რის გამო გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ქართველმა ნოდარ მაისურაძემ და მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს სახელით
მისი წარმატების შესახებ ბევრი მსმენია. ნოდარ მაისურაძე რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ სპორტსმენად ითვლება ფიგურულ სრიალში. ნოდარი წყვილთა თანრიგში გამოდის ლუბოვ ილუშეჩკინასთან ერთად, მათი წყვილი რუსეთში პერსპექტიულად ითვლება და საკმაოდ მაღალი შანსები აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში. ამ და სხვა ამბებზე ნოდარ მაისურაძე „თბილისელებისთვის” ექსკლუზიურად მოცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომლის დასრულების შემდეგ დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ესტუმრება საქართველოს.
ნოდარ მაისურაძე: ქალაქ ლიპეცკში დავიბადე. დედა ლიპეცკელი მყავს, მამა კი, ოთარ მაისურაძე თბილისელი. წლინახევრის რომ ვიყავი, ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც 3 წლამდე ვიზრდებოდი. 1992 წელს, საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენი ოჯახი მთლიანი შემადგენლობით დაბრუნდა ლიპეცკში საცხოვრებლად. მყავს 19 წლის და, მარიშკა მაისურაძე. 12 წლის რომ გავხდი, ფიგურულ სრიალში პროფესიული ამაღლების მიზნით, სანკტ-პეტერბურგში გადავედი საცხოვრებლად, 18 წლიდან კი მოსკოვში ვვარჯიშობ, სადაც მწვრთნელთან ერთად გადავედი საცხოვრებლად. სწორედ იქ დავიწყე წყვილთა თანრიგში ვარჯიში.
– საქართველოში თუ ჩამოდიხართ, გყავთ თუ არა აქ ნათესავები, მეგობრები?
– საქართველოში ბოლოს 11 წლის ასაკში ვიყავი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გავისეირნო თბილისის ქუჩებში, გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასებზე მოვსინჯო ძალები, თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. თბილისში მყავს ნათესავები და მეგობრები. ვიცი, რომ მაისურაძე ძალიან გავრცელებული გვარია საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთში – ივანოვი.
– ელენე გედევანიშვილს თუ იცნობთ?
– ელენეს კარგად ვიცნობ, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა შეჯიბრებაზე.
– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კარიერის დასაწყისში თქვენ უპერსპექტივო სპორტსმენად მიაჩნდით და ფასიან ჯგუფში ვარჯიშობდით, თუმცა, ბოლოს მწვრთნელებმა ირწმუნეს თქვენი და თქვენც გაუმართლეთ მათ იმედები. როგორი იყო, როდესაც გითხრეს, უპერსპექტივო ხარო?
– ჩემი აზრით, უპერსპექტივო სპორტსმენების რაოდენობა 95 პროცენტია, ხოლო ნიჭიერების და პერსპექტიულების – მხოლოდ 5 პროცენტი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. შედეგს რომ მიაღწიო, აუცილებელია ბევრი შრომა და საკუთარი ძალების რწმენა.
– თქვენ ხართ 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ასევე, 2008-2009 წლების იუნიორთა „გრან-პრისა“ და 2011 წლის ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებული. რამდენიმე სიტყვით ამ გამარჯვებებზე გვიამბეთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის გამარჯვებას?
– ყოველი ჩემი გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯია. ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა და უნივერსიადის ოქროს მედალი პატარა ნახტომია გამარჯვებისკენ მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის და ოლიმპიადაზე. ყველა ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და მუდამ მემახსოვრება.
– ვინ არის თქვენი მწვრთნელი და რომელ მწვრთნელთან იმუშავებდით სიამოვნებით?
– ექვსი წელია, ნატალია პავლოვა მავარჯიშებს (წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ჩემპიონების: ტატიანა ტოტმიანინასა და მაქსიმ მარინინის მწვრთნელი, – ავტორი) და ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლაზე არ მიფიქრია.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი დამოუკიდებელი გასვლა ყინულზე და, გაქვთ თუ არა რაიმე რიტუალი, სანამ ყინულზე გახვალთ?
– ციგურებზე სამ-ნახევარი წლის დავდექი და კარგად მახსოვს, სულ ველოდებოდი ვარჯიშის დასრულებას, რადგან შემდეგ ბავშვები ყინულზე „გასწრობანას“ ვთამაშობდით და მე მათ შორის ყველაზე სწრაფი ვიყავი. ისე, შეჯიბრებებზე, ყინულზე გასვლამდე არანაირი რიტუალი არ მაქვს, უბრალოდ, ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო და სხვა არაფერზე ვიფიქრო.
– თქვენ წყვილთა თანრიგში გამოდიხართ. რომელი წყვილი მიგაჩნიათ საუკეთესოდ, და საერთოდ, თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავე?
– ყოფილებიდან ელენა ბერეჟნაიასა და ანტონ სიხარულიძის წყვილი მომწონს, ახლებიდან კი ალიონა სავჩენკოს და რობინ შოლკოვის წყვილი. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეს, ასეთი, ჩემი აზრით, ევგენი პლიუშჩენკოა.
– თქვენს პარტნიორზე, ლუბოვ ილუშეჩკინაზე რას გვეტყვით?
– ლუბასთან ერთად ექვსი წელია, ყინულზე ვსრიალებ. ის ნამდვილი მებრძოლია, ძალიან ცოტა მოციგურავეს გოგონა დაიკვეხნის იმ სპორტული საბრძოლო მონაცემებით, რაც ლუბას აქვს.
– თქვენს წყვილს მონაწილეობა უნდა მიეღო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. რატომ ვერ მოხვდით ნაკრების საბოლოო განაცხადში?
– ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმა მივიღე და მხოლოდ ამის გამო ვერ გავემგზავრეთ ამერიკაში მე და ლუბა.
– არ გიფიქრიათ წყვილთა თანრიგიდან ერთეულებში გადასვლა?
– წყვილთა თანრიგში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
– რუსეთის „პირველ არხზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს შოუ „ცეკვები ყინულზე”, რომელშიც ცნობილი მოციგურავეები იღებენ მონაწილეობას. თქვენ ხომ არ გქონიათ შემოთავაზება ასეთი ტიპის ტელეშოუში მონაწილეობის მისაღებად?
– „პირველი არხიდან“ არავინ დამკავშირებია, რადგან იქ მხოლოდ აქტიური სპორტიდან წასულ სპორტსმენებს იწვევენ. ისე, ამ შოუს თითქმის ყველა მონაწილეს ვიცნობ: ანტონ სიხარულიძეს, ილია ავერბუხს, რომან კოსტომაროვს, ტატიანა ნავკას... ვიცნობ მათ, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობ, რადგან, სხვადასხვა თაობა ვართ და სხვა ინტერესები გვაქვს.
– ნოდარ, 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადა სოჭში იმართება. რას იტყვით კონკურენციაზე რუსეთის ნაკრებში, გაქვთ შანსი, რომ ოლიმპიადაში მიიღოთ მონაწილეობა?
– რუსეთის ნაკრებში კონკურენცია მუდამ იყო და იქნება. ოლიმპიადაში მონაწილეობის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს და ვიტყვი, რომ მათ შორის, საქართველოს სახელითაც.
– ნოდარ, ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისგან თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული, რითი ერთობით?
– სამწუხაროდ, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ, მასაც მაქსიმალურად ვიყენებ. მაქვს უამრავი გატაცება: გიტარაზე ვუკრავ როკ-ჯგუფში, რომელიც მხოლოდ მოციგურავეებისგან შედგება (ჯგუფის სახელწოდებაა „Season Best”, – ავტორი); დაკავებული ვარ დაივინგით; თხილამურებზე სრიალი მიყვარს; გატაცებული ვარ სპელეოლოგიით (გამოქვაბულებისა და მღვიმეების შემსწავლელი სამეცნიერო დარგი – ავტორი); საღამოს საათებში კი ჩემი მოტოციკლით მიყვარს სეირნობა მოსკოვის ქუჩებში და ასე შემდეგ.
– როგორც მოციგურავეს, თუ გაქვთ საყვარელი მუსიკალური კომპოზიცია?
– ყველა არსებული პროგრამიდან, ყველაზე მეტად მომწონს მოკლე პროგრამა მუსიკაზე „ფიგარო” და საჩვენებელი ნომერი კომპოზიციაზე „ლა კომედი”.
– პირად ცხოვრებაზე რას იტყვით, გყავთ თუ არა შეყვარებული და, საერთოდ, როგორი გოგონები მოგწონთ?
– ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა მყავს, მაგრამ, შეყვარებული – არა. ისე, გრძელთმიანი ქერა და შავგრემანი გოგონები მომწონს, კარგი აღნაგობით და, რაც მთავარია, მხრებზე თავი უნდა ჰქონდეს (იცინის).
– საქართველოში ფიგურული სრიალი ნაკლებად არის განვითარებული, თუმცა, ინტერესი დიდია. თქვენ, როგორც გამოცდილი სპორტსმენი, რას ურჩევდით დამწყებ მოციგურავეებს?
– მათ ვეტყოდი: მოთმინება და შრომაა მთავარი. მუდმივი ბრძოლა, ცრემლების ყლაპვა, საბრძოლოდ შემართული მუშტები, ძალით გაღიმება – ეს არის ის, რაც უნდა აიტანო, თუ გაქვს სურვილი, რომ გახდე საუკეთესო და, რა თქმა უნდა, გულით უნდა გინდოდეს ეს და მიისწრაფოდე წარმატებისკენ.