ვინ უპირებდა აფხაზეთის ომის შემდეგ ლია ბედოშვილს ლისის ტბაზე დახვრეტას და როგორ შემოირიგა მან ცეკვით დაღესტნელები
– მარტი მნიშვნელოვანი თვეა ჩვენს უახლეს ისტორიაში, იმიტომ რომ 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობას, თუმცა დიდად ვერ ვივარგეთ დამოუკიდებლად. გავიხსენოთ, რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში?
– პატრიოტული ტალღა 1989 წლის შემდეგ უცებ აგორდა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილმა ერთბაშად იფეთქა, მაგრამ ეროვნული მოძრაობა იმპულსური იყო და გონიერ კალაპოტში ვერ წარიმართა. ვისაც მეტი ძალა ჰქონდა, ვინც თავის მეტად წარმომჩენი იყო, ისინი აღწევდნენ მიკროფონებამდე, გონიერი საქართველო კი ისევ ფსკერზე დარჩა. ალბათ ამის შედეგი იყო, რომ ეროვნულ მოძრაობაში გაჩნდა ჯგუფები, კლანები, რამაც საერთო სულისკვეთება გახლიჩა.
– საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს გულისხმობთ თუ დაშლის შემდეგ?
– დაშლამდეც იყო პოლიტიკური დაჯგუფებები: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, „მრგვალი მაგიდა“. როდესაც მიტინგებზე ერთად ვიდექით, გარედან ერთობა ჩანდა, მაგრამ ჯგუფებს შორის ბზარი უკვე გაჩენილი იყო.
– რა იყო ამ დაჯგუფებების შეუთავსებლობის მიზეზი?
– ჩვეული ქართული თვისება, „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, „უჩემოდ ვით იმღერითა“. ყოველი პარტია ფიქრობდა, რომ თავად იყო ჭეშმარიტება. თქვენ კარგად გახსოვთ ზურა ჭავჭავაძისა და გია ჭანტურიას დაპირისპირება. ის კადრი, როდესაც გია ჭანტურია ეუბნება ზურა ჭავჭავაძეს, გაგიხვრეტავ შუბლსო. ამით ერთობას უკვე ღიად დაემუქრა საფრთხე, შემდეგ კი 9 აპრილის მოვლენები დატრიალდა და დღესაც ამ დღეს ქართველთა გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვამენ.
– პირადად მე ძალიან მენიშნება, რომ ქალების ხარჯზე მოხდა ისიც.
– აგუგუნებული ტანკები რომ დგას, რუსული ჯარი მზადაა დარბევისთვის, მტერს უკვე აქვს გეგმა როგორ იმოქმედოს. გადმოგდებულ ანკესს არ უნდა წამოეგო და თუ ოდნავ გონიერი ხარ, ოხრად უნდა დაუტოვო მტერს თავისი ნაფიქრალი. „კაგებედან“ ამბავი გამოვიდა, რომ დილის 4 საათზე იქნებოდა დარბევა. ნიკო ჭავჭავაძესაც ველაპარაკე. ჩემთვის ნიკო მამის მაგიერი იყო. ორივენი ვფიქრობდით, რომ ხალხი აუცილებლად უნდა დაშლილიყო. რადგან თუ დარბევა მოხდებოდა, ეროვნული მოძრაობა თავდაღმა წავიდოდა. ზვიადი სხვაგვარად ფიქრობდა. ერთ ჩემს ნაცნობს შეხვედრია 9 აპრილის შემდეგ და უთქვამს, გენოციდი რომ დაფიქსირებულიყო, 40 კაცი იყო საჭირო, მსხვერპლი კი ნაკლებიაო. დავდიოდი მოგუგუნე ხალხში და ყველას ვთხოვდი, რომ დავშლილიყავით. დაგვეჯერებინა პატრიარქისთვის და რუსების გეგმა ჩაგვეშალა. ვეუბნებოდი, როცა საჭირო იქნება, ჩვენ ასევე ერთად და ასეთივე სულისკვეთებით გამოვალთ ქუჩაში და ისევ ჩვენს სიტყვას ვიტყვით-მეთქი. მაგრამ ძალიან დამწყდა გული, როდესაც მოვიდა მითითება, „ეგ რუსების აგენტია და არ ენდოთო”. კარგად იცოდა ზვიადმა, ვინ ვიყავი და რა ვიყავი, ჩვენ ხომ ყველანი ერთად დაგვაკავეს?!
– როდის მოხდა ეს?
– ეს 1977 წელი იყო. სახლში მოვიდნენ, ჩამიყენეს შუაში და წამიყვანეს, ბინაში, ბუნებრივია, ჩხრეკა ჩაატარეს. ზვიადმა იცოდა ჩემი ჩვენებების და გაუტეხლობის შესახებ. თუნდაც, ის, რაც სასამართლო დარბაზში ვთქვი, როდესაც მკითხეს, საიდან გქონდათ სოლჟენიცინისა და სახაროვის წიგნებიო. უნივერსიტეტის ბაღში ვიღაც რუსმა ლოთმა მომყიდა 50 კაპიკად და 50 კაპიკად წიგნს რა თქმა უნდა, ვიყიდიდი-მეთქი. ვერ მათქმევინეს, რომ ეს იყო ანტისაბჭოური მოძრაობა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ანტისაბჭოთა მოქმედება უფრო ვადიან სასჯელს ითვალისწინებდა, ვიდრე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. მერაბმაც დიდად მიმადლა ეს გაუტეხლობა, ზვიადისთვის კი მისი მონანიების მერე ხმა აღარ გამიცია.
– არ უცდია შერიგება თქვენთან?
– მერაბს მეორე შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, როდესაც ზვიადი ჩამოვიდა კაჩუბეიდან და მთხოვდა შერიგებას. ერთხელაც საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი. ზვიადი მოვიდა, გამოდი, ვისაუბროთო. გავედი და ვუთხარი, რომ მის მონანიებას საერთო საქმის ღალატად აღვიქვამდი. მან ასე მიპასუხა: აბა რა მექნა, ამ ურჩხულს ხომ არ შევაწყვეტდი ორმილიონიან ლაშქარსო. 1977 წელს სულ პატარა გუნდი ვიყავით და არანაირი ლაშქარი არ არსებობდა. მე შეიძლება ცოტა ხისტი ვარ და ეს ვერ ვაპატიე.
– მაგრამ მერაბმა აპატია?
– აპატია… როდესაც გადასახლებიდან ჩამოვიდა, იმავე ღამეს დამიძახა მერაბმა, ჩემი ლია მომიყვანეთო. მე ვუთხარი, მერაბ, ჩვენ ბევრი ვიწვნიეთ, შეცდომებს ნუღარ გავიმეორებთ, ხალხი შენ გენდობა, უყვარხარ და ეგება შენ გაუძღვე ეროვნულ მოძრაობას-მეთქი. მერაბმა მუშტზე იკბინა, რა ვქნა, ლია ჩემი სიყრმის მეგობარია და ვერ ვიზამ იმას, რომ ჩემი თანამდევი იყოსო. მერე გაიცინა და თქვა, მე ხომ მაინც ავთანდილი ვარო.
– ავთანდილობის დეფიციტი მარადიულია.
– თავად ზვიადმა და მერაბმა მასწავლეს დისიდენტური კანონი. ერთ-ერთი წესი ის არის, რომ, სანამ იმ წყობას, იმ ხელისუფლებას არ მოიტან, რისთვისაც იბრძვი, სათავეში არ უნდა მოხვიდე. საერთოდაც, დისიდენტი სათავეში უნდა მოვიდეს მხოლოდ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ, როგორც წესი, დისიდენტი არის დამანგრეველი ძალა, სათავეში კი აღმშენებელი ძალაა საჭირო. როდესაც პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა ზვიადი, მე ჩემი მეგობრების პირით ეს მას შევახსენე. ზვიადის პასუხი იყო: ლიას თავისი აზრი აქვს და საქართველო კი თავისი გზით უნდა წავიდესო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმჯობესი იყო, ზვიადს სხვა ვინმე დაესვა პრეზიდენტად.
– ვინ?
– რამდენი ვინმე იყო გონიერი, დინჯი, მართალი, გაწონასწორებული.
– თვითონ ფუნქციას არ დაჰკარგავდა?
– არავითარ შემთხვევაში, ზვიადი რომ კულისებში დარჩენილიყო, თავადაც გადარჩებოდა და მგონი, სხვაგვარად წარიმართებოდა საქართველოს ბედი. ზვიადს კულისებიდან უნდა ემართა და თვითონ არ უნდა ყოფილიყო ავანსცენაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზვიადი, როგორც ადამიანი, ძალიან მიყვარდა და მისგან ბევრი რამით ვარ დავალებული. ბავშვი ვიყავი, მათთან რომ მივედი და სულ კონსტანტინეს ბიბლიოთეკიდან ვხაპე ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება. ასე რომ, ჩემს ჩამოყალიბებაში ზვიადს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ძალიან განვიცადე მისი დაღუპვა, მაგრამ, როდესაც საქართველოზეა ლაპარაკი, მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ეროვნულ მოძრაობაში გონიერ ძალას ემარჯვა და საბჭოეთს ასე იმპულსურად არ შევმსხვრეოდით.
– ამ ყველაფერს როგორ უთავსებდით ოჯახს, შვილებს?
– რადგან ეროვნული მოძრაობის სათავეებთან ვიდექი, მუდმივად სინდისი მქენჯნიდა იმის გამო, რაც ხდებოდა, ასე მეგონა მე მოვიტანე ეს ყველაფერი. 9 აპრილი, სამოქალაქო ომი… პასუხისმგებლობის უზარმაზარი გრძნობა მქონდა. ჩემი შვილი თამუნა მაშინ 3 წლის იყო, როდესაც ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში ვტრიალებდი, მომიჩოჩდა და მეუბნება, დედა, საქართველო უფრო გიყვარს თუ მეო. იმ მომენტში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, დარბევასაც ველოდებოდით, ნერვები მქონდა მოშლილი. მკაცრად გადავხედე და ვუთხარი, საქართველო უფრო მიყვარს, იმიტომ რომ საქართველო ჩემი დედიკოც არის, შენი დედიკოც არის და ყველას დედიკოა, ამიტომაც ყველაფერზე მეტად საქართველო უნდა გიყვარდეს-მეთქი. 19 წლის რომ გახდა, მითხრა, არც კი იცი, იმდენი ვიტირე მაშინ, რომ დედიკოს რაღაც საქართველო ჩემზე მეტად უყვარსო. ახლა კი ვხვდები, რა მითხარი, დედა და, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტადო.
– ქმარი არ გიშლიდათ?
– ჩვენ ერთად დავდიოდით აქციებზე. როდესაც 1977 წელს ამიყვანეს, უკვე გათხოვილი ვიყავი და ბავშვს ველოდებოდი. მოვიდა „კაგებეს“ თანამშრომელი ჩემს სახლში, მომიტანა სასამართლო უწყება, მითხრა, ჩვენ ვიცით თქვენი მდგომარეობა და არ არის საჭირო სასამართლოზე მოსვლაო. უწყების მეორე მხარეს ტექსტს დაგიწერთ და დეპეშა გამოაგზავნეთ, ვადასტურებ ჩემს ჩვენებებსო. ალბათ, ეშინოდათ, რომ სასამართლოზე პატრიოტული განცხადებებით გამოვიდოდი. რაღა თქმა უნდა, მაინც გამოვცხადდი სასამართლო პროცესზე და კარგი ქარბორბალაც დავატრიალე. გული იმაზე მწყდება, რომ ეროვნულ მოძრაობაში ურაპატრიოტიზმმა იძალა. საქართველო დაყო აგენტებად და არააგენტებად. მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანებს, თუნდაც ლიანა ისაკაძესა და ელისო ვირსალაძეს ქვეყანა დაატოვებინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ, თურმე, ისინი რეპეტიციას რუსულად გადიოდნენ. ვერტმფრენს უნდა რქმეოდა „ზეცქრიალა“ და „ყელფანდურა“ – ვიოლინოს. ან ის ლოზუნგი: „საქართველო – ქართველებისთვის“.
– მე არ მახსოვს ეს ლოზუნგი, ნამდვილად ითქვა ასე?
– ითქვა და გადაღებულიც არის პლაკატები. ლეკებიც ხომ აყარეს აქედან, რის საპასუხოდაც კაჩუბეიდან ქართველი მეცხვარეები გამოყარეს, მახაჩყალაში ანტიქართული მიტინგი იმართებოდა. ნიკო ჭავჭავაძემ მოლაპარაკებაზე წაგვიყვანა მე, ირაკლი ჯანდიერი და გივი ღამბაშიძე. გვითხრეს, როგორც ჩამოხვედით, ისე წადით, იმიტომ რომ ანტიქართული განწყობაა და შეიძლება, რამე დაგმართონო. ჩვენ არ დავბრუნდით და მე და ირაკლი ჯანდიერი იქაური ოპოზიციონერის ქორწილში მივედით. სალამმა წაგვიყვანა, დაღესტნის ტელევიზიის უფროსმა. შემდეგ ჩემი ძმადნაფიცი გახდა. როგორც კი გაიგეს, ქართველები მოვიდნენო, პროტესტის ნიშნად თეფშებზე ჩანგლების რახუნი დაიწყეს. ჩვენ მაინც დავრჩით. თამადის წინ დაგვსხეს, როგორც სტუმრები. იქვე იდგა მიკროფონი. ცოტა ხნის შემდეგ ვგრძნობ მხარზე შეხებას, წკეპლით დგას სალამი. გამიკვირდა და გავბრაზდი, მაგრამ, თურმე, იქ ასეთი წესი ყოფილა: ქალს საცეკვაოდ რომ იწვევ, ხელით არ უნდა შეეხო. გრძელი კაბა მეცვა და ორი ნაწნავი მქონდა წინ ჩამოყრილი. ისე წავედი, როგორც კავკასიელ ქალს შეეფერება. მე კარგად ვცეკვავ, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ მიცეკვია, სულ ცეცხლი გამდიოდა ფეხებიდან. იქ ცეკვის კულტია, ვინც კარგად ცეკვავს, ის პატივსაცემ ადამიანად ითვლება. ერთი დავღალე, მეორე ჩამიხტა, მერე – მესამე, უკვე მეც სული მძვრება, ვფიქრობ, ახლა კი უნდა დავასრულო-მეთქი ცეკვა, უცებ მესმის, შეძიხილი, გავიხედე და ირაკლი ჯანდიერი დგას არწივივით მკლავგაშლილი. მეორე სუნთქვა გამეხსნა. მე და ირაკლიმ ცეკვა რომ დავასრულეთ, იგრიალა ტაშმა, დაიქცა იქაურობა. ჩვენს ადგილს რომ დავუბრუნდით, თამადამ იკითხა, მივცეთ ქართველ ქალს სიტყვაო? ყველანი დაეთანხმნენ. როგორც კი მიკროფონი ხელში მოვიგდე, გავიფიქრე, მადლობელი ვარ, უფალო, მოლაპარაკება მოგებულია-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. შევთანხმდით, რომ მოვილაპარაკებდით. ნიკო ჭავჭავაძის ცხოვრების წესი იყო სიყვარულითა და ერთობით სვლა. მან ისეთი ხიდი გასდო დაღესტნელებსა და ჩვენს შორის, რომ დაღესტნელებს აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ აღარ უომიათ. დაპირისპირება ყოველთვის დაპირისპირებას მოიტანს და სიყვარული კი სიყვარულსო. მაშინაც ყველა პრობლემა გადაწყდა და ზავი დაიდო.
– თქვენ წახვედით იმ ომში. არ გაგიჭირდათ 6 თვის ბავშვის დატოვება, თუნდაც, ომის გამო?
– იმიტომაც ჩამოვედი ერთი თვის შემდეგ, რომ ბავშვისთვის დამეხედა. მე ისევ წასვლას ვაპირებდი, რადგან ღალატი და საქმის სანახევროდ გაკეთება ჩემს სისხლში არ არის, მაგრამ ბათურა გამიხდა ავად და რომელ დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი. ერთი თვით დავტოვე ბავშვი, გულგახეთქილი ვიყავი, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ საქართველო მაინც ყველაფერზე მეტია.
– ომი ისეთი რამაა, რომ მხოლოდ სული არ კმარა, გამოცდილებაც უნდა გქონდეს, რომ უაზროდ არ შეეწირო ტყვიას?
– მე სროლა ვიცოდი და ახლაც კარგად ვისვრი, თან, იარაღთან გაჩვეული რომ ხარ, ეს პატარა გამოცდილებასაც გულისხმობს... იარაღის სროლას ფრონტზე ასწავლიდნენ მეომრებს. სად იყო მომზადების ფუფუნება. მობილიზაცია არ გამოცხადდა და ამან მოიტანა მთელი ეს უბედურება. მობილიზაცია რომ გამოცხადებულიყო, არც ის დაჯგუფებები იქნებოდა, არც ჯარისკაცის სახელი შეილახებოდა და ამდენ უბედურებასაც ავცდებოდით.
– ხომ ამბობდნენ მერე, ვის გაუგია მოხალისეების მოგებული ომიო, თითქოს ომში ვინმე სახალისოდ მიდის?
– აუცილებლად უნდა შეიქმნას წიგნი, სადაც მებრძოლები თავ-თავიანთ მოგონებებს დაწერენ, ამ წიგნს „წაგებული ომის ქრონიკა“ უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თავისი გმირების სახელები. მაგალითად, უნივერსიტეტის ეზოში შეიყარნენ უნივერსიტეტდამთავრებულები, უნიჭიერესი ბიჭები და თქვეს, სამშობლოს უჭირს და უნდა წავიდეთო. ვისაც სისხლმა უყივლა, წავიდა და მათი უმეტესობა დაიღუპა. მე იქ ვნახე ტყუპები, რომლებთანაც ჩამოვიდა მამა და ისიც ომობდა, შემდეგ პაპა ჩამოვიდა. მე იქ ვნახე უმაგალითო გმირობა. აი, ამ წიგნის შექმნა იმისთვის მინდა, თუ ერს ჰგონია, რომ უვარგისი ჯარისკაცი და დამცველი ჰყავს, ის ერი დაბეჩავებულია. იმ დროს ჩამოდიოდა ამბავი, რომ ვიღაცას ზურგში ესროლეს, რომ ვიღაცეები მოროდიორობდნენ. ეს პოლიტიკა იყო, რომ ომს ზურგი არ ჰქონოდა, არადა, თუ ომს ზურგი არ აქვს, ის ომი განწირულია. ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს, ბიჭების გმირობით.
მე იქ ომის დამთავრების შემდეგაც ვიყავი, პარტიზანებთან. ზუგდიდის მოსახლეობამ შემომჩივლა, რომ პარტიზანები ავიწროებდნენ. ეს ამბავი ვთქვი, სადაც საჭირო იყო. ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში მოვდივარ, ზამთარია. მაცვია შავი პალტო, დიდი თეთრი ბეწვი მაქვს კაშნესავით გადაგდებული და თეთრი ხელთათმანები მიკეთია. რაღაც საქმეს ვაკეთებდი, რომ ბავშვები გამომეკვება. მესმის: პანტერ, როგორ ხარ? ასე მხოლოდ მებრძოლები მიწოდებდნენ. ვინ ხართ, ბიჭებო-მეთქი? ვკითხე. ჩვენ პარტიზანებისგან ვართო. მოვიკითხე. მანქანაში დაბრძანდით, საქმე გვაქვსო. ჩავჯექი თუ არა, ოთხივე კარი ჩაკეტეს. მანქანა ლისის ტბისკენ წავიდა. ვეუბნები, ბიჭებო, რატომ მივდივართ ამ გზით-მეთქი. ხმა არ ამოიღო, ადგილზე გეტყვითო. ამიყვანეს ლისის ტბაზე, სადაც საუნებია. მეუბნებიან: აბა, ახლა მანდ დადექი. ხმა არ ამოიღო, შენი ასე, შენი ისე, ახლა უნდა მოკვდეო. მეხუმრებით-მეთქი, ბიჭებო. საპასუხოდ ორი ავტომატი გადატენეს. ჩემში იმ წუთას იმუშავა ასეთმა რამემ: ერთხელ გავჩენილვარ და ერთხელ მოვკვდები. ვიცი, რომ სიკვდილს ღირსეულად უნდა შეხვდე, რომ კეთილად გააღწიო იმქვეყნად. თმა გავისწორე, ბეწვი გადავიგდე მხარზე, თეთრი ხელთათმანები ხელში დავიჭირე და ვეუბნები: ბიჭებო, ბოლო სურვილს ხომ შემისრულებთ-მეთქი? სიცოცხლე არ მოგვთხოვო, შენი ასე და ისეო. გამეღიმა, არა, სიცოცხლეს აღარ გთხოვთ. მაინც ქალი ვარ და სახეში არ მესროლოთ-მეთქი. ამისი თქმა იყო, ერთმანეთს გადახედეს ავტომატიანებმა. უცბად ეს ორი ავტომატიანი მიბრუნდა მესამისკენ, არ ვიცი რატომ, მაგრამ უთხრეს ასეთი რამ: ვის გვაკვლევინებდი, შენ შტაბის „კრისავ“. ნახე, ქალი როგორ კვდება, ეს არის ტლიკინაო. წაუთაქეს თავში. ის იქ დატოვეს, მე წამომიყვანეს. ჩემს სახლთან რომ მივედით და გადმოვედი მანქანიდან, გადმოცვივდნენ ისინიც: იცოდეთ, ქალბატონო ლია, დღეიდან ძმები გყავთო. მე ვუთხარი, მადლობას ვერ გეტყვით, რომ არ მომკალით-მეთქი. მაგას ნუღარ ამბობთო. დავემშვიდობე და, კიბეებს რომ ავუყევი, მაშინ მივხვდი, რომ მკლავდნენ. აი, ასეთია ჩვენი უახლოესი ისტორია…