რა ექცა მერი შილდელს ცხოვრების ბედისწერად და ვისთან ჰქონდა ცნობილ მომღერალს გახმაურებული რომანი
მერი შილდელი გასული საუკუნის 50-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავი იყო. რომანსების უბადლო შემსრულებელი განსაკუთრებული სასცენო მონაცემებითაც გამოირჩეოდა – მომხიბვლელი გარეგნობა, ხმის განსაკუთრებული ტემბრი და შარმი, რომელიც მას ჰქონდა, მერი შილდელის ცხოვრების ერთგვარ ბედისწერადაც კი იქცა. სცენაზე წარმატებულ ქალბატონს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის მარტო დარჩა. ამის შემდეგ ჰქონდა „ფარული“ რომანი ცნობილ ქართველ კომპოზიტორთან, გოგი ცაბაძესთან, რომელიც, როგორც ამბობენ, არასდროს მალავდა თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ნიჭიერი და მიმზიდველი ქალბატონის მიმართ. საკმაოდ დიდხანს მერი შილდელი ცნობილი კომპოზიტორის მუზადაც იქცა. მერი შილდელი ქართველი მარლენ დიტრიხი იყო – ის დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებშიც კი მღეროდა.
მერი შილდელის შესახებ მისი ახლო ნათესავი, ქალბატონი ასმათ მèèიჩილაშვილი, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის:
– მერი შილდელის ნამდვილი გვარი მიჩილაშვილია, ის ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაიბადა და ამიტომაც 1940 წელს სასცენო ფსევდონიმად „შილდელი“ აირჩია. მერი შილდელის მამა კახეთში ცნობილი ვაჭარი იყო, მატერიალურად ძალიან ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, „ფაშაანებში“ – დიდი მამულები. მათ ოჯახს „კულაკებსაც“ უწოდებდნენ, რის გამოც უამრავ პრობლემას უქმნიდნენ. ისინი იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ სოფელში სახლ-კარი და თბილისში გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად. მით უმეტეს, რომ ქალიშვილს, მერის, სიმღერის დიდ ნიჭს ამჩნევდნენ.
მერის სოფელ შილდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა.
მისი სასცენო კარიერა თბილისში დაიწყო. 1937 წელს ის სცენაზე მერი ვადაჭკორიას სახელითაც გამოდიოდა. ვადაჭკორია მისი მეუღლის გვარი იყო, ის სამამულო ომში დაიღუპა. 1940 წელს, ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერების დროს, არკადი რაიკინმა მერი შილდელი თავის თეატრში მიიწვია, მაგრამ ის მალე უკან, თბილისში დაბრუნდა. იმ პერიოდში ქართულ ესტრადაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ერთ-ერთი საესტრადო ბრიგადა, რომელშიც შედიოდნენ: ძაგნიძისა და ჩხიკვაძის დუეტი, საშა გომელაური, კაკო კვანტალიანი, გოგუცა კუპრაშვილი, ვასო გოძიაშვილი და მისი მეუღლე – ევგენია ათაბეგოვა.
– ცნობილია, რომ იმ ბრიგადასთან ერთად მერი შილდელი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზეც გამოდიოდა კონცერტებით.
– ცნობილია ისიც, რომ გამსვლელი ბრიგადა და, მათ შორის – მერიც, ომის დროს სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში ჯარისკაცებისთვის მღეროდა. მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე დაუბრუნა.
მისი სიმღერა გულგრილს ვერ ტოვებდა მსმენელს. მერის საკმაოდ დიდი რეპერტუარი ჰქონდა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის, ირაკლი ჯაბადარისა და გიორგი ცაბაძის ნაწარმოებებისგან შედგებოდა.
ქალბატონი ზუმრუდ მოჩილაშვილი, როგორც მერი შილდელის ბიძაშვილი, კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მომღერალს სოფელმა თავის დროზე დაბადების 50 წლისთავი გადაუხადა. შილდაში მცხოვრებ ყველა მიჩილაშვილს ეამაყება ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავისა და მეისტორიის, მერი შილდელის (მიჩილაშვილის) დიდი ღვაწლი და მდიდარი შემოქმედებითი გზა.