ვისი პროექტით აშენდა თბილისში უნიკალური მუხრანის ხიდი და როგორ აპროტესტებდა მის დაშლას გოგლა ლეონიძე
ისტორიამ ძველი ტფილისის უამრავი უნიკალური ფოტო შემოინახა, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოგრაფების, ერმაკოვის, კლარის, ძმები როინაშვილების, პროკუდინ-გორსკის დამსახურებით შესაძლებელია მეფის რუსეთის დროინდელ და ადრე რევოლუციურ თბილისის წარსულში მოგზაურობა და იმ ისტორიული ადგილების, შენობების, ქუჩების, ხედებისა და ადამიანების ხილვა, რაც ფოტოფირზე აღბეჭდეს წარსულის მემატიანე ფოტოხელოვანებმა. ჟურნალ „თბილისელების” ამ ნომერში ახალ რუბრიკას ვიწყებთ, რომელიც XIX და XX საუკუნის დასაწყისის ფოტოისტორიას გააცოცხლებს. დღევანდელ ნომერში ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის აღმართის ტერიტორიაზე წარსულში კი მუხრანის ბორანის, მუხრანის ხიდის და ციციანოვის აღმართის ფოტომასალის თანხლებით ვიმოგზაურებთ ისტორიაში. „თბილისელებს” მეგზურობა ძველი ტფილისის ფოტოების მკვლევარმა, მხატვარმა გოგა ქართველიშვილმა გაუწია.
გოგა ქართველიშვილი: თბილისის ფოტო-ისტორია სათავეს მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, დღემდეა შემონახული ერთ-ერთი პირველი პანორამული ფოტო, სადაც ერთ-ერთზე სწორედ ის ბორანი ჩანს, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს აკავშირებდა მარცხენასთან. მუხრანის ხიდის აგებამდე ამ ადგილზე, ავლაბარ-ჩუღურეთისა და მუხრანთუბნის დამაკავშირებელი ტრანსპორტი, ბორანი მოძრაობდა, რომელსაც საინტერესო სახელი „მუხრანის ხიდის ბორანი” ჰქონდა. იმ დროს ხიდი ჯერ არ არსებობდა და ეს ბორანი მუხრანთუბნიდან გადმოდიოდა. მუხრანთუბანი დღევანდელი პუშკინის ქუჩის ტერიტორიაზე, მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა, კონკა სადაც დგას იქიდან ხიდამდე, ხოლო ბორანი დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის ტერიტორიაზე მოძრაობდა და დღე-ღამეში საკმაო რაოდენობით ხალხი გადაჰყავდა, სხვადასხვა მონაცემებით 2 000 კაციც კი. ფოტოზე კარგად ჩანს მტკვრის მარცხენა სანაპირო, ბარათაშვილის აღმართი ჯერ გაჭრილი არ არის, ჩანს საცხოვრებელი სახლები, ხოლო მთაზე არსებული შენობები ზუსტად ის ადგილია, სადაც დღეს პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. ეს ბორანი საკმაო ხანს ფუნქციონირებდა, თუმცა დღის წესრიგში ყოველთვის იყო ხიდის აშენების გეგმა.
– თვითონ, მუხრანის ხიდი როდის აშენდა, ფოტოებზე ხიდის გახსნის ცერემონიალიც არის აღბეჭდილი.
– მუხრანის ხიდის პირველი პროექტი 1882 წელს შეიმუშავა უმანსკიმ, მაგრამ ის მეტად ძვირად ღირებული სიამოვნება გახლდათ. კიდევ სხვა არქიტექტორების პროექტებიც იყო, მაგრამ ხან თანხები არ იყო გამოყოფილი, ხან პროექტი არ მოსწონდათ ქალაქის თავთ და საბოლოოდ ხიდი, პირველი პროექტის წარდგენიდან 30 წლის დაგვიანებით, უკრაინელი არქიტექტორის, ევგენი პატონის პროექტით აშენდა. პროექტში პატონმა ორიგინალური თაღოვანი კონსტრუქციები გამოიყენა. ხიდი ოფიციალურად 1911 წლის 24 აპრილს გაიხსნა. მის გახსნას ესწრებოდნენ მაშინდელი ქალაქის თავი, ალექსანდრე ხატისოვი და მეფისნაცვალი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. ხიდი დიდი პომპეზურობით გაიხსნა. გაშლილი იყო სუფრა, თავად ხიდი კი, გირლიანდებით იყო მორთული. მოკლედ, დიდი ღონისძიება ჩატარდა. ხიდის აგების ხარჯები მთლიანად ქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან გაიცა. ეს იყო უნიკალური ხიდი და ხატისოვს დიდი წვლილი მიუძღვის მის აგებაში. თავად ხატისოვი საინტერესო პიროვნება, თბილისელი სომეხი იყო და მისი ნამდვილი გვარი ხატისიანცი გალდათ. მის სახელს უკავშირდება წყალმომარაგების სისტემის აღდგენა, ქუჩების მოასფალტება, ტრამვაის ხაზების გაყვანა და ქუჩების გაზით განათება. რევოლუციის შემდგომ წლებში, 1921 წელს ის ემიგრაციაში წავიდა და 1945 წელს პარიზში გარდაიცვალა.
– რით გამოირჩეოდა ხიდი, რა იყო მისი უნიკალურობა?
– ულამაზესი და საოცარი ხიდი იყო. შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი ამიერკავკასიასა და მთელ რუსეთის იმპერიაში. სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან სპეციალურად ევკალიპტის ძელაკებიც კი ჩამოიტანეს. ხიდი 1965 წლამდე ფუნქციონირებდა. ცნობილია, რომ, როდესაც მის დემონტაჟს იწყებდნენ, გოგლა ლეონიძე ცდილობდა მის გადარჩენას. ვისთან აღარ მივიდა, მაღალ ინსტანციებშიც დადიოდა, ითხოვდა, ხიდი არ დაეშალათ და ახალი ხიდი მის გვერდით აეშენებინათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მაგრამ, ამაოდ, ხიდი მაინც დაშალეს და რადგან ის მთლიანად ლითონისგან იყო შედუღებული, ნაჭერ-ნაჭერ დაჭრეს და სავარაუდოდ, გადაადნეს. ლეონიძე ხიდის დანგრევიდან ერთ წელიწადში 1966 წელს გარდაიცვალა კიდეც. ქართულმა კინომ შემოინახა მუხრანის ხიდი, ცნობილ ქართულ ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „სხვისი შვილები”. იქ ძალიან კარგად ჩანს. ასევე, შეიძლება, შემორჩენილი იყოს იმდროინდელ ვიდეო-მასალაში, დოკუმენტურ ქრონიკებში.
– ფოტოებიდან ჩანს, რომ მუხრანის ხიდზე ტრამვაი მოძრაობდა.
– ელექტროტრამვაის პირველი ხაზი თბილისში 1904 წელს შემოვიდა, მანამდე კონკა არსებობდა. მუხრანის ხიდზე მოძრავი ტრამვაი, რომელიც ფოტოებზეც კარგად ჩანს, ახლანდელ თავისუფლების მოედანს შემოუვლიდა, ხიდს გადიოდა, აღმართს აივლიდა და ახლა, სადაც მეტრო „ავლაბარია”, იქ ჰქონდა ბოლო გაჩერება. ტრამვაის მფლობელები ბელგიელი აქციონერები, ხოლო ტრამვაის მემანქანეები ქართველები იყვნენ. ელექტროტრამვაის პირველი ვატმანი მიხაკა ქაცარავა ყოფილა. მუხრანის ხიდის დაშლის შემდეგ ტრამვაის ეს მარშრუტიც გაუქმდა თბილისში.
– გამოდის, ბარათაშვილის ხიდის გახსნის შემდეგ ტრამვაის ხაზიც მოიხსნა?
– ასეა. 1965 წელს ახალი ხიდი გაიხსნა ინჟინერი იყო გ. ქარცივაძე, არქიტექტორები: შ. ყავლაშვილი და ვ. ქურთიშვილი. სწორედ ყავლაშვილს ეკუთვნის ბარათაშვილის ხიდის პროექტი. ამ ფოტოზე კარგად ჩანს, ჯერ კიდევ ბარათაშვილის ხიდის აშენებამდე არსებული შენობები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ. ეს იყო „ბარაკები“. ფოტოზე ასევე ჩანს ვანქის სამრეკლო – სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძრის ამჟამად უმოქმედო სამრეკლო. ამ „ბარაკების“ აღების შემდეგ იქ სანაპიროს მაგისტრალი გაშენდა.
– ბარათაშვილის აღმართს ადრე ციციანოვის აღმართი ეწოდებოდა. ფოტოზე აღმართის გაჭრაც კი არის დაფიქსირებული...
– ახლანდელ ბარათაშვილის აღმართზე გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (ციციანოვს) ეკუთვნის. მანვე საკუთარი ხარჯებით გაიყვანა გზა. ფარსადან ციციშვილი გახლდათ მთავარმართებელ პავლე ციციანოვის ბიძაშვილი, რომელიც 1806 წლის იანვარში ბაქოს აღებისას მოკლეს და იქვე დაკრძალეს. 1812 წელს მთავარმართებელმა მარკიზ პაულუჩიმ პავლე ციციანოვის ნეშტი ბაქოდან თბილისში ჩამოასვენა და სიონის ტაძარში დაკრძალა. ციციშვილმა რიყიდან ავლაბრისკენ, კლდიან ფერდობზე საკუთარი ხარჯებით გაჭრა გზა. ამ მეტად რთული და ძნელად გასაყვანი გზის გაჭრა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს და საბოლოოდ 1845 წლის დასაწყისში დამთავრდა. სამწუხაროდ, იმავე წლის ივნისში ფარსადან ციციშვილი გარდაიცვალა. ქალაქის თვითმმართველობამ კი მისი სახელის უკვდავსაყოფად, მის მიერ გაჭრილ გზას „ციციანოვის აღმართი” უწოდა. ამ სახელით იცნობდა აღმართს ხალხი მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ ბარათაშვილის აღმართი დაერქმეოდა. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია ლიანდაგის გაყვანა ელექტროტრამვაისთვის და აღმართის გაფართოება. მას შემდეგ რაც „მუხრანის ხიდი” დაანგრიეს, ახალაშენებულ ხიდს ბარათაშვილის ხიდი ეწოდა. იქვე, ახლოს ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი დაიდგა და „ციციანოვის აღმართს” ბარათაშვილის სახელი უწოდეს.