როგორ გადაიღეს ლოლა კლიპში, რომელიც ესპანეთში საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე წარადგინეს და რას მიედ-მოედო ის ნიუ-იორკში
ის ისეთივე მხიარული, ხალისიანი, ენერგიული და პოზიტიურია, როგორიც წლების წინ, „კოკა-კოლას“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი მხიარული ლოლა იყო. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ლოლა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მისი ცხოვრება ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორიც თავად ლოლა ლუნი და მისი არაჩვეულებრივი ნახატები.
თბილისიდან – ნიუ-იორკში
ლოლა ლუნი: მთელი ბავშვობა ნიუ-იორკში წასვლაზე, იქ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ხუთი წლის წინ დედაჩემმა თქვა: იცი რა, მე ამერიკაში მივდივარო. მეც მოვდივარ-მეთქი და ასე წამოვედით. პირველად ვაშინგტონში ჩავედით, საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური. მხოლოდ აქ მივხვდი, რომ ინგლისურად ლაპარაკობენ, რადგან, ამაზე მანამდე არც მიფიქრია. ერთი პატარა ზურგჩანთით ჩამოვედი. ჩავაბარე კოლეჯში, ინგლისურს ვსწავლობდი და, დაახლოებით რვა თვის მერე მივხვდი, რომ ელენი სასაცილო გადაცემის წამყვანია, რადგან, მანამდე მიკვირდა, ნეტავი რაზე იცინის ეს ხალხი-მეთქი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა, რისთვისაც ცალკე მომზადება იყო საჭირო. სამი წლის წინ ნიუ-იორკში გადმოვედი, სტელა ადლერის სტუდია დავამთავრე, ქასთინგები გავიარე და ერთი კურსი დამიმატეს აქცენტის გამოსასწორებლად. წელიწად-ნახევარი ვისწავლე, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. როგორც ჩვენთან, თეატრალურში მიდიხარ და გპრესავენ, ისე გპრესავენ იქაც. ოღონდ, გეუბნებიან, სტელა ადლერი ჩვენი დედაო და მეც ვამბობდი: „სტელა ჩემი დედაა”. როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, ნიკოლაძეში ვსწავლობდი, ვხატავდი, ტელევიზიაშიც ვიყავი, თან, ვფიქრობდი: იქნებ სარეჟისორო მინდა, იქნებ – სამსახიობო, ან, იქნებ – ვხატო და ვხატო... ბოლოს თეატრალურში ჩავაბარე, კულტურის მენეჯერის ფაკულტეტზე, ოღონდ, არ მკითხო – რატომ. ამერიკაში მივხვდი, რომ სწავლის პროცესი გართობაა და ეს ყველაფერი გსიამოვნებს, ამიტომ, ყველაზე გასართობი ფაკულტეტი ამოვარჩიე. ძალიან საინტერესო იყო. ჩემთან ერთად ევროპიდან ჩამოსულები სწავლობდნენ, რომ სტელა ადლერის ტექნიკა გაევლოთ და განსხვავება ენახათ, რასაც მე ვერ ვხვდები. ბოლოს მითხრეს: „ეს არის სტელა” – და მეც გავიგე.
ლოლა და მისი ნახატები
ყველაფერს მივედ-მოვედე. ვიღაც რომ დამირეკავდა: „გოგო, დიჯეი მინდა, შეგიძლია?” კი-მეთქი და მივდიოდი. რომ მირეკავდნენ: „ივენთია, ფოტოგრაფი გვჭირდება, მოხვალ?” – მივდიოდი, ზოგჯერ, ფოტოების გადასაღებად რომ მიბარებენ და ვპოზირებ – ეს კიდევ სხვა ამბავია. რატომღაც არავის ვაჩვენებდი ჩემს ნახატებს, მაგრამ, ახლა იმხელა ნახატებს ვხატავ, რომ ვეღარ ვმალავ. ჩემმა ტილოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: მხიარული ლოლა და, უცებ – ,,უი, ლოლა!”.. პატარა სცენარი დავწერე, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც ქასთინგების სტუდია აქვს და ამ ბიზნესშია ჩართული, წაიკითხა და მითხრა: ,,ძალიან მაგარია, ეს უნდა გააკეთო”. სხვამ ნახატი ნახა და მითხრა: „ყველაფერს თავი უნდა დაანებო და ხატო”. მერე ვითამაშე რაღაც და – მხოლოდ ეს უნდა აკეთოო... დავიბენი, ვერ გავიგე, სად უნდა წავსულიყავი: არაფერში არ ვარ კარგი, რადგან ყველაფერს ვარ მოდებული, მაგრამ, პოტენციალი მაქვს. საბოლოო ჯამში, ახლაც ყველაფერს ვაკეთებ. მართალია თავში მიდევს, რომ მე მხატვარი ვარ და, როცა მომინდება, მაშინ უნდა ვხატო, მაგრამ, ასე არ არის. ხალხს თუ არ დაანახვე, რომ მუშაობ, არაფერი გამოგივა. ვიცი, თუ არ მეხატვინება, მაინც უნდა ჩავიდე სახელოსნოში და ოთხი საათი უნდა ვხატო. რამდენიმე იდეის შესრულება მაკლია, რომ შევძლო ჩემი გამოფენის გაკეთება. ხალხი უნდა დააინტერესო, რომ შენს გამოფენაზე მოვიდეს. რა თქმა უნდა, ამ ხალხში ვგულისხმობ არტ-დილერებს, ამისთვის კი საჭიროა, საკუთარ თავს ,,პრომოუტინგი” გავუწიო. ადრე არ მიყვარდა, მაგრამ, ახლა, როდესაც ხუთი კაცი აკეთებს გამოფენას და მეუბნებიან, მოდიო, მეც მივდივარ. როგორც აქ მითხრეს, რატომღაც, გოგო მხატვრები ვერ მიდიან წინ. რომ დავფიქრდი, მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთან პირიქით ხდება და ძალიან მიხარია. აქ არის ასეთი კომპანია „ოლსოუს“ და ესენი მაფიარებენ. ახლახან პირველად გავაკეთე „ლაივ ფეინთი“. წარმოიდგინე, დიჯეი უკრავს, ადამიანები სვამენ, ფლირტაობენ, ლაუნჯის სიტუაციაა, ოღონდ, კარგ ადგილას, გაურკვეველ „ქლაბში” არა, შენ კი დგახარ განათებულ ადგილას, გეუბნებიან, ექვსი საათი გაქვს მოცემული და უნდა დახატოო. თავიდანვე გამაფრთხილეს, ჩახუჭუჭებული იდეები არ ჩადო, მარტივად ხატეო. როცა რაღაც იდეა მაქვს, მინდა, კარგად გავაკეთო და, ამიტომ, სანამ დავიწყებ ხატვას, ბევრს ვფიქრობ. მაგრამ, შევეცადე, რაღაც ადვილი დამეხატა. უკან რომ მოვიხედე და ხალხი დგას მობილურებით, ფოტოებს მიღებენ, 80 კაცი მიყურებს გაშტერებული, ერთმანეთში რაღაცეებს ლაპარაკობენ, ამან გადამრია. მაგრამ, მერე მივეჩვიე. ესეც ჩვეულებრივი სამსახურია: მიდიხარ, ხალხს ართობ. თან, ლოლა ლუნის რომ აწერენ, ვინც შორიდან მაკვირდება, მერე ისინიც მოდიან. ფაქტობრივად, აქაც პრომოუტერს თამაშობ. თუ არ ვცდები, 21 მარტს სოჰოში სამ სართულზე კეთდება დიდი ფეშენ-ივენთი, იქაც უნდა დავხატო, ძალიან მაგარი უნდა იყოს.
დიჯეი ლოლა
დიჯეობის ამბები ძალიან სასაცილო იყო: ჩამოვიდა ჩემი მეგობრის მეგობარი თბილისიდან და გადაწყვიტა, რაღაც ივენთი გაეკეთებინა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა: ,,გინდა, იყო დიჯეი?” მინდა-მეთქი და წავედი. რამდენჯერმე სხვა ბიჭი უკრავდა, მე კი ვიდექი, როგორც „ფეისი“. გარეთ რომ გამოვდიოდი, ხალხი მეუბნებოდა, ძალიან მოგვწონს შენი მუსიკაო. მერე ვისწავლე, აპარატურაც ვიყიდე და სხვადასხვა ივენთზე ვდიჯეობდი. ახლა გაჩერებული ვარ, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ზაფხულში სახურავებზე რომ დაიწყება ფართები, ისევ გავაგრძელებ ამ საქმეს. როგორც თბილისში, ისე აქაც, კონტაქტების გარეშე არაფერი ხდება. სისულელეა, ვიღაცამ ქუჩაში დაგინახოს და გაგიჟდეს: ,,ვაიმე, შენ ნატალი პორტმანი ხარ? ქუჩაში რატომ დგახარ?” – მერე წაგიყვანოს და ფილმში გადაგიღოს. თუმცა, ის მეგობარიც ტყუილად არ მოგკიდებს ხელს – უნდა მოეწონო, რომ შენში ფული ჩადოს. ბრუკლინში არის ვილიამსბურგი, სადაც ძირითადად ცხოვრობენ არტისტები, ფოტოგრაფები, ანუ ყველა გარეკილი იქ ცხოვრობს და მეც დაახლოებით მანდ ვცხოვრობ. ბოლო სართულზე თუ გაქვს ბინა, სახურავი შენ გეკუთვნის და ზაფხულში ტარდება ფართები, სადაც შედიხარ, ბილეთს ყიდულობ. შეიძლება, უცებ მანჰეტენზე ვიღაცასთან სახლში მოხვდე ფართიზე და ბილეთში ფული გადაიხადო, თუმცა, მე ასეთი რაღაცეები ნაკლებად მემართება. უნდა ვიცნობდე, ვინ აკეთებს, ვთავაზობ, მოდი, გავაკეთოთ-მეთქი და ვაკეთებთ. აქ აკრძალულია 21 წლამდე ალკოჰოლური სასმლის დალევა და ამიტომაც იმართება არალეგალური ფართები, სადაც ხდება ალკოჰოლის გაყიდვა, 21 წლამდე ადამიანის შეშვება. ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაცეები კეთდება, უბრალოდ, კონტროლიდან არ გამოდის. გართობის მიზნით დიჯეობა კარგია, თან, ეს საქმე ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალებაა.
მუსიკალური კლიპები, ფოტოგადაღებები
მეტროში ვიყავი. ვიღაც გოგო მეცა – გეხვეწები, ფოტოს გადაგიღებო, თავისი ,,ბიზნესქარდი” მომცა. რომ ვნახე საიტი და დავრწმუნდი, მართლა ფოტოგრაფი იყო, დავურეკე და გადავიღეთ ფოტოები. ქეისი ბლექი თვითონ დამიკავშირდა: „ფეისბუქზე“ ვნახე ვიღაცასთან შენი ფოტო, იქნებ მოხვიდე და ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა, გადაგიღებო. გადავიღე და ასე აეწყო ყველაფერი. შემდეგ რამდენიმე მუსიკალური კლიპი იყო. ასეთი რეჟისორია – მარკო კასტრო, რომელსაც ევროპიდან შეუკვეთეს კლიპის გადაღება. ესპანეთში საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე იყო წარდგენილი მისი კლიპი, რომელშიც მე გადამიღეს. ამის შემდეგ იყო Rocky Business. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნიუ-იორკში ყველამ იცის და მათ კლიპში მივიღე მონაწილეობა. ბიჭები ძალიან მაგრები აღმოჩნდნენ და ახლა, ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან. რამდენიმე ხნის წინ ისინი ლონდონში წაიყვანეს, ოღონდ, ვერ გეტყვი, ვინ და სად წაიყვანა. ახლახან Ninjasonik-ის კლიპი გადავიღეთ, ვნახოთ, რა გამოვა. ბევრი პრომოუტერი მეგობარი მყავს, რომლებიც ,,ქლაბებში” მუშაობენ. როდესაც ისინი მეუბნებიან, რაღაც ივენთი მაქვს, ფოტოები გადაიღეო, მეც ვიღებ, რადგან, იციან, რომ ცუდ ფოტოებს არსად დავყრი და ამიტომაც მქირაობენ, როგორც ფოტოგრაფს. როცა ფოტოსთვის ან კლიპისთვის გადაღებაზე მიბარებენ, ათი კაცი რომ იყოს, ყველას მაკიაჟს უკეთებენ, მე კი მეუბნებიან, შენით გაიკეთეო. რომ ვეკითხები: რა ჩავიცვა-მეთქი, მპასუხობენ, რაც გინდა, ის ჩაიცვი, ლოლა გააკეთეო. უტა ბექაიას ჩვენებაში მეორე წელია ვიღებ მონაწილეობას. ძალიან მომწონს, თეატრალიზებული შოუები აქვს და კარგად „ვჯდები”. ერთ დღეს ფოტოგადაღება გვქონდა, დამირეკა უტამ, მოდიო და, რომ მივედი, მთელ ქუჩაზე, ძალიან კარგ ადგილას, ჩემი დიდი პოსტერები დამხვდა გაკრული, თან – სხვადასხვანაირი. გული გამისკდა: ხომ ვამბობდი, ერთხელ მაინც მოხდება ეს, მაგრამ, არ მეგონა, თუ ამას უტა გამიკეთებდა-მეთქი. ჩემი საიტი – www.IInystudio.com – თავიდან თამაშ-თამაშში გავაკეთე. ორსართულიან სახლში ვცხოვრობ და პირველ სართულზე სტუდია მაქვს, სადაც ჩემი სამყაროა მოწყობილი. მე თვითონ ვიღებდი ვიდეოებს, ვერთობოდი. ერთი მოცეკვავე გოგო გადავიღე – უნდოდა, ისეთი ვიდეო გადამეღო, სადაც გამოჩნდებოდა, როგორი ტექნიკა აქვს, როგორ ცეკვავს. ამის მერე იმათ, ვინც ივენთებს აწყობენ, გადაწყვიტეს, რომ ჩემი სტუდია ბრენდია და მთხოვენ, ვიდეო ჩვენც გაგვიკეთეო, იხდიან ფულს და ამაში ჩავერთე. ვნახოთ, რა იქნება. მხიარული ცხოვრება მაქვს, ნამდვილად არ ვიწყენ, კარგი ხასიათის ადამიანი ვარ...