კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაქვს სწორი და ცოტა მეჩხერი წამწამები. მინდა, რომ დატუშვის დროს ამეპრიხოს და გასქელდეს. რა შემადგენლობის ტუში და როგორი ფორმის ფუნჯი უნდა შევიძინო, რომ ეს პრობლემები გადავჭრა?
პასუხი: სწორი წამწამების ძალიან აპრეხა ძნელია, თუ სპეციალურ მოწყობილობას არ გამოიყენებთ. ისე კი, უმჯობესია, შეიძინოთ ტუში, რომელსაც ახლავს ოდნავ გაღუნული ფუნჯი, რომელიც წამწამებს რკალის ფორმას მისცემს. რაც შეეხება ტუშის შემადგენლობას, კარგი იქნება, თუ მასში შედის თაფლის სანთელი (ცვილი) და პროვიტამინი B5. ეს ნივთიერებები ამაგრებს წამწამების ძირებს, ზრდის მათ მოცულობას და გაგიადვილებთ, მისცეთ მას სასურველი ფორმის რკალი.
კითხვა: კარგა ხანია შევამჩნიე, რომ ქუსლები მიშრება და მექერცლება. ჯერჯერობით ნახეთქები არ მაქვს, მაგრამ, ალბათ, ესეც მალე მექნება. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება.
პასუხი: შავი ქლიავის ჩირი (ერთი მუჭი) კარგად გარეცხეთ, ჩაალბეთ 1 ჩაის ჭიქა ქაფქაფა მდუღარე რძეში და დაახურეთ თავსახური. ნახევარი საათის შემდეგ დამბალი ქლიავი იმავე რძეში ისე ჩასრისეთ, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ ორ ცელოფნის პარკში (მთელი უნდა იყოს) და თითოში თითო ფეხი ჩადგით. ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით პროპოლისის შემცველი კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ორი კვირის განმავლობაში. ასევე, კარგია, თუ საღამოობით, დაბანილ ფეხებზე (ქუსლებზე) წაისვამთ ბისაბოლოლისა და A, E, და F ვიტამინების შემცველ კრემს.
კითხვა: მაქვს მონაცრისფრო-მომწვანო თვალები და წაბლისფერი თმა. რა ფერის პომადა მომიხდება?
პასუხი: ცივ ამინდებში შეარჩიეთ ვარდისფერის ბაცი ან მუქი ტონალობები (ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული), ზაფხულში – მარჯნისფერის ბაცი ტონალობის, ხოლო საღამოს წვეულებაზე წასასვლელად – ოდნავ მუქი მარჯნისფერი.