კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოინათლა მატვეი განაპოლსკი თბილისში მართლმადიდებლად და რა ქართულ ჩვეულებებზე არ ამბობს ის უარს

მატვეი განაპოლსკის ტელეკომპანია „პიკში” შევხვდი. აქ მას ორი გადაცემა მიჰყავს: ერთი – პოლიტიკურ-ანალიტიკური, მეორე კი – „ცივილიზაცია” – ისეთია, ჩვენებურ სტილში. არ დავუმალე, რომ მისი გაცნობა სულ მინდოდა.  რესპონდენტიც ისეთივეა, როგორიც ჟურნალისტი. გახსნილი, თავისუფალი,  ხმაურიანი და გამოცდილი. რუსულ მედიასივრცეში თავისი ეპოქა შექმნა – 21 წელი პოპულარულ „ეხო მასკვიში” ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა, მის ცხოვრებაში ყოველთვის ბევრი რამ იყო ერთად. ახლაც ასეა – მოსკოვშიცაა, ნიუ-იორკშიც, რომშიც, კანადაშიც და თბილისშიც. მისი ქართული ცხოვრების წესი მაინტერესებს – ბოლოს და ბოლოს, ქართველების სიძეა. ეს ქვეყანა რომ ძალიან უყვარს, ეტყობა, ამას ეტიკეტისთვის არ ამბობს; თუმცა, ქართული ენა ვერ ისწავლა. არც უცდია, – გვიანიაო, ამბობს.

 

 – ბატონო  მატვეი, თქვენ ტელევიზიებში მუშაობის დიდი გამოცდილება  გაქვთ. რას იტყვით ქართულ ტელევიზიებზე და, არის „პიკი” ის  ტელეკომპანია, სადაც მატვეი განაპოლსკის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ამბიციების დაკმაყოფილება შეუძლია?  

– ჩემი  შეფასება ქართული ტელევიზიების მიმართ საკმაოდ მაღალია – ხშირად ხდება ისე, რომ ტელევიზიებს არ ჰყოფნით ფინანსები, მაგრამ, სამაგიეროდ, ჰყოფნით იდეები. მე მიმაჩნია, რომ ქართული ტელევიზიები მრავალფეროვანია. სამი წლის წინ, როცა საქართველოში ხშირად ჩამოსვლა დავიწყე, იმის მიუხედავად, რომ ქართული ენა არ მესმოდა და  ვერ ვიგებდი გადაცემების შინაარსს, მათი ესთეტიკური და მხატვრული მხარე  ნამდვილად  მომწონდა. თუ ავიღებთ ქართულ პოპულარულ ტელევიზიებს, მაგალითად, „რუსთავი 2-ს”, რომელიც  ძალიან ჰგავდა გუსინსკის „ენტევეს“, ან ტელეკომპანია „იმედს”, ამ კომერციულ ტელევიზიებში კარგად ესმით, რომ გადაცემის შინაარსის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრული ფორმა. ამ ტელევიზიებს აშკარად აქვთ აქცენტები  მხატვრულ და ესთეტიკურ მხარეზე.   რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ის უფრო მეტად კონსერვატიულია, მაგრამ, ეს გასაგებია – იქ არ ტრიალებს იმდენი ფული, რამდენიც კომერციულ ტელევიზიებში.  როდესაც მეუბნებიან, რომ ქართული ტელევიზიები არის პროვინციული – ერთი და იმავე სახეებით, მე ვპასუხობ, რომ სახეებთან დაკავშირებით იგივე ხდება რუსულ, ამერიკულ და ინგლისურ ტელევიზიებშიც.  საბოლოო ჯამში, მე ვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველო მიმაჩნია ჩემს მეორე სახლად და, შესაძლებელია, ბევრ რაღაცას უფრო ობიექტურად ვუყურებ, ვიდრე ჩემი ქართველი კოლეგები. ხომ იცით ეს გამოთქმა – „ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ“.  

– თქვენ მიგყავთ ორი გადაცემა ტელეკომპანია „პიკზე”, მათგან ერთი პოლიტიკურია, რაც გასაგებია – ძნელი წარმოსადგენია თქვენი ცხოვრება  პოლიტიკური ჟურნალისტიკის გარეშე; რას იტყვით მეორე გადაცემაზე, რატომ – „ცივილიზაცია”?

– რაც შეეხება „ცივილიზაციას,” ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი უნდა გამოვიდეს. საკმაოდ უცნაურად შევურჩიეთ სახელი გადაცემას, ვისხედით რამდენიმე ადამიანი, ვსვამდით ბევრ ყავას და ვფიქრობდით, გადაცემის სახელწოდებაზე. თავზე გვედგა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სახლში, ცოლ-შვილთან ეჩქარებოდათ, მათ მოგვცეს 7 წუთი გადაცემის სახელის მოსაფიქრებლად, რადგან, გრაფიკში უნდა შეეყვანათ. მათთვის სულ ერთი იყო, რა ერქმეოდა გადაცემას – „პუტინი“, „სააკაშვილი“ თუ სხვა რამ, მთავარი იყო გრაფა და სახლში დროზე წასვლა (იცინის). სწორედ მაშინ მოიფიქრა ჩემმა კოლეგამ, კატია კოტრიკაძემ, რომელიც ძალიან კარგი ჟურნალისტია, სახელწოდება – „ცივილიზაცია“. ეს ყველაზე მეტად ერგება გადაცემის ფორმატს – გადაცემა პირდაპირ ეთერში იქნება ყველაფერზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს; ძალიან გვინდოდა, რომ სტუდიაც და ფორმატიც ძალიან უშუალო და ბუნებრივი ყოფილიყო, ამიტომაც, გადაცემაში ჩვენ თავად ვაკეთებთ კექსს,  ვსვამთ ჩაის არა ლამაზი ჩაიდნიდან, არამედ ერთჯერადი პაკეტით, ისე, როგორც სახლში.  ამ გადაცემას არ აქვს კანონები – სტუმრად შეიძლება გვყავდეს როგორც ორი, ასევე, ორმოცდაორი ადამიანი.

– რატომ გადმოხვედით საცხოვრებლად თბილისში, მიზეზი პოლიტიკა იყო? 

–  ეს ვინ თქვა? მე არ გადმოვსულვარ თბილისში,  აქ  ჩვენ დაქირავებული გვაქვს ბინა,  სადაც ცხოვრობენ  ჩემი მეუღლე და შვილები. მე   ორი კვირა ვარ თბილისში, ორი კვირა კი  – მოსკოვში. ჩვენ გვაქვს სახლი მოსკოვში, რომლის დატოვებასაც მე არ ვაპირებ, ისევე, როგორც არ დავტოვებ რუსულ ბაზარს, მე არ დამიტოვებია „ეხო მასკვი”, სადაც უკვე 21 წელია, ვმუშაობ და, ვმუშაობ როგორც  მოსკოვისთვის, ასევე, კანადისთვის და ამერიკისთვის.   საკმაოდ დიდხანს არ ვეკარებოდი ქართულ მედიაბაზარს, რადგან აქ  არ არსებობდა შესაბამისი ფორმატის გადაცემა. როდესაც ტელეკომპანია „პიკი” იქმნებოდა, რუსულ-ქართული ურთიერთობა ძალიან დაძაბულ სტადიაში იყო და  მაშინ ეს არხი აბსოლუტურად პროპაგანდისტული გახლდათ, მაგრამ, მერე ქართული მხარე და არხის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ პროპაგანდა  აბსოლუტური სისულელეა.  არხის რეორგანიზაციის შემდეგ, რაც ტელეკომპანიას სათავეში ალექსანდრე ფარულავა ჩაუდგა, სიტუაცია  აბსოლუტურად შეიცვალა. საინფორმაციო სამსახური, რომელსაც კატია კოტრიკაძე ხელმძღვანელობს, დღეს მთლიანად ობიექტურია, სადაც ქართული მხარის კრიტიკაც ხშირად ისმის. 

–  თქვენ არასდროს მალავთ თქვენს სიმპათიებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკის მიმართ. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და როგორია ეს ურთიერთობა არაოფიციალურ გარემოში, კადრს მიღმა?  

– საქმე ისაა, რომ მთელ იმ პერიოდში, რაც  მე  საქართველოში  ვარ,  პრეზიდენტ სააკაშვილს სულ სამ-ოთხჯერ შევხვედრივარ. მასთან მეგობრული  ურთიერთობა  არ მაქვს, ის ჩემთვის  არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დაფრინავს პრეზიდენტის ღრუბლებზე, მე კი – ჟურნალისტიკის ღრუბლებზე დავფრინავ.  ვმეგობრობ რამდენიმე ადამიანთან მთავრობიდან,  პარლამენტიდან და გავბედავ იმის თქმას, რომ ისინიც მეგობრად მთვლიან.  მინდა  გითხრათ, რომ ეს ურთიერთობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ სუფრასთან ერთად დავლევთ – ეს, სხვათა შორის, ძალიან იშვიათად ხდება. მე ვარ ჟურნალისტი, მოვიპოვებ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსული აუდიტორიისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.  ხანდახან, შემთხვევით საუბრებში, ისეთ რამეს მოვისმენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, ახლახან შევიტყვე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, რაც, შეიძლებოდა, ისე ვერც კი შემეტყო. გავიგე, რომ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აქ ჩამოვიდეს, მოეწყოს სამსახურში და მიიღოს ცხოვრების უფლება. პოლიტიკოსებთან  მეგობრობა მეხმარება იმაში, რომ ხანდახან გავარკვიო, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ჩემმა „საბუტილნიკებმა” ძალიან კარგად იციან, რომ მე მაინტერესებს არა მარტო ის, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, არამედ, მათგან ვიგებ, როგორ ცხოვრობს ხალხი, რა პროცესები მიმდინარეობს ამ ქვეყანაში. ჩემი ვალია, ეს  ინფორმაცია მივაწოდო რუსულ აუდიტორიას.  მე აბსოლუტურად არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში,  ჯერ ერთი, პრობლემა ისაა, რომ   სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, მეორეც – მე არ ვიცი ქართული ენა.

– მოგვიყევით თქვენს ურთიერთობებზე ზურაბ ჟვანიასთან, რომელიც თქვენი ქვისლი იყო. ალბათ, ახლო მეგობრობაც გაკავშირებდათ.  

– იმ დროს, როცა ზურაბი ცოცხალი იყო, მე საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი და, შესაბამისად, მას იშვიათად ვხვდებოდი. ზურა  სულ სამსახურში იყო, სახლში გვიან მოდიოდა და  როცა მოდიოდა, იყო ძალიან  დაღლილი. ჩვენ  ვისხედით, ვსვამდით ჩაის, ზურა კი სულ ამბობდა – ხვალ ვილაპარაკოთო.  მას ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი, მე მახსოვს რამდენიმე საუბარი მასთან, რომლითაც მაშინ სხვანაირად გაიხსნა ჩემთვის საქართველო.  ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. ზურაბის სიკვდილი იყო ჩემთვის დიდი შოკი და ტრაგედია, რადგან ის დიდ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნდა. ხშირად ამბობენ, ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ იყოს, საქართველოში სხვანაირი ცხოვრება იქნებოდა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება ამაზე საუბარი და საქართველოში ისეთი ცხოვრებაა, როგორიც უნდა იყოს.   

– უკვე დიდი ხანია, ქართველების სიძე ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის, ადამიანისთვის, რომელიც განსხვავებული წესით ცხოვრობდა? 

– მთელი ჩემი ცხოვრება არის მიჩვევა. მე დავიბადე დასავლეთუკრაინულ ქალაქ ლვოვში,  გარკვეულ პერიოდამდე საერთოდ არ ვიცოდი რუსული ენა, ვლაპარაკობდი დასავლეთუკრაინულად და პოლონურად. მერე თანდათანობით დავიწყე რუსულის სწავლა, ამის შემდეგ გადავედი კიევში, შემდეგ კი – მოსკოვში. ოჯახთან ერთად მომიწია ცხოვრება იტალიაში, ამერიკაში, ახლა კი – ორ სახლში ერთად. გარკვეულწილად, მე კოსმოპოლიტი ვარ. ვნახე და ვიცხოვრე ბევრ ქვეყანაში, ვიცი იმ ერების ფასეულობები და ახლა უკეთესად ვიცი,  ვინ არიან ქართველები.  ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ქართველების  სიძედ ყოფნა, მაგრამ, ის ვიცი, რომ ქართველი ქალები არ არიან მარტივი ხასიათის ქალები. სირთულე იმაშია, რომ  ქალები ხართ და, თანაც – ქართველები (იცინის). ჩემთვის საქართველო ძალიან ნათელი ქვეყანაა, ვერასდროს დავმალავ ჩემს აღტაცებას თქვენი ქვეყნის მიმართ. აქ არის ბევრი ისეთი რამ, რასაც თქვენ, ქართველები, ვერასდროს გაიგებთ. მართალია, ბევრი დაიღალა დაბალი ხელფასითა და პენსიით, იმ ბედნიერ საბჭოთა დროს მისტირის, როცა ყველაფერი სამი კაპიკი ღირდა და თბილისიდან მოსკოვში გადაფრენაც 37 მანეთად შეიძლებოდა, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დატოვა თავისი კვალი. საქართველოზე  ძალიან ბევრი კარგის თქმა შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართულ ისტორიასა და დამწერლობაზე, რომელიც ნამდვილად ფენომენალურია; ეს არის ქვეყანა, რომლის კულტურამაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსულ კულტურაში და ეს ორი კულტურა ერთმანეთთან გენეტიკურად არის გადაბმული. აქ არის ყველაფერი – საუკეთესო ბუნება, კლიმატი, უხვი მიწა, თუმცა, ქართველები ამ ბოლო დროს უფრო რაციონალურები გახდით. ქართველებსაც გაქვთ ერთი ავადმყოფობა, ის, რაც  რუსებსაც სჩვევიათ – ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენ წინააღმდეგაა.  ეს იყო აბსოლუტურად არქაული ქვეყანა, რომელიც სვამდა ღვინოს, მღეროდა სიმღერებს... ყველა ქართველის ოცნება იყო, ჰყოლოდა თეთრი „ვოლგა“, რომელშიც იხდიდნენ იმდენ  ფულს, რომლითაც ნახევარი ქალაქის ყიდვა შეიძლებოდა. ახლა, როცა ეს ქვეყანა შეიცვალა,  იმ  ბევრ უარყოფითთან ერთად, რაც ვიცი და არ ვიცი,  იმდენი კარგი რამ ხდება... ვხედავ იმ ტემპს, რომლითაც  ქვეყანა შენდება და იცვლება და ეს არ უნდა აღვნიშნო?! ვიცი, რომ ბევრი მთვლის მიშისტად, მაგრამ, ეს მათი საქმეა, რაც უნდათ, ის თქვან, დამიძახონ მიშისტი,  ჩემთვის სულერთია. მერე, ალბათ,  მოვლენ სხვა თაობები, რაღაცის გამო სააკაშვილს განსჯიან, რაღაცაზე მხარს დაუჭერენ, მაგრამ, ეს მე არ მეხება – მე სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ.       

–  ქართული უნარ-ჩვევები არ გადმოგედოთ? არ გიყვართ ხმაურიანი წვეულებები, ქართული მოლხენით, თამადობით?

– მე ვყოფილვარ თამადა, მაგრამ, იძულებით. რაც შეეხება ქართულ ჩვევას, რომელიც მე აშკარად მაქვს, ესაა მეგობრებთან შეხვედრები, მათთან ერთად სამზარეულოში დაჯდომა  და ჩაის დალევა. 

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, შვილებზე, ამბობენ, რომ თქვენი შვილები ერთხანს ბარში ოფიციანტებად მუშაობდნენ და ხელფასს ჩუმად თქვენ უხდიდით. რატომ? მკაცრი მამა ხართ, რომელიც შვილებს შრომას ბავშვობიდან აჩვევს, რადგან თავად დიდი შრომის ფასად შექმენით თქვენი კარიერა?    

–  ოო, ჩემი შვილები...  კატია 13 წლისაა, საშა – 9 წლის. კარგი ბავშვები არიან, გატაცებულები კომპიუტერული თამაშებით. რა თქმა უნდა, არ უყვართ სკოლაში სიარული, გაკვეთილების სწავლაც ხანდახან  ბრძოლით ხდება. ზომიერად  ცუღლუტობენ, ზომიერად იტყუებიან კიდეც; ემოციურები არიან, როგორც ჩვენ ვართ,  მშობლები. საერთო ჯამში, კარგი  ბავშვები არიან, მთავარია, მშვიდობა იყოს და  მათი ცხოვრება ნორმალურად მოეწყობა. რას გააკეთებენ და სად იცხოვრებენ, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება.  ჩემი მშობლები საკმაოდ რთული ხალხი იყო, აბსოლუტურად კონსერვატიული, საბჭოთა მენტალიტეტით, თუმცა ჰქონდათ ერთი უპირატესობა – არასდროს მეღობებოდნენ ჩემს წამოწყებებში. როცა გადავწყვიტე მოსკოვში წასვლა სასწავლებლად, მითხრეს – წადი.  მამაჩემი  ყოველთვე 90 მანეთს მიგზავნიდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. ჩემი ცხოვრება მათ ცხოვრებასთან შედარებით უფრო ბედნიერი და იღბლიანია.

 – როგორ ატარებთ თბილისში თავისუფალ დროს?

 – მე ვწერ წიგნებს, ჩემი შვიდი წიგნი უკვე დაიბეჭდა მოსკოვში. თავისუფალ დროს ვუთმობ ჩემს შვილებს და მათთან ურთიერთობას,  თუ გინდა, რომ შენი შვილი  გგავდეს შენ, ის თავად უნდა გაზარდო.  ჩემს  შვილებს მოსწონთ, როცა თავად გამოიმუშავებენ ფულს. საშა საოცარ წვენებს ამზადებს – ამ საქმეში ძალიან დიდი ტალანტი აქვს. ამას წინათ ჩვენი სტუმრებისთვისაც იზრუნა, მაგრამ, როგორც კი მისი დამზადებული წვენები მოვიწონეთ, მაშინვე ფული მოითხოვა და, 2 ლარი მივეცით თუ არა, გახარებული გაშპა. მოსწონთ ეს, ფულს რომ თავად გამოიმუშავებენ (იცინის).  

– მაპატიეთ, ამ თემას რომ ვეხები: ამბობენ, რომ თქვენი მართლმადიდებლად მონათვლის ისტორია უკავშირდება ზურაბ ჟვანიას, რომელმაც ერთ დღეს  მასთან სტუმრად მყოფ სასულიერო პირებთან დაგტოვათ და იხუმრა: ა, თქვენ, ებრაელი კაცი და ახლა თქვენ იცითო. ალბათ, იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. 

–  ჩემი მონათვლის ისტორია ზურაბ ჟვანიას არ უკავშირდება, ეს ისტორია უკავშირდება ჩემს აღფრთოვანებას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიით; უკავშირდება თქვენი პატრიარქის გაცნობას, მეუფე დანიელთან ურთიერთობას და მთავარი იყო ჩემი მეუღლე – თამუნა სულ  მეუბნებოდა, რომ კარგი იქნებოდა, ეს გამეკეთებინა. ჩვენს სახლში ყოველთვის აღვნიშნავდით რელიგიურ დღესასწაულებს და ამიტომაც, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვნათლულიყავი ქართულ ეკლესიაში. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნათლობისას ხდება – ნათლობა შედგა  ეკლესიაში, სადაც მე მყავდა ძალიან ბევრი  ნათლია ჩემი მეგობრების წრიდან.  

– ჟურნალისტების წრიდან?

– არა, აქ ჩემთვის  ჟურნალისტების სამეგობრო  წრე არ არსებობს, ეს არის ქართული სამყარო, რომელიც ჩემთვის დაკეტილია – მე ხომ ენა არ ვიცი. მე კი ვცხოვრობ ამ სამყაროში, მაგრამ, ჩემი ავტონომია მაქვს. ადრე, როცა  წვეულებებზე მივდიოდი,  ჩემ გამო ყველა რუსულად იწყებდა ლაპარაკს; მერე მივხვდი, რომ მე ამით ცუდად არ უნდა მესარგებლა – ან უნდა მესწავლა ქართული, რაც ჩემთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ, არც ის შემიძლია, ვაიძულო ხალხი, ჩემ გამო რუსულად ისაუბრონ, რომ ყველაფერი გავიგო. ამიტომაც, მივმართე ხერხს – ვცდილობ, თავი ავარიდო წვეულებებს, იქ კი, სადაც მე დავდივარ, ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ პირველ წუთებში წვალებით, მაგრამ მაინც რუსულად საუბრობენ, მერე მივიწყებენ და გადადიან ქართულზე. ზოგადად, მესმის, რაზე ლაპარაკობენ,  სამწუხაროდ, ასეთია უცხოელის ბედი სხვა ქვეყანაში.   

 

 

скачать dle 11.3