ვისთან ერთად დადიოდა სალომე ნინუა კაზინოში და რა ვერ ჩამოირეცხა მან წლების განმავლობაში
მსახიობი სალომე ნინუა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” ტატუკას როლს ასახიერებს და, უკვე რამდენიმე სეზონია, მაყურებლის ყურადღებასაც იქცევს. რით ჰგავს ჩვენი რესპონდენტი საკუთარ გმირს, როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა და რატომ გრძნობს თავს კომფორტულად სერიალის განახლებულ სეზონში, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ ფიქრობ, ტატუკასნაირი გოგონები არიან რეალურად?
– რეალურად მართლა არიან ტატუკასნაირი გოგონები, რომლებიც თავისი მეგობრების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ასეთი ქაჯური თვისებების მქონე გოგო რამდენიც გინდა, იმდენია.
– წინა სეზონებისგან განსხვავებით, ტატუკა საგრძნობლად შეიცვალა.
– დიახ, აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი გახდა, რაც ძალიან მომწონს. კიდევ ბევრი სერია აქვს მაყურებელს სანახავი და უფრო კარგად გამოიკვეთება, როგორია ჩემი გმირი იმ დაქალებთან და ამ დაქალებთან მიმართებაში. მე პირადად, ახალი ტატუკა უფრო მომწონს, რადგან, უფრო მიახლოებულია ჩემს ტიპაჟთან და თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.
– სერიალის გარდა კიდევ რით ხარ დაკავებული?
– რადიოპროექტი გვაქვს: მარიამ ბოლქვაძესთან ერთად, რომელიც სერიალში ჩემს დას თამაშობს, რადიო „უცნობში” გადაცემის გაკეთებას ვგეგმავთ.
– როგორც მახსოვს, რადიოში მუშაობის გამოცდილება გაქვს.
– დიახ, რადიოში სამი წელი ვმუშაობდი: ჯერ „ევროპა პლუსში”, მერე კი – რადიო „გურუში.” თან, რა არის, იცი? რადიოს ძალიან დიდი ნოსტალგია სცოდნია, შეუძლია მოგაჯადოვოს. ძალიან მენატრება მიქშერი და საერთოდ ყველაფერი, რაც რადიოს უკავშირდება.
– საუბარში აღნიშნე, რომ ტატუკა, რომელიც ახალ სეზონში გამოჩნდა, შენს ტიპაჟთან ახლოს არის. რით ჰგავხართ ერთმანეთს?
– ის ტატუკა, როგორიც ოჯახშია, რაღაცით მგავს. მაგალითად, უშუალო დამოკიდებულება აქვს დედასთან, დასთან. რაც შეეხება მის საქციელს დაქალებთან, ამ მხრივ საერთო არაფერი გვაქვს.
– როგორია სალომე ნინუა რეალურად?
– სახლში ცოტა ჯიუტი და ჯაჯღანა ვარ. მართალია ძალიან მხიარული და ენერგიული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბუზღუნაც. შეიძლება, რაღაც ჩავიხვიო და მთელი დღე ამაზე, რასაც ჰქვია, ტვინი ვბურღო. ასეთ დროს ოჯახის წევრები შვილიან-ქმრიან-დედიანად, სახლიდან გამირბიან. საერთოდ კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, მაგრამ, თუ მდგომარეობიდან გამოვედი, მორჩა. „მორიელი” ვარ და... ხასიათის, აბსოლუტურად ყველა ის თვისება მაქვს, რაც მორიელს – ვარ ძალიან ემოციური, ძალიან ტემპერამენტიანი, ჯიუტი, ენერგიული და ასე შემდეგ. მორიელი, ხომ იცით, თუ მიზანს ვერ აღწევს, საკუთარი შხამით იკლავს თავს.
– შხამის გამოშვება შენც გეხერხება?
– შეიძლება, გავბრაზდე, გულში რამე ვიფიქრო, მაგრამ, მომკალი და ვერ „ვუკბენ”, შანსი არ არის.
– დასახულ მიზანს ხშირად აღწევ?
– რომ ვთქვა, ადვილად გამომდის ყველაფერი-მეთქი, არა. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მალე აღწევენ მიზანს. პირადად მე ამისთვის ძალიან ბევრი ენერგია და შრომა მჭირდება, ბევრი ტკივილი, დარდი და ასე შემდეგ. ძალიან გულჩვილი ვარ. შეიძლება, ძალიან ადვილად მეტკინოს გული. მართალია, მიზანს ადვილად ვერ ვაღწევ, მაგრამ, თუ მინდა – მორჩა, უნდა გავაკეთო. თუ ისე მოხდა, რომ ვერ გავაკეთე, მაშინ ჩემში დიდი იმედგაცრუება ისადგურებს.
– იმედგაცრუებას დეპრესიამდე მიჰყავხარ?
– დეპრესია არასდროს მქონია. ცხოვრებაში მქონდა ისეთ მომენტები, როცა ძალიან გამჭირვებია რაღაცეების გადალახვა, მაგრამ, არასდროს არ ვიმჩნევ ამას, ეს იცის მარტო ჩემმა თავმა.
– ანუ, შინაგანად ძლიერი პიროვნება ხარ.
– არ მიყვარს იმის ჩვენება, რომ რამე მიჭირს, არ შემიძლია. ვინმეს რომ შევეცოდო, ამის გამო, შეიძლება, ისტერიკაში ჩავვარდე.
– სასიამოვნოა უცნობი ადამიანების ყურადღება?
– ძალიან. სულ მიღიმიან, მაგრამ, რომ დამინახავენ, მაშინვე „ჯეობარი” ახსენდებათ. გადავირიე, რა ჩამოურეცხავი რაღაც არის ეს „ჯეობარი”! მიუხედავად იმისა, რომ „ჯეობარში” მთელი სკანდალები იყო ჩემზე აგორებული, მაინც დადებითად არიან განწყობილნი. მაშინაც, პროექტიდან რომ გამოვედი, ყველა კარგად დამხვდა, ასაკიანი ხალხიც კი დადებითი ემოციით მხვდებოდა. პირიქით, იმას მეუბნებოდნენ, ასეთი კარგი გოგო იქ რამ შეგიყვანაო.
– ორი შვილის დედა ხარ. რამდენი წლის არიან?
– თორნიკე 9 წლის არის, ლუკა – ერთის.
– ვინ გეხმარება?
– დედა. დედაჩემი, საერთოდ, ყოველთვის და ყველაფერში მეხმარება. 16 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. 17 წლისას თოკო მეყოლა და მერე ჩავაბარე თეატრალურში. დედაჩემმა აიღო ბავშვის მოვლა მთლიანად თავის თავზე, ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. ხშირად იმასაც მეუბნებოდა ხუმრობით, შენი ძმა არის, გაიცანიო. დედაჩემის წყალობით, სტუდენტობის გემოც გავიგე. ის, რომ პატარა შვილი მყავდა, ხელს არაფერში მიშლიდა.
– ლუკას რაც შეეხება?
– როცა მოზრდილ ასაკში აჩენ ბავშვს, პასუხისმგებლობაც უფრო მეტია. დედა ახლაც ძალიან მეხმარება, ჩემი მეუღლეც.
– როგორი მეუღლე ხარ?
– გიჟი. ზედ ვარეცხავ ტანსაცმელს მთელ ოჯახს. ჩემი მეუღლე შოკირებულია – რა არის, ან არ იღლები, ან საიდან მოგდის ამდენი ენერგიაო. ყველაფერს ვასწრებ. სახლში ყოველთვის ყველაფერი წესრიგში უნდა მქონდეს, ყველაფერი უნდა წიკწიკებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტერიკა მემართება. ბავშვს დღეში ორასჯერ ვუცვლი. თან, მარტო ვცხოვრობთ და ამიტომ საჭმელსაც მე ვაკეთებ. სხვათა შორის, იცი, მერე როგორ ეჩვევიან ამ ყველაფერს?
– თავად თუ ხარ გურმანი?
– უჰ, ძალიან. მართალია, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ, ძალიან ბევრს ვჭამ. ხან ისეთი პერიოდიც მაქვს, როცა საერთოდ არაფრის ჭამა არ მინდა.
– არიან მეუღლეები, რომელთა ურთიერთობა მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლება და თითქმის არასდროს გადიან ერთად გასართობად. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– არა, ჩვენ მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნებით. მეუღლესთან ერთად ხშირად დავდივარ სხვადასხვა ადგილებში. ხანდახან ისეთ ადგილებშიც მივდივარ, რომ თავის გამოჩენაც არ მინდა – ბარი, რესტორანი, კლუბი, კაზინო და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი ამოვწურეთ, თუ სადმე შეიძლებოდა წასვლა, ყველგან ნამყოფები ვართ.
– აზარტული ხარ?
– კი, აზარტული ვარ. მაგრამ, იმასაც გეტყვით, რომ კაზინოში გასართობად დავდიოდი და არა იმიტომ, რომ მის გარეშე არ შემეძლო, არც სამკაული მომიხსნია და დამილომბარდებია იმის გამო, რომ მოგებისთვის მეთამაშა. ისე, ახლა უკვე კაზინოსთვის აღარ მცალია.
– სამაგიეროდ, სერიალში დედა გყავს კაზინოს დიდი მოყვარული.
– ჰო, ძალიან. სერიოზული აზარტულია. კაზინოში სიარულით, გაგვყიდა, მგონი.
– მაყურებელს რას ეტყვი?
– ძალიან მომწონს ახალი სეზონი, სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. მაყურებელსაც ვურჩევ, უყურონ და ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებიან. მე პირადად, მივიღებდი ბევრ კარგ რჩევას – კარგი ყველაფერი მისაღებია.