რატომ ცხოვრობენ საფრანგეთში პენსიაზე გასვლის შემდეგ 24 წელს და რატომ ჰყავს საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთზე დღეგრძელი მოსახლეობა
მართალია, ჩვენდა თავად, განვითარებულ ქვეყნებს ვედრებით და გეზიც ევროკავშირისკენ აგვიღია; მეტიც, ერთი მხრივ, სხვადასხვა რეიტინგებში მოწინავე პოზიციებსაც ვიკავებთ, მეორე მხრივ კი, დელეგაცია-დელეგაციაზე გვესტუმრება ხოლმე რეფორმატორული გამოცდილების გასაზიარებლად, მაგრამ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას თემას, როგორ გამოვიყურებით ცხოვრების დონით, საშუალო ხელფასებით, პენსიითა თუ დასაქმების მაჩვენებლებით ჩვენი რეგიონული და უშუალო მეზობლების ფონზე. საკითხში ექსპერტი იოსებ არჩვაძე გაგვარკვევს.
– როგორ გამოვიყურებით ჩვენი ეკონომიკურ-სოციალური მაჩვენებლებით საერთო წარსულის მქონე მეზობლების ფონზე?
– ჩვენ ერთი შინელიდან ან, კავკასიური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ერთი ნაბდიდან გამოვედით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციებია. აზერბაიჯანი უკვე გადავიდა უფრო მძიმე კატეგორიაში და მისი ეკონომიკური პოტენციალი საქართველოსას 4,3-ჯერ აღემატება, ანუ ჩვენ გვჭირდება 4,3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთპროცენტიანი ზრდის ადეკვატური იყოს. იმას ვამბობ, რომ, თუ ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპით ვუსწრებთ აზერბაიჯანს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას გავუსწარით. მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით აზერბაიჯანი 2-3-ჯერ გვისწრებს. აქამდე ჩვენი ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი მოდიოდა მომსახურების სფეროზე, მომსახურების სფეროში შედის სამთავრობო ხარჯები, მომსახურება.
– რკინიგზა, პორტები.
– ყველაფერი, ანუ მომსახურების სფეროში ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია, თუმცა რეალური სექტორის წილი ბოლო რვა წლის განმავლობაში 16 პროცენტული პუნქტით შემცირდა: იყო 43 და დავიდა 36-37-მდე, ღმერთმა ქნას, გაიზარდოს. მრეწველობაში წელიწად-ნახევარია დამაიმედებელი ტენდენციები გამოიკვეთა და ამით იქნებ რეალურმა სექტორმა ცოტათი მაინც დაიბრუნოს თავისი პოზიციები.
– რით არის ცუდი მომსახურების სექტორი და რით სჯობია რეალურ სექტორს?
– ცუდი არ არის, მაგრამ მომსახურების სექტორი უფრო მოწყვლადია ნეგატიური ფაქტორების მიმართ. ჩვენ ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ ცუდი მდგომარეობა შეიქმნა, ტურიზმი წყდება და უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩება, მაშინ, როდესაც რეალურ სექტორში გრძელვადიანი ვადებით ხდება საქონლის მიწოდება და გარკვეული ინერცია მაინც ნარჩუნდება. თანაც, სამუშაო ადგილებთან მიმართებაში რეალური სექტორი უფრო ტრანსფარენტულია და ბიუჯეტის შემოსავლების უფრო მყარი გარანტორია. მომსახურება კი დღეს არის და ხვალ შეიძლება, არ იყოს.
– თუმცა რკინიგზა და პორტი ყოველთვის იქნება?
– ეგ გასაგებია, მაგრამ მე ვგულისხმობ სასტუმროებს, რესტორნებს და ასე შემდეგ, სადაც ხალხი უმუშევარი დარჩება, როგორც კი პრობლემა შეიქმნება.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იზრდებოდა ეკონომიკაც და საშუალო ხელფასიც. ჩვენთან ხელფასების ზრდის ტემპი დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზერბაიჯანში, ანუ ხელფასები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკური პოტენციალი. ეს იმით იხსნება, რომ ჩვენთან საშუალო ხელფასი განსაკუთრებით დაბალი იყო და მხოლოდ 2003 წელს მოხერხდა საშუალო ხელფასის გასვლა საარსებო მინიმუმის დონეზე. მანამდე, როგორც წესი, საშუალო ანაზღაურება გაცილებით ნაკლები იყო და მას არათუ სოციალური, ეკონომიკური ფუნქციაც არ ჰქონდა, უბრალოდ სიმბოლურ ფუნქციას ასრულებდა: სახელმწიფო სექტორში ხელფასი რამდენიმე დოლარის ეკვივალენტი იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ხელფასის წილი მთლიან შემოსავლებში 75 პროცენტიდან 13 პროცენტამდე შემცირდა. დღეს ეს გამოსწორებულია და ხელფასების უფრო სწრაფად ზრდაც ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, თავის დროზე მისი სიმბოლური მნიშვნელობითაც იხსნება. დღეს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მეოთხე ადგილზეა საშუალო ხელფასის ოდენობით.
– აქვე დავაზუსტოთ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასზე და არა თვითდასაქმებულების შემოსავალსა თუ დროებით დასაქმებულთა შესახებ. თან, სამუშაო ძალის მხოლოდ მესამედია დაქირავებით დასაქმებული. პირველ სამ ადგილს ვინ ინაწილებს?
– ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ითვლება. შესაბამისად, რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი გვისწრებენ, მაგრამ, მაგალითად, აზერბაიჯანთან ჩამორჩენა გვაქვს 50 ამერიკული დოლარის ეკვივალენტით, მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2000 წელს გვისწრებდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უკრაინაც და ბელორუსიაც.
– ბელორუსიას გაუჭირდა? იქ ხომ საკმაოდ მაღალი ხელფასი და პენსიაა?
– ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოხდა და ამან გამოიწვია ხელფასების შემცირება.
– იგრძნეს მოქალაქეებმა თავიანთი ვალუტის გაუფასურება?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ფასები არ გაზრდილა საგრძნობლად. საერთოდ, მნიშვნელოვანია, როგორია ამ ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა. ბელორუსში ფასები ჯერჯერობით ჩვენზე დაბალია. საქართველოს ფასები დღეისთვის მსოფლიო ფასების 58 პროცენტის დონეზეა, როდესაც 2003 წელს ვიყავით 30 პროცენტის დონეზე. მაგრამ ამ მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი ეკონომიკა მგრძნობიარე ხდება გარე რისკების მიმართ და ის პროცესები, რაც მსოფლიოშია, უშუალოდ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამის პარალელურად, გამყარდა ჩვენი ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაშიც. 2003 წლის ბოლოს ერთი ამერიკული დოლარი 2,11 ლარი ღირდა, დღეს 1,65 ლარია, ანუ ფასები იზრდება და ლარი მყარდება. ეს სენდვიჩის ეფექტივით არის: ფასები ორმაგ ზეწოლას განიცდის; ერთი მხრივ, ლარის გამყარების ხარჯზე, მეორე მხრივ, შიდა ფასების ზრდის ხარჯზე და ამის ხარჯზე ბევრი ინდიკატორი იზრდება ღირებულებით, მაგრამ რაოდენობრივად შეიძლება, არ გაიზარდოს. მაგალითად, თუ სოფლად ვინმემ შარშან მოიწია 100 კიოლოგრამი კარტოფილი და, პირობითად, კილოგრამი 40 თეთრად გაყიდა, წელს კი – ლარად იმავე ოდენობის კარტოფილი, მისი შემოსავლები ფულად ფორმაში ორ-ნახევრჯერ გაიზარდა, სინამდვილეში კი მის მიერ მოწეული კარტოფილის რაოდენობა არ შეცვლილა, უბრალოდ გაიზარდა ღირებულება.
– და გაიზარდა იმ პროდუქტების ფასიც, რომლებიც იმ 100 კილოგრამი კარტოფილის გაყიდვით მიღებული ფულით უნდა შეიძინოს?
– რა თქმა უნდა, ამიტომ კეთდება ცალკეული გაანგარიშებები, თუმცა მთლიან შიდა პროდუქტში ეს ბოლომდე მაინც არ აისახება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაში 3 პროცენტი არის ის ელემენტები, რომლებიც სუფთა მეთოდოლოგიურ დატვირთვას ატარებს და რეალურად არ არსებობს. მაგალითად, არის ეგრეთ წოდებული საცხოვრისის რეალური რენტა და, თუ თქვენ ცხოვრობთ კერძო სახლში, მთლიან შიდა პროდუქტში ამ სახლის ღირებულება აისახება ისე, რამდენს გადაიხდიდით, იჯარით რომ გქონდეთ აღებული. ეს საკმაოდ დიდი ციფრია, ნახევარ მილიარდ ლარამდე და წლიდან-წლამდე იზრდება.
– გამოდის, ეს მთლიანი შიდა პროდუქტი ტყუილივით ყოფილა?
– იქ აისახება ის გადასახადებიც, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის. რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო მეტს იხდი და კიდევ ბევრი სხვა პირობითობით ითვლება მთლიანი შიდა პროდუქტი.
ხელფასის თემას რომ დავუბრუნდე: ერთი კანონზომიერებაა, რომ ხელფასები იზრდებოდა რაოდენობრივად, მაგრამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თითქმის იმავე დონეზე დარჩა, დაახლოებით, 630 000 ადამიანი იღებს ხელფასს, ანუ არსებითი გარღვევა არ მომხდარა.
– სომხეთში რამდენია საშუალო ხელფასი?
– სომხეთში საშუალო ხელფასი, ჩვენთან შედარებით, დაახლოებით, ერთი მეოთხედით ნაკლებია.
– არც ისე ჩამოგვრჩება.
– მაგრამ არის ერთი საინტერესო ტენდენცია: სომხეთში საშუალო პენსია უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ესე იგი, ეკონომიკური ზრდის ტემპით მეტ-ნაკლებად თანაბრად ვართ, ხელფასებით ჩამოგვრჩება, მაგრამ საშუალო პენსიის სიდიდით გვისწრებს.
– რამდენით?
– 30 პროცენტით. იქ პენსია, დაახლოებით, 78 ამერიკული დოლარის ფარგლებშია. ამას თავისი ახსნაც აქვს: ჩვენთან მოსახლეობა უფრო დაბერებულია, საშუალოდ, სომხეთთან შედარებით – 5 წლით და 8-9 წლით – აზერბაიჯანთან შედარებით. ამიტომაც არის ერთ-ერთ ინდიკატორი დემოგრაფიული დაწოლის კოეფიციენტი: რამდენი პენსიონერია შრომისუნარ მოსახლეობაზე.
– ბოლო მონაცემებით, ჩვენთან პენსიონერები შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ, სჭარბობენ 15 წლამდე მოსახლეობის ოდენობას და თითქმის იმდენნი არიან, რამდენიც ჩვენი 18 წლამდე მოსახლეობაა.
– მაგალითად, აზერბაიჯანს პენსიონრებზე თითქმის სამჯერ მეტი ბავშვი ჰყავს. ყოველ 100 პენსიონერზე, დაახლოებით, 300 ბავშვი მოდის.
– სომხეთშიც?
– სომხეთში ერთ პენსიონერზე 1,8-ჯერ მეტი ბავშვი მოდის, ვიდრე საქართველოში.
– მათგან არანაირად გამორჩეულად არ ვცხოვრობთ, განსაკუთრებით, სიბერეში, პენსიაც ჩვენზე მაღალი აქვთ და ბავშვებიც მეტი ჰყავთ. ჩვენ რის ხარჯზე გავხდით ასეთი დღეგრძელები, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ორივეს გადავუსწარით?
– შავი იუმორის მსგავი რამ მახსენდება, როდესაც გერმანელებმა გაზის კამერაში ჩაყარეს ზესტაფონელები, მათ კი საუბარი განაგრძეს, ზესტაფონში ამაზე უარეს გარემოში ვცხოვრობთო. რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროცესები ამოკლებს ან ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მაგრამ ასეთი პირდაპირი კორელაციაც არ არის. მაგალითად, საფრანგეთში პენსიაზე გასვლის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა 24 წელს შეადგენს, ამიტომაც არიან საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგი. თანაც ჩვენგან განსხვავებით, არათუ საფრანგეთში, არამედ იმავე სომხეთსა და აზერბაიჯანში პენსიის თანაფარდობა ხელფასთან გაცილებით მაღალია: აზერბაიჯანში პენსია საშუალო ხელფასის თითქმის 35 პროცენტია, სომხეთში – 26 პროცენტი, ჩვენთან – 15 პროცენტი. ესე იგი, ამ მხრივ ჩვენი პენსია საარსებო მინიმუმსაც ვერ უახლოვდება.
– სომხეთსა და აზერბაიჯანში უახლოვდება?
– სომხეთში საშუალო პენსია საარსებო მინიმუმის 85 პროცენტია, აზერბაიჯანში – 110 პროცენტი, ჩვენთან გაცილებთი ნაკლებია და ახალი საპენსიო პაკეტიც, თვით სოციალური პაკეტის გათვალისწინებით, მხოლოდ 82 პროცენტია საარსებო მინიმუმის.
– რამდენად ადეკვატურად არის ასახული ჩვენს საარსებო მინიმუმში ყველა ხარჯი?
– საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას წელს სტატისტიკის სამსახურმა ამ კალათაში შეამცირა სურსათის წილი 40-დან 30 პროცენტამდე. საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებელ პროპორციაში კი დატოვეს 70-30-ზე.
– ეს ხომ აბსურდია, რომ საკვებში გვეხარჯება შემოსავლების 70 პროცენტი და მხოლოდ 30 პროცენტი ტანსაცმელში, მგზავრობაში, კომუნალურ გადასახდელებში?
– რა თქმა უნდა. ჩვენი სამომხმარებლო კალათა ვითარდება და როგორ უნდა ჩავატიოთ ის ძველი ნორმების ფარგლებში?! ამიტომ 70 პროცენტი სურსათზე არ ასახავს რეალობას. არ უნდა დავემსგავსოთ თვითმფრინავს, რომელსაც ალტიმეტრი აქვს დაკარგული, რადგან ასეთი თვითმფრინავი აუცილებლად განიცდის კატასტროფას. სტატისტიკამ ობიექტურად უნდა შეაფასოს პროცესები, იმ ციფრების ინტერპრეტირება კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, საზოგადოებისა და მეცნიერების ამოცანაა. სტატისტიკა თავისუფალი უნდა იყოს ზეწოლისგან, რადგან ის განსაზღვრავს ეროვნულ უსაფრთხოებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სჭირს, როგორია მისი განვითარების ვექტორი და სად მივალთ, თუ ის კიდევ გაგრძელდება.
– ჩვენს მინიმალურ სასურსათო კალათაში ძალიან სახალისო რამეები წერია, მაგალითად, რომ ყოველდღიურად უნდა მივირთვათ 25 გრამი ქათმის ხორცი და ბევრი კარტოფილი, ეს სტანდარტული ნორმებია?
– აქ არის რამდენიმე მიდგომა: როგორც ენერგეტიკული შემცველობა, ისე კალორიულობა.
– ტკბილი წყალი ძალიან კალორიულია.
– ერთი და იმავე კალორიის მიღება შაქრით 11-ჯერ უფრო იაფად შეიძლება, ვიდრე ხორცით. თუმცა, მართალია, კალორიულობა იგივე იქნება, მაგრამ ბალანსი დაირღვევა ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორის და ამან შეიძლება, მძიმე შედეგი გამოიღოს ადამიანის ორგანიზმისთვის.
– აზერბაიჯანისა და სომხეთის უფრო მაღალი პენსიების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ დაბერებული მოსახლეობა გვყავს?
– ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოვახდენთ სახსრების მობილიზაციას. მაგალითად, შეგიძლია, ნაკლები მინებიანი შენობები ააშენო და სახსრები მიმართო პენსიაზე. ეს უკვე პოლიტეკონომიკურ გემოვნებაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ არის მეორე, ობიექტური ფაქტორი: ჩვენ მეტი პენსიონერი გვყავს როგორც მოსახლეობის თანაბარ, ისე დასაქმებულთა რაოდენობაზეც. 100 დაქირავებით დასაქმებულზე გვყავს 130 პენსიონერი, როდესაც უნდა იყოს 30-32 პენსიონერი, ანუ უმუშევრობის მაჩვენებელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, იზრდება საშუალო ხელფასი, მაგრამ იმდენად ვიწრო ფენას ეზრდება, რომ დიდ გავლენას ვერ ახდენს მთლიან შიდა პროდუქტსა და გადანაწილებით პროცესებზე. თანაც, ჩვენთან დაბალია ათვლის წერტილიც. ევროკავშირის დონემდე რომ ავიდეთ, უნდა გვყავდეს, დაახლოებით, 400 000-450 000-ით მეტი დაქირავებით დასაქმებული იმავე ხელფასის პირობებში.
– ესე იგი, მილიონ 100 ათასი დაქირავებით დასაქმებული მაინც უნდა გვყავდეს?
– დიახ და ეს არ არის ფანტასტიკური ციფრი. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ხელფასს იღებდა 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი. დღეს, თუ საერთო მოსახლეობა შეგვიმცირდა 20 პროცენტით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეგვიმცირდა 30 პროცენტით, დასაქმებული მოსახლეობა – 40 პროცენტით, დაქირავებით დასაქმებული კი – 70 პროცენტით. დღეს დაქირავებით დასაქმებულები ვართ 30 პროცენტი იმისა, რაც ვიყავით დასაქმებული 80-იანი წლების ბოლოს.