რატომ უყურებს სურნელოვან აბაზანაში მონებივრე ია მანიჟაშვილს მეუღლე გულდაწყვეტილი
მომღერალი და სააგენტო „New Express“-ის ფიარ-მენეჯერი ია მანიჟაშვილი თავის მოვლას ყოველთვის დიდ დროს უთმობს, რადგან მას ხშირად უწევს სხვადასხვა საქმიან შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.
ია: თუ მინდა, რომ დილით კარგად გამოვიყურებოდე, ამაზე ზრუნვას წინა ღამეს ვიწყებ. თავთან ყოველთვის მიდევს სველი ხელსახოცები და ძილის წინ აუცილებლად ვიშორებ მაკიაჟს, რადგან ვიცი, რომ ხშირად სახის დაბანა არის მიზანშეწონილი. როდესაც ძილის წინ ამ პროცედურებს ჩავიტარებ, დილით დამშვიდებული, დაწყნარებული ვიღვიძებ და სახეზე წყლის შესხმაც მყოფნის იმისთვის, რომ მაკიაჟის გაკეთება დავიწყო.
– როგორ მაკიაჟს იკეთებ ყოველდღიურად?
– შეიძლება, ვინმესთვის მიუღებელია, მაგრამ ჩემი დღისა და საღამის მაკიაჟი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ჩემი მეზობლები ხშირად ნაწყენები მრჩებიან, როცა, ეზოში დაყენებული ჩემს ავტომობილს ხედავენ, კარზე მიკაკუნებენ და არ ვაღებ. ყველას ვუხდი ბოდიშს. მინდა იცოდნენ, როდესაც სახლში უმაკიაჟოდ ვარ, არავის ვუღებ კარს.
– დავის მაკიაჟით უფრო მოსწონხარ თუ უმაკიაჟოდ?
– ჩემი მეუღლე უპირატესობას მოვლილ ქალებს ანიჭებს, მე უმაკიაჟოდაც მოვწონვარ და მაკიაჟითაც, მაგრამ მოსწონს, როდესაც სადა მაკიაჟი მაქვს.
– დავის სულ ორიგინალური ვარცხნილობები აქვს. შენს გარეგნობაში თუ შეაქვს კორექტივები?
– მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ ფენს ვერ ვიყოფდით, მერე წავიდა და თავისთვის ცალკე იყიდა, მე მაქვს ვერცხლისფერი, დავის – ცისფერი. დილაობით ორივე ვდგავართ ჩვენი ფენებით სარკესთან და, ერთადერთი, იმაზე ვჩხუბობთ, გაიწიე, მე უნდა დავდგეო. დილით ჩემი და დავის თმის მოვლასა და დაყენებას ერთი და იგივე დრო სჭირდება. სხვათა შორის, ჩემს სახის კრემებზეც „ნადირობდა“, რადგან მიაჩნია, რომ მამაკაცის კრემები მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა, ქალის კრემები კი ნამდვილად, ხარისხიანია. მეც ვიპოვე გამოსავალი და ვყიდულობ ისეთ კრემებს, რომლებიც ქალის კანსაც უხდება და მამაკაცისასაც, ამიტომ, უკვე საერთო კრემები გვაქვს. სხვათა შორის, მეც ვიპარავ წვერის გასაპარს ქაფს და სამაგიეროს მიხდის.
– ზოგიერთი ქალი მხოლოდ სახის კანს უვლის, სხეულზე საერთოდ არ ზრუნავს. მგონი, შენ არ მიეკუთვნები ამ ქალების რიცხვს?
– არა, მე თავს მანიაკალურად ვუვლი. სახლში ისეთ დროს მივდივარ, რომ ერთი საათი მაინც დამრჩეს თავის მოსავლელად. ხვეული თმა მაქვს და მის გასწორებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ახლა ახალი ვარცხნილობა მოვიგონე, რომელსაც ძალიან ადვილად ვიკეთებ, ამიტომ, უკვე ორი თვეა, არ წავსულვარ სალონში თმის გასასწორებლად და, შესაბამისად, აღარც თმა მეწვება და ფულისა და დროის ეკონომიასაც ვაკეთებ. თან, რაც მთავარია, მე მომწონს. თმაზე გაკეთებული ნაწნავი – ეს არის პროტესტი იმის მიმართ, რომ ყველა ქართველი მამაკაცი აქტიურად მიეშურება უკრაინაში იქაური ქალების დასაპყრობად და მეც იმიტომ გავიკეთე ასეთი ვარცხნილობა, რომ ჩემი ქმარი არსად წავიდეს – სახლში ჰყავს „უკრაინელი“ ცოლი.
– გაჭრა ნაწნავმა?
– დიახ, ეს ჩემი მხრიდან ერთგვარი დიპლომატიური სვლა იყო. ძალიან მოეწონა, საერთოდ, ყოველთვის ხვდება, როცა რაღაცას ვიცვლი და კომპლიმენტს, მეუბნება ხოლმე. ვარცხნილობა, რომ არ გამიფუჭდეს, ძილის წინ მთელ თმას ზევით ვიწევ და დიდ კიკინას ვიკეთებ, რომელსაც დავიმ „ფანტანჩიკი“ დარქვა და, სახლში, რომ მივდივარ, ხუმრობს ხოლმე ჩემი „ფანტანჩიკა“ გოგო მოვიდაო. სამაგიეროდ, შხაპს, რომელსაც ძილის წინ ვიღებ, „დავი“ ჰქვია. თუმცა, შხაპზე მეტად უპირატესობას ვანიჭებ აბაზანაში სურნელოვან ქაფში წოლას, მაგრამ ჩვენს აბაზანას ერთი ნაკლი აქვს პატარაა და მე და დავი ერთად ვერ ვეტევით. ახლა ვაპირებთ დიდი ჯაკუზის ყიდვას. ჩემთვის ყველაზე კარგი რელაქსაციაა, ძილის წინ, თუნდაც ნახევარი საათით აბაზანაში წოლა, ამ დროს მთლიანად ვთავისუფლდები უარყოფითი ენერგიისგან. დავისაც ძალიან უყვარს სურნელოვანი აბაზანის მიღება, მაგრამ, როდესაც მე ვნებივრობ, ის გულდაწყვეტილი მიყურებს, იმიტომ, რომ ერთად ვერ ვეტევით.
– გიყვარს მასაჟი?
– ვერ ვიტყვი, რომ მასაჟი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ასე რომ იყოს, ჩემი მეუღლე არ დამზარდებოდა და გამიკეთებდა. მე უფრო ხშირად ვუკეთებ ხოლმე მასაჟს. ჩემი სუსტი წერტილი უფრო თმაა, მიყვარს, როდესაც თმაზე მეხებიან, მვარცხნიან.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– 30 წლის ვარ და სუნამო ჯერ არ მიყიდია, ძირითადად, მჩუქნიან. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ დავი ძირითადად „პაკო რაბანს“ მჩუქნის, რომელსაც თავისი გემოვნებით არჩევს. რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა მაჩუქა სუნამო და, რომ დავწექი, დავიმ მითხრა, რაღაც ახალი გასხია, საშინელებაა და არ მომწონსო. ანუ, ძირითადად ისეთ სუნამოს მჩუქნის, რომელიც თავად სიამოვნებს.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?
– ათი წლის წინ ყოველთვის ვამბობდი, რომ არასდროს გავხდებოდი ხელოვანი ადამიანის მეუღლე, მაგრამ ჩემი მეუღლე ზუსტად ამ სფეროს განეკუთვნება. იმასაც ვამბობდი, რომ არასდროს გახდებოდა ჩემი მეუღლე ისეთი კაცი, რომელიც ჩემზე მეტ დროს გაატარებდა სარკესთან და ექნებოდა ავანგარდული ვარცხნილობა, მაგრამ, ზუსტად ისეთი მეუღლე მყავს, როგორიც არ მინდოდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ კაცი თავს უვლის, ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ახლა ძალიან მომწონს, რომ დავი ასე უვლის თავს.
რჩევა: იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ, საკუთარ თავს უნდა გაეპრანჭოთ, მერე კი უკვე – გარშემო მყოფებსაც.