლის 3 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კურორტ მალიბუზე იმყოფებოდა რუსეთის მოქალაქე, ყოფილი გამომძიებლის, გაუჩინარებული ომარ კალანდაძის ნათესავი, იური რევსკი. იგი მოსკოვში დაბრუნებისთანავე გამოცხადდა „ეფესბეში“ და განაცხადა, რომ კურორტ მალიბუზე გარეგნობაშეცვლილი ომარ კალანდაძე ნახა, რომელიც ხმით იცნო... მოგვიანებით ხმა გავრცელდა, რომ ჭინკამ, ცალხელამ, კალანდაძემ და კურგანოვმა მართლაც ერთად გაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონი მანეთის ქონება, სარფიანი ბიზნესი ააწყვეს და დღემდე იქ ცხოვრობენ შეცვლილი გვარ-სახელებით...