მარიო ბალოტელის წითელი ბარათი სავაჭრო ცენტრში
იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” სკანდალური ფორვარდი, მარიო ბალოტელი კვლავ შარში გაეხვია. ამჯერად ის სავაჭრო ცენტრიდან დაცვამ იმის გამო გააძევა, რომ თავიდან კაპიუშონი არ მოიხსნა. სავაჭრო ცენტრის წესდებით ყველა მოქალაქე ვალდებულია, უსაფრთხოების გამო, კაპიუშონი მოიხსნას და სწორედ ამ წესის დარღვევისთვის, ბალოტელი აიძულეს, რომ სავაჭრო ცენტრი დაეტოვებინა. თავდაპირველად, ჭირვეული ფეხბურთელი „ტრეფორდ ცენტრის” ხელმძღვანელობას უხსნიდა, რომ ვინაობის გამხელა არ სურდა და ამიტომ ეხურა კაპიუშონი, თუმცა, ამან მაინც არ გაჭრა. საინტერესოა, რომ ეს მეორე სკანდალია ბოლო ორ კვირაში, რომელიც ბალოტელის უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, პრემიერლიგაში „ბოლტონთან” მნიშვნელოვან მატჩამდე 2 დღით ადრე, ბალოტელი მეგობრებთან ერთად სტრიპტიზ-ბარში გაერთო, რითაც „სიტის” მწვრთნელის, რობერტო მანჩინის რისხვა დაიმსახურა.