კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენს მწყალობელ უფალს ყველა უყვარს

 

„უძღები შვილის“ იგავს „ძე შეცთომილიც“ ჰქვია, ძველქართულად კი „წარწყმედილ ძედ“ იწოდება, რადგან წარწყმედილი დაკარგულსაც ნიშნავდა, შეცთომილსაც და დაღუპულსაც. ეს ძე იმიტომ არის უძღები, რომ გაუძღომლობით ეკიდება მამისეულ სიკეთესა და წყალობას, თავისი ყმაწვილური გამოუცდელობით ამბობს უარს მშობლიურ სახლზე, მამის გვერდით ყოფნას, სხვის ჭერქვეშ შეკედლება ურჩევნია.

უძღები შვილია ის, ვინც ზეციერ მამას ეურჩება, ღვთისგან ბოძებულ მადლსა და წყალობას კარგავს და ცოდვას შეიყვარებს. ასე აღმოჩნდა ღვთისგან განშორებული უძღები ძე უცხო ქვეყანაში – ცოდვის მონათა სამყოფელში.

უცხო ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა. გაჭირვებული უძღები შვილი ერთ იქაურ კაცს – მოქალაქეს შეეკედლა, რომელმაც ღორების მწყემსად დააყენა. ეს მოქალაქე ეშმაკია, რომელსაც უძღები შვილი მსახურად დაუდგა. შიმშილობა – სულის შიმშილია, რაც მფლანგველობასა და გაუმაძღრობას მოჰყვება ხოლმე. ღორების მწყემსვა კი, ცოდვების გამოზრდას ნიშნავს, რითაც კაცი საკუთარ თავს თვითონვე შეურაცხყოფს. უძღებ შვილს ისე გაუხდა საქმე, რომ ღორის სალაფავი ენატრებოდა. მაშინ კი გონს მოეგო და მიხვდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი სინანული და თავისი ცოდვების აღიარება იხსნიდა.

„ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა “ – მონანიე შვილი ამ სიტყვებს გულში ამოიბეჭდავს და საჩქაროდ გაემართება მამისკენ. ასე მიიჩქარის ხოლმე რწმენითა და სიყვარულით სავსე მონანიე ქრისტიანი ეკლესიისკენ, რათა შენდობა გამოითხოვოს უფლისგან: „აღარა ვარ ამის ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, შენს მსახურად, მუშაკად მაინც მიმიღე“, – ესღაა მისი სავედრებელი.

ყოვლადმოწყალე უფალი იმწამსვე შეისმენს მონანიე შვილის ხმას. მამამ შორიდანვე დაინახა მისკენ მომავალი სინანულის ცრემლით გულდამდუღრული უძღები შვილი, შეეწყალა და თვითონ გაეგება, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. მან სიხარულით მიიღო მონანიე ცოდვილი და დაკარგული სამკვიდრებელიც დაუბრუნა: გამართა დიდებული ნადიმი და ცოდვებით ნაშიმშილარი მისი სული ასაზრდოვა, სამოსელი პირველი უბოძა და სიწმინდით შემოსა, თითზე ბეჭედი გაუკეთა და სულიწმიდის მადლით გააბრწყინა, ცოდვის ჩასატკეპნად და მოსაშორებლად ფეხსაცმელიც მისცა. რაკი გაუძღომელმა შვილმა ცოდვის უღელი სამუდამოდ გადაიგდო, გახარებულმა მამამ ზვარაკი, ანუ ნასუქი ხბო დაუკლა, სულიერი ნუგეშით რომ აღვსილიყო.

მამასთან ერთად იგავში მთელი სახლეული ხარობს, რადგან ძე მისი მკვდარი იყო ცოდვებით და გაცოცხლდა სინანულით, დაკარგული იყო და გამოჩნდა. მაგრამ, ამ სიხარულს არ აზიარებს უძღები შვილის უფროსი ძმა.

ებრაელთა სამემკვიდრეო წესით, წილის გაყოფის შემდეგ ოჯახის ქონების პატრონად მამა რჩებოდა. ეს ქონება შემდეგ გადაეცემოდა უფროს ძეს, რომელიც მამისეულ ოჯახში განაგრძობდა ცხოვრებას და მამისავე მორჩილი უნდა ყოფილიყო.

ამ იგავშიც ასეა. უფალი უფროს ძეზე ამბობს, ველსა გარე იყო, ყანიდან დაბრუნდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ უმცროსი ძმის წასვლის შემდეგ უფროსი ძმა მამისეულ ოჯახში დარჩა და მამისეულ რჯულსაც ასრულებდა. მაგრამ, როგორც კი თავისი უმცროსი ძმის დაბრუნების გამო გამართული ნადიმისა და მხიარულების ამბავი შეიტყო, მრისხანებამ შეიპყრო. ჯიბრში ჩაუდგა მამას და გულმოსულმა შინ შესვლაც კი აღარ ინდომა. ძმის გადარჩენამ სიხარულის ნაცვლად შური აღუძრა. მოსიყვარულე მამამ ოჯახის სიხარულის გასაზიარებლად უხმო უფროს ვაჟს, მაგრამ, უმადურმა შვილმა საკუთარი სამსახური დააყვედრა მამას და კადნიერად უთხრა: აგერ, რამდენი წელია, გემსახურები და შენს მცნებებს ვასრულებ, მაგრამ, ერთხელაც არ მოგიცია თიკანი, რომ მეგობრებთან ერთად მომელხინაო.

ეს რჯულის აღმასრულებელი შვილი, თურმე, ფარისევლურად ემორჩილებოდა მამას. ის თავმოყვარეობის სენით არის შეპყრობილი.

„უძღები შვილის“ იგავში უფალი საძაგელ ამპარტავნებას ამხელს, თავმდაბლობასა და სინანულს კი იწონებს, თანაგრძნობასა და სულგრძელობასაც გასწავლის. ხომ ხედავ, მოსიყვარულე და მოწყალე მამა ორივე შვილის შესაგებებლად თვითონ გამოვიდა სახლიდან: უძღებ შვილს ცოდვებით დაბზარული გული გაუმთელა, მეორე შვილის სიამაყით ნატკენ გულში კი კაცთმოყვარეობა გააღვიძა.

 

скачать dle 11.3