ინტიმური საუბრები
მაინც არაფერს ვნანობ
ვინც ჩემს ისტორიას წაიკითხავს, ალბათ, იტყვის, რომ მასში არაფერი განსაკუთრებული არ არის, რადგან მსგავსი ამბები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება, თუმცა, ასეთი თავგადასავლები მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როცა სხვას ეხება. ასეთ შემთხვევაში ეს, უბრალოდ, გასართობი ისტორიაა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ აღარც კი გახსოვს, მაგრამ, როცა ეს „გასართობი“ ამბავი შენ შეგეხება, საშინელ ტრაგედიად იქცევა ხოლმე. ასე დამემართა მეც.
ძალიან შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი, ჩიტის რძე არ მაკლდა. სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან, საკმაოდ შეუხედავი გოგო ვიყავი, რის გამოც ბიჭები არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ, უფრო სწორად, ყურადღებას არ მაქცევდნენ როგორც გოგოს, თორემ, ისე, ყველა ცდილობდა, ჩემთან ემეგობრა, რადგან მდიდარი მამიკო მყავდა.
საკმაოდ მეგობრული კლასი გვყავდა. სულ ერთად ვიყავით გოგოებიც და ბიჭებიც. ყველგან ერთად დავდიოდით და ამას არც მშობლები გვიშლიდნენ. მართლა და-ძმასავით ვიზრდებოდით. ამის მიუხედავად, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ, კლასში კი არა, მთელ სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი – ალეკო მიყვარდა, მაგრამ, ამას როგორ გავამხელდი. სხვისთვის მეთქვა კი არა, საკუთარ თავთან აღიარების შემეშინდა, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ ალეკოს არასოდეს მოვეწონებოდი და, მით უმეტეს, არასდროს შემიყვარებდა. ჩემისთანა შეუხედავებს კი არა, ვარსკვლავებივით რომ ბრწყინავდნენ, ისეთ გოგოებს არ აქცევდა ყურადღებას. ჩემი აზრით, თავში ჰქონდა ავარდნილი პოპულარობა, თან, ძალიან სიამოვნებდა, მისი სიყვარულით გატანჯული გოგოები თვალებში რომ შესციცინებდნენ და კუდში დასდევდნენ და იმიტომაც იქცეოდა ასე. მაგრამ, სკოლას რომ ვამთავრებდით, მაშინ შეუყვარდა ჩვენი პარალელურკლასელი ლალიკო, რომელიც ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა, ორი სართულით ზემოთ (მე – მეორეზე, ის – მეოთხეზე). ლალიკო ძალიან ლამაზი გოგო იყო და მთელი სკოლის ბიჭები მასზე იყვნენ შეყვარებული, მაგრამ მას ალეკო მოსწონდა და ყურადღებას არავის აქცევდა. ალეკო კი მას იგნორირებას უკეთებდა, რომ უფრო მეტად ჩაეგდო ინტერესში, მაგრამ, საბოლოოდ, ერთმანეთს გაუგეს და, ერთ დღესაც, ერთად მოვიდნენ სკოლაში, ყველას დასანახავად გადაკოცნეს ერთმანეთი და თავ-თავის საკლასო ოთახს მიაშურეს. გაკვეთილების შემდეგ კი ალეკო სკოლის ჭიშკართან ელოდებოდა მთელი გაკვეთილი და სახლშიც ერთად წავიდნენ. ეს, ერთგვარად, მათი ურთიერთობის ოფიციალური გამოცხადება იყო და იმ დღიდან ლალიკო არც ერთ ბიჭს აღარ შეუწუხებია დევნით, შუამავლების მიგზავნითა და სიყვარულის ახსნებით (ალეკოს ამას ვერ გაუბედავდნენ). ამ ფაქტმა ბიჭები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა, გოგოები კი საშინლად გაანაწყენა და განარისხა, მაგრამ, ალეკოს და ლალიკოს მართლა უყვარდათ ერთმანეთი და ყურადღებას არ აქცევდნენ შეყვარებული გოგოების ინტრიგებსა და ავანტიურებს. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ორივემ ყველა მეგობარი გოგონა ჩამოიშორა, ჩემ გარდა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ალეკოს მხოლოდ ჩემს ერთგულ და გულწრფელ მეგობრობაში არ ეპარებოდა ეჭვი და განსაკუთრებით დამიახლოვდა (მით უმეტეს, რომ ლალიკოს მეზობელი ვიყავი), ლალიკოსთვის კი გულის მესაიდუმლე გავხდი და გვერდიდან არ მიშორებდა. მიუხედავად ჩემი გულუბრყვილობისა, მაინც მივხვდი, რატომ დამიმეგობრდა ლალიკო ასე განსაკუთრებით – ჩემი კონკურენციის არ ეშინოდა; ზუსტად იცოდა, რომ მე მისთვის, როგორც გოგო, საშიში არ ვიყავი. თან, ჩემი აზრით, ხვდებოდა თუ გრძნობდა, ალეკო რომ მიყვარდა და მის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ ალეკოს არასდროს მოვეწონებოდი) ძაღლივით ერთგული ვიქნებოდი, ერთგული ადამიანი კი ყველას სჭირდება. სწორედ ამიტომ დამიახლოვდა ლალიკო ასე ძალიან. მე ეს ყველაფერი ვიცოდი და, სადღაც, გულის სიღრმეში ქალური თავმოყვარეობა მელახებოდა, მაგრამ, იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს ალეკოს გვერდით, იმდენად მიხაროდა, რამეში თუ გამოვადგებოდი, რომ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი.
ალეკოსა და ლალიკოს ოჯახებმა იცოდნენ თავიანთი შვილების ურთიერთობა და თავიდან არც უშლიდნენ შეხვედრებს, რადგან გარეგნობით ორივე მხარეს მოსწონდა სარძლო და სასიძო, მაგრამ, ორივეს ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და, ამიტომ, როცა შეყვარებულებმა მშობლებს განუცხადეს, უნდა დავქორწინდეთო, არც ერთმა აღარ მოინდომა თავისზე ღარიბ ოჯახს დანათესავებოდა. განსაკუთრებით კი ლალიკოს მშობლებმა გააფიჩინეს ფეხები – ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ, თვითონაც შიმშილისგან სძვრებათ სული და ჩვენი ანგელოზივით შვილი გაღლეტილმა სტუდენტმა როგორ უნდა შეინახოს. რა სჭირს ჩვენს შვილს ისეთი, რომ ცხოვრება სიღარიბითა და გაჭირვებით არ დაიწყოსო. მოკლედ, იმდენი ქნეს, დააშორეს ერთმანეთს და ძალიან მალე ლალიკო ვიღაც მდიდარ კაცს (ათი წლით უფროსს) მიათხოვეს. სასოწარკვეთილი ალეკო ნუგეშს ჩემთან პოულობდა, მე ვიყავი მისი ერთადერთი თანამგრძნობი. სულ ჩემთან იყო, თავის ამბებს მიყვებოდა და ჩემთან ეძებდა და პოულობდა ნუგეშს. გულწრფელად გეტყვით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიგრძნობინებია, რომ მიყვარდა. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერში გამეგო და ხელი შემეწყო, რომ ადვილად გადაეტანა ეს ტკივილი. რას განიცდიდა და როგორ იყო ლალიკო, არ ვიცი, რადგან მშობლებთან თითქმის აღარ მოდიოდა და საერთოდ ვერ ვხედავდი. ალეკო კი სულ ჩემთან იჯდა. ალბათ, იმ იმედით, რომ, როცა იქნებოდა, კიბეზე მაინც შეხვედროდა მშობლებთან მოსულ ყოფილ შეყვარებულს. მაგრამ, ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, მოხდა ის, რომ ერთ დღეს ალეკომ მითხრა: შენ მეტი ახლობელი და მეგობარი არ მყავს; შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის და თავიდან ბოლომდე მიგებს. ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ცოლად გამომყევი. მაინც სულ ერთად ვართ და ბარემ ოჯახი შევქმნათო. მე ისე დამაბნია ამ სიტყვების გაგონებამ, რომ მთელი საათი ხმა ვერ ამოვიღე, ვიჯექი პირდაღებული და გაშეშებული და არ ვიცოდი, რა მეპასუხა იმ კითხვაზე, რომელზე ოცნებაც კი მეშინოდა. ერთ მომენტში კინაღამ სულმა წამძლია და დავთანხმდი, მაგრამ, გონს რომ მოვედი, ვკითხე, მერე, უსიყვარულოდ როგორ უნდა იცხოვრო ჩემთან-მეთქი? ალალად მიპასუხა – დიდ სიყვარულს ვერ შეგპირდები, მაგრამ, შენი პატივისცემა ყოველთვის მექნება და ვეცდები, ბედნიერი ქალობა გაგრძნობინოო. უცებ მისი მშობლები გამახსენდა და ცოტა ირონიულად ვკითხე: მერე, შენი მშობლები მოგცემენ უფლებას, ჩემნაირი გოგო შეირთო ცოლად? შენც ხომ იცი, რომ ჩემისთანა რძალზე არასდროს უოცნებიათ-მეთქი? მათ მე ერთხელ უკვე დამინგრიეს ცხოვრება და მეორედ ამის უფლებას არ მივცემო, – მიპასუხა. მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. მხოლოდ ქორწილის დღეს გამოვუტყდი, რომ ბავშვობიდან მიყვარდა. გაუკვირდა, – ჩემთან ისე იქცეოდი, რომ არასდროს მიგრძნიაო. რა ბრმები და ყრუები არიან ეს კაცები! აბა, ქალს გამოაპარებ ასეთ რამეს?!
მოკლედ, დავქორწინდით. მამამ ცალკე ბინა გვიყიდა და ვცხოვრობდით ჩვენთვის. წელიწად-ნახევარში ბიჭი გვეყოლა. ალეკო, მართალია, სერენადებს არ მიმღეროდა, მაგრამ, ცუდი მამა და ქმარი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ხირად მინახავს გარინდებული და ჩაფიქრებული და მაშინვე ვიგრძნობდი ხოლმე, რომ ლალიკოზე ფიქრობდა.
სხვათა შორის, სულ ტყუილად მეშინოდა მისი მშობლების წინააღმდეგობის, არც კი მოველოდი, ისეთი სიხარულით განაცხადეს თანხმობა ჩვენს დაქორწინებაზე. ამის მიზეზსაც მალე მივხვდი – ისე ოცნებობდნენ მდიდარ რძალზე, სხვა არაფერი აინტერესებდათ.
ჩვენი დაქორწინებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ დედამთილმა ამბავი მოგვიტანა, ის გადაპრანჭული გომბიო ქმარს გაჰყრია და ბავშვიანად დაბრუნებულა დედამისთან. ხომ დაიწუნეს ჩემი ბიჭი, ისხდნენ ახლა და უყურონ თავის განათხოვარ ქალიშვილსო. ამ ამბის გაგონება იყო და, ალეკო მთლიანად შეიცვალა. ვეღარ ვცნობდი. საერთოდ აღარ უნდოდა სახლში გაჩერება, ბავშვიც კი აღიზიანებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ სახლში გვიან მოსვლა დაიწყო, მიზეზსაც არ ამბობდა, მაშინვე წვებოდა და იძინებდა. გულმა რეჩხი მიყო და თვალთვალი დავუწყე. მალე ჩემი ეჭვი გამართლდა – ლალიკოს ხვდებოდა. რომ ვამხილე, მაშინვე გამოტყდა – მართალი ხარ, მაგრამ, უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია და უნდა გაგეყარო. შენ ყოველთვის მიგებდი და, ძალიან გთხოვ, ახლაც გამიგე. რად გინდა ისეთი ქმარი, რომელიც შენ გვერდით იქნება და სხვა ქალზე იფიქრებსო. დავფიქრდი და მივხვდი, მართალი იყო. ამიტომ, ჩემი ხელით ჩავულაგე თავისი ნივთები და გავისტუმრე. წასვლის წინ მომიბოდიშა და მკითხა, ბავშვის ნახვის უფლებას ხომ მომცემო. ამაზეც დავთანხმდი. ბოლოს ალეკომ შუბლზე მაკოცა, თავზე ხელი გადამისვა და ძალიან სევდიანი ხმით მითხრა, თუ შეგიძლია, მაპატიეო და წავიდა. ასე დავრჩი მარტო, ჩემს შვილთან ერთად. ალეკო და ლალიკო დაქორწინდნენ და ორი შვილი ეყოლათ. მე გათხოვებაზე აღარ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელები მყავდა (ალბათ, ისევ და ისევ, მამაჩემის ფულების გამო). ჩემს შვილს ძალიან უყვარს მამა და ამიტომ არ ვუშლი მასთან ურთიერთობას. მართალია, მე, როგორც ქალი, აღარ ვარსებობ, მაგრამ, მიუხედავად უზარმაზარი ტკივილისა, რომელიც ალეკომ მომაყენა თავისი წასვლით, მაინც არაფერს ვნანობ, რადგან, ვზრდი მის შვილს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას.
სოფო, 32 წლის.
მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია
საერთოდ, ვერ ვიტან ვერაფერს შეფუთულს: ვერც მეგობრობას, ვერც მეზობლობას, ვერც სიყვარულს და, რაც მთავარია, ვერც შეფუთულ რწმენას. ამაში ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ეკლესიაში დადის, მარხვას ინახავს, აღსარებას ამბობს, ზიარებას იღებს, მაგრამ, ეს ყველაფერი ფარსია, ტყუილია, სიყალბეა. ღმერთმა მომიტევოს, რომ სხვას განვიკითხავ, მაგრამ, ასეთი ადამიანია ერთი ჩემი ყოფილი მეგობარი და ასეთია მისი ქმარიც.
ცხოვრება ისე ამეწყო, რომ გვიან გავთხოვდი და მხოლოდ ერთი შვილი გამიჩნდა. მერე ქმარმა მიმატოვა და ბავშვი, პრაქტიკულად, მარტომ გავზარდე. უნდა ვაღიარო, რომ რელიგიური ნამდვილად ვარ, მაგრამ ეკლესიური – ნაკლებად. რატომღაც, ვერა და ვერ მოვახერხე, მოძღვარი ამეყვანა, მარხვასაც ყოველთვის ვერ ვიცავ, თუმცა, ვცდილობ, კეთილი საქმე ვაკეთო. ჩემს შვილს ბავშვობიდან ბევრი რაღაც აკლდა – საჭმელიც, ჩასაცმელიც, აგარაკიც, გართობაც, მაგრამ, განათლებული და წესიერი ადამიანი გავზარდე. იმ ჩემს მეგობარს კი შვიდი შვილი ჰყავს – აბორტს არ იკეთებს და რამდენჯერაც დაფეხმძიმდა, ყველა გააჩინა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, საქმე მარტო გაჩენა ხომ არ არის, იმ გაჩენილს აღზრდა არ უნდა? იმ შვიდი შვილიდან ორი უფროსი (18 და 17 წლის) ციხეში ჰყავს (ძარცვაზე და ქურდობაზე), ერთი გოგო 15 წლის გათხოვდა და სამ თვეში ქმარს გაეყარა, მეორე გოგო პანკი ჰყავს. არადა, რომ ჰკითხო, ეკლესიურად ცხოვრობენ. ვინ სად რას იპარავს და ვინ საიდან რას შოულობს, ვერ გაიგებ, არც ერთი არსად არ მუშაობს და თავზე გადასდით, ისე ცხოვრობენ. თვითონ, ოჯახის დედას, ანუ ჩემს მეგობარს (როგორც უკვე ვთქვი – ყოფილს), ვერასდროს სახლში ვერ ნახავ, ხან ვისთან არის და ხან – ვისთან. ჩამოივლის ამ თავის ნაცნობ-მეგობრებს, საათობით ზის მათთან და ჭორაობს, ბავშვები კი უპატრონოდ ჰყავს მიყრილი. ჩემთანაც ასე ხანგრძლივი ვიზიტით იცოდა ხოლმე მოსვლა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სიღარიბის გამო დაცინვა და დამცირება დაგვიწყო, მოსვლა ავუკრძალე. ჩემს შვილსაც ისე ელაპარაკებოდა ხოლმე, რომ ამხელა ბიჭი წყობიდან გამოჰყავდა. ბოლო მოსვლისას უთხრა, დედაშენს ერთი ჰყავხარ და ამ ერთისთვის ვერ მოუვლია. ან რა გაცვია, ან რა გახურავს, ან ბინა როგორ გაქვთ მოწყობილი. თუ ერთი შვილის მოვლაც არ შეეძლო, რას გაჩენდაო. კინაღამ გადამირია ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზრდილი და თავშეკავებული შვილი მყავს, ვერ მოითმინა და უპასუხა, მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხიაო. ამაზე ისე გაწიწმატდა ქალბატონი, სულ უზრდელები და გაღლეტილები გვიძახა. მეც ვეღარ შევიკავე თავი და სახლიდან სამუდამოდ დავითხოვე, თან ვუთხარი, ჩვენ რაც ვართ, ეს ვართ, შენ და შენი ქმარი კი კაცსაც ატყუებთ და ღმერთსაც-მეთქი.
მას შემდეგ აღარ მობრძანებულა ჩემთან და, თურმე, ყველგან გვლანძღავს და გვჭორავს, მაგრამ, რაც უნდა, ის უქნია. კიდევ ათჯერ შვიდი შვილი რომ გააჩინონ, ყველას უვარგისსა და ნაძირალას გაზრდიან, რადგან, თვითონ არიან ასეთები.
მეგი, 44 წლის.