რომელი საკვები პროდუქტი უნდა ჭამოთ ქრონიკული შეკრულობის დროს
კოლიტი ნაწლავების ანთებითი და არაანთებითი დაავადებაა. ანთებითს განეკუთვნება მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, რომელსაც ნაწლავების ფუნქციის მოშლა იწვევს; არაანთებითს კი – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. ქრონიკულ კოლიტს მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომსაც უწოდებენ. ის ვლინდება მუცლის ტკივილით, მეტეორიზმით, შებერვით, კუჭის შეკრულობითა და ლორწოვანი გამონადენით. ამ დროს ორგანიზმის ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა, ანუ, არ აღინიშნება არც მაღალი ტემპერატურა, არც წონის კლება და არც ცვლილებები ანალიზში.
თუ კუჭის შეკრულობა ხშირად არ გაწუხებთ, არ არის საკვები რაციონის ცვლილებაზე დამოკიდებული, მაშინ, შესაძლოა, ყველა სიმპტომმა თავისით გაიაროს; მაგრამ, თუ კუჭის მოქმედება სამ-ოთხ დღეში ერთხელ გაქვთ, რასაც თან ახლავს ტკივილი, გაწუხებთ მეტეორიზმი, მაშინ აუცილებლად უნდა გაესინჯოთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს და დაადგინოთ მიზეზი. შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. თუ ტკივილები აღგენიშნებათ, ამ შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები; თუ კუჭის მოქმედება დარღვეულია, მაშინ საჭიროა მისი ნორმაში ჩაყენება.
წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავები. ახასიათებს დიარეა და განავალს მოჰყვება სისხლი. ამ დროს თავს იჩენს დაავადების საერთო ნიშნები, მაგალითად, წონაში დაკლება, მაღალი სიცხე, პირღებინების შეგრძნება, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. შესაძლოა, ტკივილი არ აღინიშნოს, მაგრამ, თუ მაინც გტკივათ, ესე იგი, სერიოზული გართულებაა და დროულად მიაქციეთ ყურადღება. კრონის დაავადება კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნის დაზიანებაზე მეტყველებს. ქრონიკული კოლიტისგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს. მოგვიანებით კი ის ვლინდება კანის, თვალების, სახსრებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებით. ხშირად კრონის დაავადება ინიღბება ბრმა ნაწლავის ტკივილით. თუ ადამიანს ეს დაავადება ერთხელ შეეყარა, მთელი ცხოვრება დატანჯავს, რამაც შესაძლოა, საშიში გართულებებიც გამოიწვიოს, კერძოდ: ჩირქოვანი იარები, შეხორცებები, შევიწროვებები წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, რომლებიც გაუვალობის მიზეზი ხდება; წყლულოვან კოლიტს კი მოჰყვება სისხლდენები, პერიტონიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა საშიში გართულებები.
კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა. ქრონიკული კოლიტის დროს კარგია ქატო, შავი ქლიავი, სტაფილო, რადგან ისინი კვებით ბოჭკოებს შეიცავენ. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღება. იკრძალება რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმელი.
ასევე, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. მიირთვით ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები და ნიგოზი.
არსებობს კოლიტი, რომელსაც მიკრობებით გამოწვეული დაავადებები მიეკუთვნება, მაგრამ, ამ შემთხვევაში გამომწვევია ნაწლავური ინფექცია. ამ დროს მკურნალობის კურსი დროულად უნდა ჩაიტაროთ.
იკურნება თუ არა მენინგოკოკური ინფექცია და როდის გადადის ის ერთი ადამიანიდან მეორეზე
მენინგოკოკური ინფექცია საკმაოდ საშიშია. ინფექციის წყაროა ბაქტერიის მქონე დაავადებული ადამიანი. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ცხვირ-ხახის გზით. ადამიანი ამას თავად ვერ გრძნობს. დაავადების შედარებით მარტივი გამოვლენაა ცხვირ-ხახის ფორმა, რომელიც ჩივილებით გრიპს წააგავს, ამასთანავე, შეინიშნება ჩირქოვანი ნადები საყლაპავზე, ცხვირის, ხახის, ნუშურა ჯირკვლების შეშუპება და შეწითლება. ხშირად დაავადება ამით მთავრდება, ზოგჯერ კი ვითარდება გართულება, კერძოდ, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, არტერიული წნევა კი ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად ეცემა. აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუნთების ტკივილი, კიდურებზე შეინიშნება წითელი შეფერილობის, ამობურცული გამონაყარი. ხანდახან დაავადებას ერთვის ფილტვების, სახსრების, გულის კუნთის ანთებაც.
მენინგიტი ზოგჯერ ვითარდება ძლიერი თავის ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით სინათლის შუქზე, ხმაურზე, შეხებაზე და ასე შემდეგ. ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რადგან, თუ ავადმყოფს დროულად არ აღმოუჩინეთ დახმარება, შესაძლოა, დაავადება გართულდეს და განვითარდეს შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან ტვინის შეშუპება. დროული და ინტენსიური მკურნალობის შედეგად კი, ადამიანი დაახლოებით ორ-სამ კვირაში შეიძლება გამოჯანმრთელდეს.
ეს დაავადება განსაკუთრებით ბავშვებშია საშიში. თუ ბავშვს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაუტარდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და დადასტურდება, რომ ის არ არის ბაქტერიამატარებელი, გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მასთან სხვა ბავშვის კონტაქტი აღარ არის საშიში, თუმცა, მასზე ფსიქონევროლოგიური მეთვალყურეობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ერთი-ორი წლის განმავლობაში.
ინფექციური ნევრიტის დროს ფიზიოთერაპიული პროცედურები აუცილებელია
სახის ნერვის ნევრიტი ყველაზე ხშირად გრიპის შემდეგ ვითარდება, რაშიც გარკვეულ როლს ასრულებს თავის ქალის ძვლოვანი არხის თანდაყოლილი ანომალია, მისი სივიწროვე, ასევე, ვენური შეგუბება.
სახის ნერვის ანთება, ზოგჯერ მეორეულად ვითარდება შუა ყურისა და საფეთქლის ძვლის ანთების, თავის ქალის ფუძის მოტეხილობის ან სხვაგვარი ტრავმის, პაროტიტის, ანუ ყბაყურა ჯირკვლის ანთების, ქვედა ყბის ძვლის ანთების, ტუბერკულოზური ლიმფადენტის, ანუ, ლიმფური ჯირკვლების ანთების, რევმატიზმის, წითელი ქარის ფონზე. სახე ამ დროს ასიმეტრიულია, გამოხატულია მიმიკური კუნთების დამბლა ან პარეზი სახის ნახევარზე. დამბლის მხარეს სახე ნიღბისმიერია, წარბი – დაშვებული, ქუთუთო ხამხამის უნარს კარგავს, ძილის დროს თვალი არ იხუჭება. ეს უფრო აშკარა ხდება ღიმილის დროს. ავადმყოფს უჭირს ბაგისმიერი ბგერების წარმოთქმა.
ინფექციური ნევრიტის დროს აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო თერაპია ანტიბიოტიკებით, სალიცილატებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ინიშნება მინისებრი სხეული, იოდის პრეპარატები. მწვავე პერიოდში კი მკურნალობენ ულტრამაღალი სიხშირის დენით ან კვარცით. კარგ შედეგს იძლევა პარაფინისა და ტალახის აპლიკაციები. ერთი კვირის შემდეგ კი ავადმყოფს ენიშნება იონოგალვანიზაცია ქლორიანი კალციუმით; ასევე, საჭიროა მასაჟიც. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
რომ არ გასუქდეთ, ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით
ხშირად, სწორად დაცულ დიეტასაც კი არ აქვს სასურველი შედეგი. ძალიან რთულია, მოამზადო ორგანიზმი მუშაობის ახალი რეჟიმისთვის. თუ თავს იკავებთ საკვების მიღებისგან მხოლოდ რამდენიმე დღით, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ, საკვების მიღების დაწყებისთანავე, ორგანიზმი მაშინვე იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს ემზადება არასასურველი პერიოდისთვის, ეს კი ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფად მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით; ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს შედეგად.
სწორი კვება ჯამრთელად გახდომის აუცილებელი პირობაა. ბევრი ჩვენგანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებული, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი, მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ეცადეთ, სამსახურში წაიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად, ხილი, იოგურტი, ბოსტნეულის ბუტერბროდი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.
როდის გარდაიქმნება მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი ავთვისებიან სიმსივნედ
მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზი ნაწლავების ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. მას ახასიათებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე მრავლობითი სხვადასხვა ფორმისა და ზომის პოლიპის წარმოქმნა, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. თავიდან პოლიპები პატარა ზომისაა, შემდეგ იზრდება და თუ დროულად არ მოხდა მათი ამოკვეთა ქირურგიული გზით, ისინი ავთვისებიან ფორმად გარდაიქმნება. სხვათა შორის, ეს დაავადება ხშირად მემკვიდრეობით გადადის.
დიფუზური პოლიპოზის სამი ფორმა არსებობს: პირველი ფორმა ვლინდება სიცოცხლის პირველივე თვეებში ან წლებში. ახალშობილს ტუჩების ლორწოვანზე, ლოყების შიგნითა ზედაპირზე, სახის კანზე აქვს ჭორფლისმაგვარი, ღია ყავისფერი პიგმენტური ლაქები; დაავადების მეორე ფორმას იუვენილური პოლიპოზი ეწოდება. ის დაახლოებით 10-11 წლის ასაკში ვლინდება. გახშირებულია ბავშვის დეფეკაცია, განავალი კი თხელია, სისხლის მინარევებით; ვითარდება ანემია. თუ ამ დროს ოპერაცია არ ჩატარდა, პროგრესირდება სისუსტე, ფიზიკური, სქესობრივი და გონებრივი განვითარება, ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები; მესამე ფორმაა პროლიფერირებული დიფუზური პოლიპოზი, რომელიც დაახლოებით 16-17 წლის ასაკში ვლინდება. თუ დიაგნოზი დასმულია, ოპერაცია აუცილებელია, რადგან, ამ ფორმის პოლიპები სწრაფად იზრდება და გარდაიქმნება ავთვისებიან ფორმად. დაავადების სხვა ფორმების დროს პოლიპები ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ, ასაკში შესვლისას ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნება.
დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავური აშლილობით; ხშირია დეფაკაცია, თხიერი, სისხლისა და ლორწოს მინარევებით; პერიოდული, ყრუ ტკივილებით მუცლის ქვედა არეში, მუცლის შებერილობით და ასე შემდეგ. ამას თან ახლავს ბოყინი და გულძმარვა. გარეგნულად კი აღინიშნება ტუჩების, სახის კანისა და ხელისგულების პიგმენტაცია, ლიპომები, ანუ ცხიმოვანი ქსოვილის წარმონაქმნები. ადამიანს აღენიშნება სისუსტე, დაღლა, მადის დაქვეითება, შრომისუუნარობა, იმუნიტეტის დაქვეითება; ასევე, ანემია, ცილოვანი ცვლის დარღვევა, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქციების მოშლა. მკურნალობის სხვადასხვა არაოპერაციული მეთოდი ასეთ დროს შედეგს არ იძლევა.
რისკის ჯგუფს კი მიეკუთვნებიან პოლიპოზით დაავადებულთა სისხლისმიერი ახლო ნათესავები; ავადმყოფები, რომლებსაც პოლიპები აღმოაჩნდათ კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. ასევე, ვისაც აქვს მრავლობითი ლიპომები, ათერომები, ფიბრომები; სუსტი, ანემიური, ფიზიკურად ცუდად განვითარებული მოზარდები; ხშირი ფაღარათის მქონე და განავალში სისხლისა და ლორწოს მქონე პირები. ასეთ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ექიმთან, რათა შესაძლო გართულებებს აარიდონ თავი.