იყავით სულ ახალგაზრდა
უნაკლო გარეგნობა არ არსებობს, არც უნაკლო კანი, მით უფრო, როცა გარკვეულ ასაკს მივუკაკუნებთ. არადა, ყველა ქალს, ნებისმიერ ასაკში, უნდა, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ამის მისაღწევად კი ერთი მთავარი გზა არსებობს: დავფაროთ ნაკლი და ხაზი გავუსვათ ჩვენს ღირსებებს, რაც სულაც არ არის ძნელი გასაკეთებელი, უბრალოდ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა მოიცალოთ საკუთარი თავისთვის სულ რამდენიმე წუთით.
1. თუ თხელი, სწორი თმა გაქვთ, არადა, ოცნებობთ ფუმფულა კულულებზე, დაიბანეთ თავი მოცულობის მიმცემი შამპუნით და თმა მსხვილი „ბიგუდებით“ დაიხვიეთ.
2. თუ ყელსა და დეკოლტეზე ნაოჭები შეამჩნიეთ, ყოველდღიურად გამოიყენეთ სპეციალური კრემი, რომელიც დაჭიმავს კანს და ნაოჭებს საგრძნობლად შეამცირებს.
3. სწორედ ხელებია ქალის ასაკის გამცემი. ამიტომ, ყოველი დაბანის შემდეგ და ძილის წინ აუცილებლად წაისვით გლიცერინი, წასმის წინ კი მასში ლიმონის რამდენიმე წვეთი გაურიეთ.
4. თვალის გელის გამოყენება მიზანშეწონილია 20 წლის შესრულების შემდეგ – ასე ნაადრევი ნაოჭებისგან დაიზღვევთ თავს, მით უფრო, თუ ჩვევად გაქვთ თვალების მოჭუტვა და, საერთოდ, მიმიკური საუბარი.
5. სძლიეთ თავს და უარი თქვით მავნე ჩვევებზე. სხვათა შორის, მავნე ჩვევა, რომელიც თქვენს კანს ვნებს, მხოლოდ სიგარეტის მოწევა არ არის. ნაადრევ ნაოჭებს აჩენს, ასევე, ჯდომისას ნიკაპით ან ლოყით ხელებზე დაყრდნობის ჩვევა ან მაღალი სასთუმალი.
6. თუ სახეზე აჭრელებული კანი გაქვთ და ამის გამო მაკიაჟიც უხარისხო და არაეფექტური გამოგდით, უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის ტონალური კრემი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება: ბრინჯის ზეთი, C და E ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, რაც კანს ნაადრევი დაბერებისგანაც იცავს და ვიზუალურადაც აუმჯობესებს მას.
7. ისწავლეთ ნეგატიური ემოციების დათრგუნვა და დაძლევა. ყოველი დილა დაიწყეთ საკუთარი თავისთვის სიყვარულის ახსნით, თქვენი გარეგნობის, ნიჭის, უნარის შექებით. შეეცადეთ, დაარწმუნოთ თავი ამ ყოველივეში და დადებითი ემოციები დღის ბოლომდე გაგყვებათ. ეს კი პირდაპირ კავშირშია თქვენი სახის კანის მდგომარეობასთან და, ზოგადად, თქვენს გარეგნობასთან.
8. თუ წვრილი ტუჩები გაქვთ და გსურთ, მათი მოცულობა გაზარდოთ, უარი თქვით მუქი ფერის პომადასა და „ბლესკზე“, რომლებიც ვიზუალურად ავიწროებს ტუჩებს. წაისვით ღია ფერის, ბზინვარე საცხი, გაიკეთეთ კონტური ამავე ფერის ფანქრით და პომადის ზემოდან გადაისვით გარდამავალი ფერის „ბლესკი“.
9. თუ თვალების ქვეშ კანი ჩამუქებული გაქვთ, გამორიცხეთ თვალის მუქი „ჩრდილები“. უმჯობესია, თუ დაბინდულ ვარდისფერ „ჩრდილს“ წაისვამთ.
10. გამოიყენეთ ყველა შესაძლო ვარიანტი თუნდაც რამდენიმე წუთით წასაძინებლად, რადგან, ძილში ხდება კანის განახლება. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ძილის წინ ღამის მკვებავი კრემის წასმა, რომ დილით კანი ფერადოვანი და გამოცოცხლებული გქონდეთ.
11. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ სხვადასხვა სახის სკრაბი. სასურველია, თუ მის შემადგენლობაში იქნება სალბის ექსტრაქტი, რაც კანზე ანტიანთებით ზემოქმედებას ახდენს.
12. გგონიათ, რომ გრძელი და ხშირი „ჩოლკა“ კარგად დაგიფარავთ შუბლის ნაოჭებს? სულაც არა. ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ სახეს სიმკაცრესა და ზედმეტ სერიოზულობას შესძენთ. ოდნავ მოკლე და უსწორმასწოროდ შეჭრილ „ჩოლკაში“ კი ხალისიანი და ახალგაზრდული იერი გექნებათ.
13. როგორი დაღლილიც უნდა იყოთ, არ დაიძინოთ, თუ მაკიაჟს არ მოიშორებთ. მხოლოდ გაწმენდილ, სუფთა კანს აქვს ღამის განმავლობაში აღდგენის უნარი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაკიაჟის მოსაშორებად გამოიყენეთ გამწმენდი გელი; თუ მგრძნობიარე – კოსმეტიკური რძე.
14. თურმე, გრეიპფრუტის სურნელის ხშირი შესუნთქვა ქალს მთელი ექვსი წლით აახალგაზრდავებს – ასე ამტკიცებენ კაცები.
15. წაგისვამთ წამწამებზე ყავისფერი ტუში? სცადეთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი მზერა უფრო მეტყველი, ნაზი და ვნებიანი გახდება.