„დამნაშავეა“... ბუნება
ბუნებამ თავიდანვე იცოდა, რომ ადამიანებისთვის ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა. კლიმატურ კატაკლიზმებზე რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანებს აწვალებთ ეკონომიკური პრობლემები, ომები, ვირუსები, ქრონიკული დაავადებები... ერთი სიტყვით, პრობლემების მთელი თაიგულია და ამას ემატება ის უსიამოვნებები, რომლებსაც საკუთარ თავებს თავადვე ვუქმნით. მაგალითად, სქესთა შორის ბრძოლა, რომელიც ჩვენ თვითონ მოვიგონეთ. სინამდვილეში კი, გასაყოფი არაფერია. პირიქით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი იმიტომ შექმნა, რომ პრობლემები ერთად გადაელახათ და ერთმანეთისთვის ცხოვრება გაეიოლებინათ, თანაც, კონკრეტული მოვალეობა-ვალდებულებები დააკისრა: ქალი მოვალეა, რაც უნდა მოხდეს, გააჩინოს შვილები და შეუქმნას მათ ყველა პირობა გადარჩენისთვის, ანუ, ქალია ვალდებულიც და პასუხისმგებელიც სიცოცხლის გაგრძელებაზე. მამაკაცებს გლობალური პრობლემების გადაწყვეტა დაევალათ: ახალი მიწებისა და ტექნოლოგიების ათვისება, კატასტროფების თავიდან აცილება, ქალებისა და ბავშვებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა. ამიტომაც განსხვავდება ქალი მამაკაცისგან და ამაზე პასუხისმგებელი ევოლუციაა. ქალები ინახავენ საუკეთესო მიღწევებს. იმ მიღწევებს, რომელთაც მოიპოვებენ მამაკაცები...
ქალი მუდმივობისა და სტაბილურობის მომხრეა; იგი კაცზე ფრთხილია, დაკვირვებული, საიმედო და მზრუნველი. რაც შეეხება მამაკაცს, ის აქტიური, მამაცი, შეუპოვარი და საკუთარ თავში დარწმუნებული თავად ბუნებამ შექმნა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ლიდერობა სურს, რომ თავს სამყაროს მბრძანებლად მიიჩნევს, რომ ყოველთვის უნდა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს. ამიტომ, დავუთმოთ. მათ ზედმეტი ამბიციები კი არ აწუხებთ, ამაში „დამნაშავე“ ბუნებაა – სწორედ მან შექმნა მამაკაცი ასეთად.
„თარგმანის“ სირთულეები
წარმოიდგინეთ სიტუაცია: მეგობრებთან ერთად გასართობად გინდათ წასვლა, ან, უკიდურეს შემთხვეაში, მათი სახლში მიწვევა გადაწყვიტეთ. ეკითხებით ქმარს, ის კი გაურკვეველი ჟესტიკულაციით გპასუხობთ.
ფრთხილად! სკანდალამდე იმაზე გაცილებით ახლოს ხართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ იფიქრებთ, რომ წინააღმდეგია, გაბრაზდებით, გაღიზიანდებით და საყვედურებით დააცხრებით: ,,რა გინდა, რატომ ხარ წინააღმდეგი?! არ შეიძლება, ცოტა მეც გავერთო?! არ გყოფნის, რომ მთელი კვირა გემსახურები?!” ქმარი ჯერ გაოგნებულია, მერე ბრაზდება და...
თქვენ მას, უბრალოდ, ვერ გაუგეთ! მას რომ თქვენი მეგობრების სტუმრობა არ ნდომოდა, ამას ხმამაღლა გეტყოდათ, ყოველგვარი ჟესტების გარეშე, უსიტყვოდ კი ის განიშნათ, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ხელის აქნევა ნიშნავდა: შეგიძლია, თავად გადაწყვიტო. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს...
ჟესტები იმაზე გაცილებით მეტყველია, ვიდრე თქვენ გგონიათ, განსაკუთრებით კი მამაკაცების შემთხვევაში. ამიტომ, ადვილად შეიძლება შეცდეთ და არასწორად გაიგოთ. გირჩევთ, თუკი ვერ ხვდებით, სთხოვეთ გაახმოვანოს და ახსნას თავისი ჟესტი.
ნუ დაესხმებით თავს მეუღლეს მაშინვე, როცა მის ჟესტსა თუ ფრაზას თქვენებური ინტერპრეტაციით გაიგებთ და არ მოგეწონებათ. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ხშირად არის არასწორი მოსმენა (უფრო – არმოსმენა) და მოსმენილის არასწორი გაგება ვერგაგება).
იცით თუ არა, რომ „თარგმანში” ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ, შეიძლება, სერიოზული დიპლომატური სკანდალი გამოიწვიოს და საქმე ომამდეც კი მივიდეს?! ასე რომ, რთულია, იყოთ კარგი „თარჯიმანი“, მაგრამ, ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად – აუცილებელი...
მხოლოდ პოზიტივი
თუ თქვენი თავისთვის სიკეთე გინდათ, ყოველთვის იაზროვნეთ და იფიქრეთ პოზიტიურად. ის კი არა, ნაკლებად მოისმინეთ უბედური ადამიანების ისტორიები. არ არის საჭირო, სხვის უიღბლობაზე ღვაროთ ცრემლები. ნუ გაუხსნით საკუთარ თავს წარუმატებლობებისკენ გზას. თუ ვინმე უსიამოვნებებს იზიდავს, ეს მისი პრობლემაა, თანაუგრძნეთ და დაივიწყეთ...
დაჯექით და დაფიქრდით: მოგწონთ თუ არა საკუთარი ცხოვრება? თუ არ მოგწონთ – რატომ არ მოგწონთ; ხოლო, თუ მოგწონთ, „ამოკრიფეთ“ ყველა პოზიტივი და ხშირად გაიხსენეთ.
წარუმატებლობები და უსიამოვნებები ყველას გვაქვს, ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს არ არის არც პრობლემა და არც ტრაგედია. მთავარია, ჩვენ არ მივანიჭოთ მათ მასშტაბები და არ მივცეთ საშუალება, ცხოვრება გაგვიმწარონ.
იფიქრეთ და აუცილებლად მიხვდებით იმ მარცხის ჭეშმარიტ მიზეზს, რომელიც გქონდათ და ეს უნდა გადალახოთ.
თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებით, ის კი ძალიან აგვიანებს?! ჯერ თავად გახდით პრინცესა. ყველა კონკრეტული სიტუაცია კონკრეტულად გააანალიზეთ. გააკეთეთ სათანადო დასკვნები ემოციების გარეშე და უთხარით საკუთარ თავს: ,,მე ეს აღარ შემემთხვევა!”და, მართლაც, მომავალში უსიამოვნებები გვერდს აუცილებლად აგივლით.
ძალიან განსხვავებულები
ქალები ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცები ძირითადად ერთნაირები არიან და, რომ ღირსეული კაცი თითქმის აღარ დარჩა დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება გადაჭარბებულია და არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მამაკაცები, ისევე, როგორც ქალები, აუცილებლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, აქვთ რაღაც საერთოც და ასე ქმნიან ტიპაჟებს. მოდი, ვნახოთ, როგორი ტიპის მამაკაცი შეიძლება შეგხვდეთ ცხოვრების გზაზე.
იდეური... – მას შეუძლია, მთელი ცხოვრება ერთი იდეის გარშემო იტრიალოს. სულერთია, რით იქნება დაინტერესებული. მთავარი ხომ იდეაა და არა მისი შედეგი. შეიძლება, აიჩემოს, რომ ჭიანჭველების უფლებებია დასაცავი და მთელი თავისი დრო და ენერგია ამ საქმეს შეალიოს.
ქალი, რომელიც ასეთ ტიპს აიტანს, არ უნდა იყოს დაჯილდოებული ინდივიდუალიზმით, თან, უნდა სჯეროდეს, რომ მისი რჩეული ნამდვილი გმირია...
წარმატებული... – ვის არ უნდა წარმატებული პარტნიორი ჰყავდეს გვერდით. მით უფრო, ქალები, ჭკუას კარგავენ წარმატებულ მამაკაცებზე. თუმცა, ამ ტიპის კაცის გვერდით ყოფნა, არც ისე ადვილია. მას ხომ მთელი ცხოვრება, ყოველი წუთი და დღე დაგეგმილ-გაწერილი აქვს. რაც უფრო მაღლა ავა ის კარიერულ კიბეზე, მით უფრო მკაცრი, პრინციპული და დამოუკიდებელი გახდება და ხელგაშლილობითაც ნაკლებად გაგაოცებთ. ერთი სიტყვით, გმირი და რაინდი ნამდვილად არ არის.
რომანტიკოსი... – სავსეა წინააღმდეგობებით. შეუძლია, ბოლო კაპიკებით თაიგული გიყიდოთ. პურიც თუ არ არის სახლში, რა პრობლემაა... ერთი სიტყვით, მის გვერდით კაციც თქვენ უნდა იყოთ და ქალიც, ღრუბლებში ფრენისას ფეხი რომ არ დაუცდეს და მიწაზე მწარედ არ დაენარცხოს. მაგრამ, შეგიძლიათ, გახდეთ მისი ცხოვრების მუზა – ესეც საქმეა...
მოშინაურებული... – პრაქტიკულია და საიმედო. ამ ტიპის მამაკაცების აშკარა დეფიციტი იგრძნობა. მისთვის მთავარი ოჯახია, უპირველესი საქმე კი – ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა. თუ ასეთ მამაკაცს შეხვდებით, ესე იგი, ძალიან გაგიმართლათ. ხელი მაგრად ჩასჭიდეთ და არსად გაუშვათ. კარგი ქმარი იქნება, თუმცა, ცოტათი მოსაწყენი. არ გიღალატებთ, თუ მართლა რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. მაგრამ, მისგან სიუპრიზებსაც ნუ დაელოდებით...