შეიძლება თუ არა შვიდგზის ზეთისცხებაში რამდენჯერმე მონაწილეობა და მოგვეტევება თუ არა ამ დროს დავიწყებული ცოდვები
დადებითი თვისებებით, მარხვა განიხილება, როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ, აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ არა უგვიანეს ბზობის კვირისა. ამ მოვალეობების შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას. ის უკვე აღარ არის სინანულისა და განახლების ის განბანა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღვთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. დიდმარხვაში, ასევე, აღესრულება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო, რომელში მონაწილეობასაც თავის განსაკუთრებული წესები აქვს. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესიაში ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება და ამ დღეს ტაძრის შუაგულში ხდება ჯვრის საზეიმო გამობრძანება. ასევე, ამ კვირიდან იწყება მარხვის გაშუალედება. ეს რას ნიშნავს?
– დიახ, დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღეს ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირის განმავლობაში ტოვებენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ მარხვის შუაგულს უკვე მივაღწიეთ. ამ დროს, ერთი მხრივ, თავს იჩენს და იგრძნობა დაღლილობა, ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვჭირდება; მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრწყინვალება უფრო ხილული ხდება. დიდმარხვა ჩვენი დიდჯვარცმის დროა, ჩვენი თუნდაც შეზღუდული გამოცდილება ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის საკითხავში ჟღერს: რომელმან აღიღო ჯვარი თვისი და შემომიდგნენ მე, მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად იტვირთა. მხოლოდ ქრისტეს ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი, და მისი ჯვარი ჩვენს ჯვარს საზრისსა და დიდ ძალას ანიჭებს. ამგვარად, გამხნევებული შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში და სამარხვო ღვთისმსახურების ტონიც იცვლება. თუ პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის გაწმენდაზე იყო მიმართული, მეორე ნახევარში ვიგებთ, რომ მარხვამ უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში. დიდი მარხვა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენელი ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანების, საგნების, სამსახურის მიმართ. „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“, – აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით. მაგრამ, ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით, ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს, ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას, იყავით მათ მიმართ გულგრილნი! დიდი მარხვა საზრისის ძიების პროცესია, აუცილებლად უნდა გავაღრმაოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობები, რადგან ჩვენც თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც ხშირად შეუგნებლად იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქცევით, რომლებიც ნელ-ნელა ამქვეყნად ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ. დიდი მარხვა ის დროა, როდესაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური იმას, რასაც ვამბობთ, რადგან ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, სიტყვებმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე – ძალაც.
– დიდი მარხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მსახურება შვიდგზის ზეთისცხებაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უკვე წლების განმავლობაში ესწრებიან ამ მსახურებას, იცხებენ ზეთს, მათ მაინც არ იციან მისი სწორი მნიშვნელობა.
– ზეთისცხების საიდუმლო სათავეს იღებს წმიდა წერილიდან, კერძოდ კი – იაკობ მოციქულის ეპისტოლედან. აი, რა წერია იაკობის ეპისტოლეს მეხუთე თავის, მე-14 და მე-15 მუხლებში: „თუ იყოს თქვენ შორის ვინმე ავად, მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ილოცონ მასზე, სცხონ ზეთი უფლის სახელით და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება“. აქ საუბარია არა ეკლესიის გარეთ მყოფ, არამედ ეკლესიის შიგნით მყოფ ადამიანზე, რომელიც არის ეკლესიის წევრი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. როდესაც ადამიანი გახდება ცუდად, მისმა ახლობლებმა უნდა მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ნებისმიერ მოძღვარს, რომელიც მასთან მიბრძანდება, წაუკითხავს ზეთისცხების ლოცვებს და ეს ადამიანი სარწმუნოებით განიკურნება. არა მხოლოდ ზეთისცხება, არამედ, რწმენით ლოცვა გადაარჩენს ადამიანს. ეკლესიამ განაჩინა, რომ დიდმარხვაში, როდესაც ადამიანები არიან სინანულში, მარხულობენ, ეკლესიაში ერთიანი ლოცვით იღებენ ზეთისცხებაში მონაწილეობას. იდეალური ვარიანტია, როდესაც შვიდი მოძღვარი სცხებს ზეთს, მაგრამ, შეიძლება, ეს საიდუმლო ერთმა სასულიერო პირმაც აღასრულოს. ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში, როდესაც ადამიანი ავად იყო, კვირეულის შვიდი დღის განმავლობაში შვიდი მოძღვარი მიდიოდა მასთან, უკითხავდა ლოცვებს, სცხებდა ზეთს. დღეს შეიძლება, შვიდივე მოძღვარი ერთ დღეს შეიკრიბოს და სცხონ ღვინოში გარეული ზეთი. ზეთი და ღვინო სნეულის განმკურნებელი მადლის სიმბოლოებია. როგორც ცნობილია, ძველად ორივე ნივთიერებას იყენებდნენ მედიცინაში – მიიჩნეოდა, რომ ღვინო ჭრილობებს დეზინფექციას უკეთებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო. ზეთის კურთხევის საიდუმლოში გამოყენებულია ჭურჭელში ჩაყრილი ხორბალი და ესეც თავისებური სიმბოლოა. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, შვიდი სანთელი ანთია, ხორბალი ახალი ცხოვრების სიმბოლიზებას ახდენს, თუმცა, ამ სიმბოლოს აქვს ორმაგი სულიერი მნიშვნელობა, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ადამიანის ცხოვრება: თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა ლოცვების შემდეგ, ხორბლის მარცვლები მისთვის ხელახლა გაღვივებული ცხოვრების სიმბოლო იქნება; თუ გარდაიცვლება, ეს მარცვლები მომავალი ახალი ცხოვრების წინდი ხდება მკვდრეთით აღდგომის ჟამს.
– ხშირად ქრისტიანები ამ საიდუმლოში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას, ეს დასაშვებია?
– ადამიანები ჯერ ერთ ეკლესიაში იცხებენ ზეთს, მერე მეორე ეკლესიაში. ბუნებრივია, არავინ უკრძალავს მათ ამ საიდუმლოში მონაწილეობას, მაგრამ, ძველად, გამოცდილი მოძღვრები ზეთს ერთხელ სცხებდნენ, რადგან, საკმარისია, ღვთის ნება ერთხელ გამჟღავნდეს. თუ შენ ერთხელ იცხე ზეთი და არ განიკურნე, ესე იგი, ჯერჯერობით არ არის უფლისგან დაშვებული შენი განკურნება, ამიტომ, მეორედ და მესამედ ზეთისცხებაზე მისვლა ნიშნავს უფლის გამოცდას, ეჭვის შეტანას ღვთის განგებულებაში. ამიტომ, სასურველია, ერთხელ მივიღოთ ამ საიდუმლოში მონაწილეობა რწმენით, მარხვითა და ლოცვით და არა ურწმუნოებით ან მცირედმორწმუნეობით, სინანულის გარეშე. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გაუცნობიერებელმა ზეთისცხებამ, შეიძლება, ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ბევრი ქრისტიანი დიდ საიდუმლოებებში მაგიურად, გაუცნობიერებლად, ლოცვის გარეშე იღებს მონაწილეობას, რაც, შეიძლება, მისთვის სავალალო აღმოჩნდეს. ყველას არ ვურჩევთ ამ საიდუმლოში მონაწილეობის მიღებას. ვინც მარხულობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება, მან უნდა მიიღოს ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა. დღეს ასეთი შეხედულება, სწავლება არსებობს, რომ, თითქოს, ადამიანს დავიწყებული ცოდვები ამ დროს ეპატიება. ეს არ არის ეკლესიური სწავლება, ეს ხალხური გადმოცემაა. როგორ შეიძლება, ადამიანს რაღაც დაავიწყდეს და ის ეპატიოს?! თუ ადამიანმა გააზრებულად არ აღიარა თავისი ცოდვები, მას შენდობა არ ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდუმლო ერთმანეთისგან გამომდინარეობს, რადგან, თუ ნათელღებული არ ხარ, მაშინ სინანულში ვერ იქნები; თუ სინანულში არ ხარ, ზიარებას ვერ მიიღებ; თუ სინანული და ზიარება არ გაქვს მიღებული, მაშინ, ბუნებრივია, ვერც ზეთისცხების საიდუმლოში მიიღებ მონაწილეობას და, რაც მთავარია, ცხონებაზე პრეტენზია ვეღარ გექნება. შვიდგზის ზეთისცხების დროს შვიდი ადგილი იკითხება სახარებიდან, შვიდი საქმე წმიდათა მოციქულთა, ესენი ამოკრებილია წმიდა მამების მიერ და ეხება განკურნებას, სულის სიძლიერეს. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებსა და ყველა უვერცხლო მკურნალს. თუ შენ ამ ყველაფერში არ მიგიღია მონაწილეობა, მარტო მაგიურად ზეთისცხება არ არის საკმარისი. თუმცა, თუ ადამიანს აქვს დიდი რწმენა, შეიძლება, ასეც განიკურნოს, მაგრამ, მე ვგულისხმობ იმას, რომ, მაშინ, მოძღვრებს ტყუილად ულოციათ და ტყუილად მიუღიათ ამ ლოცვებში მონაწილეობა. სასურველია, ადამიანმა თავიდან ბოლომდე მოისმინოს ეს ლოცვები, სახარება, რამეთუ ადამიანი იკურნება და იწმიდება ღვთის სიტყვის მოსმენითა და წაკითხვით.