როდის ურჩევნია კაცს სულელი ცოლი და რატომ აღიზიანებს მისი მიხვედრილობა
ამბობენ, რომ ტყუილი ჩვენი ცხოვრების განუშორებელი თანამგზავრია; რომ, რამდენიც უნდა ვცადოთ ამისგან თავის შეკავება, ტყუილის თქმა აუცილებლად მოგვიწევს და, ზოგჯერ, სრულიად კეთილშობილური მიზნით – სულ მცირე, გული რომ არ ვატკინოთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. ამ დროს თავს იმით ვიმართლებთ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მაგრამ, თითქმის ყოველთვის, ტყუილი თავს დიდხანს ვერ „მალავს“, სიმართლე მალევე იჩენს ხოლმე თავს და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება.
როცა წყვილის ურთიერთობაში ჩნდება ეჭვი და ეს ეჭვი თითქმის ყოველდღიურობად იქცევა, ტყუილიც ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. მაგრამ, ეს გამოსავალი კი არ არის, პირიქით, ჩიხში გვამწყვდევს. არადა, ხშირად გრძნობა იმაზე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მტყუან-მართლის გარჩევა. ქალები გაცილებით მტკივნეულად რეაგირებენ ტყუილზეც და ღალატზეც. ლამის დამტკიცდეს ფრაზა, რომ მათ თავშიც გული აქვთ. ალბათ, ყველაზე ძნელი საყვარელი ადამიანის მიმართ ნდობის დაკარგვაა.
მარიკა (29 წლის): ეჭვიანი არ ვიყავი და, რატომღაც მჯეროდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ეს პრობლემა არასოდეს გვექნებოდა. ვფიქრობდი, თუ ადამიანი გიყვარს, იმას როგორ არ უნდა ენდო-მეთქი. ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. ყოველთვის, როცა ეჭვიანობით განაწამებ ჩემს ნაცნობებს ვხვდებოდი და მათ გულისმომკვლელ ამბებს ვისმენდი, მეცოდებოდნენ და ვფიქრობდი, ასე როგორ ცხოვრობენ, ეს ხომ ჯოჯოხეთია-მეთქი. როგორ წარმოვიდგენდი, თუ ამ ჯოჯოხეთის გავლა მეც მომიწევდა. იმდენად არ ვარ ბუნებით ეჭვიანი, რომ, ვერ დავუშვი, ეს გრძნობა თუ შემოაღწევდა ჩემს გულში. მოკლედ, არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. რისთვისაც სხვას ვკიცხავდი, ზუსტად ის დამემართა.
– ეჭვიან ქალებს ჰკიცხავდით?
– ეჭვიან ცოლებს. როგორ შეუძლიათ, მუდმივ ეჭვში იცხოვრონ იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ვერ ენდობიან-მეთქი. თურმე შესაძლებელი ყოფილა. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში, მაგრამ...
– მაგრამ, ეჭვიანობთ მასზე? რატომ? საბაბი გაქვთ?
– ვაიმე, ეს ასე მარტივი ასახსნელი არ არის. იცით, რატომ მოვედი თქვენთან? რომ დავიცალო და ცოტათი მოვინანიო ჩემი დაუფიქრებელი საქციელი. ამ მომენტისთვის მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს არ ველაპარაკებით. მთლად უდანაშაულო ისიც არ არის, თუმცა, კაცების ამბავი ხომ იცით, მათ თავიანთი ლოგიკა აქვთ, თავისებურად სჯიან. ხშირად ჩვენ არ გვესმის მათი. მათ კი – ჩვენი. არ ვიცი, შეიძლება, ეს იმის ბრალია, რომ ისე არ ვუსმენთ ერთმანეთს, როგორც საჭიროა. ჩემი ქმარი არ აღიარებს იმას, რომ მისი ბრალია ჩემი ეჭვიან ცოლად გადაქცევა. არ ვაპირებ, ბრალმდებლის როლში ვიყო, მაგრამ, რეალობა ეს არის. საერთოდ არ ვიყავი ეჭვიანი, შეყვარებულობის პერიოდში ხომ, საერთოდ ბრმად მჯეროდა მისი. ვუყვარდი და მიყვარდა. მიხაროდა ჩვენი ურთიერთობა. შეიძლება, მაშინ, უბრალოდ, არ ვხედავდი ან ვერ ვხედავდი იმ დეტალებს, რომლებმაც მომავალში სიცოცხლე გამიმწარა.
– ბუნებრივია, ეჭვი იშვიათად არის უსაფუძვლო, თუ დაბადებით „ოტელო“ არ ხარ.
– ჰო, რა თქმა უნდა. იმას გეუბნებოდით, რომ შეიძლება, ეს ჩვევა ჩემს ქმარს სულ ჰქონდა და მე ვერ ვამჩნევდი. ხომ იცით, ოჯახი კატალიზატორია, ყველაფერს ეგრევე გამოაჩენს. როცა ადამიანთან ერთად იწყებ ცხოვრებას, მის რეალურ სახეს მხოლოდ მაშინ ხედავ. ჩემს ქმარზე უკეთესი არავინ მეგონა, იდეალური მყავს-მეთქი, ვამაყობდი. თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მზრუნველი, თან, ძალიან სიმპათიური. როგორ გამიმართლა-მეთქი, მიხაროდა.
– იმიტომ ხომ არ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ასეთ იდეალურ კაცში შეგეზიარათ ვინმე?
– რაშია, იცით, საქმე?! ყოველთვის არსებობს საფრთხეები, მაგრამ, კაცი უნდა იყოს ჭკვიანი და თავშეკავებული. თუ „მავნე“ აზრები მოსდის თავში, ეს არ უნდა გამოაჩინოს. როცა ხვდები, რომ შენი ტყუილი მაშინვე იშიფრება, სიმართლე უნდა თქვა.
– მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მწარეა?
– წელიწადიც ვერ გასტანა ჩემმა „უღრუბლო“ ბედნიერებამ – აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს ძალიან სერიოზული ნაკლი ჰქონდა, რომლის გამოც თითქმის ყოველდღე ვჩხუბობდით. არ ვიცი, პათოლოგია დავარქვა ამას, ხამობა, კომპლექსი თუ გარყვნილება, მაგრამ, საკმარისია, ცოტა უკანალიანი და მკერდიანი ქალი დაინახოს, რომ თვალებით „ჭამს“. ქუჩაში მის გვერდით როცა ვარ, ესეც კი არ უშლის ხელს, პირდაღებული არ მიაჩერდეს ვინმე ნაშას. იგივე სჭირს ტელევიზორთანაც. უკვე მძულს მასთან ერთად ისეთი რამის ყურება, სადაც ნაშები ან ლამაზი გოგონები გამოდიან. შტერდება და ლენჩდება. შეიძლება, ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ, დამიჯერეთ, საშინლად გამაღიზიანებელი და ნერვების მომშლელია. არავის ვუსურვებ. როგორია, ქალს თავი მომწონს, ტყავიდან ვძვრები, რომ სულ ფორმაში ვიყო, ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ, არც მე მტოვებენ ქუჩაში კაცები უყურადღებოდ, ჩემი ძვირფასი ქმარი კი ყველა ბაყვებმოშიშვლებულზე გიჟდება. მისთვის სულერთია, მართლა ლამაზი ქალია თუ ვულგარული ნაშა, მთავარია, რამე უჩანდეს. გეუბნებით, ნერვული სისტემა დამიზიანდა. სულ გაღიზიანებული ვარ. არ მომწონს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ, ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს. ძალიან დავიღალე.
– თვითონ რას ამბობს? ხომ ხედავს, რომ მისი ეს ჩვევა მუდმივად გაჩხუბებთ?
– როგორ არ ხედავს! რამდენჯერმე სერიოზული სკანდალიც გვქონდა. თავიდანვე, როგორც კი ეს შევამჩნიე, ძალიან მაგრად გავბრაზდი.
– ანუ, ქუჩაში მიდიოდით და შეამჩნიეთ, ნაშებს როგორ ათვალიერებდა?
– ქუჩით არ დაწყებულა, სახლში დაიწყო და პირველად ერთ-ერთი ტელეგადაცემის დროს ვიჩხუბეთ მაგრად. ახლაც ძალიან მწარედ მახსენდება. აღარ მინდა ხოლმე ამაზე ვიფიქრო, მაგრამ, დავიწყება პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვახერხებ ამას და, სხვას თუ შეუძლია, ყოჩაღ... ვუყურებდი, როგორ აღფრთოვანებული შესციცინებდა ეკრანს და საერთოდ დაყრუვდა და დამუნჯდა. იმ ოთახში ჩემი არსებობაც კი დაავიწყდა. გოიმი და ქაჯი ნამდვილად არ ვარ, სილამაზის დაფასება მეც შემიძლია, მაგრამ, გამოლენჩებული რომ მიაშტერდა და თვალებიც რომ ჩაუწითლდა, ამის „გატარების“ უნარი არ აღმომაჩნდა. ბუნებრივია, პროტესტი მაშინვე გამოვთქვი. ამაზე სულ გადაირია... ასეთ დროს კაცებს აგიჟებთ ცოლების მიხვედრილობა და, აშკარად ბრმა, ყრუ და სულელი ურჩევნიათ ცოლად. იცით, კიდევ რაზე ვგიჟდები? ბევრმა იცის, რომ ცოლი „რქებს“ ადგამს, მაგრამ, თავი ისე უჭირავს, თითქოს მის ცოლზე უკეთესი ქალი დედამიწაზე არ დადიოდეს. მე ვიცი, რომ ქმარი არ მღალატობს, მაგრამ მაინც სულ ჩხუბი და სკანდალები გვაქვს, დაუსრულებლად.
– ანუ, თქვენ ეჭვიანობთ იმაზე, რაც, შესაძლოა, თქვენი ქმრის ფიქრებში და წარმოსახვაში ხდება?
– ფაქტობრივად, ასეა. ფიქრში ღალატიც ხომ ღალატია? ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს. ტყუილად არ დაწერდნენ – თუ თვალი შენი გაცდუნებდესო... საშინელებაა, დამიჯერეთ... მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლამაზი გოგოებისა და ნაშების დანახვაც კი მაღიზიანებს. მგონი, ნელ-ნელა ვგიჟდები. ჩემი ქმარი ხომ ხედავს, როგორ მამწარებს თავისი ასეთი საქციელით, მაგრამ არაფერი იცვლება. მეც, რა ვქნა, ვერ ვხუჭავ თვალს მის ამ ნაკლზე. იმიტომ რომ, პირდაპირ ჩემს თავმოყვარეობას „ურტყამს“, გულს მტკენს და არასრულფასოვნების კომპლექსს მიჩენს.
წარმოიდგინეთ, ერთად მივდივართ ქუჩაში, ველაპარაკები რაღაც სერიოზულ საკითხზე და, უცებ, ვგრძნობ, რომ არც ერთი სიტყვა არ გაუგონია, იმიტომ რომ, ყურადღება იმ ნაშას გაატანა, გვერდით რომ ჩაგვიარა. მაშინვე ვკითხე, მისმენ-მეთქი? კი, როგორ არაო, – მიპასუხა დაბნეულმა. აბა, ერთი სიტყვა მაინც გაიმეორე-მეთქი. დაიწყო ბლუყუნი და ბლადუნი... სამაგიეროდ, იმ ნაშის თმის ფერს დაიმახსოვრებდი კარგად, უნახავივით რომ შესცქეროდი-მეთქი. რას ამბობო! – აღშფოთდა. მე იმ ქერა გოგოსთვის არც შემიხედავსო. მაშინ, საიდან იცი, რომ ქერა იყო-მეთქი და ეგრევე თვალები დააცეცა. ტყუილის თქმა საერთოდ არ ეხერხება, არადა, ცდილობს, მომატყუოს. მერე ცოფდება, „ჩეკისტსა“ და „ცეერუშნიკს“ მეძახის, ნამდვილი აგენტი ხარო. ანუ, გიჟდება, მის ყოველ გამოხედვას რომ ვაფიქსირებ და ყველაფერს ვხვდები. ღიზიანდება – რატომ მითვალთვალებო. რა ვქნა, თვალები დავიბრმავო?
– ანუ, სულ სკანდალები გაქვთ?
– ფაქტობრივად, სულ. მე დილიდანვე ვიწყებ საკუთარი თავის „ავტოტრენინგს“, მაგრამ, არაფერი გამომდის და „ვვარდები“. ჩემი ქმარი ოხრავს, მეუბნება, რომ ვუყვარვარ და თუ ვინმეს უყურებს, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, ძალიან დავიღალე...
– მაშინ, რატომ უყურებს?
– მეც ამას ვეუბნები. პირველად რომ ვკითხე, ისეთი პასუხი მივიღე, ლამის რაღაც ჩავარტყი თავში. მითხრა: წარმოიდგინე, კაცი ხარ, მანქანაში ზიხარ და, უცებ, მაგარი „ფერარი“, ან „პორშე“ ჩაგივლის. ხომ შეხედავ, მაგრამ, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ შენი ძველი მანქანა მიაგდო და იმ „ფერარის“ გაეკიდოო. ესე იგი, მე ძველი მანქანა ვარ, ის ნაშები კი – „ფერარები“ და „პორშეები“. როგორი უსინდისო და ნაძირალა ხარ-მეთქი. მითხარით, რომელი ქალი მოითმენდა ასეთ „ორიგინალურ“ შედარებას? იმდენი ვიტირე... რა თქმა უნდა, ვიჩხუბეთ და ლამის ორი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ახლა უკვე ჩემი ქმარიც უკმაყოფილოა ჩემი „ფხუკიანობით“. ისიც კი მითხრა, არანორმალური და ფსიქოპათი ხარო. შენთან მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია. არ გღალატობ, ქალებში არ დავრბივარ, ყურება მაინც შემარჩინეო. როგორ ავუხსნა, რომ გული მტკივა. მე უნდა მიყურებდეს, მე ვარ მისი ცოლი, თანაც, საკმაოდ კარგი გარეგნობა მაქვს... რატომ უნდა იყოს მიშტერებული ვიღაც ნაშებს და ნერწყვს ყლაპავდეს?! იქნებ რაღაც გადახრა აქვს?! უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. შეიძლება, ამ მიზეზით ოჯახი დამენგრეს? ცუდი ის არის, რომ, უკვე ისიც აღარ უყურებს ამ პრობლემას ღიმილით. თუ აქამდე მიცინოდა და მეუბნებოდა, რა განერვიულებს, რა მნიშვნელობა აქვს, ვის შევხედავო, ახლა ჩხუბობს და ყვირის. „ჯაშუშსა“ და „ჩასაფრებულს“ მეძახის, თავისუფლად სუნთქვას მიშლიო.
– თქვენც, შეეცადეთ, არ მიაქცოთ მის ნაკლს ყურადღება.
– საინტერესოა, მე რომ ვუჭვრიტინებდე ასე მამაკაცებს და ვნებიანი მზერით ვაცილებდე, თვითონ თუ შეეგუებოდა ამას? გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, საშინელ სკანდალს მომიწყობდა.
– გასაგებია...
– ჩემთვის არ არის გასაგები და ვერც ვერასოდეს გავიგებ. ხომ შეუძლია, ცოტათი მაინც აკონტროლოს თავი? თუ მართლა ვუყვარვარ, რა მოხდება, ჩემთვის სულ ცოტათი რომ შეიცვალოს?!
– ადამიანი ისეთი უნდა მიიღო და გიყვარდეს, როგორიც არის. მისი შეცვლა და გადაკეთება უშედეგოა ხოლმე.
– კი მაგრამ, როცა შევიყვარე, ასეთი არ იყო, მართალს გეუბნებით! სულ მე შემომციცინებდა. არ მითხრათ, რომ მაშინ მიზანი ჰქონდა და მთელი ყურადღება აქეთ ჰქონდა კონცენტრირებული. კიდევ უარესი, ესე იგი, შეუძლია თავის შეკავება. არ მცემს პატივს და არ იწუხებს თავს ჩემთვის. გამისკდება გული და ის იქნება. უნდა ნახოთ, იმ მომენტში როგორი მზერა აქვს და როგორი გამომეტყველება! როცა ამას ვეუბნები, ცოფდება, აგიჟებს ჩემი მიხვედრილობა. აშკარად ურჩევნია, ვერაფერს ვხედავდე და არაფერი მესმოდეს, ანუ, სულელი ვიყო. ბოლო დიდი ჩხუბი სწორედ ამის ნიადაგზე გვქონდა. ვუთხარი, გინდა, რომ სულელი ვიყო? ვერ ვიქნები და, როგორმე მოთოკე შენი ემოციები, როცა ნაშას ხედავ და ატეხილი კატასავით ნუ კვნესი-მეთქი. გადაირია.
– ეტყობა, ეწყინა...
– მართლა? მართლა ეწყინა?! მე არ მწყინს, ჩემ გვერდით რომ დგას და სხვა ქალებს შესციცინებს ქალის უნახავივით? გული ისე მტკივა ხოლმე, რომ მთელი დღით მეშხამება გუნება, აღარაფერი მახარებს. მისგან ერთ კომპლიმენტს ვერ ვეღირსე. რად მინდა, რომ მეუბნება, მიყვარხარო. ეს მის საქციელში არ უნდა ჩანდეს? ნუთუ ისეთი უტვინოა, რომ ვერ ხვდება, რას მოვითხოვ მისგან? რომ გავეყარო, იტყვიან, იდეალური ქმარი ჰყავდა და ვერ შეიფერა, რა უნდოდა ამ კაცისგანო. ჯერ ერთი, იდეალურ ქმრები საერთოდ არ არსებობენ. გარედან თუ იდეალური ჩანს, სულაც არ ნიშნავს, რომ იდეალთან ოდნავ ახლოს მაინც არის. გეფიცებით. მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ძალიან დავიბენი. ღირს კი ასეთ მამაკაცთან ცხოვრების გაგრძელება? ვეღარ ვენდობი და როგორ ვიცხოვრო მასთან? არადა, ძალიან მიყვარს. ფიზიკურად ჯერ მართლა არ უღალატია ჩემთვის. შევამჩნევდი, იმიტომ რომ ტყუილში ეგრევე ვიჭერ. მაგრამ მე ვხვდები, რომ, რამდენჯერაც ვინმე ნაშას მსუნაგი მელასავით შეხედავს, იმდენჯერ თავის წარმოსახვაში მღალატობს...