„აქ გაიხადე, აქ!“
ვენეციის კომისიის ნუდისტური ვნებანი
გასულ კვირას კონტროლის პალატა სრულიად საქართველოს მოედო, რათა საქართველოსგან დარჩენილი ლამის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მკვიდრი დაეკითხა (ახლაც განაგრძობს), ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“. ამ პროცედურაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა თავად დაკითხულთა განცხადებები, რომ მათი უფლებები ირღვეოდა. ყველანი ერთხმად ამტკიცებენ, რომ დაკითხვაზე თითქმის აშიშვლებდნენ. ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ ამბავს მაშინვე გამოეხმაურა, თუმცა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა კუბლაშვილმა, განმარტა, რომ (მომყავს ციტატა): „ვიღაცამ რომ თქვას, არ აქვს ხარჯი, ეს კონტროლის პალატამ ფაქტად არ უნდა მიიღოს. კონტროლის პალატა რომ აქტიური უნდა იყოს, ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა (როგორც ჩანს, კაბაგახდილზე უფრო ხელდება ჩვენი კონტროლის პალატა).“
ასეა თუ ისე, ამ ამბავს თვით აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც, მართალია, „ფეისბუქიდან“, მაგრამ, მაინც გამოეხმაურა (ზედაც, აშშ-ის საელჩომ თადარიგი დაიჭირა და ინგლისურ ტექსტს საელჩოსავე ქართული თარგმანი მოაყოლა): „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ.“
თავის მხრივ, სახელისუფლო სახეები ამ კომენტარს თავდაჭერილად გამოეხმაურნენ (თითქმის ისეთივე პათოსით, როგორც ამ ბოლო დროს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებებს). სახელდობრ, ლამის ბავშვობიდან პარლამენტში მჯდომმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გულდინჯად შენიშნა, რომ „კონტროლის პალატა და სხვა უწყებები ჯონ ბასის შეფასებას გაითვალისწინებენ, თუკი იქნება კონკრეტული შენიშვნები (ჩემი დედაკაცური ჭკუით, ეჭვი მაქვს, ბ-ნი წერეთელი დასტურს ელოდება, დაკითხვამდე უნდა ჩახადო თუ არა ადამიანს შარვალი).“
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენეციის კომისია სწორედ ახლა განიხილავს საქართველოს ახალ საარჩევნო კანონმდებლობას (რომლის ძალითაც დაკითხვაზე ნუდისტობა გვემუქრება), თუ არ დააჩქარეს, მალე, უკაცრავად პასუხია და, დავრჩენილვართ უნიფხვოდ!