4 დრაიზერზე – 1 ტოლსტოი
ანუ, „ამერიკული ტრაგედიიდან“ – „იდიოტამდე“
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსული, როგორც ერთ-ერთი უცხო ენა, ქართულმა უმაღლესი განთლების სისტემამ უკუაგდო (თქვენ ამ ენას, თუ მაგისტრობა გსურთ, ვერ აირჩევთ, თუმცა, მისაღებ გამოცდებზე რუსულად ყველა გამოცდასაც ჩააბარებთ და, ზედაც, უცხო ენადაც გაასაღებთ), გასულ კვირას კი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ბრძანებაც გამოსცა, რომლის ძალითაც, თსუ-ს სამეცნიერო ნაშრომებში რუსული წყაროების გამოყენება შეიზღუდა. თავდაპირველად, მათი ოდენობა საერთო გამოყენებული ლიტერატურის მეხუთედზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, რამდენიმე დღეში შეზღუდვა მეოთხედამდე გაიზარდა. საგულისხმოა, რომ თსუ-დან ცოცხლად არავინ ისურვა ამ შეზღუდვის მიზეზების კომენტირება (ისევე, როგორც ეს განათლების სამინისტროშია მიღებული, დაინტერესებულებს წერილობით გამოეპასუხა, არადა, ამ ეპისტოლარულ ჟანრში პასუხს ერთი დიდი მინუსი აქვს: დასაზუსტებლად კითხვას ვერ სვამ). განმარტების პათოსი ასეთია: ქართული იურიდიული სკოლა სულ უფრო და უფრო შორდება სოციალისტურ მოდელს (შორდება?!) და „ისწრაფის კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული სამართლებრივი სისტემების რეცეფციისაკენ (რეცეფციის განმარტებისთვის მიმართეთ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს).“ ჰოდა, იმიტომაც, რომ „რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სისტემა ჯერაც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალისტური სამართლებრივი სისტემისთვის მახასიათებელ იურიდიულ ინსტიტუტებთან (აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული პატიმრობის 90-დღიანი ვადა უპრეცედენტოა მხოლოდ რუსულის კი არა, საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცის კანონმდებლობისთვის, აღარაფერს ვიტყვი, 12 წლიდან მოზარდისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე)“.
თუმცა, დასასრულ ისიცაა აღნიშნული, რომ „ფაკულტეტის იურიდიული საზოგადოება აღიარებს რუსული სამართლებრივი აზროვნების მეცნიერულ ღირებულებას.“ იმ მარტივი მიზეზით, რომ გადაწყვეტილების ავტორებთან „ლაივში“ გასაუბრება შეუძლებელია, უპასუხოდ რჩება კითხვები: კანონმორჩილი და ანგლოსაქსურად ორიენტირებული მოქალაქის მიერ წაკითხულ ნაწარმოებთა სიაში, რა პროცენტი უნდა ეკავოს რუსულ მხატვრულ ლიტერატურას და ითვლება თუ არა რუსულ ლიტერატურად რუსულ ენაზე წაკითხული უცხოელი ავტორები?!