რა შემთხვევაში სვამს ვიტო კოლელიშვილი ბოლომდე და რის გამო ნანობს ის რუმინელი მორაგბის ნოკაუტში ჩაგდებას
ვიტო კოლელიშვილის სახელის ხსენებაზე, რაგბის ქომაგებს რუმინეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი წარმოუდგება თვალწინ: „ნოკაუტში” ჩაგდებული რუმინელი მორაგბე და დისკვალიფიკაცია, რომლის გამო ვიტოს რუსეთის ნაკრებთან მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა. ვიტოსთან ინტერვიუ, რა თქმა უნდა, შეკითხვით დავიწყეთ, თუ რის გამო გაუმართა მან რუმინელს მუშტი-კრივი მოედანზე.
ვიტო კოლელიშვილი: ბინძურად მეთამაშა – თმაზე მექაჩებოდა, მწიწკნიდა... საერთოდ, რუმინელებს უყვართ პროვოკაციული თამაში და მეც ვეღარ მოვითმინე. ახლა კი ვნანობ, რაც ჩავიდინე, რადგან, წითელი ბარათი მომცეს, თამაშის დამთავრება ვერ მოვახერხე და რუსეთთან პრინციპული თამაშის გამოტოვებაც მომიხდა. 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მივიღე.
– მოდი, თავიდან დავიწყოთ: რაგბის თამაში როდის დაიწყე?
– მგონი, საკმაოდ გვიან – 14-15 წლის ასაკში. მეგობრების რჩევით დავიწყე – ყველა მეუბნებოდა, შემოდი რაგბიზეო. ჩემი თანაკლასელები დადიოდნენ, მერე ჩემმა ძმამაც დაიწყო ვარჯიში რაგბიში და ნათლიაჩემის, ჯაპანას (მსახიობი დათო ხურცილავა, – ავტორი) დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ მეც დამეწყო თამაში. მეუბნებოდა, ჩემი შვილი დადის და შენც სცადე, თუ არ მოგეწონება, დაანებებ თავსო. მივედი, დავიწყე ვარჯიში და, ისე მომეწონა, რომ დავრჩი და გავხდი მორაგბე. რაგბის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს მორაგბეობას, კინემატოგრაფისტთა ოჯახიდან ხარ და, უცებ – რაგბი. ხომ არ შეეწინაღმდეგნენ შენს არჩევანს?
– არა, პირიქით. დროთა განმავლობაში იმდენად შეეცვალათ შეხედულება რაგბიზე, რომ რაგბის წესებშიც გაერკვნენ და ჩემი პირველი გულშემატკივრებიც არიან.
– საქართველოში „ლელოს” წევრი იყავი, 2009 წელს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ დაგასახელეს და ამის შემდგომ წახვედი საფრანგეთში, „კლერმონში”. როგორ მოეწყვე იქ, არ გაგიჭირდა გარემოს შეცვლა, სხვა მენტალიტეტის ხალხთან ურთიერთობა?
– თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო. არ არის ადვილი, უცხოეთში რომ ჩახვალ და თავის დამკვიდრებას იწყებ, მაგრამ თუ მოინდომებ ყველაფერია შესაძლებელი. თავიდან სინჯებზე ჩავედი, გავიარე ტესტები და გუნდში დამტოვეს. მეორე, სათადარიგო გუნდში ვვარჯიშობდი, „ესპუარენსეში”, ახლა კი მე და ზირაქა (დავით ზირაქაშვილი, – ავტორი) ერთად ვვარჯიშობთ პირველ გუნდში და არაფრის პრობლემა არ მაქვს. საფრანგეთში ჩემი ძმაკაცი დამხვდა, რომელმაც კარგად იცოდა ფრანგული და ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში.
– იქაურ გულშემატკივარზე რას იტყვი, როგორი ხალხია?
– რაგბი ყველას ძალიან უყვარს, კლერმონში გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს სახეობა. თავგამოდებული ქომაგები არიან და ყველა თამაში მათთვის დღესასწაულია.
– ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული და ხშირად ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?
– საქართველოში ძირითადად ნაკრების მატჩების დროს ჩამოვდივარ, შეკრებებზე, ისე კი წელიწადში ორჯერ მაძლევენ შვებულებას – ზაფხულში და საახალწლოდ და ამ დროს ვახერხებ ჩამოსვლას. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ: გავდივართ კლუბებში, ბარებში, ბოულინგს ვთამაშობთ. განტვირთვის დღეებს ვიწყობთ, სულ რაგბიზე რომ არ ვიფიქროთ. თამაშების მერე გუნდელები ერთად ვერთობით, ევროპულად (იცინის).
– ალკოჰოლთან როგორ ხარ, ფრანგულ ღვინოზე რას იტყვი?
– თამაშის მერე მიყვარს დალევა, უფრო ლუდის, ვიდრე ღვინის. ხშირად არა, მაგრამ, თუ ვსვამ ბოლომდე ვსვამ (იცინის). „მესამე ტაიმზე” ბევრს არ ვსვამ, არ ვთვრები ხოლმე, უფრო სპორტული სიტუაციაა და ერთი-ორ ჭიქას თუ დავლევ სიმბოლურად. ამის შემდეგ მეგობრები ცალკე თუ მივდივართ, ან, იმ შემთხვევაში, თუ მეორე დღეს თავისუფალი ვარ და დასვენების საშუალება მექნება, თავს ვაძლევ იმის ნებას, რომ ცოტა დავლიო.
– კინოზე რას იტყვი? ვიცი, რომ რამდენიმე ფილმში ხარ გადაღებული.
– დიახ, რამდენიმე ფილმში მაქვს შესრულებული პატარ-პატარა ეპიზოდური როლები, მათ შორისაა „ომი და ქორწილი”, რომელიც მამაჩემმა გადაიღო (ვიტოს მამა, რეჟისორი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, – ავტორი). ბავშვობაში სულ არ ვფიქრობდი, რომ რაგბის ვითამაშებდი და, ოჯახის გავლენით, მინდოდა, რომ მეც მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ სხვა გზით წავედი – რაგბის გავყევი და, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.
– აქ თეატრალურზე სწავლობდი...
– თეატრალური ვერ დავამთავრე, აკადემიური მაქვს აღებული. ორი წელი ვსწავლობდი და მერე წავედი საფრანგეთში. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ სწავლის გაგრძელებას, საფრანგეთში დროის პრობლემაა – არ მაქვს სწავლის დრო, თან, ფრანგულიც არ ვიცი იმ დონეზე, რომ სადმე ჩავაბარო.
– ნაკრებზე გკითხავ: როგორი შეგრძნება გქონდა, როდესაც პირველად მოირგე ნაკრების ფორმა და როგორ შეგხვდნენ გუნდში?
– 2008 წელს რუმინეთში ვიყავით შეკრებაზე და იტალიას „A” ნაკრებს ვეთამაშეთ. მაშინ ვითამაშე პირველად ნაკრებში. ამის შემდეგ კი, ისე მოხდა რომ, თან თეატრალურში ვსწავლობდი, თან „ლელოში” ვთამაშობდი და მივხვდი, რომ ან ერთი უნდა ამერჩია, ან – მეორე, რადგან ორი საქმე ერთად არ გამოდიოდა: ან უნდა მესწავლა და რაგბისთვის თავი დამენებებინა, ან, უნდა სწავლა მიმეტოვებინა. მივხვდი, რომ სწავლის დროს ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი. თვითონ ნაკრებში ნამდვილი ოჯახური სიტუაცია და მეგობრული გარემოა, რასაც უფრო მეტად გრძნობ, საფრანგეთიდან, რომ ჩამოდიხარ – იქაური კლუბი და სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. აქ ბიჭებს ზოგს ბავშვობიდან ვიცნობ, ზოგს გუნდიდან და ყოველთვის ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ძალიან მიხარია ნაკრებში თამაში. მიმაჩნია, რომ გუნდში ახალი მოსული ვარ – სულ ორი წელია, რაც ამ გუნდთან ერთად ვთამაშობ და ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვირიცხები. დიდი წვლილი მიუძღვით ნაკრების გამოცდილ წევრებს, რომ ასეთი ურთიერთობაა გუნდში შიგნით. ახალი მოსული ვიყავი ნაკრებში და ბიჭების დახმარებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ თავს სახლში, ოჯახში ვგრძნობდი. მერე, როდესაც ამ სიტუაციას ალღოს უღებ, სწავლობ გამოცდილი წევრებისგან, გამოცდილებას იღებ, შენც გინდა, რომ ახალ მოთამაშეს ანალოგიურად შეხვდე. ძალიან მომწონს ასეთი ურთიერთობა და კმაყოფილი ვარ.
– ახალ ზელანდიაზე რას იტყვი, როგორ დაგამახსოვრდა მსოფლიო ჩემპიონატი?
– იქაურებს ძალიან უყვართ რაგბი, ნამდვილი პროფესორები არიან. პატარა ბავშვიდან დაწყებული, დიდით დამთავრებული, ყველა გადარეულია რაგბიზე. ქართველებს კარგად შეგვხვდნენ, მხარდაჭერას ვგრძნობდით და მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თვითონ ქვეყანა ძალიან ლამაზია და მომეწონა. მსოფლიო ჩემპიონატი კი ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
– ვიტო, რუსეთთან მატჩისთვის როგორ ემზადებით, შენი აზრით, რის ხარჯზე ვუგებთ ხოლმე?
– გული მწყდება, რომ დისკვალიფიკაციის გამო, ახლა ვერ ვითამაშე რუსეთთან, თუმცა, შარშან ვითამაშე სოჭში და, რა თქმა უნდა, მოვიგეთ. რომ გითხრა, განსაკუთრებულად ვემზადებით-მეთქი; ასე არ არის, ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ; თუმცა, რა თქმა უნდა, შინაგანად ვგრძნობთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მატჩი. როდესაც მოედანზე გავდივართ, ვიცით, რომ ათასობით ადამიანი გვქომაგობს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ.
– ექსტრავაგანტური ვარცხნილობით გამოირჩევი სხვა მორაგბეებისგან, თმას როგორ უვლი?
– (იცინის) ბუნებრივად ასე მეზრდება თმა, ფაფახივით. ამის გამო, მამაჩემის გმირს მამსგავსებენ „ნატვრის ხიდან” – შეთეს. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ვუვლი. რამდენიმე ხნის წინ გადაპარსული მქონდა თავი, შეიძლება, ახლო მომავალში ისევ გადავიპარსო.
– შეყვარებული თუ გყავს და, საერთოდ, შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
– არა, შეყვარებული არ მყავს და არც არანაირი კრიტერიუმი არ მაქვს, რომ მაინცდამაინც ასეთი გოგო მომწონს. ჩემს პირად ცხოვრებაზე ჯერჯერობით მხოლოდ ამას ვიტყვი (იცინის).