კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგიჟებს კახა ჯოხაძეს ცოლი და რაზე არ უნდა დასწყდეთ გული ქალებს


მერე რა, რომ „შუა ქალაქში“ ზოგჯერ თამარი აშინებს. მან მაინც ზუსტად იცის, რა მოეთხოვება ჭეშმარიტ მამაკაცს და რა უპირატესობა აქვს ქალებთან შედარებით. არც ის ავიწყდება, ეს უპირატესობა დიდ პასუხისმგებლობას რომ მოითხოვს. მის ოჯახში მამაკაცები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და, შესაბამისად, ცდილობს, ქალბატონების რისხვა არაფრით დაიმსახუროს. ხოლო იმაზე, თუ როდის გაუხარდა საკუთარი კაცობა ყველაზე მეტად, კახა ჯოხაძე თავად მოგვიყვება.


კახა ჯოხაძე: ჩემმა პატარა შვილმა, ლევანმა, ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა: მკითხა, სად მიდიხარო და, როცა ვუთხარი, სამუშაოზე-მეთქი, მიპასუხა: დაიმახსოვრე, ბიჭები არ მუშაობენ, მუშაობენ მარტო გოგოებიო (იცინის).

– საინტერესო სულისკვეთებით ზრდით ბავშვს.

– წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოუვიდა ასეთი აზრი. ჩვენს ოჯახში ჩემი მეუღლის გარდა ყველა მუშაობს. ნინო ამ ეტაპზე ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. ლევანიკო და მე ვართ კაცები, დანარჩენი ყველანი ქალები არიან. ბავშვმა რატომ გადაწყვიტა, რომ კაცებმა არ უნდა იმუშაონ, ნამდვილად არ ვიცი.

– გითქვამს როდისმე, კიდევ კარგი ქალად არ დავიბადეო?

– დიახ, ორჯერ ვთქვი და ორჯერვე სამშობიაროში. ჩემმა მეუღლემ რომ იმშობიარა პირველ ბავშვზე და მის სანახავად ინტენსიური თერაპიის პალატაში შემიყვანეს, ისეთი სანახავი იყო ნარკოზიდან გამოსული, რომ ლამის გული გამისკდა. ნინოს ვეუბნები ხოლმე, გმირები ხართ-მეთქი. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი სქესით.

– ქალების თუ გესმის კარგად?

– ძალიან კარგად მესმის. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა და მთელი ტვირთი დედაჩემმა აიღო საკუთარ მხრებზე. მაშინ სხვანაირად დავინახე და დავაფასე ქალი. ძალიან ბევრი გააკეთა მაშინ ჩვენთვის. ამიტომ, არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ ქალი გაცილებით მიზანდასახული და შეუპოვარი არსებაა, ვიდრე მამაკაცი. კაცი ბევრ რამეს თაკილობს, რაღაც-რაღაცეებზე ვერ მიდის, უკან იხევს.

– შეიძლება, ქალსაც ეთაკილება ის რაღაც, მაგრამ, რა ქნას, მის უკან შვილებია, სად დაიხიოს?!

– გეთანხმები და, მეც მიმაჩნია, რომ, როცა ჰყავს შვილები და აქვს ოჯახი, კაცმაც არაფრის წინაშე არ უნდა დაიხიოს უკან. სულ ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ტყავიდან გავძვრები და დღე და ღამეს გავასწორებ. ღმერთმა საამისოდ არ გამიჭირვოს, თორემ, არაფერზე ვიტყვი უარს.

– არ ხარ ამბიციური ადამიანი?

– არა. არანაირი საქმე არ მეთაკილება. დღეს ისეთი ცხოვრებაა, არანაირი სამუშაო არ არის მოსარიდებელი. იყო დრო, როცა ჯიბეში მარტო ერთი ორმოცდაათთეთრიანი მედო და „ნახალოვკიდან“ ვაჟა-ფშაველამდე ფეხით გავსულვარ ძმაკაცთან. უკან დასაბრუნებელი ფული რომ მქონოდა, ფეხით გავიარეთ მე და ლაშა ხარაზიშვილმა ამხელა გზა. მაშინ არც ერთი არაფერს წარმოვადგენდით. (იცინის).

– შენ მოკლე გზაც გეცოდინება.

– მოკლე ნამდვილად არ იყო (იცინის): ჯერ დიდუბეში გავედით, ლიანდაგები გადავიარეთ, მოკლედ, ცოტა არ გვივლია. იქიდან კი მარჯანიშვილის თეატრშიც მივედით. არ მეთაკილება ამის გახსენება, არც მაშინ მქონია რამე კომპლექსი. პირიქით, სულ ვამბობდი, დღეს არ მაქვს, ხვალ მექნება, ჩემს ცხოვრებაშიც მოვა გაზაფხული-მეთქი. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ყოველთვის მაქვს და ეს ნორმალურად მიმაჩნია, უამისოდ წინ ვერ წახვალ. ადამიანი, რომელიც საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილია, ის ექიმთან არის მისაყვანი. სულ უნდა ცდილობდე, რომ ცხოვრება უკეთესი გახადო შენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც გვერდით გყავს.

– სჭირდება კაცს „ქალის ტყავში“ ერთხელ მაინც შესვლა, რომ კარგად გაუგოს მას?

– საერთოდ, ქალის გაგება, მისი ყველა პრობლემის გათავისება, ძალიან ძნელია, მაგრამ შენ მაინც უნდა სცადო, მისი პოზიციიდან შეხედო ყველაფერს. მე ხშირად დამიყენებია საკუთარი თავი ჩემი მეუღლის – ნინოს ადგილას და ისე მიმიცია მისთვის რჩევა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ვახერხებ მისი პრობლემების ბოლომდე გათავისებას.

– ქალის საქმე, მით უმეტეს, იმ ქალისა, რომელიც სახლშია, არ ჩანს და ისმის, ხოლმე: „რა გააკეთე ასეთი?“ „რამ დაგღალა?..“

– გეთანხმებით. ერთი მხარე ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოა და ქალისთვის, ალბათ, ძალიან ძნელია, როცა მისი შრომა არ ფასდება. როგორია, თვალებში რომ შესციცინებ ვიღაცას და ის კიდევ იღრიჯება – ეს რა არის, ის რა არისო“?! – მე ყოველთვის ვცდილობ შევაქო ისინი და დავუფასო ზრუნვა.

– წარმოიდგინე, ქალი რომ ყოფილიყავი და ქმარს სულ ებუზღუნა, რამ დაგღალაო. წვნიანს არ დაასხამდი ერთხელაც თავზე?!

– (იცინის) ალბათ, დავასხამდი, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ცუდად მოვექცეოდი. წვნიანის თავზე დასხმამ ერთი შემთხვევა გამახსენა: რაჭაში ვიყავით დასასვენებლად და ჩვენთან ერთად ერთი ბიჭი იყო, რომელსაც დედაჩემმა საცივიანი თეფში დაამხო თავზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

– რატომ?

– არ ჭამდა და იმიტომ. არ მინდა და არ შევჭამო. დედაჩემი ძალიან პრინციპული ქალია. თან კახური სისხლი ურევია და – აბა, ვნახოთ, როგორ არ შეჭამო – ერთი „გადაუტრიალდა“ და... აიღო კარგა, დიდი მათლაფა საცივი, თავისი დაჩენჩილი ხორცებით თავზე დააფარა. თან, რაჭაში ცოტა წყალი ჭირს და, ხომ წარმოგიდგენია, რას ისიამოვნებდა! მე კი გული მომეფხანა, იმ სიტუაციაში დედაჩემი ასპროცენტიანი იყო.

– შენთვისაც რა კარგი მაგალითი იქნებოდა?!

– ნუ იტყვი (იცინის)! სახლში ზედმეტად თავმდაბალი ვარ. რა გავაკეთოთ სადილადო, რომ მეკითხებიან, – რაც გინდათ, მე ყველაფერს ვჭამ-მეთქი. ამ დროს, ძალიან ბევრი რაღაც არ მიყვარს და არ ვჭამ, მაგრამ ამას არ ვამხელ, ვიტყუები: კი, ნანა, ვჭამე. ისეთი მაგარი იყო, ისეთი, უგემრიელესი-მეთქი.

– ახლა, ამას რომ წაიკითხავენ, რა მოგივა. დაგსჯიან?

– რა უნდა დამსაჯონ, ისედაც დასჯილი არ ვარ? (იცინის) მე ვფიქრობ, მაპატიებენ. რა ვქნა, უმცირესობაში ვარ საკუთარ ოჯახში, მაგრამ, არასდროს, არანაირი პრეტენზია არ წამომიყენებია და არც წამოვაყენებ. ქალის წინაშე ყოველთვის თავს ვხრი და მუდამ ასე იქნება.

– ერთ დილით იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ყველა ქალის ფიქრი გესმის...

– (ფიქრობს) უიმე, დედიკო! გავგიჟდები! თუმცა, ერთი მხრივ, მაგარია. მართლა. მით უმეტეს, თუ დაუმუღამებ და შენს სასარგებლოდ გამოიყენებ, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მაგრამ დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, თორემ, აუცილებლად გაგიჟდები! წარმოიდგინე, თავში გიზის უამრავი ადამიანი, თან – ქალი... საშინელებაა. ქალები ხომ ყველაფერზე ერთად ფიქრობენ, აუარება პრობლემა აქვთ. კაცი მარტო ერთ რამეზე ფიქრობს და ამაზე აკეთებს კონცენტრაციას. მხოლოდ ქალს შეუძლია, ერთდროულად იფიქროს, ილაპარაკოს, ტელევიზორს უყუროს, თან გისმინოს და პასუხიც გაგცეს. ჩემი ცოლი მაგიჟებს ხოლმე. უკეთია ყურსაცმელი, რაღაცას უყურებს კომპიუტერში, მე რაღაცეებს ვუყვები და ის თავს მიქნევს. ვეკითხები, გესმის, რასაც გელაპარაკები-მეთქი? კი, გააგრძელეო. ეტყობა, ქალი სხვანაირად არის მოწყობილი.

– სხვანაირად და სრულყოფილად! აღიარე!

– კი, ბატონო, ხართ სრულყოფილები, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც არ შეგიძლიათ. (იცინის) მაგალითად?! მომკლავენ ქალები – არ შეგიძლიათ საჭესთან ჯდომა.

– ეს მამაკაცური ეგოიზმის მკვეთრი გამოხატულებაა.

– სულაც არა. მართლა არ შეგიძლიათ და, რა ვქნა? კაცს უფრო მოჰყვება საჭე და ამაზე გული არ უნდა დაგწყდეთ, იმიტომ რომ, ქალს ამის გარეშეც უამრავი პლუსი აქვს – უჰ, ძალიან ბევრი. იმაზე ფიქრიც არ მინდა, ქალი რომ არ იყოს, რა იქნებოდა. რას ლაპარაკობ, ცოტათი წარმოვიდგინე და შემეშინდა!

– რა ვიცი, ზოგ კაცს რომ ჰკითხო, ქალი რომ არ ყოფილიყო, ახლაც სამოთხეში ვიქნებოდითო.

– არაა! რა სამოთხეში! ვერ ვიქნებოდით იქ ვერანაირად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ქალი არაფერ შუაშია. ნუ შეჭამდა იმ ვაშლს, ბოლოს და ბოლოს. ძალით ვინ რას გამაკეთებინებს? საკუთარი დანაშაულის ქალზე გადაბრალების მცდელობას აქვს ადგილი (იცინის).

– კაცი ხომ გააჩინა ღმერთმა, მერე უყურა, უყურა და...

– დაიღუპება მარტო ეს საცოდავიო. იმ ცოტა ხანში, სანამ უქალოდ იყო, კაცმა ისეთი საშინელებები ჩაიდინა, რომ ღმერთმა თქვა, ასე არ გამოვა, ამას სასწრაფოდ რაღაც უნდა ვუშველოო და ქალი გაუჩინა (იცინის).

– და მაინც, ქალი ცოტათი დაჩაგრულია.

– მე ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ვარ და ქალის პატივისცემა მამაკაცის უმთავრესი მოვალეობა მგონია. ნურავინ მიწყენს, მაგრამ არანაირად არ მესმის, იმ კაცების, რომლებსაც აქვთ ოჯახი და ორმაგ თამაშს თამაშობენ. მეზიზღება ასეთი რაღაც. ძალიან დიდი სისულელეა იმის თქმა, რომ კაცს აქვს „გაძრომის“ უფლება. რატომ, ვინ თქვა, რომ ის, რაც ქალს არ ეპატიება, კაცისთვის დასაშვებია?! საყვარელი ჰყავს და კაცური კაციაო, ვერასოდეს გავიგებ ამას. პირიქით, მიმაჩნია, რომ საყვარლის ყოლა რაღაც კომპლექსის გამოვლინებაა, ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცება. ტყუილში ცხოვრება ვერანაირად ვერ იქნება კომფორტი. თუ არ გიყვარს და აღარ გინდა ცოლი, წადი. რატომ სტანჯავ ან იმას, ან საკუთარ თავს? მტერმა იცხოვრა იმის შიშში, რომ, ვაიმე, ჩემმა ცოლმა არ გაიგოსო. რომელი, დამალავ აქ რამეს! ცხვირი რომ გაყო გარეთ, ეგრევე იტყვიან, ვისი ცხვირია. ფსევდო ვაჟკაცობის მომხრე ვერასოდეს ვიქნები. ჩემთვის ვაჟკაცობა სხვა რამეა: ღამეების თენება იმისთვის, რომ შენს ცოლ-შვილს არაფერი მოაკლდეს. ოჯახზე ზრუნვაა მაგარი კაცობა. არც იმას ვეთანხმები, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს. ძალიან ბევრი ქალი მამაკაცზე ბევრად წარმატებულია. რატომ უნდა შეუშალო მის წინსვლას ხელი, მით უმეტეს, თუ გიყვარს? მე ძალიან მინდა, ჩემმა მეუღლემ იმუშაოს. ცოტა ჩაიკეტა სახლში და ეს არ მომწონს, უნდა გააქტიურდეს, აუცილებლად უნდა აკეთოს საყვარელი საქმე და ჰქონდეს თვითრეალიზების საშუალება. ამისთვის ყველანაირად შევუწყობ ხელს. ბავშვებსაც დავიტოვებ, კი, ბატონო!

– ისე, როგორი ქალი იქნებოდი?

– ძალიან მეოჯახე. იმიტომ რომ, კაციც ასეთი ვარ. უბრალოდ, ახლა ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება.


скачать dle 11.3