რომელი უნიკალური მიღწევით გამოირჩევა სხვა მწვრთნელებისგან ჟოზე მაურინიო და რა რეკორდი დაამყარა მან 2002-2011 წლებში
„ბარსელონას” ქომაგების გარდა, ფეხბურთის გულშემატკივრები მას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევენ, რომელმაც სადაც კი იმუშავა, ყველგან წარმატებას მიაღწია და სავარაუდოდ, წელსაც ესპანეთის პრიმერადივიზიონში გამარჯვებით დაასრულებს სეზონს. საუბარია მადრიდის „რეალის” მთავარ მწვრთნელზე, პორტუგალიელ ჟოზე მაურინიოზე, რომელმაც საკუთარ თავს „განსაკუთრებული” უწოდა.
* ჟოზე მაურინიოს მამა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და პორტუგალიის ნაკრების რიგებში ერთი მატჩი ჩაატარა.
* ჟოზე მაურინიოს არასდროს უთამაშია ფეხბურთი პროფესიულ დონეზე და მხოლოდ მოყვარულთა ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. პროფესიონალ ფეხბურთელად ის უბრალო მიზეზის გამო ვერ გახდა – არ ჰქონდა შესაბამისი მონაცემები.
* პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის ნაცვლად მაურინიომ პროფესიონალ მწვრთნელად გახდომა გადაწყვიტა და თავდაპირველად მთარგმნელ-რეფერენტად დაიწყო მუშაობა საფეხბურთო გუნდ „სპორტინგში”, ბობი რობსონის თანაშემწე გახლდათ. მოგვიანებით, ბობი რობსონი „ბარსელონას” მწვრთნელად დაინიშნა და მაურინიო მას გაჰყვა კატალონიაში. იმ დროს „ბარსელონას” რიგებში ხოსეპ გუარდიოლა თამაშობდა, „ბლაუგრანის” ამჟამინდელი მწვრთნელი და მაურინიოს ვიზავი. მწვრთნელობისთვის საჭირო გამოცდილება მაურინიომ ბობი რობსონისა და ლუის ვან გაალის ასისტენტად მუშაობის პროცესში აითვისა.
* ჟოზეს დედა ეწინააღმდეგებოდა შვილის არჩევანს ფეხბურთთან დაკავშირებით და ბიზნესსკოლაში გაგზავნა სასწავლებლად, საიდანაც ჟოზე მეორე დღესვე თავისი ნებით წამოვიდა.
* ჟოზე მაურინიოს ლისაბონის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, სადაც სპორტულ მეცნიერებას სწავლობდა 5 წლის განმავლობაში. ჟოზე კურსის საუკეთესო მოსწავლე გახლდათ და ძალიან იოლად ითავსებდა უცხო ენებს. ამჟამად ჟოზე მაურინიო თავისუფლად ლაპარაკობს პორტუგალიურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და კატალონიურ ენებზე.
* შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის სამწვრთნელო კურსებზე ჟოზე მაურინიომ, ცნობილი სპეციალისტის, ენდი როქსბურგის ყურადღება იმით მიიქცია, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი არ რჩებოდა შეუნიშნავი.
* 2002 წელს ჟოზე მაურინიო „პორტუს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ორ წელიწადში პრაქტიკულად, ყველა კატეგორიის საფეხბურთო ტიტული მოიგო: ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი, პორტუგალიის სუპერთასი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა. ერთ-ერთ მაშინდელ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მაურინიომ განაცხადა: „ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამთვლით მოსაწყენ ადამიანად, მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და მგონია, განსაკუთრებული ვარ”.
* 2004 წელს ჟოზე მაურინიო ლონდონის „ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა: ანუ „მე ვარ განსაკუთრებული”.
* მაურინიოს მოსაზრება „ჩელსის” ქომაგებზე: „ლონდონელი შავკანიანების უმეტესობა „არსენალს” ქომაგობს, ებრაული სათვისტომო – „ტოტენჰემს”, ქალაქის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა – „ვესტ ჰემს”. „ფულჰემსაც” ჰყავს თავისი მცირერიცხოვანი აუდიტორია, ხოლო „ჩელსის” ქომაგობენ: ბრაიან ადამსი, კლაუდია შიფერი, ჩელსი კლინტონი – მსოფლიოში აღიარებული ადამიანები. „ჩელსი” ძვირფასის სინონიმია, მას მხოლოდ არისტოკრატები ქომაგობენ”.
* მაურინიო ცხოვრების რთულ პერიოდსა და ზეწოლაზე: „ზეწოლის შეგრძნება ჩემთვის ფრინველის გრიპთან ასოცირდება. უდიდეს ზეწოლას ვგრძნობ და ყოველგვარი იუმორის გარეშე ვამბობ, ფეხბურთზე მეტადაც კი მეშინია მისი”.
* 2004-2007 წლებში, „ჩელსიში” მუშაობის დროს, მაურინიომ პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. მის ხელში „ჩელსი” ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ინგლისის ლიგის თასი, სუპერთასი და ინგლისის თასი.
* „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაში სკანდალური მარცხის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მაურინიომ „ბარსას” იმჟამინდელი მწვრთნელი – ფრანკ რაიკაარდი მსაჯებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ შესვენების დროს რაიკაარდი მსაჯის ოთახს ესტუმრა და სწორედ შესვენების შემდეგ, გააძევა მოედნიდან საკამათო სიტუაციაში არბიტრმა, ანდერს ფრისკმა „ჩელსის” ფორვარდი – დიდიე დროგბა, რამაც საბოლოოდ, მატჩის შედეგზე იქონია გავლენა. იმ მატჩში ფრისკი განსაკუთრებულად მიკერძოებული იყო და ბევრის აზრით, „ჩელსი” დაუმსახურებლად დაისაჯა.
* იმ გუნდების ქომაგები, რომელთაც ჟოზე მაურინიო წვრთნიდა, დღემდე სიმპათიით არიან მის მიმართ და მატჩების დროს მის სახელს სკანდირებენ. „ჩელსისა” და „ინტერის” მატჩებზე გულშემატკივრები სპეციალური შეძახილებით ახსენებდნენ ჟოზეს და ამით თავიანთ სიყვარულს გამოხატავდნენ. სიყვარული იმან განაპირობა, რომ ჟოზეს მწვრთნელობის პერიოდში ეს გუნდები საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ, იგებდნენ ჯილდოებს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ, გუნდების შედეგიანობამ იკლო. მისმა შემცვლელებმა ვერ აჩვენეს იგივე ხარისხი.
* ჟოზე მაურინიო რეკორდსმენია წაუგებელი მატჩების სერიაში. მისი ხელმძღვანელობით კლუბებს ნაციონალურ ჩემპიონატებში 2002 წლის 23 თებერვლიდან 2011 წლის 2 აპრილამდე არ წაუგიათ. სერია 150 მატჩისგან შედგება და ის ოთხ კლუბზე გადანაწილდა: „პორტუ”, „ჩელსი”, „ინტერი” და „რეალ მადრიდი”.
* ჟოზე მაურინიო მსოფლიოში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ოთხი სხვადასხვა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
* „ინტერში” მისვლის შემდეგ ჟოზე მაურინიომ ყველა არსებულ ტურნირში გაიმარჯვა: ჩემპიონთა ლიგა, იტალიის სუპერთასი, ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი. უკანასკნელად მილანის „ინტერი” ჩემპიონთა თასის ფინალში 1972 წელს ასპარეზობდა, ხოლო ბოლო გამარჯვება ფინალში 1965 წლით თარიღდება. 45 წლის შემდეგ ჟოზე მაურინიომ „ინტერს” ევროპის ყველაზე ძლიერი კლუბის ტიტული დაუბრუნა.
* ჟოზე მაურინიო საკუთარ თავზე: „მიყვარს საკუთარი თავის გამოცდა. როცა „პორტუში” ვიწყებდი მუშაობას, კლუბს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონია წარმატება. „ჩელსიში” გადავედი და გუნდს 50 წლის განმავლობაში არ მოეგო ინგლისის ჩემპიონატი. „ინტერი” 45 წელი ცდილობდა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას. ასეთი გამოწვევები მოტივაციას მმატებს. „რეალს” უზარმაზარი ამბიციები აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც მე. ამიტომაც ვარ კმაყოფილი ჩემი ამჟამინდელი სამუშაოთი.” ჯერჯერობით „რეალთან” ერთად მაურინიომ „კოპა დელ რეიში” გაიმარჯვა და სტატიის მომზადების დროს, „ბლანკოსი” ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს პრიმერადივიზიონში.
* ჟოზე მაურინიოს მეუღლე – მატილდა, ანგოლაშია დაბადებული. ჟოზემ ის პორტუგალიურ ქალაქ სეტუბალში გაიცნო ჯერ კიდევ თინეიჯერობისას. წყვილი 1989 წელს დაქორწინდა. ჰყავთ ქალ-ვაჟი. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი თავის ოჯახს თავისი ცხოვრების აზრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი კარგი მამობაა.